Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპ Fiction

20 თებერვალი 2017

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მმართველობის პირველი დღეები, ისეთივე არაორდინარული და ბევრისთვის შოკისმომგვრელიც კი აღმოჩნდა, როგორიც დონალდ ტრამპის მიერ შარშან ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია იყო. პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების ნაწილი აშშ-ში ავტორიტარიზმის ნიშნებზე ალაპარაკდა. გავლენიანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის თითქმის ყველა ნაბიჯს ყურადღებით აკვირდებიან და მწვავედ აკრიტიკებენ. ამაში გასაკვირი თითქოს არაფერია, თუმცა ნამდვილად სიახლეა, როდესაც რეპორტიორებს თავად პრეზიდენტი პასუხობს და ღია ეთერში კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს ან ტვიტერით ლანძღავს.

ხმაურიან დისკუსიებსა და ყალბი ახალი ამბების ორომტრიალში გახვეულ ვაშინგტონში ყველაზე საინტერესო მაინც ტრამპის იანუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე აგორებული სკანდალი გამოდგა. მედიაპორტალმა „BuzzFeed“ და შემდეგ უკვე СNN-მაც გაავრცელა „საიდუმლო ანგარიში“, რომლის მიხედვითაც, კრემლში აშშ-ის ახალარჩეულ ლიდერზე „კომპრომატი“ აქვთ. დოკუმენტებში ბევრი ფაქტობრივი შეცდომაა და მისი ავთენტურობის დადასტურება ვერ ხერხდება, მაგრამ თუნდაც შესაძლებლობა იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის გადაწყვეტილებებზე რომელიმე სახელმწიფომ, და მით უმეტეს რუსეთმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს, უკვე სახიფათოა. სხვა თუ არაფერი, აშშ-ის ბირთვული არსენალის კოდები დღეს დონალდ ტრამპის ხელშია.

ტრამპის რუსული დოსიე

„კომპრომატი“ რუსული სპეცსამსახურების საყვარელი იარაღია, რომელსაც ისინი როგორც შიდა პოლიტიკური ბატალიების დროს, ისე საზღვარგარეთაც ოსტატურად იყენებენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირი პუტინი ხშირად იმასაც ხუმრობს, რომ „ეფ-ეს-ბეს“ „კომპრომატი“, სავარაუდოდ, მასზეც ექნება. აქვე ღირს გავიხსენოთ, ის მოვლენები, რომლებიც პუტინის პრეზედენტად არჩევას უძოდა წინ. 1999 წელს რუსეთის გენერალური პროკურორი ბორის ელცინის ქალიშვილების საქმიანობით დაინტერესდა. მოულოდნელად გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც იური სკურატოვი ორ სექსმუშაკთან ერთობა. კადრების ავთენტურობა ექსპერტიზამ საბოლოოდ ვერ დაადასტურა, თუმცა „ურჩი“ პროკურორი თანამდებობას დაემშვიდობა. საინტერესოა, რომ ამ დროს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა, რომელმაც სულ მალე კრემლში ელცინის ადგილი დაიკავა. ეს მაგალითი სავსებით საკმარისია იმის სათქმელად, რომ „ტრამპის რუსული დოსიეს“ ისტორიას გაგრძელება, სავარაუდოდ, კიდევ მოჰყვება. საქმის დეტალები კი ნამდვილად სენსაციურია. როგორც დოკუმენტებშია ნათქვამი, 2013 წელს დონალდ ტრამპი მოსკოვში, სილამაზის კონკურს „მის სამყაროზე“ დასასწრებად ჩავიდა, სასტუმრო Ritz-Carlton-ში გაჩერდა და სექსმუშაკების მომსახურებით ისარგებლა. ეს ყველაფერი რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიღეს და ფირი „თაროზე შემოდეს“. ამ ინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სახელდება ბრიტანული დაზვერვის MI-16-ის ყოფილი თანამშრომელი კრისტოფერ სტილი, რომლის ადგილსამყოფელი ამჟამად არავინ იცის.

როგორც ბრიტანული Telegraph წერს ექსჯაშუშს მოსკოვის შურისძიების ეშინია და ამიტომ იმალება. BBC-ის კორესპონდენტი ვაშინგტონში პოლ ვუდი ამტკიცებს, რომ ბრიტანელი ექსჯაშუშის „საიდუმლო ანგარიში“ გასაჯაროებამდეც ჰქონდა ნანახი. მისივე თქმით, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ანონიმური წყაროები პირად საუბრებში ამტკიცებდნენ, რომ ტრამპის რუსეთში ვოაჟების დროს გადაღებული არა ერთი, არამედ რამდენიმე ჩანაწერი არსებობს და მათი უმრავლესობა „სექსუალური ხასიათისაა“. MI-16-ის ყოფილი ჯაშუში, რომელიც მანამდე აშშ-ის ფედრალურ საგამოძიებო ბიუროს FIFA-ს კორუფციაში გარეული ფუნქციონერების გამოვლენაში დაეხმარა, თავის ანგარიშში რუსულ ფულზეც საუბრობს, რომელსაც კრემლში ტრამპს ლოიალურობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. ამ გარიგებაზე მილიარდერმა უარი თქვა, თუმცა როგორც The Gardian იანვრის ბოლოს წერდა, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსული ფული შტატებში მაინც მოხვდა და საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის სასარგებლოდ დაიხარჯა კიდეც. ამ საქმეს ტრამპის ინაუგურაციამდე ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და 5 სამთავრობო უწყების თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი იძიებდა. მათ შესაბამისი ნაბართვა დახურული სასამართლოსგანაც კი მიიღეს. რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება, უცნობია. თავად დონალდ ტრაპი აცხადებს, რომ არანაირი „კომპრომატი” არ არსებობს და ეს ყველაფერი ბინძური გონების მქონე ადამიანების მონაჩმახია. მთავარი ამ ისტორიაში მაინც ის არის, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, ფაქტობრივად, „თავისივე დაგებულ მახეში გააბეს“. შეიძლება ითქვას, რომ ექსცენტრიკული და სენსაციების მოყვარული ტრამპი ცოტა ხნით რუსული სპეცსამსახურების „სათამაშო მოედანზე“ აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ცნობილია, ნიუ-იორკელ მილიარდერს ამ სფეროში საკმარისი გამოცდილება თავადაც აქვს.

„ალტერნატიული ფაქტები“

ისტორიას ბევრი სიყალბე ახსოვს. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სიცრუე ქმნის ისტორიას. მაგალითისთვის გამოდგება „სიონის ბრძენთა ოქმები“. ამბობენ, რომ ეს დოკუმენტები „ებრაელთა მსოფლიო შეთქმულების“ არსებობას ამტკიცებს. პირველად „ოქმები“ 1903 წელს გაზეთ „ზნამიაში“ დაბეჭდეს. სინამდვილეში ისინი ისტორიული დოკუმენტი საერთოდ არ არის. ის სხვადასხვა ლიტერატურული ტექსტის ნაზავს წარმოადგეს და ანტისემიტური შეთქმულების თეორიის ნაწილია. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჰიტლერის 1939 წლის 1 სექტემბრის გამოსვლა რაიხსტაგში, როდესაც მან პოლონეთი ომის დაწყებაში დაადანაშაულა. როგორც მოგვიანებით დოკუმენტებით დადასტურდა, ყველაფერი პირიქით მოხდა - 1 სექტემბრის დილას პოლონელების პოზიციებს ცეცხლი გერმანული სამხედრო ხომალდიდან გაუხსნეს. ცრუ ინფორმაციის კიდევ ერთ ცნობილ მაგალითს წარმოადგენს 1964 წლის 2 და 4 აგვისტოს გავრცელებული ცნობა, თითქოს ტონკინის ყურეში ჩრდილო ვიეტნამის კატერებიდან ამერიკულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ასე დაიწყო ვიეტნამის ომი. სინამდვილეში 4 აგვისტოს ინციდენტი საერთოდ არ მომხდარა და ეს აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რობერტ მაკნამარამ, წლების შემდეგ აღიარა. ასეთივე ყალბი აღმოჩნდა აშშ-ის ერაყში ოპერაციის დასაწყებად გამოყენებული საბაბიც. 2003 წლის თებერვალში სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გაეროში ამტკიცებდა, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა და ამის დამალვას ცდილობდა. ამ განცხადებებს საფუძვლად ედო ერყელი ლტოლვილის, რაფიდ აჰმედ ალვანის ინფორმაცია, რომელმაც მოგვიანებით აღიარა, რომ ყველაფერი გამოიგონა, რათა სამშობლო სადამ ჰუსეინის რეჟიმისგან დაეხსნა. კიდევ ერთი „ცნობილი ტყუილი“ უკვე XXI-ე საუკუნეში რუსეთის პრეზიდენტმა თქვა. 2014 წლის მარტში ის ამბობდა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსი სამხედროები არ იყვნენ, ხოლო უკვე აპრილში მსოფლიომ „მწვანე კაცუნების“ ნამდვილი ვინაობა ისევ პუტინისგან შეიტყო. მოკლედ რომ ვთქვათ, დეზინფორმაციას პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ქვეყანაში მეტ-ნაკლები სიხშირით იყენებდნენ და ეს დღემდე გრძელდება.

ცრუ ცნობებისა და სიყალბის იმ რაოდენობამ, რომელიც დონალდ ტრამპის მმართველობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში პრეზიდენტისა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან ისმოდა, ბევრი გააოცა. ყველაფერი ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობაზე კამათით დაიწყო. დრონით გადაღებულ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ 45-ე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს გაცილებით ნაკლები ხალხი ესწრებოდა, ვიდრე ბარაკ ობამას 2009 წლის ინაუგურაციას. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის ახალმა პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა განაცხადა, რომ 20 იანვარს კაპიტოლიუმთან ინაუგურაციების ისტორიაში ყველაზე დიდი აუდიტორია იყო შეკრებილი. მან ესეც არ იკმარა და დამატებით საბუთად ჟურნალისტებს ვაშინგტონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობაც დაუსახელა. ეს მონაცემები რეპორტიორებმა ადვილად გადაამოწმეს და სპაისერი სიცრუეში ამხილეს. როდესაც ტრამპის თანაშემწე კელიენ კონვეის ამ ყველაფრის განმარტება სთხოვეს, მან თქვა, რომ სპაისერმა უბრალოდ „ალტერნატიული ფაქტები” მოიყვანა.

კელიენ კონვეის ეკუთვნის ასევე ერაყელი ლტოლვილების მიერ კენტუკის შტატში მოწყობილი „სასაკლაოს“ შესახებ განცხადებაც. ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც მან ტრამპის მიერ სირიელი მიგრანტებისა და 7 მუსლიმური სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში ჩასვლაზე დაწესებული შეზღუდვის გასამართლებლად გამოიყენა. როგორც მოგვიანებით ჟურნალისტებმა დაადგინეს, „სასაკლაო“ კენტუკის შტატის ქალაქ ბოულინგ გრინში, რომელიც კონვეიმ ახსენა, საერთოდ არ მომხდარა. 

ორაზროვან და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს არც თავად ტრამპი ერიდება ხოლმე. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ NATO მოძველებულია, ხოლო მეორე მხრივ აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს „ფუნდამენტური მნიშვნელობა“ აქვს. ასეთივე ბუნდოვანია მისი შეხედულება დაკითხვის დროს სასტიკი მეთოდების გამოყენებაზე. სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ინტერვიუში ის ხან აცხადებს, რომ ეს პრაქტიკა გამართლებულია, ხან კი ამბობს, რომ ლიბერალური მიდგომებით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება. თავისი თავის გარდა აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ხშირად ღიად უპირისპირდება მედიას.ის ჟურნალისტებს ტყუილისა და „გამოგონილი ახალი ამბების“ გავრცელებაში ადანაშაულებს. შეიძლება, ეს ყველაფრი, მარტივად, ტრამპის ხასიათსა და მენტალეტეტს დავაბრალოთ. მას არც პრეზიდენტობამდე აკლდა სკანდალები და მეტიც, ის არაფრის გარშემო აურზაურის ატეხის ოსტატადაც კი მიიჩნევა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც. იქნებ, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მიერ ნახსენები „ალტერნატიული ფაქტები“, არა სპონტანური განცხადება, არამედ გეგმის ნაწილია? მარტივად რომ ავხსნათ, ოპონენტებთან დავა ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია, თუ მხარეები საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებზე თანხმდებიან, მაგრამ თუ ეს წესები შეცვალე, შესაძლოა, ნებისმიერი არგუმენტი უსაფუძვლო გახდეს. თუ ასეთი გეგმა მართლაც არსებობს, მისი ავტორი, სავარაუდოდ, ტრამპის მთავარი მრჩეველი, ასეთი საქმეების „დიდოსტატი“ სტივ ბენონი უნდა იყოს.

