Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტელეკომპანია "მზე" ნაციონალების ორბიტაზე

19 ნოემბერი 2012

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქართულ მედია ბაზარზე ტელეკომპანია „მზის“ ყოფილი მფლობელი ვანო ჩხარტიშვილი გამოჩნდა. ჩხარტიშვილი „მზის“ სასამართლოს გზით დაბრუნებასთან ერთად, ახალი ტელევიზიის დაფუძნებასაც გეგმავს.

მზერა TV

 

ახალი ტელეკომპანია “მზერა TV” მაუწყებლობას მომავალი წლის გაზაფხულიდან გეგმავს. ამ ახალ ტელევიზიას ჯერ ოფისიც კი არ აქვს, თუმცა უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გუნდის ჩამოყალიბებასა და საინფორმაციო პოლიტიკის კონცეფციის შემუშავებაზე. “მზერა TV”- ის დამფუძნებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია, რომელიც დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთ ტელევიზიას - „მზეს“ ედავება.

ვიდრე “მზე”-სთან დაკავშირებული სასამართლო დავა გრძელდება, “მზერა TV”-ის პროგრამები ტელეკომპანია “გურიის” ეთერში გავა. როგორც სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, 14 ნოემბერს “გურიის” 51 პროცენტი ვანო ჩხარტიშვილის შვილის მფლობელობაში არსებულმა კომპანია “მზერა TV”-მ 51 ათას ლარად უკვე შეიძინა.

ახალი ტელევიზიის ოფისი აეროპორტის გზაზე შენდება. “მზის” თანადამფუძნებლის და ყოფილი გენერალური დირექტორის, ელდარ მდინარაძით თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცნობილ ჟურნალისტებთან, რომლებიც მომავალში “მზერა TV”-სთან ითანამშრომლებენ.

მდინარაძის თქმით, ეთერში სხვადასხვა ცნობილ სახესთან ერთად მაყურებელი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და  საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ახლახან წამოსულ ვახო სანაიასაც იხილავს. 

გრიგოლია რამდენიმე დღის წინ ლონდონში, ჩხარტიშვილთან კონსულტაციებისთვისაც კი იყო ჩასული. მას „მზერაზე“ პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანობას სთავაზობდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მოლაპარაკება არ შედგა, რადგან „ლიბერალთან“ საუბარში გრიგოლიამ განაცხადა, რომ „მზერასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს. „ძალიან ცოტა დროა გასული რაც პოლიტიკდან წამოვედი და ამ ეტაპზე ვამჯობინებ სახლში ვიყო,“ - აღნიშნა მან.

როგორც “მზერა TV”-ში აცხადებენ,  კონსულტაციები მიდის ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ ტელესახესთან ნინო თოლორდავასთანაც, თუმცა, მისი გადასვლის საკითხი ამ ეტაპზე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. 

უკვე დანამდვილებით ცნობილია რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩხარტიშვილის ახალ ტელევიზიაში იმუშავებს. მათ შორისაა ჟურნალისტი სოფო მოსიძე, რომელიც ტელეკომპანია “მზეში” 2005 წლამდე მუშაობდა. ის არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. მისი თქმით, “მზერას” ამბიციური მიზნები აქვს - ის  იქნება მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტელევიზია, რომელსაც ექნება როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო ბიუროები. დაგეგმილია თანამშრომლობა რუსულ ტელეკომპანია “დოჟდთან“. მოსიძე ამბობს, რომ „დოჟდის“ მსგავსად ”მზერაც” უამრავ ექსპერიმენტს შესთავაზებს მაყურებელს. უკვე მუშავდება საინფორმაციო კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, პირველად ქართულ ტელესივრცეში, საინფორმაციო გამოშვებები საავტორო-ანალიტიკური სტილის იქნება. ამას გარდა, დაწესდება ე.წ. ასაკობრივი ცენზი, რომლის მიხედვითაც ტელეწამყვანების ასაკი მინიმუმ 30 წელი იქნება. 

სოფო მოსიძის თქმით, დღეს კარგი დროა, რომ მედიაბაზარზე გამოჩნდეს პროდუქტი, რომელიც დაბალანსებული იქნება და მიუკერძოებლად გააკრიტიკებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. 

“დღეს ტელეკომანიების ნაწილი პროსახელისუფლებოა, ნაწილი კი ოპოზიციის მომხრე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ ერთმანეთის კარში გააქვთ გოლები, ჩვენ კი გადავწყვიტეთ ვიყოთ ერთგვარი მესამე კუნძული, რომელიც არც ერთ ძალაზე არ იქნება დამოკიდებული და იმის მორალური უფლება და შესაძლებელი იქნება, რომ თანაბრად აკრიტიკოს ყველა პოლიტიკური სუბიექტი“, - ამბობს იგი. 

ამ ახალი ტელევიზიის პროექტს, რამდენიმე თვის წინ ჩხარტიშვილის მიერვე ლონდონში დაარსებული მულტიპლატფორმული საიტის -  “mzera.tv"-ის პროექტი შეეწირა. 

ტელეკომპანია “მზის” დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცესების წამოწყების პარალელურად,  ჩხარტიშვილმა ლონდონში ინტერნეტტელევიზია “mzera.tv” დააფუძნა. “mzera.tv”-ის უნდა მოემზადებინა კონტენტი პარტნიორი არხებისათვის. “მზის” დაბრუნების შემდეგ კი ეს პროექტები ერთ მთლიან პროექტში უნდა გაერთიანებულიყო.

“mzera.tv”-იმ მუშაობა 19 სექტემბერს დაიწყო. ლონდონის ბიუროს ყოფილი ხელმძღცაბელი ნათია აბრამია, რომელიც ამჟამად BBC-ში მუშაობს, ამბობს, რომ ის-ის იყო ტექნიკური პრობლემები მოაგვარეს და შინაარსის დახვეწაზე დაიწყეს ფიქრი, როდესაც გამოუცხადეს, რომ პროექტი შეჩერებულია. დახურეს ლონდონის ბიურო და გაათავისუფლეს ქართული ბიუროს თანამშრომლებიც.

მისი თქმით, თვეების განმავლობაში გაწერილი და ჩამოყალიბებული გეგმების ერთ დღეში შეცვლა არასერიოზული და არაპროფესიონალური ნაბიჯია. 

“უშუალოდ, ბატონი ვანო ძალიან კონკრეტულად და ხაზგასმით ამბობდა, რომ ეს არც საარჩევნო და არც მოკლევადიანი პოლიტიკური პროექტი არ იყო. არც მე და არც რომელიმე სხვა თანამშრომელი ამ პროექტში არ ჩავებმებოდით, რომ გვცოდნოდა, რომ ასეთი მოკლევადიანი იქნებოდა ჩვენი თანამშრომლობა “მზერასთან“, - ამბობს ნათია აბრამია.

ვანო ჩხარტიშვილის პრესმდივნის, გიორგი გიორგაძის თქმით, “mzera.tv”-ის ლონდონის ბიუროს დახურვა ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე მოხდა. “ჟურნალისტიკის კეთება დღეს უკვე საქართველოშიც შეიძლება,”- აღნიშნავს გიორგაძე.

“შეიძლება „საერთაშორისო ქართულენოვანი არხი“ და მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქება ჩხარტიშვილს მხოლოდ მაშინ აწყობდა, თუკი მმართველობაში სააკაშვილის რეჟიმი  დარჩებოდა. ახალ რეალობაში მას ახალ ხელისუფლებასთან ახალი პირობებით სჭირდება ურთიერთობის დაწყება,” - ამბობს ნათია აბრამია “ლიბერალთან” საუბრისას, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ “მზერა TV”, საკმარისად ობიექტური და მფლობელისაგან დისტანცირებული იქნება. 

ბრძოლა “მზისთვის

მთავარი ბრძოლა, რომელსაც ქართულ მედია სივრცეში დაბრუნებული ვანო ჩხარტიშვილი გეგმავს, ტელეკომპანია „მზეს“ უკავშირდება, რომელიც, მისი თქმით,  სააკაშვილის ხელისუფლებამ უკანონოდ წაართვა. 

საქართველოდან ლონდონში ემიგრირებულმა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა, ტელეკომპანია “მზის” დასაბრუნებლად ბრძოლა 2012 წლის ივნისში დაიწყო. 19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხარტიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დასაბრუნებლად ქართულ და საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელი ერთდროულად შევიდოდა. 

მეორე პრესკონფერენცია ჩხარტიშვილის ადვოკატებმა უკვე ნოემბერში - ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამართეს.  ჩხარტიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ 13 ნოებერს განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია “მზის” დასაბრუნებლად ბრძოლა დაიწყო, გააქტიურდნენ ის ადამიანები, რომლებიც 2004-05 წლებში ტელეკომპანიის ჩამორთმევის საქმეში იყვნენ ჩართულები. გაბუნიას თქმით, დღეს გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მმართველი ირაკლი რუხაძე ცდილობენ, დაარწმუნონ პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე, რომ მან პრეტენზია განაცხადოს ტელეკომპნია ”მზეზე,” რათა ვანო ჩხარტიშვილმა მისი დაბრუნება ვერ მოახერხოს. 

“ჩვენ გვინდა წინა პლანზე წამოვწიოთ ირაკლი რუხაძე, რომელიც  პატარკაციშვილის ქონების მმართველი და ამავდროულად კახა ბენდუქიძის მეგობარია. ეს “ტროიკა” - უგულავა, ბენდუქიძე და რუხაძე ყველანაირი ბინძური მეთოდით ცდილობენ გამოიყენონ პატარკაციშვილის ოჯახი და ტელეკომპანია “მზეს” დაეპატრონონ,”- აღნიშნა ჩხარტიშვილის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, უგულავა, კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ლონდონშიც კი იყვნენ ჩასული პატარკაციშვილის ქვრივთან მოსალაპარაკებლად. 

„ლიბერალთან“ ინტერვიუში ამ ინფორმაციას ინა გუდავაძე სიცრუეს უწოდებს: 

“არანაირი შეხვედრა დასახელებულ პირებთან არ შემდგარა. ერთადერთი შეხვედრა უგულავასთან შედგა თბილისში და ის ეხებოდა ტელეკომპანია “იმედის” დაბრუნებას. “იმედის” დაბრუნება არანაირად არ უკავშირდება “მზის” მესაკუთრეობის საკითხს. ვშიშობ, ბატონ ჩხარტიშვილს ზედმეტი წარმოდგენა აქვს მის პერსონასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.” 

ინა გუდავაძე ასევე კომენტარს აკეთებს ბადრი პატარკაციშვილის მონაწილეობაზე ტელეკომპანია “მზის” დაარსებაში და აღნიშნავს, რომ პატარკაციშვილმა ტელეკომპანია “მზეში” 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და ის ამ არხის ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენდა. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, გუდავაძის თქმით, „მას, როგორც ბადრის რწმუნებულ პირს და მცირე წილის მფლობელ თანამესაკუთრეს, ჰქონდა გარკვეული კავშირი არხთან“. გუდავაძე ამბობს, რომ მოგვიანებით, პატარკაციშვილმა “მზესა” და “იმედს” შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა, ხოლო “მზის” სანაცვლოდ მიღებული აქტივების ბედი ახლა სასამართლო საქმეში ჩხარტიშვილის წინააღმდეგ განიხილება. 

გუდავაძის თქმით, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი მოროდიორებისა და თაღლითების თავდასხმის ობიექტი გახდა. “გაყალბებული ანდერძი და დოკუმენტები, აქტივების მითვისება – 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა დაგვეცვა ჩვენი უფლებები სხვადასხვა ქვეყანაში. იმ პირთა შორის, რომლებმაც ისარგებლეს ჩვენი რთული მდგომარეობით, იყო ბატონი ჩხარტიშვილიც,”- აცხადებს ინა გუდავაძე. 

