Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მხოლოდ კითხვები

13 ნოემბერი 2012

უპატრონო ძაღლები, რასაკვირველია, საშიშია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, მაგრამ ეს იქ, სადაც ამ საკითხის მოგვარებას გონივრულად არ უდგებიან. გონივრული კი ისაა, რომ ცხოველების დახოცვა პრობლემას ვერ მოაგვერებს, რადგან ძაღლები და კატები, ადამიანებისაგან განსხვავებით, გაცილებით სწრაფად მრავლდებიან. 

მაშ ასე: ზეგეგმიურად შევასრულე პირობა და 10 სამუშაო დღის ნაცვლად, რომელიც საჯარო ინფორმაციის მოწოდებისთვისაა განკუთვნილი, ოთხი თვე ველოდებოდი პასუხს თბილისის მერიისაგან. ოთხი თვის თავზეც ჩემი ორგვერდიანი შეკითხვების ნუსხას არავინ არ გამოხმაურებია. არ გეგონოთ, რამე განსაკუთრებულს ვითხოვდი, სახელმწიფო საიდუმლოებად რომ ჩაითვალოს. ჩემი კითხვები მხოლოდ მაწანწალა ძაღლების ჰუმანური გზით დაჭერასა და მათ ვეტერინარულ მომსახურებას ეხებოდა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ასეთი ძაღლების გამო სამჯერ მაქვს გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო აცრები და, მგონი, კონსტიტუციაც მაძლევს უფლებას, რომ საჯარო ინფორმაცია იმ პროგრამებზე, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჩემთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.

** *
არჩილ სულაკაურის ერთი მოთხრობა გამახსენდა – “ბიჭი და ძაღლი”. არა, შინაარსის მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ მისი ერთი პერსონაჟი, სახელად მუკო, აუცილებლად უნდა მოვიგონო, ისიც იმიტომ, რომ ასეთი მუკო მეც ბევრჯერ მინახავს. მე რომ მკითხოთ, “მუკო” საზოგადო სახელი უფროა, ვიდრე საკუთარი – ანუ ეს არის კაცი, რომელსაც ცხოველების, მეტადრე ძაღლების, ველური მეთოდით დაჭერა, თანაც აღნავლებული ბავშვების თვალწინ, არნახულ სიამოვნებას ანიჭებს. მე რომ მუკო ვნახე ადრე ჩემს ეზოში, ახლახან კი სხვის კორპუსთან, ტირილი მომინდა. არადა, ცხოველებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით ნამდვილად არ გამოვირჩევი. უცნაური ის იყო, რომ იმ კორპუსის მაცხოვრებელი ოჯახის ქალები ჩვენი დროის მუკოს იქით ამხნევებდნენ და საკუთარ შვილებს ყურებს უწევდნენ. არ გაემტყუნებათ ალბათ, რადგან ეს ქალბატონები დარწმუნებული არიან, რომ ეზოს მიკედლებული ყველა ძაღლი ცოფიანია. ამ წერილის დაწერის მიზეზიც ეს იყო – გამეგო, რამდენად საშიშია ეს ძაღლები საზოგადოებისთვის და რა კეთდება იმისათვის, რომ უზედამხედველო ძაღლებმა ხალხი არ დაკბინონ.
მერიასაც ამ მიზნით მივმართე.

