„აკრძალული განვითარება“, „ჩემი შვილი სახელმწიფოსგან იგნორირებული ბავშვია!“, „ადრეული განვითარება ჩემი შვილის უფლებაა!“, - დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედებმა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქციას გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ვაუჩერები შეუჩერდათ.
„ჩემს შვილი არის აუტიზმის მქონე; ჩვენ უკვე მესამე წელია, ადრეული განვითარების სერვისით ვსარგებლობთ. სრულიად მოულოდნელად, აუხსნელი მიზეზით, ვაუჩერების გაცემა შეუწყვიტეს ჩემს ბავშვს და ბევრ სხვას. იანვარში ჰქონდა და თებერვალში უკვე შეუწყდა ჩემს შვილს. განვითარების თერაპიას ვსაჭიროებდით და ახლა უკვე გადავედით ლოგოპედის მომსახურებაზე. ბავშვი 5 წლის არის. ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ, ნელ-ნელა დაავიწყდება და წყალში ჩაიყრება. ჩვენი შვილებისთვის ეს პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლიკა ბერიძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე თამუნა ელიკაშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ სარგებლობს ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამით, მაგრამ თუ ამ პროგრამის მიღმა დარჩება, თანხის გადახდა ყველას გაუჭირდება
„ამ პროგრამის მიღმა თუ დავრჩით, ფაქტობრივად, საკუთარი ხარჯით ვერც ერთი ოჯახი ვერ შეძლებს გადახდას იმიტომ, რომ ამ მომსახურების გარდა, ჩვენ გვიწევს ბევრ სხვა თერაპიებზე ტარება. მაგალითად, სენსორულ თერაპიაზე, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს სჭირდება, საკუთარი სახსრებით ვატარებთ ბავშვებს. ადრეული განვითარების ვაუჩერი არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს ჩვენი შვილებისთვის. ამ ვაუჩერით მხოლოდ ფსიქოლოგის მომსახურებას ვიღებ, დანარჩენი ლოგოპედის მომსახურებას, სენსორულ თერაპიას ჩვენი ხარჯით ვფარავთ“, - ამბობს თამუნა ელიკაშვილი
აქციის მონაწილეებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შეხვდნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე, რომ გაიზარდოს ქვეპროგრამების დაფინანსება, სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ამირან დათეშიძე აბობს, რომ „ადრეული რეაბილიტაციისა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა გასული წლის ოქტომბერში და გაზრდილი დაფინანსებით გრძელდება მიმდინარე წელსაც. ეს დაახლოებით 200-225 ათასი ლარია, შესაბამისად, შარშან, წლის ბოლოს უფრო მეტ ბავშვს მიეცა პროგრამაში ჩართვის საშუალება და გრძელდება მიმდინარე წელსაც, უწყვეტი დაფინანსების ფარგლებში“
ამირან დათეშიძის თქმით, 2017 წლის პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად ყველა ის ბავშვი, რომელიც პროგრამაშია ჩართული, პრიორიტეტების მიხედვით შეძლებს მომსახურებით სარგებლობას.
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ბენეფიციარები შემდეგი თანმიმდევრობით სარგებლობენ ჩართვის უპირატესობით:
ა) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა წლის 12 თვის განმავლობაში (მომსახურებით სარგებლობის ვადის მიუხედავად)
ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვები
გ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ბავშვები
დ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, რომლის მიერ არ ხდება ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება.
ე) „სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის
ვ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით
ამირან დათეშიძის თქმით, პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროდან ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
„ბიუჯეტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და ჩვენ, როგორც სახელმწიფო უწყება, ფინანსთა სამინისტროს წარვუდგენთ განაცხადს პროგრამის დაფინანსების შესახებ და მსგავსი განაცხადი გავაკეთეთ შარშანაც, პროგრამის გაზრდილ დაფინანსებასთან დაკავშირებით, თუმცა ფინანსთა სამინისტროდან წერილობით პასუხს არ გვცემენ“, - ამბობს ამირან დათეშიძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების სამმრთველოს უფროსი მაია ბუჩიკური ამბობს, რომ ვაუჩერების გაცემა არ შეჩერებულა, მომლოდინეთა რიგში კი დაახლოებით 600-მდე ბავშვია.
„ვაუჩერების გაცემა უკვე დაწყებულია, ეს არის უწყვეტი პროცესი. როგორც კი ჩაერთვება პრიორიტეტების მიხედვით ბავშვი, მეორე თვესვე გაიცემა ვაუჩერი. მომლოდინეთა რიგში დაახლოებით 600-მდე ბავშვი იქნება, ამდენივეა ჩართული“, - ამბობს მაია ბუჩუკური
მშობელთა ნაწილის მოთხოვნაზე, რომ პრიორიტეტები გაუქმდეს და ყველა ბავშვმა თანაბრად ისარგებლოს აღნიშნული ქვეპროგრამებით, მაია ბუჩუკური ამბობს, რომ „პრიორიტეტების გაუქმებაზე ძალიან ძნელია საუბარი, რადგან ვერ ვახერხებთ ყველა ბავშვის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ უნდა იყოს შერჩეული რაღაც პრონციპით“.
ბუჩუკურის განცხადებით, ახალი პროგრამის ამოქმედებიდან, ანუ მარტიდან ყველა ვერ მიიღებს ვაუჩერს, რადგან ჩარიცხვა ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით ხდება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, „თუკი ბავშვი ერთი თვის წინ საჭიროებდა პროგრამაში ჩართვას, ახლა საჭიროებს თუ არა? “ მაია ბუჩუკური პასუხობს: „საჭიროებს, მაგრამ პირველი მარტიდან, შესაძლოა, ვერ ჩაერთოს და ჩაერთოს მოგვიანებით“
მაია ბუჩუკურმა ამბობს, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ პროგრამის ბიუჯეტი კიდევ უნდა გაიზარდოს
„პროგრამა ნამდვილად საჭიროებს ბიუჯეტის გაზრდას, მაგრამ ამავე დროს ყოველწლიურად იზრდება ბიუჯეტი და უკეთესი იქნება, რომ იყოს უფრო მეტი დაფინანსება. 2017 წლის ბიუჯეტი 1 940 000-ია“, - ამბობს მაია ბუჩუკური
აქციაზე შეკრებილი მშობლები ქვეპროგრამების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციას ფინანსთა სამინისტროსთანაც გეგმავენ. ისინი ასევე მოითხოვენ პრიორიტეტების გაუქმებას, რათა ყველა ბავშვმა თანაბრად შეძლოს ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამებით სარგებლობა.
„არანაირი პრიორიტეტი არ უნდა არსებობდეს, როდესაც საქმე ეხება ადრეულ განვითარებისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამებს, იმიტომ, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავი, ფატრობრივად, ჰაერივით სჭირდებათ. პრიორიტეტები უნდა მოშორდეს ამ პროგრამას და აუცილებლად გაიზარდოს ბიუჯეტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მომლოდინეთა სია გაუქმდეს. ადრეული განვითარება იმდენად მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, შესაძლოა, ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობა არც განუვითარდეს ,თუ რისკის ქვეშ არის. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი“, - აცხადებს მარი კორკოტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი.