Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“ავად ვართ, ვიხოცებით, დაგვეხმარეთ”

05 ნოემბერი 2012

ქსნის ტუბზონის პატიმრები მესამე დღეა პროტესტის ნიშნად მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობენ, რა არის მათი მთავარი მოთხოვნა? “ლიბერალს” ერთ-ერთ პატიმარი კონსტანტინე თვალიმიანი დაუკავშირდა.

რა ხდება ამ წუთებში ტუბზონაში?

პროტესტის ნიშნად არცერთი პატიმარი წამლებს არ ვიღებთ. იმ მედიკამენტებს, რომელიც ჩვენ, როგორც ტუბერკულოზით დაავადებულებს, გვეკუთვნის. მთავარ ექიმს, ოთარ ტრაპაიძეს უნდობლობას ვუცხადებთ, და მის მოხსნას ვითხოვთ. ამ მოთხოვნას ყველა პატიმარი უერთდება. ოთარ ტრაპაიძე 4 წელია აქ მუშაობს, არანაირ ყურადრებას არ გვაქცევს, სასჯელის გადავადებაზე შესაბამის დიაგნოზს არ წერს. რაც აქ მუშაობს უკვე 20 კაცი მოუკვდა. კურსიდან აგდებდა და ეტაპზე უშვებდა. ვინც ქრონიკული ტუბერკულოზით ვართ დაავადებულები, 15 სახის წამალს ვსვამთ, მაგას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს, თავისი ვიტამინები სჭირდება. სხვაგვარად ამ წამლებს ვერ დავლევთ, მთელ ორგანიზმს და ჯანმრთელობას შეგვირყევს.

ჩვენ არც ამანათებს ვიღებთ და არც მაღაზიაში ვვაჭრობთ. აქ მხოლოდ სიგარეტს და ჩაის ვყიდულობთ. ნორმალური საჭმელი არ არის. მხოლოდ ყველი, კარტოფილი და მოხარშული ხორცი შემოდის. ჩვენ განსაკუთრებული კვება გვჭირდება - გვატყუებენ, ამ კვირაში მოვიტანთ, იმ კვირაში მოვიტანთო.

მეთერთმეტე მაგიდას რასაც უწოდებენ, - სადაც შედის ხილი, წვენი, (რაც გვეკუთვნის, რომ ეს წამლები ორგანიზმმა აიტანოს) ყველაფერი შეზღუდულია. სასადილო რომ არ ვარგა, ეს გასაჭირი ყველა სისტემაშია და მაგის გამოსწორების მოთხოვნით არავის ვახრჩობთ, კუთხეში არ ვაყენებთ. ვიცით, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. მაგრამ სანამ ყველაფერი შეიცვლება ხომ არ დავიხოცებით? ჩვენთვის ყოველი დღე ძვირფასია. რაც ადრე შემოდიოდა, ის საჭმელები დაუშვან. ხაჭაპური იყო თუ ხორცი, ნიგოზი თუ ნიორი, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რათა კალორია მივიღოთ.

სხვა რა პრობლემები გაქვთ?

ზამთარი მოდის და ხალხი სპორტულებით დადის. თბილ ტანსაცმელს არ უშვებენ. თხელი დუტის ქურთუკები მაინც შემოუშვან. სქელს არ ვითხოვთ, რომ გასაჩხრეკადაც იოლი იყოს. ჯინსის შარვლები და ბოტასები გვინდა, რომ თბილად გვეცვას. ამ ყველაფერს ერთი თვეა გვიწელავენ. ჩვენ კი დრო არ გვაქვს. უკვე სამი დღეა წამლებს არ ვსვამთ.

პატიმრების მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. მთავარი ექიმი კი გვეუბნება, მაცადეთ სანამ სხვა სამსახურს ვიშოვნიო, რამდენი ხანი უნდა ვაცადოთ, ვიხოცებით.

ციხის ადმინისტრაციასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ გვაქვს. აქ ჯერ კიდევ არის რამდენიმე თანამშრომელი, ხალხს რომ ხოცავდნენ და ხელები პატიმრების სისხლში აქვთ გასვრილი.  მათ გაშვებას ვითხოვთ, გვეუბნებიან, დროის ფაქტორია რომ გავუშვათ და სხვა კადრი მოვიყვანოთო. არც მაგაზე ვახრჩობთ, კი ბატონო, იყოს ასე. მაგრამ ახლა, ამ მომენტისთვის, ჩვენი მთავარი პრობლემა და გულისტკივილი რაც არის, რამაც ყველა პატიმარი გაგვაერთიანა და პროტესტს გამოვთქვამთ, ესაა მედიკამენტების და საკვების პრობლემა.

