მის პროფესიულ რეპუტაციას დღეს ეჭვქვეშ აყენებს არა მარტო ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ახალი ხელისუფლების მხარდამჭერთა ერთი ნაწილიც. ვინ არის ლაშა ნაცვლიშვილი და რატომ არის მის მიმართ ასეთი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება?
„ცნობილი რესპონდენტი და საინტერესო მოსაუბრე... დიდი პროფესიონალი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან დამეხმარება,“ - ამ სიტყვებით წარადგინა შს ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი პირველი მოადგილის პოსტზე გენერალ-მაიორი ლაშა ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილი, სავარაუდოდ, შს სამინისტროში უშიშროების მიმართულებას უხელმძღვანელებს, რადგან ამ სფეროში მუშაობის დიდი და ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მხოლოდ სააკაშვილის მმართველობის ცხრაწლიანი ეპოქა იყო ის გამონაკლისი, რომლის დროსაც ლაშა ნაცვლიშვილს ძალოვან უწყებებში არ უმუშავია. სხვა პერიოდებში იგი უშიშროების სამინისტროსა და პროკურატურის გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო.
მის პროფესიულ რეპუტაციას დღეს ეჭვს ქვეშ აყენებს არა მარტო ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ახალი ხელისუფლების მხარდამჭერთა ერთი ნაწილიც.
„უზომოდ განათლებული ინტელექტუალი, რომელმაც ზეპირად იცის ბროდსკის შემოქმედება“, „მასთან საუბარი ერთი სიამოვნებაა“, „კორუმპირებული, მექრთამე ჩინოვნიკი, რომელიც ბოლო წუთამდე შევარდნაძის სისტემის ერთგული იყო“ - ეს იმ არაერთგვაროვნი შეფასებების კომპილაციაა, რომლებიც ამ სტატიაზე მუშაობისას ჩაწერილ ინტერვიუებში თუ სოციალურ ქსელებში ნაცვლიშვილის შეფასებისას გამოითქვა.
ვინ არის ლაშა ნაცვლიშვილი და რატომ არის მის მიმართ ასეთი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება?
ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება - სწორედ ეს არგუმენტი მოჰყავთ ნაცვლიშვილის შს მაღალჩინოსნად დანიშვნის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც. განსხვავება იმაშია, რომ ერთნი ამ გამოცდილებას ღირსებად უთვლიან; მეორენი კი, ამბობენ, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაში გატარებული 11 წელი მხოლოდ უარყოფითი გამოცდილება შეიძლება იყოს და სამართლებრივ ქვეყანაში ეს გამოცდილება გამოუსადეგარია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო პოლიტიკა. დანიშნული შს მინისტრის ხუთი მოადგილიდან ყურადღება მხოლოდ ერთზე - ლაშა ნაცვლიშვილზე გამახვილდა. ნაცვლიშვილს რუსი ჟურნალისტისთვის მიცემული ინტერვიუ და „ჭიათურმანგანუმის“ სკანდალი გაუხსენეს.
„შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილეების ნაწილს მაღალი თანამდებობები ძალოვან უწყებებში ეკავათ მაშინ, როცა ქვეყნის მართვის პროცესში ჩართულნი იყვნენ ორგანიზებული დანაშაულის წევრები - ე.წ. კანონიერი ქურდები; ნარკოტიკების ბრუნვას უშიშროების სტრუქტურები აკონტროლებდნენ; კორუფცია სამართალდამცავ უწყებებში არნახულ მასშტაბებს აღწევდა და სამართალდამცავი ორგანოები გაჯერებული იყო მტერი სახელმწიფოს სპეცსამსახურის თანამშრომლებით“, - აღნიშნა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.
