Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაწესებულება N18

13 ნოემბერი 2012

გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში წელს უკვე 57 პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის ციხის საზოგადოებრივი მისაღების წინ, პატარა, მწვანე სკვერი გრძელი, ჩუქურთმებიანი სკამებითაა გარშემორტყმული. სკვერის კუთხეში თეთრი ქვიშით მოფენილი კუთხე პაემანზე მოსულ ბავშვებს ეკუთვნით. საქანელების გვერდით სასრიალოა დამონტაჟებული, მულტფილმების პერსონათა პლასტმასის ფერადი დეკორაციები გასართობი ცენტრის განწყობას  ქმნის.

საზოგადოებრივი მისაღების წრიული ფორმის დარბაზის ცენტრში გრძელი სკამებით შემოსაზღვრული დეკორაციული გამწვანება შემინულ ჭერს სწვდება. სახურავიდან დაშვებული დაკიდული მონიტორები, დაწკრიალებული იატაკი, საინფორმაციო სტენდები… დარბაზის ერთ მხარეს, ერთი მეტრის სიმაღლის მოაჯირს იქით, სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი, სასიამოვნო გარეგნობის გოგონები ღიმილით, თავაზიანად გემსახურებიან, - სტუმრობის მიზეზს გეკითხებიან, საბუთებს გიმოწმებენ, რიგს გითითებენ…

საზოგადოებრივი მისაღებიდან ციხის ეზოში გამავალ მძიმე კარს დაცვა მოთხოვნისთანავე აღებს. ეზოში რამდენიმე ათეული მანქანა დგას, ვახტებზე შეიარაღებული მცველები ბოლთას სცემენ.

ეზოს გაივლით და კიდევ ერთ მისაღებს მიადგებით. აქ ქალთა და მამაკაცთა გასაჩხრეკი ოთახებია განლაგებული. თითოეულ მათგანთან იმ ნივთების სიაა გამოკრული, რომელთა შეტანაც არ შეიძლება: ფული, ფასიანი ქაღალდები, ოპტიკური ხელსაწყოები, ალკოჰოლური სასმელები, სუნამოები, ფოტაპარატი, მობილური ტელეფონი… 

მისაღებიდან შეგიძლიათ ორ ციხეში მოხვდეთ - ერთი სახელგანთქმული მერვე დაწესებულებაა, მეორე კი არანაკლებ ცნობილი N18 “ერ ბე”, იგივე  “რეზბალნიცა.” 

სამკურნალო დაწესებულებაში დირექტორის მოადგილე ზვიად გრიგალაშვილი, რეჟიმის უფროსი ბესიკ ჭაღიაშვილი და მთავარი ექიმი ვახტანგ ქერქაძე მხვდებიან. რეჟიმის უფროსი ახალია, ექიმი ორი წელია მუშაობს, დირექტორის მოადგილეს კი დაწესებულებაში მუშაობის რამდენიმე ათწლეულიანი სტაჟი აქვს.

180 პაციენტზე გათვლილ დაწესებულებაში 266 პატიმარი მკურნალობს, თუმცა ეს რიცხვი მუდმივად იცვლება. ხუთშაბათი ეტაპის დღეა - ნაწილი გადის, ნაწილი შემოდის. მთავარ ექიმს ჩემთან საუბრის დროს ორჯერ ურეკავენ, - პატიმრები საავადმყოფოში გადმოყვანას ითხოვენ, თუმცა ექიმი პაციენტებს უკან აბრუნებს - “პიკზე ვართ, ერთი ადამიანის მიღებაც არ შეგვიძლია.”

წელს მეთვრამეტე დაწესებულებაში უკვე ორმოცდაჩვიდმეტი პატიმარი გარდაიცვალა, “ეს კარგი შედეგია, შარშან ამ დროს ოთხმოცზე - ზე მეტი დაღუპული გვყავდა” ამბობს დირექტორის მოადგილე.

რა იწვევს სიკვდილიანობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს? სახალხო დამცველი სპეციალურ თუ საპარლამენტო ანგარიშებში ჯანდაცვის პრობლემებზე ხშირად საუბრობდა. ომბუდსმენი საკითხს კომპლექსურად განიხილავს: - სამკურნალო დაწესებულებათა გადატვირთულობა, სამედიცინო სამსახურის დაფინანსება, მედიკამენტებით მომარაგება, ექიმის ხელმისაწვდომობა, პერსონალის კვალიფიკაცია, სამედიცინო ინფრასტრუქტურა, არასათანადო მოპყრობა…

პატიმრების ძირითადი ნაწილი გულსისხლძარღვთა დაავადების, ტუბერკულოზის, შიდსის, და C ჰეპატიტის დიაგნოზით მკურნალობს.

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამჟამად ორი, N18 და N19  სამკურნალო დაწესებულება მოქმედებს. სასჯელაღსრულების დანარჩენ დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს, სამედიცინო პუნქტები პატიმრებს ძირითადად ამბულატორიულ დახმარებას უწევენ. სტაციონალური მომსახურების შესაძლებლობა ყველგან არ არის. კანონის მიხედვით კი, თუ ციხეებში სამედიცინო პუნქტები სტაციონალურ მკურნალობას ვერ უზრუნველყოფს, პაციენტი სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. 

გარდა გადატვირთულულობისა, “რეზბალნიცას” სამედიცინო აპარატურით აღჭურვილობის პრობლემაც აქვს. მაგალითად არ გააჩნია მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევის აპარატი. ამიტომ  პაციენტების სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაყვანა ხდება საჭირო, რაც ზვიად გრიგალაშვილის შეფასებით “ძვირადღირებული სიამოვნებაა” 

N18 დაწესებულებას 139 ექიმი და ექთანი ემსახურება. დირექტორის მოადგილე მძიმედ განიცდის, როდესაც  “რეზბალნიცაზე” გარდაცვლილი და ნაწამები პატიმრების შესახებ “ხმებს ყრიან”. “ასე საუბარი არ შეიძლება, თითქოს გვკლავთ, ამას რომ ამბობთ, ამ ხმებმა ლამის გამაგიჟოს” - მეუბნება გრიგალაშვილი.

დაწესებულება ოთხსართულიანია. სართულები საკმაოდ კეთილმოწყობილია, დერეფნების გარშემო პალატა-საკნებია ჩამწკრივებული: ი-10, თ-11, ქ-12… (ი - ინფექციურს აღნიშნავს, თ  - თეარპიას, ქ - ქირურგიას…)

საკნები სხადასხვა ზომისაა და შესაბამისად საწოლების რაოდენობაც განსხვავებულია, ზოგან ექვსი პატიმარი წევს, ზოგან - ოთხი, ზოგან - ორი. 

ქირურგიული განყოფილების პაციენტი-პატიმარი  გიორგი გ. გრძელი, შავი თმით, ტუჩებზე ნაიარევებით, თხელი სვიტერით, სპორტული შარვლით, წელში მოხრილი საწოლის კიდეზე ზის, იდაყვებით მუხლებზე ეყრდნობა, საუბრის დროს მაღლა არ იხედება, დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით, მეტყველების ნევროტული მანერით თავის ამბავს მიყვება. აშკარად დამამშვიდებელი წამლების ზეგავლენის ქვეშაა…

გიორგი 2007 ციხის ბუნტის დროს თავში დაიჭრა. აქვს ეპილეფსია, დაბალი სიცხეები, რომლის მიზეზსაც ექიმები ვერ ადგენენ. 

“რუსთავის მეექვსეში ვიჯექი, ყოველდღე გვცემდნენ. ვთხოვდი, ტრამვა მაქვს, თავში ნუ მირტყამთ მეთქი. თანამშრომელს შევეპასუხე და “კრიტში” გადამიყვანეს, პირი ამოვიკერე, რომ აქ მოვეთავსებინე. აი, ჭრილობები ახლაც მეტყობა, ხუთი წელია ვზივარ, ერთი თვეღა მაქვს დარჩენილი” 

გიორგი საუბრის დროს სწრაფად იღლება, მის გვერდით საწოლზე პატიმარი წევს, საბანში გახვეულს პირი კედლისკენ აქვს მიქცეული, მხოლოდ სქელი, წაბლისფერი თმა უჩანს. არ ინძრევა. ჩვენს საუბარზე რეაქცია არ აქვს.

თენგიზ შ. - მაცნობენ პატიმრები, მათი თქმით, თენგიზი ვერ ხედავს, არ ესმის და გადაადგილებაც უჭირს, “მთელი დღე ასე წევს და არ ინძრევა, ექსპერტიზა ჩაუტარეს, გათავისუფლება ეკუთვნის, მაგრამ არ უშვებენ.”

მოპირდაპირე პალატაში ვინაცვლებ, აქ სამი პატიმარია. სამივე ხანში შესული, ჭაღარა თმებით, კარის გახსნისას ფეხზე ადგომას ცდილობენ, თუმცა ერთი მათგანი ვერ ახერხებს, მოძრაობა უჭირს. ნ.მ-ს, სამოციოდე წლის, ინტელიგენტური გამომეტყველების მამაკაცს საუბრისას ხმა უთრთის, თვალებზე ცრემლი ადგას, ბოლოს ტირილს იწყებს. მას რვა წელი აქვს მისჯილი. წელიწადნახევრის წინ თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მან ბინა გაყიდა, თუმცა სანამ მყიდველი თანხას ბოლომდე გადაუხდიდა, იპოთეკით დატვირთა. “შვილი მყავდა ავად, საოპერაციო თანხა დამჭირდა. სამოქალაქო დავა რომ წასულიყო, გადავუხდიდი როგორმე და ეგ იქნებოდა, ახლა კი ციხეში ვზივარ, შვილები უპატრონოდ დამრჩა, პლევრიტი და ჯირკვლების ტუბერკულოზი მაქვს…” 

