Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აზერბაიჯანის საზოგადოებრივი პალატა

08 ნოემბერი 2012

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 16 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. 

მმართველი ,,ახალი აზერბაიჯანის პარტიის” თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი ქვეყნის მოქმედი მეთაური, ილჰამ ალიევი იქნება.

შესაბამისად, ,,ახალი აზერბაიჯანის პარტიის” წარმომადგენლები ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ ისინი ერთი კანდიდატის საკითხზე შეთანხმებულები არიან.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ერთი კანდიდატურა უკვე გამოკვეთილია, ოპოზიციის ბანაკიდან საკუთარ კანდიდატურას არავინ ასახელებს, და ეს ხდება მაშინ, როცა არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დროა დარჩენილი.
საზოგადოებრივი პალატა ის ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წლის 7 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაარსდა. ფაქტობრივად, ეს იმ ოპოზიციური და ნეიტრალური ძალების ერთობაა, რომელთაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ.

მაშინ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ინტელექტუალები და 7 ნოემბრის მოწვევის პარლამენტის წევრობის კანდიდატები პარტია ,,მუსავათის” ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ და 28 ოქტომბერს საზოგადოებრივი პალატა დააარსეს.

ამის შემდეგ საზოგადოებრივი პალატის რეგიონალური წარმომადგენლობების შექმნაც დაიწყო.
პარტია ,,მუსავათის” თავმჯდომარის, იადიგარ სადიქოვის გადადგომამ 18 ოქტომბერს იმ დებატებს შეუწყო ხელი, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატის თაობაზე ისედაც არსებობდა. სადიქოვმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში თავის გადადგომას ასეთი განმარტება დაურთო: ,,დიდი ხნის ჭოჭმანის შემდეგ, დიდი სინანულით, გადავდექი საზოგადოებრივ პალატაში თავმჯომარის, ანუ იმ ორგანიზაციის თანამდებობიდან, რომელიც ოდესღაც თავად შევქმენი”.

გაზეთ ,,ახალი მუსავათის” მთავარი რედაქტორი, რაუფ არიფოღლუ ოპოზიციურ ბანაკს აკრიტიკებს და მთავრობისათვის ხელისაყრელი დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს: ,,როგორც პარტია ,,მუსავათის” წევრები და დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები, ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავით განწყობილები მთავრობისა და მის მიერ დანიშნული სახელმწიფო მოხელეების მიმართ. ბრალდებებს არც ისინი გვაკლებდნენ. ახლა არ მესმის, რა განსხვავებაა იადიგარ სადიქოვსა და რომელიმე ჩვენს სხვა კოლეგას შორის, აღარ მესმის, რა განსხვავებაა ჩვენსა და მთავრობას შორის.”

იმავე დღეს ორგანიზაცია პოლიტოლოგმა არასტუნ ორუჯლუმაც დატოვა. საკუთარ ბლოგში ორუჯლუ წერს, რატომ ვერ იქცევა, მის აზრით, საზოგადოებრივი პალატა დემოკრატიულ ინსტიტუტად.

,,არსებულ შესაძლებლობებთან ერთად, საზოგადოებრივ პალატას მოვალეობები და პასუხისმგებლობებიც მოემატა. ამ თვალსაზირისთ, ორგანიზაციას შეეძლო, საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველ წამყავნ მასობრივ მოძრაობად ქცეულიყო. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. პირიქით, საზოგადოებრივმა პალატამ ისეთ არენად დაიწყო გადაქცევა, სადაც ჯგუფების და ცალკეული ინდივიდების ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს.”

შემდეგ მიზეზად, თუ რატომ ვერ მოხერხდება პალატის ქცევა დემოკრატიულ ინსტიტუტად, პოლიტოლოგი აზერბაიჯანელი ოფიცრის, რამილ საფაროვის ექსტრადიციასთან დაკავშირებით გამოვლენილ პოზიციას ასახელებს. რამილ საფაროვი ბუდაპეშტში სომეხი ოფიცრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ იგი სამშობლოში ექსტრადირებისთანავე გაათავისუფლა პატიმრობიდან. საზოგადოებრივმა პალატამ იმ წერილის ხელმოწერაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპარალამენტის მიერ ამ ფაქტის გამო მიღებულ, კრიტიკის შემცველ რეზოლუციას საპასუხო კრიტიკის ქარ-ცეცხლს ატეხდა და მმართველი პარტიის მიერ იყო ინიცირებული. ,,ამ ფაქტმა საერთაშორისო წრეებში ძალიან ცუდად იმოქმედა საზოგადოებრივი პალატის ავტორიტეტზე.”

ოპოზიციური ბანაკი ორუჯლუს გადადგომის მთავარ მიზეზად 2013 წლის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგომის მის სურვილს ასახელებს. თუმცა, თავის ბლოგში ორუჯლუ წერს, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ექნა, ამას ღიად და დაუფარავად გამოაცხადებს.

საზოგადოებრივი პალატის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, რაჰიმ ჰაჯიევი ამბობს, რომ ამ გადადგომებს სერიოზულ პრობლემად ვერ აღიქვამს. ,,თუ დემოკრატიული საზოგადოების აშენება გვინდა, ასეთ ფაქტებსაც უნდა მივეჩვიოთ და ზოგადად, განსხვავებული აზრის არსებობასაც”, - განაცხადა მან არასტუნ ორუჯლუს გადაწყვეტილების კომენტირებისას და დასძინა: “საზოგადოებრივი პალატა გადაწყვეტილებებს საკოორდინაციო საბჭოში კი არა, სხდომებზე იღებს. საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ რჩევებს აძლევს მას. მეტსაც გეტყვით, საზოგადოებრივი პალატა ამდენი ხანია, კარგად ორგანიზებულ ორგანოდ რჩება; იქ დემოკრატიული სულისკვეთება ტრიალებს.”

ჰაჯიევი ასევე აცხადებს, რომ ჯერ არ დაწყებულა დისკუსია იმის თაობაზე, წარადგენს თუ არა საზოგადოებრივი პალატა არჩვენებისთვის მხოლოდ ერთ კანდიდატს. ,,ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა აზერბაიჯანში დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნაა. დღეს მთელი ჩვენი ძალისხმევა ამისკენ გვაქვს მიმართული. თუ ნორმალური საარჩევნო გარემო არ იქნა, მერწმუნეთ, არც იმას ექნება მნიშვნელობა, ერთ კანდიდატს წარვადგენთ თუ რამდენიმეს”, - ამბობს რაჰიმ ჰაჯიევი.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^