* * *


მე: რას აჭმევთ ცხოველებს?
ის: ეს კითხვა ან გიორგაძესთან შეათანხმეთ (საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი – ს.თ.) ან უგულავასთან.
მე: რამდენი ცხოველი გყავთ?
ის: ეს კითხვა ან გიორგაძესთან შეათანხმეთ, ან უგულავასთან.
მე: ძაღლის წაყვანა რომ მომინდეს, მაძლევთ გარანტიას, რომ ეს ძაღლი აცრილია ცოფზე?
ის: ეს კითხვა ან გიორგაძესთან შეათანხმეთ, ან უგულავასთან.
მე: რა პრინციპით არიან ცხოველები გალიებში დაწყვილებული?
ის: ეს კითხვა ან გიორგაძესთან შეათანხმეთ, ან უგულავასთან.
მე: რას აჭმევთ ცხოველებს?
ის: ეს კითხვა ან გიორგაძესთან შეათანხმეთ, ან უგულავასთან.
მე: თქვენ რა გვარის ბრძანდებით?
და ისე შემეცოდა დავით სადათერაშვილი (საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გარეული და შინაური ცხოველების კონტროლისა და რეგულირების განყოფილების უფროსი), ვინანე, ეს კითხვაც გიორგაძესთან ან სულაც უგულავასთან რომ არ შევათანხმე. კვირის დასაწყისში მითხრეს, რომ თავშესაფარში კარანტინი იყო და ჩემი იქ შეშვება ჩემთვისვე იყო საზიანო; შუა კვირას განმიმარტეს, რომ, შესაძლოა, რამე საშიში ინფექცია მიმეტანა ძაღლებისთვის; კვირის ბოლოს მახარეს, რომ თავშესფარში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა ... …მომდევნო კვირას, როგორც იქნა, დამრთეს იქ შესვლისა და მხოლოდ ფოტოების გადაღების უფლება, ისიც იმიტომ, რომ ამ საყოველთაო და მკაცრი კარანტინის ფონზე ქალაქის მერმა თავშესაფარი ზარ-ზეიმით გახნა – არც მასზე და არც კოლეგებზე ტელევიზიებიდან კარანტინი არ ვრცელდებოდა.
თავშესაფარი მართლაც კარგია და უგულავასგან შეუთანხმებლად შემიძლია გითხრათ, რომ 250 ცხოველზე მეტს ვერ დაიტევს. გამიხარდა ისიც, რომ ასევე გიორგაძე-უგულავასგან დამოუკიდებლად დავადგინე, რომ მაწანწალა ცხოველებზე ზრუნვა აღარ ეკუთვნის დასუფთავების სამსახურს და საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეროგატივაა (თუმცა, ბევრისთვის ეს ცხოველები ალბათ არაფრით არ განსხვავდება საყოფაცხოვრებო ნაგვისგან - ეგაა, უბრალოდ დენს არაა მიწერილი). მაგრამ ამის იქით, რაც უზედამხედველო და მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ფინანსებს ეხება, ღრმად გასაიდუმლოებულია.


უპატრონო ძაღლები, რასაკვირველია, საშიშია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, მაგრამ ეს იქ, სადაც ამ საკითხის მოგვარებას გონივრულად არ უდგებიან. გონივრული კი ისაა, რომ ცხოველების დახოცვა პრობლემას ვერ მოაგვერებს, რადგან ძაღლები და კატები, ადამიანებისაგან განსხვავებით, გაცილებით სწრაფად მრავლდებიან. მოკლავ ერთ კონკრეტულ ტერიტორიას მიკედლებულ 100 ძაღლს და მის ადგილას გარეუბნიდან სხვა ასი დაიკავებს, ოღონდ უფრო აგრესიული და ასე გაუთავებლად.

ამის მაგალითია ქალაქი პრაღა, სადაც უზედამხედველო ძაღლები ჯერ გაწყვიტეს, მერე კი 3 000 ძაღლი ხელახალ ჩაასახლეს. ჩასახლებით იმიტომ ჩაასახლეს, რომ ძაღლების გაწყვეტამ ვირთხების გამრავლება გამოიწვია, ვირთხებისა და ვირთაგვების მოსპობა კი ადამიანს პრაქტიკულად არ შეუძლია. აი, ამიტომაა აუცილებელი მაწანწალა და უზედამხედველო ცხოველების სტერილიზაცია, რაც, რასაკვირველია, გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვენს შემთხვევაში პრობლემას სწორედ ეს თანხა ქმნის, ოღონდ იმიტომ არა, რომ ის ფიზიკურად არ არსებობს – პირიქით, ეს თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილია, მაგრამ, როგორ იხარჯება ეს ფული, ამ კიტხვაზე პასუხი, სამწუხაროდ ვერ მივიღე.

***
ამთავითვე ვიტყვი: ამ წერილს, რასაკვირველია, აკლია დასაბუთება და მეც ვიცი, რომ წერილის დასაწერად მინიმუმ ორი წყაროა საჭირო. სამწუხაროდ, მე ამის საშუალება არ მომეცა, რადგან სახელმწიფომ (ამ შემთხვევაში – თბილისის მერიამ), რომელსაც ეხება ხსენებული პრობლების მოგვარება, ჩემთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, იძულებული ვარ, მხოლოდ არასახელმწიფო სექტორის მიერ მოწოდებულ მასალებსა და საკუთარი თვალთ ნანახს დავჯერდე.