მეორე პატიმარი, ოდნავ შემელოტებული, ჭროღა თვალებით, მუქი ფერის თხელი სერთუკით, გამოკვეთილი მეგრული აქცენტით, ყვება როგორ გადაამტვრიეს ზურგზე ხელჯოხი, “რეჟიმის ოფიცერმა, გიორგი ავსაჯანიშვილმა ისე მცემა, სიკვდილს ვნატრობდი” პატიმარი ბალიშის პირს არღვევს და იქიდან მაისურს იღებს, მაისური მთლიანად დალაქულია, “ეს ჩემი სისხლია, მეუბნება პატიმარი, ამ მაისურს ვინახავ.”

პალატა-საკნები ძირითადად მცირე ზომისაა და საწოლების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაქსიმალურადაა ათვისებული. თითოეულ საკანში საწოლების გარდა დგას ერთი სკამი, მაგიდა, კედელზე დამაგრებულია პირსაბანი, იატაკზე აქვთ პარკეტი, საკმაოდ თბილა, შემინულ ფანჯრებს რკინის გისოსები იცავს, ზოგ საკანში რადიოები აქვთ, ზოგან კი მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებს კითხულობენ.

პატიმრებს ვემშვიდობები და რეჟიმის ოფიცრებს ნულ სართულზე ჩაყვანას ვთხოვ. მსჯავრდებულთა  წერილებიდან ვიცი, რომ იქ მორგია - გლდანის “რეზბალნიცის” სახელგანთქმული მორგი.

მორგში თავად რეჟიმის უფროსი, ბესიკ ჭაღიაშვილი მაცილებს და მძიმე ურდულით დაგმანულ კარს მიხსნის - მიცვალებულთა გასაკვეთი მერხები…  ცხედრების შესანახი მაცივრები, ვედრო წყლით და კუთხეში მიგდებული ტილო… ხელსაწყოები, რომელთა დანიშნულებასაც ვერ ვხვდები…

მაშინვე მახსენდება ამ მორგთან დაკავშირებული ისტორიები, რომლებსაც წლების განმავლობაში პატიმრები წერილების მეშვეობით ახმიანებდნენ:

“2011 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, N17 დაწესებულებიდან თირკმლის მწვავე შეტევით, სასწრაფო წესით, N18 დაწესებულებაში გადმომიყვანეს და N9 საკანში მომათავსეს, მეორე დღის საღამოს გაუსაძლისი ტკივილები დამეწყო, ვითხოვდი ექიმის ნახვას, დაწესებულების თანამშრომლებმა მორგში ჩამიყვანეს და სასტიკად მცემეს. ამასთან ერთ-ერთი თანამაშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი გაუპატიურებით დამემუქრა, დაახლოებით 30-40 წუთის მანძილზე ხელებზე ბორკილდადებული მუცლით ვიწექი მორგის იატაკზე. მოგვიანებით, ავსაჯანიშვილმა მუქარითა და გინებით დამაწერინა, რომ დაზიანებები, რომლებიც აღმენიშნებოდა თავად მივიყენე და დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნდა…”

“შემომივარდნენ საკანში, მცემეს, ხელფეხი “სკოჩით” შემიკრეს, მორგში ჩამიყვანეს, ცემა იქ გააგრძელეს, შემდეგ იქ დამაგდეს სადაც მიცვალებულებს ასვენებდნენ ხოლმე. ასეთ მდგომარეობაში 5 საათი ვიყავი…”.

რეჟიმის ახლად დანიშნული უფროსი მაჩქარებს, “არ მიყვარს აქ ყოფნა” მეუბნება და მორგის კარს სწრაფი ნაბიჯით შორდება. პირველ სართულზე სატვირთო ლიფტით ავდივართ. რამდენიმე წუთში ისევ N8 დაწესებულების ეზოში ვარ, გასასვლელისკენ ერთ-ერთი ოფიცერი მიმაცილებს. საზოგადოებრივი მისაღები უკვე დაკეტილია. ციხიდან გასვლა სათადარიგო გასასვლელიდან მიწევს, რომლითაც პირდაპირ რეპორტაჟის დასაწყისში აღწერილ სკვერში ვხვდები. მწვანე ბალახს ავტომატური სისტემით რწყავენ. ღამის განათება მულტფილმების პლატსმასის პერსონაჟებს ფერს უცვლის, ქვიშაზე დაცემული წყლის წვეთები ვერცხლისფრად ბრჭყვიალებს… ზურგს უკან მძიმე ურდულების ხმა ისმის… რკინის ალაყაფი ხმაურით იკეტება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^