Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ედუარდი მათი, მეორე...

24 თებერვალი 2017

ანდრეა ლორენცო სკარტაცინის ოპერა „ედუარდ მეორე“ ბერლინის „დოიჩე ოპერაში“

ის იყო ინგლისის მონარქი, რეფორმატორი, გეი, დევნილი, ეკლესიისა და არისტოკრატიის მიერ შეჩვენებული, რომელმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. ედუარდ მეორე, პლანტაგენეტი (1284-1327), რომლის ცხოვრება საკმარისზე მეტ მიზეზს იძლევა ისტორიაში დასამკვიდრებლად, საბოლოოდ, არტმა გაცილებით ცოცხლად და შთამბეჭდავად უკვდავყო.

ჯერ იყო შექსპირის თანამედროვე, დრამატურგი კრისტოფერ მარლო, რომლის პიესა „ედუარდ მეორე“ (1591) მეოცე საუკუნეში არაერთი ცნობილი თეატრალური რეჟისორის შთაგონების მიზეზი გახდა. შემდეგ, ინგლისელი კინორეჟისორის, დერეკ ჯარმენის ამავე სახელწოდების ფილმი (1991), რომელიც ფილმ „კარავაჯოსა“ და კლასიკურ-ფერწერულ „წმინდა სებასტიანთან“ ერთად, გეი-იკონოგრაფიის, გეი-იდენტობისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

და აი, თანამედროვე იტალიური წარმოშობის შვეიცარიელი კომპოზიტორის, ანდრეა ლორენცო სკარტაცინის ოპერა „ედუარდ მეორე“, რომლის პრემიერა ახლახან გაიმართა ინოვაციური რეჟისურით გამორჩეულ ბერლინის „დოიჩე ოპერაში“. აღსანიშნავია, რომ თომას იონიგკის ლიბრეტო ასევე მარლოს პიესას და ისტორიულ ქრონიკებს ეყრდნობა.

ბრიტანელი რეჟისორი კრისტოფ ლოი, რომელმაც თეატრალური განათლება გერმანიაში მიიღო, დღეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საოპერო რეჟისორად ითვლება. მარადიულ თემებს - ადამიანის თავისუფალი არჩევანი, ხალხი და ძალაუფლება, ეკლესია, როგორც დასჯისა და იძულების ინსტრუმენტი - რეჟისორი გაბედულად, გამომწვევად, ზოგჯერ  ირონიული მზერით წვდება. და რაც მთავარია, ოპერას თანამედროვე მაყურებლისთვის გასაგებ სოციალურ და ესთეტიკურ კონტექსტში დგამს.

ლიბრეტო გერმანულ ენაზეა დაწერილი და სავსეა ქუჩური გამოთქმებითა თუ დღევანდელი ჟარგონით, რაც ყოველგვარი მობოდიშების გარეშე შლის დისტანციას ისტორიასთან და საოპერო წარმოდგენას დღევანდელობასთან აახლოებს. ასევე, საკმარისია რამდენიმე სცენას შეხედოთ: მაგალითად, სრული სიშავისა და ნაცრისფერი, თანამედროვე პიჯაკების  ფონზე კოვენტრის ეპისკოპოსის გამოჩენას მდიდრულ საეკლესიო სამოსში, ან ბრუტალურ, ქუჩურ გარჩევებს და მსვლელობას   გეი-ქორწინების წინააღმდეგ გამოტანილი პლაკატების თანხლებით, რომ გასაგები გახდეს წარმოდგენის ოდნავ მაპროვოცირებელი სურნელიც.

რასაკვირველია, ოპერის მთავარი დრამა მაინც ედუარდ მეორისა (ბარიტონი მიხაელ ნაგი) და მისი ფავორიტის, პირს დე გავესტონის (ტენორი ლადისლავ ელგრი) სასიყვარულო ურთიერთობაა, რომელიც არისტოკრატიულ წრეში გასაგებ აღშფოთებასა და სიძულვილს იწვევს. გავესტონს ირლანდიაში გააძევებენ და მოგვიანებით კლავენ, ხოლო მეფე ედუარდ მეორეს დაამხობენ და მხეცურად უსწორდებიან. თანაც ედუარდის მეუღლე, დედოფალი იზაბელა (სოპრანო აგნეტა ახენჰოლცი) ამ ყველაფრის მოწმეა.

„ედუარდ მეორე“ შეიცარიელი კომპოზიტორის, ანდრეა ლორენცო სკარტაცინის მესამე ოპერაა, რომელმაც ავტორს ყველაზე დიდი აღიარება მოუპოვა და 2017 წლის მსოფლიო პრემიერა „დოიჩე ოპერაში“, ასევე პრესის გამოხმაურება, ამის დადასტურებაა. თუმცა მანამდე წარმატება ჰქონდა ოპერასაც „ქვიშის კაცი“ (2012), რომელიც ციურიხის ოპერაში დაიდგა.

საკარტაცინის მუსიკა სავსეა ეკლექტური, მაგრამ საინტერესო გადასვლებით კლასიკურ-სიმფონიური სიმშვიდიდან საორკესტრო ორმოში აღმუვლებულ სინთეზატორამდე. თუმცა ეს ხელს არ გიშლით გუნდის შეყვირება, პერკუსიის ლირიკულობა და ტრომბონების ოდნავ დამცინავი, ჯაზური იმპროვიზაცია გამოტოვოთ...

დაბოლოს, ცოტა კენჭებიც ჩვენს „საოპერო ბოსტანში“: ჩვენო ძვირფასო საოპერო „სტარებო“ და დივებო, ნორჩო რეჟისორებო და უკვე ინტრიგებში გაწვრთნილო საოპერო ადმინისტრაციავ, ეგებ საბალეტო დასის დარად, ცოტათი გამოფხიზლება დაგეტყოთ...  სარკოფაგიდან მრავალჯერ წამომდგარი „აიდას“ შემდეგ რაიმე თანამედროვე, სიცოცხლით სავსე და პროვოკაციული სანახობა თქვენც მოგვიწყოთ. ასე თუ ისე გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^