მითები და სტერეოტიპები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებობს, უნდა შემცირდეს და საბოლოოდ, გაქრეს - საქართველოში ორწლიანი ანტისტიგმა კამპანია იწყება. „დაინახე ყველა ფერი” - ასე ჰქვია სოციალური ცვლილებებისთვის დაწყებულ მოძრაობას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.
კამპანია გაერო-ის ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება.
პროექტი 23 თებერვალს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა. პრეზენტაციაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ოთახის სხვადასხვა კუთხეში მოწყობილ მაგიდებთან სტუმრებს მასპინძლობდნენ და მათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას სთავაზობდნენ. მაგალითად, მითებისა და რეალობის ჭიდან სტუმრებს შეეძლოთ გაეგოთ, ხშირად რა არასწორი წარმოდგენები აქვთ ადამიანებს შშმ პირების შესახებ.
ერთ-ერთ კუთხეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები სხვა მოხალისეებს ბუტერბროდების დახმარებაში ეხმარებოდნენ. ჟურნალისტი, გოგა აფციაური კამპანიის ერთ-ერთი მონაწილეა. პრეზენტაციაზე ის შვილთან, სალომესთან ერთად იყო მოსული:
„მაგალითად, ეს „მითების ჭა“ ჩვენი დღევანდელი აზროვნება და დამოკიდებულებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. ამ კამპანიის ფარგლებში ეს „მითები ჭიდან“ უნდა ამოვიღოთ და შევავსოთ სუფთა წყლით”.
მარი კორკოტაძემ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი და კამპანიის ერთ-ერთი აქტიური წევრია, მშობლების მანიფესტი წაიკითხა:
მერაბ დუკაშვილიც კამპანიის ერთ-ერთი მონაწილეა. ამბობს, რომ ბოლო წლებში გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მაინც ვერ აღიქვამენ საზოგადოების სხვა წევრების თანასწორებად. ამიტომ, ხშირად ფიქრობენ, რომ ისინი ავადმყოფები, აგრესიულები, არაპროფესიონალები არიან:
„საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ჩვენს სახეებს. ჩვენ უნდა დავაინტერესოთ ისინი, რომ მოვიდნენ ახლოს, გაგვიცნონ. სტიგმა და ცრუ წარმოდგენები მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიღებით მარცხდება”, - ამბობს მერაბი.
კამპანიის პრეზენტაციაზე ნილს სკოტი, გაერო-ის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, ასევე კარლო ნატალე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და მონიკა აზიმი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი იმყოფებოდნენ.
სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა. მან კამპანიის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, ეს მოძრაობა დიდი სოციალური ცვლილებების საფუძველი გახდება.
რაც შეეხება კონკრეტულად კამპანიის სამომავლო გეგმებს, მაია ქურციკიძე, გაერო-ის ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მაგალითად, შეიქმნება ვიდეო და ფოტოისტორიები, კომიქსები, მოეწყობა აქციები, კონკურსები, მედიის წახალისების ღონისძიებები:
„რაც მთავარია, ჩვენ მოვიცავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. და ამ კამპანიაში უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათი მშობლები იქნებიან აქტიურად ჩართული. ჩვენ გვინდა, ყველას დავანახოთ, ამ ადამიანების შესაძლებლობები”, - ამბობს მაია ქურციკიძე.