„სტივ ბენონის უპირატესობა“

პროფესიონალი საზღვაო ქვეითი, Goldman sach-ის წარმატებული ბანკირი და ულტრამემარჯვენე ინტერნეტპორტალ breitbar.com-ის ყოფილი ხელმძღვანელი, დღეს თეთრ სახლში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევა. აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის თანამდებობასთან ერთად, ბენონმა სულ ცოტა ხნის წინ ადგილი უშიშროების საბჭოშიც დაიკავა. წარსულში ასეთი პრივილეგიით პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩევლებს არასდროს უსარგებლიათ. აშშ-ში ბევრი მიიჩნევს, რომ სტივ ბენონი და Breitbart Media ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის გამოჩენამდე გადაიქცნენ „ტრამპად“. როგორც ჟურნალი Vanityfair წერს, მათ ჩამოაყალიბეს პოლიტიკური ფილოსოფია და შეკრიბეს „მიძინებული არმია“, რომელმაც კანდიდატ ტრამპს საარჩევნოდ წარმატება მოუტანა. Breitbart პოპულისტი, აგრესიული, კონსპირაციული თეორიების მოყვარული და პოლიტიკურ ელიტაზე გაბრაზებული, მემარჯვენე ამერიკელების საყვარელი ვებგვერდია. „ჩვენ თავს „მებრძოლთა კლუბს“ ვუწოდებთ“ - ამბობს ბენონი Washington Post-თან ინტერვიუში. მის ინტერნეტპორტალზე ხშირად ჩნდებოდნენ „ალტერნატიული მემარჯვენეები“ (alternative right), რომელთა ლიდერი, რიჩარდ სპენსერი, არც არადროს მალავდა, რომ ანტისემიტი და რასისტია. ამავე ვებგვერდზე ხშირად ისმოდა „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველი წრეების წარმომადგენელთა კრიტიკა. დონალდ ტრამპი კი წინასაარჩევნო კამპანიის დროს Breitbart-ზე ერთ-ერთ სტატიაში ჯონ უეინს შეადარეს. ბენონს ეს შრომა სათანადოდ დაუფასდა. როგორც თეთრ სახლში ამბობენ, დღეს მისი ჩარევის გარეშე არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებენ. New York Time-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში ბენონმა თავი „ვარსკვლავური ომების” ყველაზე ბოროტ პერსონაჟ დარტ ვეიდერს შეადარა. მისი ხელი ვაშინგტონს უკვე დაეტყო. ტრამპის იანუგურაციის შემდეგ პირველივე დღეებში ბენონმა ჟურნალისტებს ოპოზიცია უწოდა, რომელთაც „ენის ჩაგდება და მოსმენა“ ურჩია. „მათ არ ესმით ქვეყნის და ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რატომ გახდა ტრამპი პრეზიდენტი“ - განაცხადა აშშ-ის ლიდერის მთავარმა მრჩეველმა.

სტივ ბენონის შეხედულებებისა და გავლენის გათვალისწინებით მსოფლიოს აშკარად რთული დღეები ელის. ერთი მხრივ რუსეთის მზარდ აგრესიულ პროპაგანდასთან გამკლავება, მეორე მხრივ კი თეთრი სახლის „ალტერნატიულ ფაქტებთან” ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დღეს შესაძლოა  „ომი - მშვიდობად, თავისუფლება - მონობად, უცოდინრობა კი - ძალად“ იქცეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^