ტენდერებით დავიწყოთ, რომელიც 2007 წლიდან მოყოლებული მესამედ ცხადდება და რადგან ცხოველების რაოდენობისა თუ გამოყოფილი თანხის მხრივ ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, სამაგალითოდ 2010 წლის ტენდერით გამოცხადებულ პირობებზე ვილაპარაკოთ. დოკუმენტაცია ამ ტენდერის შესახებ მერიამ, რასაკვირველია, არ მოგვაწოდა. სამაგიეროდ მოგვაწოდეს არასახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებ. ირკვევა, რომ 2010 წელს მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველების დაჭერა-იზოლაციისა და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე 34 100 ცხოველს უნდა მომსახურებოდნენ და ეს ყველაფერი 1 140 000 ლარად შეფასდა _ შესაბამისად, თითო ცხოველზე 33 ლარი იხარჯება. თავისთავად ეს ციფრები არაფერს არ გვაძლევს, მაგრამ თუ ცოტათი მაინც წავივარჯიშებთ არითმეტიკაში, ასეთ შედგეს მივიღებთ: 35 100 ცხოველი 10 თვეში ნიშნავს, რომ საშუალოდ თვეში 3510, დღეში 117, საათში კი მინიმუმ 4 ძაღლი უნდა დაიჭირო, ისიც 24 საათიანი გრაფიკის პირობებში.

ამ დოკუმენტაციის კვალდაკვალ, ჩემი პირველი კითხვა, რომლითად თბილისის მერიას მივმართე, ასეთი იყო: სად ხდება ამ რაოდენობის ცხოველების მოთავსება და შემდეგ მათი ვეტერინარული მომსახურება, მათ შორის სტერილიზაციის პროცესი – ანუ ცხოველებისთვის ოპერაციის გაკეთება? აქვე დავძნე, რომ 2010 წელს მუნიციპალური თავშესაფარი საერთოდ არ არსებობდა და უზედამხედველო ცხოველები ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. “დებიუტის” კუთვნილ ვეტერინარულ კლინიკაში (იგივე #1 ვეტერინარული კლინიკა) გადაყავდათ. მომდევნო ტენდერების გამარჯვებულიც “დებიუტია”, თუმცა უდაოდ საინტერესო იქნებოდა, გაგვეგო მაინც, მიიღო თუ არა ხსენებულ შემოთავაზებაში მონაწულეობა სხვა ფიზიკურმა პირმა და რა ნიშნით მიენიჭა უპირატესობა მაინცდამინც “დებიუტს”? რადგან კითხვაზე პასუხი არ მაქვს, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს კლინიკა თავის დროზეც დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა და მაშინაც ისეთივე დაპირებები მოვისმინეთ ქალაქის მერისგან, როგორც წელს. ასევერ ვადასტურებ, რომ D”დებიუტის” კლინიკა ამჟამად საერთოდ აღარ არსებობს, თუმცა იმხელა და იმგვარად მოწყობილი არც არასდროს არ ყოფილა, რომ ამ რაოდენობის ცხოველებისთვის ვეტერინარული სამსახური გაეწია. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს თუ დავუჯერებთ, მათ უმრავლესობას უბრალოდ კლავენ ყოველგვარი ჰუმანური მეთოდის გარეშე.

მომდევნო კითხვასაც გაგიმხელთ: რომელი კვლევისა თუ დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ თბილიში 34 100 უზედამხედვერლო ცხოველი ქმნის საფრთხეს? ესეც იმიტომ ვიკითხე, რომ უზედამხედველო ცხოველების დათვლის მეთოდი არსებობს და ეს იციან კიდეც ამ დარგის სპეციალისტებმა. მათი გათვლებიდან გამომდინარე, რაც მონიტორინგის შედეგად დგინდება, თბილისში 20-25 000 უპატრონო ცხოველი ბინადრობს. სახელმწიფო სექტორისაგან განსხვავებით, არასახელმწიფო სექტორი ამ კვლევებს არ ასაიდუმლოებს, ამიტომ ძალაუნებრად ჩნდება ეჭვი, რომ მერიის ტენდერებში დაფიქსირებული ციფრი, _ 34 100 _ მხოლოდ იმიტომ დასახელდა, რომ მილიონ ლარზე მეტის ათვისებას არა 25 000, არამედ 34 000 ცხოველი სჭირდება და რომ 9 000 არარსებულ ცხოველზე “ზრუნვა” 297 000 ლარის “მოგებას” იძლევა.