„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, უკეთესიც ყოფილიყო, რუსეთს რომ თბილისი აეღო“, - 2009 წლის აპრილში, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს რუსულ ინტერნეტ გამოცემა „პოლიტ.რუ“-ს ჟურნალისტისთისვის ვარვარა პახომენკოსთვის ნათქვამი ეს ფრაზა, ნაცვლიშვილის ერთ-ერთ მთავარ კომპრომატად იქცა. თუმცა, მოგვიანებით, პახომენკომ, რომელიც დღეს რადიო თავისუფლებისთვის მუშაობს, განაცხადა, რომ თავად დაუშვა შეცდომა და ფრაზა განსხვავებულად ჩამოაყალიბა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „ლიბერალთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნაცვლიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანია „უმცირესობის აკვიატებაა“: „ნაცვლიშვილი იმ დროს იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე, როდესაც ასეთივე მოადგილე იყო ირაკლი ალასანია. ამიტომ, არ მესმის მასზე კონკრეტულად რატომ ხდება თავდასხმა. ალბათ რაღაც იციან, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებიან. გვითხრათ, ბატონო. ან თუ იციან, რატომ არ დაიჭირეს? 9 წელი იყვნენ ხელისუფლებაში... ბოთლის მოპარვისთვის ჰყავთ დაჭერილი ხალხი და კორუმპირებული ნაცვლიშვილისთვის ვერ გამოინახა ადგილი მათ 25 ათას კაციან ციხეში?“, - ამბობს ბერძენიშვილი.
1990-დან 1999 წლამდე, 9 წლის განმავლობაში ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი იყო.
ეს ის პერიოდია, როდესაც საერთაშორისო უფლებადამცველები ყველაზე სავალალო ანგარიშებს წერდნენ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და კორუფციის თემაზე. 1999 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ:
„ადგილობრივი უფლებადამცველები ასევე გვატყობინებენ ფართოდ გავრცელებული არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შემთხვევების შესახებ, მათ შორის ქრთამის აღების ძალზე გავრცელებული ფაქტების შესახებ გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ, რაც აზარალებს სამართლიანობის პრინციპს“.
მოგვიანებით - 2003 წელს, კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალში ნაცვლიშვილი პირადადაც აღმოჩნდა ჩართული, როდესაც უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
რუსთავი 2-მა გადაცემა „60 წუთში“ აჩვენა ფარული კამერით ჩაწერილი კადრები, სადაც ნაცვლიშვილს ქრთამს სთავაზობენ.
საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ ლაშა ნაცვლიშვილი 2001 წელს დაინიშნა და ამ პოსტიდან 2003 წლის შემოგდომაზე გადადგა იმისთვის, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.
ნაცვლიშვილი უშიშროების იმდროინდელი მინისტრის - ვალერი ხაბურძანიას განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და სამინისტროში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო. ის შევარდნაძის ხელისუფლების „რუხი კარდინალის“ - ნუგზარ საჯაიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა და მის კარიერულ წინსვლაში დიდი წვლილი სწორედ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს მიუძღვის.
ხაბურძანიას მინისტრობის პერიოდში, 2002 წელს პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ლაშა ნაცვლიშვილი და ირაკლი ალასანია, რომელიც იმ დროს ასევე უშიშროების მინისტრის მოდგილე იყო.
კიდევ ერთი სკანდალური განცხადება, რომელსაც მოსკოვის საგარეო უწყების საპროტესტო ნოტა და პანკისში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვა, ლაშა ნაცვლიშვილმა სწორედ იმ პერიოდში გააკეთა.
2002 წლის 23 აგვისტოს რუსეთის მიერ პანკისის ხეობის დაბომბვის შემდეგ ერთ თვეში, ნაცვლიშვილმა აღიარა, რომ ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან გადავიდნენ და ასევე დასძინა, რომ საქართველო მიზანდასახულად არ უშლიდა ხელს ჩეჩენი მებრძოლების გადაადგილებას.