ანტისანიტარიას და სიბინძურე, მოგეხსენებათ როგორიც არის და გავუძლებთ როგორმე, მაგრამ წამლების და საკვების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას.

ყველას ვურეკავთ და ვთხოვთ, რომ შემობრძანდნენ და ჩვენი მდგომარეობა ნახონ. თუმცა, ასე უყურადღებოდ ვართ, არც ტელევიზიებში კეთდება აქცენტი, რომ ხალხმა გაიგოს და ყველა პატიმრის გასაჭირი და გულისტკივილი მოისმინოს. გვინდა ყველამ იცოდეს როგორი განუკითხაობაა.

ჩვენ კომფორტს და ფუფუნებას, ან რაიმე არაკანონიერს არ ვითხოვთ. რეჟიმის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, არავინ  გვცემს და არ გვაწამებს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ადმინისტრაცია შეიცვლება თუ არა. მშვენიერი, კარგი მოლაპარაკე ხალხია, მაგრამ ესენი ჩვენ პრობლემებს ვერ წყვეტენ, ამათ უფლებებს და შესაძლებლობებს აღემატება. მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზემდგომი ორგანოებიდან ვითხოვთ.

300 კაცი ქრონიკული ტიბერკულოზითაა დაავადებული, ხალხი ყოველთვე იხოცება, წამლების ნაწილს ჩვენი ფულით ვყიდულობთ, სად არის სამართალი? ამდენი ხანი გვეუბნებიან - მოიცადე… მოიცადე… დიდიხანია ვიცდით, ყელში გვაქს ამოსული.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მესმის - კვების რაციონის გამოსწორებას დრო უნდა. მაგრამ, სანამ გამოასწორებენ, ჩვენი ოჯახებიდან გამოგზავნილი ამანათები შემოატანინონ, რომ ვიკვებოთ, - სხვანაირად ვერ გადავრჩებით.

სანამ მოთხოვნებს არ დაგვიკმაყოფილებენ, პროტესტის არ შევწყვეტთ, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, ერთი თვის მერე დავიხოცებით თუ ორი კვირის მერე.

თქვენი განცხადების შინაარსი სასჯელაღსრულების მინისტრისთვის ცნობილია… არავინ მოსულა სიტუაციის გასარკვევად?

დეპარტამენტიდან ვიღაც ოთხი კაცი იყო, ჩვენთან არ შემოსულან. ეზოში ჩავედით და დაველაპარაკეთ, ყველა პატიმრის გულისტკივილი ჩვენ გადავეცით. კი, გვესმის, გასაგებიაო ამბობდნენ, მაგრამ არაფერი არ გადაუწყვეტიათ. წავალთ და განვიხილავთო. ამდენი დრო არ გვაქვს, თითოეული დღე შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

დანარჩენ ექიმებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

სამედიცინო პერსონალი ექიმებიან - ექთნებიანად, დაახლოებით ორმოცდაათი კაცი იქნება. ნაწილი მთავარ ექიმს  “დავერბოკებული” ჰყავს. “ოთარისტებად” და მის მოწინაარმდეგეებად არიან გაყოფილები. ექიმებმა პროტესტი აქეთ გამოგვიცხადეს, და როგორ თუ ოთარ ტრაპაიძეზე რამე ვთქვით, პარასკევს სახლებში წავიდნენ, დაგვტოვეს. ექიმებთან და ექთნებთან დიდი პრობლემა არ გვაქვს, მთავარი ექიმი რასაც ეუბნებოდა იმას აკეთებდნენ.

ოთარი რომ წავა, ვიმედოვნებთ, რომ ღვთისნიერი კაცი შეცვლის და ჩვენზე იზრუნებს, თავის მოვალეობას და ჰიპოკრატეს ფიცს პირნათლად შეასრულებს. ნემსს გაგვიკეთებს, წამალს დაგვალევინებს…  ეს ექიმები, უნდათ - არ უნდათ, იმას უნდა დაექვემდებარონ. ბევრმა მათგანმა თავის საქმეც კი არ იცის წესიერად. არაპროფესიონალები არიან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ციხეებში საპროტესტო გამოსვლები გარედან იმართება… ამაზე რის თქმა შეგიძლიათ?

აქ არავინ არავის მართავს, აქ  ავადმყოფები ვართ, ყველა ერთმანეთს ვუფრთხილდებით და გვერდში ვუდგავართ. პატიმარებს ერთი მოთხოვნა გვაერთიანებს, ავად ვართ, ვიხოცებით, დაგვეხმარეთ…

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^