ასევე არ მაქვს პასუხი, ვინ და როგორ დაადგინა, რომ ამ 35 100 ცხოველიდან 80 პროცენტი (ანუ 28080) უნდა მოკლულიყო თუნდაც ჰუმანური მეთოდით. აქ ლაპარაკია იმ შემთხვევაზე, როდესაც ცხოველი საშიში დაავადების მატარებელია (ცოფი, ლეიშმანიოზი და სხვა) და საფრთხეს უქმნის როგორც სხვა ცხოველის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენი ყოფნის დროს მუნიციპალურ თავშესაფარში იმ რაოდენობის ცხოველები, რაც სატენდერო დოკუმენტაციის კვალდაკვალ უნდა დაგხვედროდა, ვერ აღმოვაჩინეთ. მხოლოდ ერთი გასტერილებული ძაღლი გვიჩვენეს. მკითხველი რომ შეცდომაში არ შევიყვანო, დავაზუსტებ: თუ სტერილიზაციის პროცესი სწორად ტარდება, ასეთი ძაღლის გაშვება გარეთ მეორე დღესვეა შესაძლებელია. ამდენად, გასტერილებული ძაღლების სიმცირეს თავშესაფარში ყურადღებას არ მივაქცევდით, რომ არა კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, კერძოდ: რამდენი ცხოველს ჩაუტარდა ეს პროცედურა და სად იმყოფებიან ამჯერად (კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე) აქ გასტერილებული ძაღლები?

* * *
რადგან ტენდერის პირობებში ჩადებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის ცხოველების ჰუმანური გზით დაჭერა, უნდა ვივარაიდოთ მაინც, რომ ამ სერვისის ამოქმედებას ასევე სჭირდება გარკვეული რაოდენობის სატრანსპორტო საშუალება და შესაბამისი ეკიპირება. და ისევ მორიგი კითხვა: ვის ეკუთვნის ეს სატრანსპორტო საშუალებები და რამდენად ჰუმანურად ხდება ცხოველების დაჭერა? საქმე იმაშია, რომ სულ ახლახან ყიფშიძის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მობინადრეებმა კოლექტიური წერილით მიმართეს ცხოველთა უფლებადამცველებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა ბარბაროსულად იჭერენ ეზოს შეკედლებულ ძაღლებს და რომ არა მოსახლეობის პროტესტი, ისინი აუცილებლად თავშესაფარში მიყვანამდე დაიღუპებოდნენ. ასევე არ გვპასუხობენ კითხვაზე, თუ ვის შემოაქვს ვაქცინები და მედიკამენტები, რომელიც უზედამხედველო ცხოველების ვეტერინარულ მომსახურებისას გამოიყენება და უცნობია ის ოქმები, რომელიც დაადასტურებდა უკიდურესად საშიში და გადამდები დაავადებებით დასნეულებული ცხოველების ევთანაზიას. ეს ოქმები ჩემი ახირება არ გახლავთ და მხოლოდ იმიტომ მჭირდებოდა, რომ არასახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების კომენატრები ან დავადასტურო, ან ეჭვი შევიტანო მათში. ისინი კი ირწმუნებიან, რომ სინამდვილეში არავითარ ევთანაზიასთან არ გვაქვს საქმე და რომ ასეთ ცხოველებს ბარბაროსულად კლავენ – ან ხერხემალში გადატეხით, ან თავში ჩარტყმით. სამწუხაროდ, ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ 3 წლის წინ საზოგადოებრივი არხის გადამღებმა ჯგუფმა ფარული კანმერით გადაიღო, თუ როგორ ხოცავდნენ სწორედ “დებიუტის” თანამშრომლები უზედამხედველო ცხოველებს. ცნობისათვის, მათი უმრავლესობა დღეს სწორედ გარეული და შინაური ცხოველების კონტროლისა და რეგულირების სამსახურში მუშაობს. თუ ამ სამსახურის თანამშრომლები ველური მეთოდით იჭერენ ცხოველებს, რისი მომსწრე მე თვითონ გავხდი, რატომ უნდა ვირწმუნო, რომ განწირულ ცხოველებს ჰუმანური მეთოდით აძინებენ?! დაინტერესებულ პირებს დიდი ხალისით მივაწოდებ ამ ფირს, თუმცა აქვე ვაფრთხილებ: უკიდურესად მძიმე კადრების ნახვა მოუწევთ.

არ ის ვიცით, დღეს რა მდგომარეობაშია ეგრეთ წოდებული ბეიკერის ორმო გლდანის ნაგავსაყრელზე, ანუ საგანგებო სარკოფაგი, სადაც მარხავენ მოკლულ ცხოველებს. არადა, კითხვები აქაც ჩნდება, კერძოდ: რამდენია ამ სარკოფაგის ექსპლუატაციის ვადა, ვინაა მასზე პასუხისმგებელი და რატომ არ ხერხდება კრემატორიუმის აშენება, რაც, რასაკვირველია, გარკვეულ თანხებთანა იქნება დაკავშირებული, თუმცა ეკოლოგიური თვალსაზრისით ბევრად გამართლებულია. არგუმენტი, _ რომ კრემატორიუმის გამონაბოლქვი გარემოს აბინძურებს, _ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დამაჯერებელი, ზუსტად რომ ვიცოდეთ, რა მდგომარეობაშია ბეიკერის ორმო და როგორ ხდება ლეშის დამუშავება.

