უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ საბოლოო შედეგები 11-12 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.
„დემოკრატიის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი“, სწორედ ეს ფრაზა დომინირებს 28 ოქტომბერს უკრაინაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების დროს. ევროკავშირი და აშშ უარყოფითად აფასებენ საარჩევნო პროცესს და უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქვეყნაში დემოკრატიის რეგრესის გამო, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ არჩევნების პროცესით და შედეგებით არც რადაში მოხვედრილი ხუთივე პარტიის წარმომადგენლები არიან კმაყოფილი.
მართალია, რეგიონების პარტიამ ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მოიპოვა, მაგრამ უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად გააჩნია. იგი კოალიციის გარეშე საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას ვერ ახერხებს, რადაში მოხვედრილი დანარჩენი ოთხი პარტიიდან კი მასთან თანამშრომლობის სურვილს მხოლოდ კომუნისტები გამოთქვამენ, თუმცა შესაძლოა ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი და მმართველ პარტიას დამოუკიდებელ კანდიდატთა გადმობირებაზე მოუხდეს ზრუნვა. გარდა ამისა, რეგიონების პარტიის ლიდერშიფი უკმაყოფილებას ვერ ფარავს დასავლეთის მიერ არჩევნების უარყოფითად შეფასების გამო.
მეორე ადგილის მიუხედავად უკმაყოფილოა მთავარი ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინას“ წარმომადგენლობაც. პირველ რიგში, ისინი აპროტესტებენ არათანაბარ პირობებში ჩატარებულ წინასაარჩევნო კამპანიას, რომლის დროსაც ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსების გამოყენების საშუალებით აშკარად დაჩაგრა ოპოზიციური პარტიები და ამას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. წინა მოწვევის პარლამენტში „ბატკივშჩინა“ 156 მანდატით იყო წარმოდგენილი, დღევანდელი მონაცემებით კი ისინი 450 წევრიან რადაში მხოლოდ 103 დეპუტატის შეყვანას ახერხებენ. ტიმოშენკოს პარტიის წევრები ამგვარ წარუმატებლობლობას ძირითადად ორ ფაქტორს უკავშირებენ: არჩევნების გაყალბებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და საკუთარი ლიდერის პატიმრობას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას ვერ წარუძღვა. ამან კი პარტია სერიოზულად დააზარალა.
მესამე ადგილზე გასული ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარ“-ის წევრებიც არჩევნების გაყალბების გამო გამოთქვამენ უკმაყოფილებას და საკმაოდ წარმატებული შედეგის მიუხედევად, დარწმუნებულნი არიან რომ სამართლიან არჩევნებში გაცილებით უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლოთ. პარტიის წევრები არ გამორიცხავენ „ბატკივშჩინა“-სა და პარტია „თავისუფლება“-ს მხარდამჭერებთან ერთად მოპარული ხმების დასაბრუნებლად ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვას. თავად ლიდერი ვიტალი კლიჩკო 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩის მთავარ კონკურენტად მიიჩნევს თავს და კატეგორიულად გამორიცხავს რეგიონების პარტიასთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობის ალბათობას.
ყველასდა გასაოცრად ამომრჩეველთა დაახლოებით 10 %-იანი მხარდაჭერა მიიღო ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის პარტიამ „თავისუფლება“, რომელიც პირველად იქნება წარმოდგენილი რადაში. პარტია, რომელში გაწევრიანებისთვისაც ეთნიკური უკრაინელობის დამადასტურებელი დოკუმეტაციის წარდგენაა საჭირო, ისევე აგრესიულად უპირისპირდება ქვეყნის პრორუსულ კურსს, როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობას. პარტიის ლიდერი, 43 წლის უროლოგი ოლეგ ტვაგნიუბოკი ანტისემიტური განცხადებებით გამოირჩევა. შესაბამისად, „თავისუფლების“ რადაში მოხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთის ქვეყნებში და ისრაელში. ებრაელი პოლიტიკოსთა ნაწილის აზრით, ანტისემიტური იდეოლოგიის მქონე პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ უნდა მიეცა უკრაინის ხელისუფლებას.
პარტია „თავისუფლება“-ს წარმატებას მხოლოდ უკრაინის საზღვრებს გარეთ არ შეხვდნენ მტრულად. ე.წ. „ჰოლოდომორის“ მიმართ ნაციონალისტების მიერ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, „თავისუფლება“-ს კომუნისტების მწვავე კრიტიკიც დაატყდა თავს. კომუნისტების ლიდერმა პეტრო სიმონენკომ ნაციოანალისტების ამგარ წარმატებას უკრაინელი ხალხის სირცხვილი და ტრაგედია უწოდა.
ანალიტიკოსტა ერთი ნაწილის შეფასებით არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული პარლამენტი უკრაინის ისტორიაში იქნება ყველაზე ჭრელი, რაც გამოიწვევს ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში შესვლას. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაერთიანებისა და უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშიც კი ოპოზიცია სერიოზულ პოლიტიკურ ძალას ვერ შექმნის. უკრაინული სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ მთავრობის ფორმირებისათვის არ არის აუცილებელი უმრავლესობის ყოლა პარლამენტში. მთავრობას, მათ შორის პრემიერ-მინისტრსაც, ნიშნავს თავად პრეზიდენტი. შესაბამისად, ოპოზიციის როლი ქვეყნის რეალური პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში იქნება სიმბოლური.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, დასავლეთში უკრაინის არჩევნებით იმედგაცრუებულნი დარჩნენ. მართალია, იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს ალბათ არავინ ელოდა, მაგრამ მწვავე რეაქციებიდან ჩანს, რომ იანუკოვიჩის მხრიდან ძალაუფლების არადემოკრატიული მეთოდების გამოყენებით განმტკიცების სურვილმა ვაშინგტონი ძალიან გააღიზიანა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ „დემოკრატიის მხრივ უკან გადადგმულ ნაბიჯად“ შეფასებული არჩევნები კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს უკრაინის საერთაშორისო იმიჯზე.
უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ევროპაშიც, რომელიც არჩევნების სერიოზულ მონიტორინგს აწარმოებდა. მხოლოს ეუთოს, საკუთარი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 600 წევრისგან შემდგარი სადამკვირვებლო მისია ჰყავდა გაგზავნილი უკრაინაში, რომელთა დიდი ნაწილი არამარტო არჩევნებს, არამედ წინასაარჩევნო კამპანიას ერთი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. ევროპელ დამკვირვებელთა მიერ უარყოფითი შეფასებების მიზეზი გახდა გაყალბების ფაქტები და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ეხება ეს როგორც მმართველი პარტიის ფინანსირებას, ისე - წინასაარჩევნო კამპანიას. აგრეთვე, დამკვირვებელთა დასკვნებში საუბარია არაბალანსირებულ მედიასივრცეზე.
არჩევნებს უამრავი დარღვევის გარდა თან ახლდა კურიოზული ფაქტებიც. მაგალითად, უკრაინულმა ტელეარხებმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადება საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. თუმცა, ამ ფაქტში უჩვეულო და საინტერესო იყო ის, რომ კანონის დარღვევისაგან თავის არიდების მიზნით ისინი პარტიებს - ამა თუ იმ სასმელის, საარჩევნო ოლქებს კი რესტორნებისა და ტავერნების სახელწოდებით მოიხსენიებდნენ. ეს ჟღერდა შემდეგნაირად: ტავერნებიდან გამოსულთა გამოკითხვის შედეგებით იმარჯვებს „არაყი“ (რეგიონების პარტია), მეორე ადგილზეა „ღვინო“ (იულია ტიმოშენკოს ბლოკი), მესამე ადგილს კი „ვდოვა კლიკო“ (კლიჩკოს პარტია) იკავებს.
არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი ბოლო წლებთან შედარებით იყო ძალიან დაბალი, მისულ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი კი საკუთარი პოლიტიკული სპექტრის მიმართ სრულ უნდობლობას იუმორით გამოხატავდა, რაც როგორც ჩანს წინასწარ დაგეგმილ და მასობრივ ხასიათს ატარებდა. ამის მაგალითია ის, რომ არჩევნებში საკმაოდ წარმატებით „მიიღო მონაწილეობა“ ბიულეტინებზე ამომრჩეველთა მიერ მიწერილმა ჩაკ ნორისმა. პანდას ფორმაში ჩაცმულმა ამომრჩეველი კი, რომელმაც ხმის მიცემა მოახერხა, 2012 წლის უკრანის საპარლამენტო არჩევნების გაუმჭვირვალე ხასიათის სიმბოლოდ იქცა.