ქვეყნის აეროპორტში შედის მღვდელი. მის ბარგში სხვა ნივთებთან ერთად, საწამლავიც დევს, რათა მეორე ქვეყნის დედაქალაქში ჩასულმა სიცოცხლეს გამოასალმოს ეკლესიის ერთ-ერთი უმაღლესი იერარქი, რომელიც, თავის მხრივ, სინამდვილეში, უბრალოდ, დიდი გამოცდილებისა და გაქანების მქონე ქალბატონია. თუმცა საქმეში ერთვებიან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და პროკურატურა. საბოლოოდ კი ერთგული ამომრჩეველი ქვეყნის პრემიერისაგან იგებს, რომ ტერორისტული აქტი აღკვეთილია და სამშობლო გადარჩენილი.
ეს ყველაფერი, ალბათ, ჰოლივუდის რომელიმე, ორნაწილიანი ფილმის პირველი სერიის სცენარი გვეგონებოდა, ჩვენს ქვეყანაში რომ არ ხდებოდეს და საქმე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეხებოდეს, რომლის სიწმინდისა და სისპეტაკის სახელითაც უამრავი ადამიანი დარბეულ, გვემულ და შევიწროებულ იქნა, ხოლო ძალიან ბევრი გამოფენა, კონცერტი, სპექტაკლი და ღონისძიება ჩაიშალა. რა ხდება სინამდვილეში?
რეალობაც ყველაზე მეტად ფილმის სცენარს წააგავს, ოღონდ, ამჯერად მაფიის ამბების ამსახველის. აი, ისეთს, მოხუცი ბოსის წასვლის წინ, მისი ერთგული მსახურები და ნათესავები რომ დაერევიან ხოლმე ერთმანეთს, თუ ვინ უხელმძღვანელებს კლანს შემდეგში. ბევრი ჩახლართული ინტრიგის შემდეგ, ნათესაური ფრთა, პოლიციისა და პოლიტიკოსების გაბაიბურების შემდეგ პოზიციებს იმყარებს. ბოსი მართალია აფასებს, კლანის შეძენილი წევრების ერთგულებას, მაგრამ სამყაროს წარმავლობის შედეგად გამოწვეულ ეგზისტენციალურ დარდს, ადამიანში, მხოლოდ მომავალ თაობასთან გენეტიკური ნათესაობისა და მსგავსების განცდა ანელებს. შესაბამისად, რაგინდ უჟმური და უხეში არ უნდა იყოს, ახალი „დონი“ სწორედ ბოსის ძმისშვილი უნდა გახდეს. ამ ანალოგიების გამო, ძალიან აბსტრაქტული საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, მოდით გავიხსენოთ, ვინ რა გვითხრა ამ ამბებისას?
- მთავრობან გვიბრძანა, პატრიარქის მოწამვლა აგარიდეთ თავიდან და ცოტა ხან კიდევ დახუჭეთ თვალი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ხომ ხედავთ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი გვაქვსო.
- მეუფე პეტრემ განგვიცხადა, საპატრიარქო ოქროს თევზებით, „ბოზებით“ და ცუდი ადამიანებით არის სავსეო. შემდეგ დასძინა, არც მთავრობას და არც ეკლესიას სიბრძნე არ შერჩაო. აფერუმ.
- მეუფე იაკობი გვეუბნა, ჩემი იქეთ ეშინიათ (ალბათ, კარატე თუ იცის) და თავად მე აქედანვე არავისი მეშინია პატრიარქის გარდაო. სხვებმა დაამატეს, კარატე არაფერ შუაშია, ძალოვნებისა და უპირველესი მოქალაქის სიმპატიებით სარგებლობსო.
- შორენამ მოგვიგო: მე ის შორენა არა (თუ აღარა) ვარო.
- პატრიარქმა კი გვაკურთხა, მამალაძე კარგი კაცია, ხოლო დანარჩენს, როდესაც ჩამოვალ, მერე მივხედოთო.