გასაიდუმლოებულია, რა დაჯდა იმ თავშესაფრის აშენება, მე რომ ბოლოს და ბოლოს შემიშვეს ან ვინ გაიმარჯვა ტენდერში და რატომ ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები ახლახან აშენებულ ნაგებობაში? მით უფრო გაუგებარია, ამ მარტივ კონსტრუქციას, რომელიც დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ყვავილების სათბური, რატომ სჭირდებოდა რამდენიმე ეტაპად მიმდინარე მშენებლობა?


საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, რატომ იჭერენ პერიოდულად იმ ცხოველებს, რომელთაც ვეტერინარულ მომსახურებას (ვაქცინაცია, სტერილიზაცია) არასახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები უწევენ საკუთარი სახსრებით და რომელთაც ამ მომსახურების დამადასტურებელი ყელსაბამებიც უკეთიათ. აქ უმთავრესად ლაპარაკია ეზოებს მიკედლებულ ძაღლებზე, რომლებსაც მერია მაინც იჭერს და თავსესაფარში მიყავს. ამ წერილის მომზადებისას მე თვითონ გავხდი იმის მომსწრე, თუ როგორ დააბრუნებინეს მერიის თანამშრომლებს ერთი ასეთი ძაღლი, ისიც იმიტომ, რომ ვიღაცამ განგაში ატეხა. სულ ახლახან კი ჩემს ნაცნობს ნალოლიავები ძაღლი რკინის მაშებით დაუჭირეს საკუთარ ეზოში და მოუკლეს. და თუ სახელმწიფო პასუხს არ გამცემს, მაქვს თუ არა უფლება ასეთი დასკვნა გამოვიტანო: იჭერენ იმიტომ, რომ ეს ძაღლები მოშინაურებულია და ადვილი დასაჭერია, თანაც არც მათი სტერილიზაცია-ვაქცინაციაა საჭირო და იმ შემთხვევაში, თუ პატრონი არ გამოუჩნდებათ, სულ ადვილად შეგიძლია სხვის მიერ ჩატარებული ვეტერინარული მომსახურება შენად გაასაღო.


ამ ისედაც მძიმე მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ამ მხრივ სერიოზული ხარვეზი გვაქვს კანონმდებლობაშიც. მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით შეიძლება ადამიანის დასჯა ცხოველის უდიერად მოპყრობის შემთხვევაში, თუმცა ამ მუხლით საქართველოში ჯერ არავინ არ გასამართლებულა. სამაგიეროდ რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ მუხლს შეეხო ამნისტია. სამწუხაროდ, საქართველოს არა აქვს ხელი მოწერილი არც ერთ საერთაშორისო კონვენციაზე, რომელიც ცხოველთა დაცვას ეხება და ბრიჯიტ ბარდოს წერილებიც რატომღაც სახალისო ამბების ნუსხაში ხვდება.


მხოლოდ ტენდერებისთვის გამოყოფილი თანხებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც არასდროს არ ყოფილა წელწადში ნახევარ მილიონზე ნაკლები, ცხადი ხდება, რომ უზედამხედველო ცხველების მართვა ჩვენთან პრაქტკულად არ ხდება. ეს პროცესი მართლა გონივრულად და კეთილსინდისიერად რომ წარმართულიყო, არც ამ რაოდენობის უპატრონო ცხოველები გვეყოლებოდა და არც ამხელა თანხის გამოყოფა იქნებოდა საჭირო. თავშესაფრები არათუ საქართველოსთვის, არამედ ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყნებისთვისაც ფუფუნებაა და მათი არსებობა ფინანსების არსებობის შემთხვევაშიც კი ჯანსაღ აზრს მოკლებულია. მთავარია, დაარეგულირო ცხოველების გამრავლების პროცესი და არა – აშენო მეტი და მეტი თავშესაფარი, რაც, პრობლემას, მაინც ვერ მოხსნის.

* * *
ვამთავრებ იმით, რითაც დავიწყე: თუ სახელმწიფო სტრუქტურები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს იტყვიან, ნებისმიერი წერილი თუ სიუჟეტი უხარისხოდ მომზადდება და, რაც მთავარია, უფრო მეტ ეჭვს გააჩენს. ამდენი პასუხგაუცემელი კითხვის შემდეგ კი ერთს ჩემდა თავად დავამატებ: ისევ ასე აპირებთ მუშაობის გაგრძელებას?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^