“ჩვენ მიზანმიმართულად ვიშორებთ დაუპატიჟებელ, არასასურველ შეიარაღებულ სტუმრებს, რუსეთიდან რომ გვესტუმრნენ. მათი სურვილი, რომ დაბრუნდე სამშობლოში, ბუნებრივია, და ჩვენ ამას ხელს არ ვუშლით,“- ნაცვლიშვილის ამ განცხადების შემდეგ რუსეთმა საქართველო ჩეჩენი ბოევიკებისთვის „მწვანე დერეფნის“ გახსნაში დაადანაშაულა.
ნაცვლიშვილის გვარი ფიგურირებს ასევე „ჭიათურმანგანუმის“ სკანდალთან დაკავშირებით. 2003 წელს „ჭიათურმანგანუმის“ მუშები გაუცემელი ხელფასების გამო გაიფიცნენ. ამ საქმის გამოძიება უშიშროების სამინისტრომ დაიწყო და მას პირადად ხაბურძანიას მოადგილე - ლაშა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდა. მალევე საბოტაჟისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს "ჭიათურმანგანუმის" რეაბილიტაციის მმართველი გოგი ლეჟავა. დავით კორკოტაშვილი, რომელიც მაშინ ლეჟავას ადვოკატი იყო, დღესაც აცხადებს, რომ ლეჟავას დაკავება უკანონოდ მოხდა და ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.
იმდროინდელი პრესა წერდა, რომ ლეჟავას დაკავება საეჭვოდ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს (2003 წლის საპარლამენტო არჩევნები). ჟურნალისტები მიანიშნებდნენ, რომ, ამ ხერხით შევარდნაძის ხელისუფლება ოპოზიციონერ მიხეილ სააკაშვილს მის პარტიას ებრძოდა, რადგან „ჭიათურმანგანუმი“ „ნაციონალური მოძრაობის“ სერიოზულ საყრდენ ძალად მიიჩნეოდა. პოლიტიკურ დევნაზე მიანიშნებდა თავად დაკავებული ლეჟავაც.
სწორედ „ჭიათურმანგანუმის“ თემას უკავშირდებოდა „60 წუთის“ მიერ გადაღებული ნაცვლიშვილის ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ფინანსური გარიგება იყო აღბეჭდილი.
ლაშა ნაცვლიშვილი შევარდნაძის ხელისუფლებისა და სისტემის ნაწილად ბოლო დრომდე - „ვარდების რევოლუციამდე“ დარჩა.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე პოპულარობადაკარგულმა სახელისუფლებო ბლოკმა "ახალი საქართველოსთვის" ძალოვანი ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარ რიგებში მოუყარა თავი და ბევრი მათგანი მაჟორიტარ კანდიდატებად დაასახელა.
ამ ბლოკის სიით არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდნენ ყოფილი თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები გია ყარყარაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და ჯემალ გახოკიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი. ამ არჩევნებზე მმართველი კოალიციის „ახალი საქართველოსთვის“ სახელით ლაგოდეხის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს ასევე უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.
მიუხედავა იმისა, რომ ამ არჩევნებზე ლაგოდეხელთა უმრავლესობამ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი, მაჟორიტარული ორთაბრძოლის მოგება ნაცვლიშვილმა დამაჯერებლად მოახერხა.
იმდროინდელი პრესა წერდა, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი ფული დახარჯა. მან დააფინანსა ადგილობრივი ტელევიზია, გაარემონტა რაიონში საავტომობილო გზების ნაწილი, გახსნა უფასო კინოთეატრი.
ინტერნეტ გამოცემა “სივილ ჯორჯია” 2003 წლის 17 ნოემბერს წერს: „ოფიციალურად, ყველა კაპიტალდაბანდება (ტელევიზიის დაფინანსება, გზების რემონტი, კინოთეატრის გახსნა) ლაშა ნაცვლიშვილის მეგობრებმა განახორციელეს. მაგრამ იმავე დროს, თბილისის ოპოზიციური გაზეთების მონაცემებით, ლაშა ნაცვლიშვილი უშიშროების სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო, - ამბობს იგი".
ამავე სტატიაში ჟურნალისტი კიდევ ერთ ფაქტს აღნიშნავს „არჩევნების წინა საღამოს, როცა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს ეთერში უნდა გაეშვა სიუჟეტი ლაშა ნაცვლიშვილზე, ლაგოდეხში ამ არხის ტრანსლირება შეწყვიტეს“.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველივე მოწვევის პარლამენტში ლაშა ნაცვლიშვილი „ახალი საქართველოსთვის“ სახელით, ლაგოდეხის მაჟორიტარის მანდატით მოხვდა.
თუმცა, მალევე, 2004 წელს იგი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილთან ერთად „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებს შეუერთდა და „რესპუბლიკელებისა“ და „კონსერვატორების“ მიერ შექმნილ საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიულ ფრონტში“ გაწევრიანდა.
„რატომ არ უნდა მიგვეღო? ლაშა ნაცვლიშვილს იმას ვერ დაუწუნებდით, რომ საქართველოს უშიშროებაში მუშაობდა. ნაცვლიშვილს შევატყვეთ ლიბერალური იდეები. ყოველ შემთხევაში, მისი საჯარო გამოსვლები ამას ადასტურებდა. იგი ძალიან განათლებული, ინტელექტუალი ადამიანია, რაც განსაკუთრებით შეუფერებელია იმ ბიოგრაფიისთვის, რომელიც მას ჰქონდა,“ - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
„რესპუბლიკელებისა“ და ნაცვლიშვილის ოთხწლიანი პარტიული თანამშრომლობა 2010 წელს დასრულდა. თვითმართველობის არჩევნებიდან ორიოდე დღეში ნაცვლიშვილმა უსუფაშვილის პარტია და ალასანიას „ალიანსი“ დატოვა და აღნიშნა, რომ უბრალოდ დაიღალა და პოლიტიკიდან მიდის.
ნაცვლიშვილი იშვიათად ჩანდა ეკრანზე და სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ინტერვიუებზეც იშვიათად თანხმდებოდა.
პოლიტიკას იგი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე დაუბრუნდა. თავდაპირველად იგი მხოლოდ გულშემატკივარი იყო, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ პარტიული სიის 24-ე ნომერი.
მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ, ლაშა ნაცვლიშვილს ჟურნალისტებისთვის განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, წინა დღეებში იგი აღნიშნავდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაყოფის მომხრეა.
„დეცენტრალიზაცია მოხდება აუცილებლად და შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც დღევანდელი მონსტრი არ იარსებებს, მას ალბათ, უშიშროების სამსახურები გამოეყოფა. მოხდება ძალიან სერიუზული რეფორმა, რაც ყველაზე მთავარია მოხდება ამ სტრუქტურის დეპოლიტიზაცია“, - განცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა 4 ოქტომბერს ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ქართული ოცნების“ სამთავრობო პროგრამაშიც არის საუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების ფუნქციების გამოყოფაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკე სამსახურის შექმნაზე. თუ ეს ასე მოხდა, სავარაუდოდ, ამ სამსახურს სწორედ გამოცდილი კადრი - გენერალ-მაიორი ლაშა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს.
„ნაცვლიშვილი იქნება განსაკუთრებით დაუფასებელი მაშინ, როდესაც საქმე ეხება გათვლებს, სტრატეგიას. შს სამინისტროში უშიშროების მიმართულებით რომ გუშინ ჰარვარდდამთავრებულ ბავშვს არ დავნიშნავდით, ეს გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო არავისთვის. ამ თანამდებობაზე გამოცდილი კადრია საჭირო. ასეთი ინტელექტუალი პროკურორები და ასეთი უშიშროების მუშაკები მე მეტი არ მინახავს. ის გამონაკლისი იყო იმ სისტემაში. შემიძლია გითხრათ, რომ ინტელექტის და განათლების თვალსაზრისით, ის ახლაც, ამ სისტემაშიც გამონაკლისია,“ - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.