ქართულ მენტალობას დღემდე ვერ გადაუხარშავს და ვერ შეგუებია თორმეტწლიან სწავლებაზე გადასვლას, იმას, რომ სკოლაში შეიძლება იაროს ორსულმა მოსწავლემ ან ახალგაზრდა მამიკომ! იმას, რომ სკოლაში დაოჯახებული მოსწავლის გვერდით იჯდეს მისი შვილი! ამ შეუგუებლობას ზურგს უმაგრებს ჩვენი ისტორიული მეხსიერება, როდესაც მშობლების თაობა სწავლობდა ათი წელი და სწავლობდა უფრო რთული პროგრამით, ვიდრე ახლანდელი თაობა. ალბათ, ამ მიუღებლობის ერთგვარი დაკმაყოფილების მცდელობაა ქართული განათლების ბრიტანულ რელსებზე გადაყვანის დაანონსებული განცხადებაც. მაგრამ სანამ ეს განხორციელდება, იქნებ განვიხილოთ ზოგადი განათლების ’’ქართული ვერსია’’, დავარქვათ ასე პირობითად.
მისი მთავარი ’’ხიბლი’’ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსწავლეებს გავუხსნათ შესაძლებლობის ახალი ფანჯარა და მივცეთ მათ საშუალება თორმეტწლიანი განათლების ფარგლებში /რაც საქართველოს არ ამოაგდებს ბოლონიის პროცესიდან/, ზოგადი განათლება მიიღონ ათი ან თერთმეტი წლის განმავლობაში, ანუ სკოლა დაასრულონ ჩვეულებრივზე ერთი ან ორი წლით ადრე, როგორც მათ სურთ! ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელება არ მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს. მისი ამოქმედება შეიძლება მინიმალურად მოკლე დროში და იძლევა მაქსიმალურ ეფექტს.
როგორ უნდა განხორციელდეს ეს? დღემდე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე იცნობს ორი სახის ექსტერნატს ა) ასაკობრივ ექსტერნატს /ნებაყოფლობითი/ და ბ) დისციპლინურ ექსტერნატს /სავალდებულო/.
ასაკობრივი ექსტერნატი გამოიყენება მხოლოდ იმ მოსწავლეების მიერ, რომლებიც ასაკით უსწრებენ შესაბამის კლასებს.
დისციპლინური ექსტერნატი კი იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც გადააჭარბეს გაცდენების დადგენილ ზღვარს და აქვთ შეფასების პრობლემა
ჩვენს კანონმდებლობაში არის კიდევ ერთი ფრაგმენტი და ბუნდოვანი ჩანაწერი, რომლითაც ექსტერნატის ჩაბარების უფლება ეძლევათ ე.წ. ’’ვუნდერკინდებს’’, ოღონდ ამ ნორმით დღემდე არავის უსარგებლია და არც არავინ იცის, როგორ ისარგებლოს. ეს ნორმა დაბადებიდანვე ’’მკვდრადშობილია’’.
ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მესამე ტიპის ექსტერნატს ე.წ. ’’პროგრამულ ექსტერნატს’’, რომლის გამოყენებაც შეეძლება ნებისმიერ მოსწავლეს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, მიუხედავად მათი ასაკისა. აქ მთავარია შესაბამისი კლასის ცოდნა და მეტი არაფერი. როდესაც ჩვენ ამ წინადადებით მივმართეთ ყოფილ განათლების მინისტრს, მისი პასუხი იყო, სისტემის მოუმზადებლობა და ასეთი გადაწყვეტილება ’’დაანგრევდა’’ ზოგადი განათლების სისტემას! ვნახოთ, ახლა როგორ ’’დაანგრევს’’ განათლების სისტემას ასეთი ექსტერნატი;
ა) ვინ უნდა ჩაატაროს გამოცდები? ჩვენი აზრით, გამოცდები უნდა ჩაატაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და სკოლამ. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, უპრიანია, ეს გამოცდები ჩაატაროს მხოლოდ სკოლამ. ხოლო მე-5 - მე-12 კლასის გამოცდები ძირითად 8 ან 9 საგანში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, არჩევით საგნებში კი - სკოლამ. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას დავტოვებთ მარტო აღნიშნული პროცედურის პირისპირ, ის ვერ გაუძლებს სხვადასხვა მიმართულებიდან ზეწოლებს და მართლაც ’’დაინგრევა’’ სისტემა. /გავითვალისწინოთ ჩვენი მენტალობა და რეალობა/. იმ შემთხვევაში თუ ’’ნაიკი’’ უარს იტყვის სახელმწიფოს ასეთი შეკვეთის შესრულებაზე, მაშინ საჭირო იქნება ტენდერის გამოცხადება და გამარჯვებული კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის გამოვლენა, რომელიც ამ შეკვეთას შეასრულებს და ჩაანაცვლებს ’’ნაიკს’’.
ბ) პროგრამული ექსტერნის მსურველთა რეგისტრაციის დრო; ახალი სასწავლო წლის დასაწყისი. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე. დამატებითი რეგისტრაცია - 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე.
გ) პროგრამული ექსტერნატის ჩატარების დრო, ვგონებთ, აღნიშნული გამოცდების ჩატარების ყველაზე შესაბამისი დრო იქნება 10 ივნისიდან 1 ივლისამდე და 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე. ეს არის ძველი სასწავლო წლის დასრულებისა და ახალი სასწავლო წლის დასაწყისი.
დ) პროგრამული ექსტერნატის ჩატარების ადგილი; სკოლის კომპიუტერული კლასები ან ’’ნაიკის’’ საგამოცდო ცენტრები, ან ალტერნატიული ორგანიზაციის მიერ მითითებული ადგილი.
ე) გამოცდის ფორმა; ’’CAT’’ -ის ფორმატი.
ვ) ექსტერნატისათვის მომზადების ფორმა; აქ შეიძლება განვიხილოთ ორი ვარიანტი;
1) თუ ხელისუფლება თვლის, რომ მისი მთავარი პრინციპია თავისუფლება /ამერიკული ვარიანტი, მემარჯვენე იდეოლოგია/ მაშინ მოსწავლე სკოლისაგან დამოუკიდებლად ემზადება აღნიშნული გამოცდისათვის. ეს პრინციპი ყველა მოსწავლის ხელმისაწვდომობას პროგრამულ ექსტერნატზე ვერ უზრუნველყოფს.
2) თუ ხელისუფლება თვლის, რომ მთავარი პრინციპია თანასწორობა /ევროპული ვარინტი, მემარცხენე იდეოლოგია/, მაშინ შესაძლებელია სკოლის თანამონაწილეობაც აღნიშნული გამოცდების მომზადების პროცესში. ეს პრინციპი უზრუნველყოფს ყველას ხელმისაწვდომობას პროგრამულ ექსტერნატზე. ეს შესაძლებელია განხორციელდეს არასაგაკვეთილო დროს ექსტერნატის მოსამზადებელი ჯგუფების შექმნით. აღნიშნული ღონისძიება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს კვალიფიციური პედაგოგებისათვის. ბენეფიციარებს უნდა მიეცეთ უფლება აირჩიონ სასურველი პედაგოგი, შესაძლებელია, რეპეტიტორიც შემოვიყვანოთ სკოლაში.
მეორე ვარიანტის არჩევის დროს ბენეფიციარზე განსაზღვრული ვაუჩერის დარჩენილი ოდენობა უნდა გადაეცეს სკოლას იმ შემთხვევაში, თუ მისი შედეგი იქნება წარმატებული. წარუმატებლობის შემთხვევაში, ეკონომია რჩება სახელმწიფო. ასევე პირველი ვარიანტის შემთხვევაში დაზოგილი ვაუჩერი რჩება სახელმწიფოს.
ზ) პროგრამული ექსტერნატის მოსამზადებელი ჯგუფის დაფინანსება; ამ ჯგუფის დაფინანსდეს სკოლისა და ბენეფიციარის თანამონაწილეობით. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს ურთიერთშეთანხმებით. /სკოლას, ბენეფიციარსა და მასწავლებელს შორის/.
სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დაფინანსებას მთლიანად თავისთავზე იღებს სკოლა. გამონაკლისის შემთხვევაში /ფინანსური უკმარისობა/ - ადგილობრივი თვითმმართველობა ან უკიდურეს შემთხვევაში სამინისტრო.
თ) აღნიშნული პროგრამული ექსტერნატის შემოღება დიდი შვება იქნება უცხოეთში განათლებამიღებული მოსწავლეებისათვისაც, რომლებიც სწავლას აგრძელებენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროგრამულად უსწრებენ თავიანთ აქაურ თანატოლებს, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სწავლების ხანგრძლივობის გამო.
ი) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა; აღნიშნული პროექტი მოითხოვს შესაბამის ცვლილებებს ’’ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში, ვაუჩერული დაფინასების წესში, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ექსტერნატის დებულებაში, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დებულებაში, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსსა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებში.
აღნიშნული პროექტის იურიდიული გაფორმება სრულიად თავისუფლად და კვალიფიციურად შეუძლიათ ’’ბურდულ-გაბელიას’’ /სკოლების სამართლებრივი დახმარების ჯგუფი/ ახალგაზრდა იურისტთა შესანიშნავ კოჰორტას.
და ბოლოს, ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას უკანასკნელ ჭეშმარიტებაზე, აღნიშნული პროექტი შეიძლება დაიხვეწოს, შევიდეს უკეთესი მოსაზრებები და წინადადებები განხილვის და განსჯის დროს. ჩვენ, უბრალოდ, გამოვხატავთ იმ სასკოლო საზოგადოების აზრს, რომელიც უკეთესობისაკენ ცვლილებებს ელის.