ასეთ ვითარებაში დასკვნების გამოსატანად ისევ პირადი გამოცდილება თუ გამომადგება. სასულიერო სემინარიაში 2000 წელს ჩავაბარე. რამდენიმე წლის შემდეგ საკმაო ინფორმაცია მქონდა იმისათვის, რათა შემეგნო, რომ ეკლესიის ადმინისტრაციულ სფეროში ყველაფერი რიგზე ვერ იყო. თუმცა იმავე პერიოდში ამ პრობლემებზე სწორედ მათ დაიწყეს საუბარი, ვისაც საპატრიარქოს წიაღში ყოფნის უფრო მრავალწლიანი და ინტენსიური გამოცდილება ჰქონდა. ყველასაგან გამორჩეული მაინც კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი რეფერატი და სასულიერო სემინარიის ყოფილი პრორექტორი, დეკანოზი ბასილ კობახიძე იყო. ეს პიროვნება თანაბრად ფლობდა უზღვავ ინფორმაციას, თუ რა ვერ იყო რიგზე ეკლესიაში, ამავე დროს, შესწევდა უნარი ამ ყველაფრის ინტელექტუალურ დონეზე გაანალიზებისა და შესაბამისი ქარიზმა - ადამიანურ დონეზე გადმოცემისა.
ყველაფერი რაც ახლა გვესმის: უკანონო ბიზნესებზე, პოლიტიკურ კავშირებზე, თავდასხმებზე, ანტისახელმწიფოებრიობაზე და სხვაზე, მაშინაც ითქვა. ითქვა უფრო მძაფრად, დეტალურად, არგუმენტირებულად და გულწრფელად. პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს: ინტელექტუალებს, ჟურნალისტებს, კულტურშემოქმედებით წრეებს და მათ შორის ჩვენც: სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტებსაც, გულწრფელად გვჯეროდა, რომ ეკლესია თვითგანწმენდისა და განახლების გზას დაადგებოდა, შედეგად კი მენტალურად უფრო განვითარებულ ქვეყანასა და საზოგადოებას მივიღებდით. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მაშინაც მოხდა თემატიკის პოლიტიზება. ჟურნალისტები ბანაკებად დაიყვნენ და ეს საკითხი ანგარიშსწორების საგნად აქციეს. ამასობაში ხელისუფლებამ და საპატრიარქომ ზავი შეკრეს, პირველმა მედია გააჩუმა, მეორემ ზონდერ კამანდები დააოკა და საქმეც „მოკვარახჭინდა“. არა მგონია, დეჟავიუ მქონდეს, მაგრამ მგონი ახლაც ზუსტად იგივე ხდება. საპატრიარქოში მიმდინარე შიდა შეხლა-შემოხლას, არა მგონია, სისტემური სახის ცვლილებები მოჰყვეს. ყველაზე დიდ გაურკვევლობას მაინც ის იწვევს, როგორ განვითარდება ჩვენს მიერ თავში ნახსენები ფილმის მეორე სერიის სცენარი, როდესაც პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება. სავარაუდოდ, სწორედ ეკლესიის საჭეთმპყრობლის დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროებს პროკურატურა საქმეში არსებულ მასალებსა და მტკიცებულებებს. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქოსთვის მაინც იქნება შესაძლებელი მათზე წვდომა. ძალიან ბევრი რამ, რაც ხმამაღლა ითქვა, უნდა იქნას ან უარყოფილი ან დასაბუთებული. კათოლიკოსს მოუწევს, არჩევანი გააკეთოს სისხლით ნათესავსა და უახლოეს თანამშრომელს შორის, რომელიც მიუხედავად მანიპულაციების სიყვარულისა, დიდი ხანია, ერთგულად ემსახურება მას.
წინ აშკარად საინტერესო ამბები გველის
მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი.