Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახნავ-სათესი მიწები არქეოლოგიური ძეგლიდან ათიოდე მეტრში

23 თებერვალი 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ იმირთან ჩვ. წ.-ის  VI ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს, რომელზეც სამუშაოები ყოველწლიურად შესაბამის სეზონზე, ზაფხულში იწყება. ამჟამად არქეოლოგიური ობიექტი დაკონსერვებულია.

ადგილობრივი მაცხოვრებელი, იურისტი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ არქეოლოგიურ ძეგლის გვერდით, რამდენიმე მეტრში არის სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომლებიც მუშავდება. მისი თქმით, არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე მოძრაობს ტექნიკა, რომელიც აზიანებს ობიექტს.

„არქეოლოგიურ ობიექტს აღნიშვნის მსგავსი, რომლითაც დადასტურდება, რომ ის ძეგლია ან არქეოლოგიური ობიექტი, არაფერი აქვს. აქ ჩანს ცხვრისა და სხვა საქონლის ნაკვალევიც. იქვე დამუშავებული მიწებია, როგორც ჩანს, გვერდით ნაკვეთის დამუშავებისას  ეს ადგილიც გადაითელა, რადგან ტრანსპორტის კვალი ჩანს, რომელიც ფოტოებითაც დასტურდება. არქეოლოგიურ ობიექტსა და ამ სამეურნეო მიწებს შორის რაიმე გამყოფი ზღვარი არაა. ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 10 მეტრითაა დაშორებული. ტომრები და პოლიეთილენის პარკები,  რომლებითაც ალბათ ობიექტი იყო დაფარული, ჩამოშლილი და გადაყრილია. ვიზუალურად ობიექტის არანაირი დაცვა არ ჩანს“, - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი და არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე, რომელიც ამ ძეგლზე მუშაობს „ლიბერალს“ ნამოსახლარის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

მისი თქმით, ძეგლი სოფელ იმირის მახლობლად, სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. იქ რამდენიმე ბორცვის ჯგუფია, რომლებიც პირველად 1960-იან წლებში გაითხარა. აღმოჩენილია თიხის, გამოუწვავი აგურისგან ნაგები, წრიული ნაგებობები, რომლებსაც, სავარაუდოდ, გუმბათოვანი გადახურვა უნდა ჰქონოდათ და ის პირველი არქიტექტურული ნაშთები, რომელთაგან  ზოგი საცხოვრებელი, ზოგი კი სამეურნეო დანიშნულების უნდა ყოფილიყო. ასევე აღმოჩენილია სხვადასხვა კულტურული ჯიშის მცენარეები - ვაზი, ხორბალი, ქერი, პარკოსნები, ღვინის ნაშთები.

ამ ობიექტზე სამუშაოებს ეროვნული მუზეუმი ყოველწლიურად აწარმოებს. მუზეუმის მთავარი კურატორი და არქეოლოგი, მინდია ჯალაბაძე ამბობს, რომ არქეოლოგიურ ძეგლს აქვს დაცვის ზონა, სადაც არ შეიძლება რაიმე სამუშაოების ჩატარება.

როგორ კონსერვდება  და რამდენად არის დაცული არქეოლოგიური ძეგლი:

მინდია ჯალაბაძის თქმით, არქეოლოგიური ძეგლის ფიზიკური დაცვის მექანიზმები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ობიექტს აქვს. ხოლო ზღვარი არქეოლოგიურ ძეგლსა და სამეურნეო მიწებს შორის, მხოლოდ საკადასტრო რუკებზეა დატანილი. სხვა მხრივ არ არსებობს ბარიერი ძეგლსა და სამეურნეო მიწას შორის.

ამ არქეოლოგიურ ძეგლებსა და სხვა სამეურნეო მიწებს შორის ზღვარი დატანილია საკადასტრო რუკებზე და მიწის მფლობელები ადგილობრივ ხელისუფლებას, წესით, გაფრთხილებული უნდა ჰყავდეს. მას ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი კულტურის განყოფილება მონიტორინგს უნდა ატარებდეს. გამგებელი დაგვპირდა, რომ იქ მუდმივად მივიდოდა პოლიციის ეკიპაჟი და დაათვალიერებდა“, - ამბობს მინდია ჯალაბაძე.

ის გვიხსნის, რომ გათხრების შემდეგ გათხრილი ფართობები დაკონსერვდა.  დაიფარა წყალგაუმტარი ქსოვილით.

არქეოლოგის თქმით, მსგავსი პრობლემა საქართველოში ძირითადად ყველა არქეოლოგიურ ძეგლს აქვს. მისგან მხოლოდ რამდენიმეა დაცული: ვანი და ნოქალაქევი.

„მართალია, აქ ჩანს ტრასპორტის კვალი, მაგრამ დღეს ამას ვერ გააკონტროლებ, თუმცა ის ყოველთვის უნდა იყოს დაცული.  

ეს ყოველთვის პრობლემაა. ამ მხრივ არც ეს ძეგლია გამონაკლისი. ასეთი რამ სხვაგანაც ხდება, ამის მაგალითია ბერიკლდეების ნასოფლარის დანგრევა ჩინური კომპანიის მიერ. წარმოიდგინეთ,  იქ, სადაც ტრაქტორი თხრიდა, გამოჩნდა ინვენტარი. მსგავსი რამ მუდმივად ხდება. ეს მკაცრად უნდა აიკრძალოს კულტურის სამინისტროს მიერ. აუცილებლად უნდა იყოს ნიშნულები, მუდმივად უნდა ტარდებოდეს მონიტორინგი“, - ამბობს მინდია ჯალაბაძე.

მისი თქმით, სოფელ იმირთან არსებულ არქეოლოგიურ ძეგლს პრობლემას უქმნის ადგილობრივი მოსახლეობაც, რომლებიც დაკონსერვების შემდეგ თავად თხრიან ძეგლს.

„ეს არაა რიგითი ძეგლი. მსგავსი პრობლემაა ამავე მნიშვნელობის, ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლზე, ბოლნისის რაიონში, არუხლოს გორაზე, სადაც გერმანელები მუშაობენ. აკონსერვებენ, მაგრამ, როცა არქეოლოგები სამუშაოებს იწყებენ, ერთი კვირა ნაგვის გატანას უნდებიან, ვინაიდან იქ სოფელს ნაგავსაყრელი აქვს.

რთულია ყველა ძეგლის ერთნაირად დაცვა. თუმცა ამაზე კულტურის სამინისტრომ და ძეგლთა დაცვამ უნდა იფიქროს. არსებობს მონიტორინგის ჯგუფი - იარონ და შეამოწმონ. ადგილობრივი კულტურის განყოფილებებთან ითანამშრომლონ და ა.შ.“ - ამბობს მინდია ჯალაბაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ლიბერალი“ დაუკავშირდა მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურის განყოფილების მთავარ სპეციალისტს, ელგუჯა კუპატაძეს, რომელიც ამბობს, რომ იქ მართლაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და ძეგლის მიმდებარე ტერიტორია გასხვისებულია. თუმცა აღნიშნავს, რომ ახლა იქ ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს, რათა  ეს მიწები კერძო პირების მფლობელობისგან გამოისყიდონ.

„ძეგლთან ახლოს მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები - თესავენ, ხნავენ. თუმცა თავად ობიექტი არ არის გადათელილი. ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობს, მიმდებარედ - კი ბატონო. ახლოს სამანქანო გზაა, რომლის გავლაც გვიწევს.

ძეგლი გამოყოფილი უნდა იყოს სამეურნეო ნაკვეთებისაგან, მაგრამ 2007 წელს ძეგლის მიმდებარე მიწები გასხვისდა. უარესს გეტყვით - შულავერის გორა, რომელიც ასევე ამავე მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია, ნაწილობრივ გაყიდულია. რაც იქ ხდება, არაფერია ამასთან შედარებით“, - ამბობს ელგუჯა კუპატაძე.

მისი თქმით, იანვრის თვეში აღნიშნული ძეგლის მონიტორინგზე თავადაც მივიდა. ის აღნიშნავს, რომ იქ საინფორმაციო დაფის განთავსება იგეგმება. ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სურვილი აქვს, რომ აშენდეს მუზეუმი და მოეწყოს ინფრასტრუქტურა. 

ელგუჯა კუპატაძემ „ლიბერალთან“ საუბრის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი მოინახულა. ის ამ ვიზიტის შემდეგ ისევ დაუკავშირდა „ლიბერალს“ და განუცხადა, რომ ამჟამად ძეგლზე ტრანსპორტის კვალი აღარ არის, თუმცა არ უარყოფს რომ 10-15 მეტრში სამეურნეო სამუშაოებისთვის დახნული მიწებია.

ამ საკითხზე  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ონიანმა განაცხადა, რომ  მონიტორინგი ძეგლთა დაცვის უშუალო მოვალეობაა, თუმცა  ფინანსური და ადამიანური რესურსების არარსებობის გამო შესაბამის მონიტორინგს ვერ აწარმოებს. მისი თქმით, რადგანაც აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოებს ეროვნული მუზეუმი აწარმოებს, იქ საინფორმაციო დაფის დადგმა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

„სამწუხაროდ, ძეგლების უმრავლესობას  საანოტაციო დაფა არ აქვს. ეს უკავშირდება სათანადო ფინანსური რესურსების არარსებობას. არქეოლოგიურ ძეგლებთან მხოლოდ საანოტაციო დაფების განთავსება საკმარისი არ არის. საჭიროა ტერიტორიის შემოფარგვლა, რაც საკმაო ხარჯებს უკავშირდება. ზოგადად, ასეთ შემთხვევებში მსგავს საკითხებს მესაკუთრეები უზრუნველყოფენ ხოლმე, მაგ: როცა ძეგლი საპატრიარქოს საკუთრებაშია, ის უზრუნველყოფს საანოტაციო დაფების განთავსებასაც.  ეროვნული მუზეუმი იქ წლების განმავლობაში მუშაობდა და დაფის განთავსება მათთვის პრობლემა არ იქნებოდა“, - განაცხადა თეა ონიანმა.

სოფელ იმირთან, ძვ. წ.-ის VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლთან, რომელიც საქართველოში პირველ ნამოსახლარებს წარმოადგენს, 10-15 მეტრის დაშორებით კერძო მესაკუთრის დახნული მიწებია. როგორც აღინიშნა, ძეგლი არ არის გამოყოფილი სამეურნეო მიწებისგან, არ არის შემოფარგლული და დაცული. თუმცა არქეოლოგი და ეროვნული მუზეუმის კურატორი ადასტურებს, და მას ეთანხმებიან ძეგლთა დაცვის წარმომადგენლებიც, რომ პრობლემა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ძეგლს ექმნება, არამედ სხვა ასეთივე დიდი მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლებსაც (მაგ: არუხლოს გორა).  

ძეგლის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებებიც ადასტურებენ, რომ არქეოლოგიური ძეგლი, რომელსაც დიდი სამეცნიერო და ისტორიული ღირებულებები აქვს და სადაც სამუშაოები კიდევ უნდა გაგრძელდეს, დაზიანების საფრთხის ქვეშ ზემოაღნიშნული  მიზეზების გამო დგება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^