ვანო ჩხარტიშვილი ქართულ მედიასივრცეში ოფიციალურად 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ზედგენიძის, ლევან ყუბანეიშვილის, კახი ბექაურისა და ელდარ მდინარაძის მიერ 2002 წელს დაფუძნებული ტელეკომპანია “მზის” 15 პროცენტიანი წილი შეიძინა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 

არაერთ პოპულარულ ჟურნალისტთან ერთად “მზეში”, ლევან ყუბანეიშვილის შეთავაზებით, მაშინ  ნინო ჟიჟილაშვილიც მივიდა. იგი იხსენებს, რომ „მზეს“ წარმატებული დასაწყისი და იმის შანსი ჰქონდა, რომ ქართულ ტელესივრცეში ახალი სიტყვა ეთქვა.

“ვიდრე ეთერში გავედით, ჩვენზე უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა. ჟურნალისტებს BBC-სა და Thomson Foundation-ის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი ტრენინგები ჩაგვიტარეს.  ძალიან სერიოზულად გაგვწვრთნეს ჟურნალისტიკაში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მთლიანად მათი ხედვებით, რეკომენდაციებითა და დიზაინით  აიგო მზის პირველი გამოშვება. ასეთი იყო ამ არხის ძალიან წარმატებული დასაწყისი,”- იხსენებს ტელეკომპანიის მუშაობის პირველ დღეებს ნინო ჟიჟილაშვილი.

ჟურნალისტის თქმით, იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ არხი იყო ვანო ჩხარტიშვილის, თუმცა მასთან უშუალო შეხება არ ჰქონიათ.  

“ვანო ჩხარტიშვილის არსებობა ტელევიზიის მიღმა ან ტელევიზიაში ჩვენ არასოდეს გვიგრძვნია. ერთადერთი ვგრძნობდით, რომ ტელევიზიას ჰქონდა კარგი დაფინანსება. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ვმუშაობდი ხელგაშლილ ტელევიზიაში, სადაც ზრუნავდნენ როგორც არხის ინვესტირებაზე, ასევე ჟურნალისტების კომფორტზე,“ - აღნიშნავს ნინო ჟიჟილაშვილი. 

არხის ხელმძღვანელობაში ცვლილებები 2004 წლის მაისიდან იწყება, როდესაც ვანო ჩხარტიშვილის რწმუნებულმა გიორგი ქავთარაძემ მდინარაძისა და ზედგენიძის დათმობილი 84 პროცენტიდან 44 % შპს “საქცემენტს” დაუთმო, 7 პროცენტი კი -  გელა კობაიძეს. შემდეგ  გიორგი ქავთარაძისა და ვანო ჩხარტიშვილის დარჩენილი წილებიც შპს “საქცემენტის” მფლობელობაში გადავიდა და „საქცემენტის“ წილმა 93 პროცენტი შეადგინა. შპს “საქცემენტის” უკან  თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმა, დავით ბეჟუაშვილი მოიაზრებოდა.

2005 წლის ივნისში „მზის“ ყველაზე პოპულარული გადაცემა, ირაკლი იმნაიშვილის პოლიტიკური თოქ-შოუ “არჩევანის ზღვარზე” დაიხურა, სექტემბერში კი “მზის” თანამშრომელთა რაოდენობა განახევრდა. 

იმნაიშვილის საავტორო გადაცემის დახურვა ბევრმა მაშინ მედიაზე ხელისუფლების ზეწოლად აღიქვა. ნინო ჟიჟილაშვილი, რომელიც ამ გადაცემის ჟურნალისტი და პროდიუსერი იყო, იხსენებს, რომ ბოლო გადაცემაში, რომელიც მოჭიდავეთა საქმეს ეხებოდა, გიგა ბოკერიამ ირაკლი იმნაიშვილს უთხრა, რომ მომავლის საქართველოში მისნაირი ჟურნალისტების ადგილი აღარ იქნებოდა.

“მე ვერ დავაბრალებ ვერავის, რომ მისი ზეწოლის შედეგად დაიხურა ეს გადაცემა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გადაცემა დაიხურა ზეწოლის შედეგად და ისიც ფაქტია, რომ გადაცემის ბოლო სტუმარი იყო გიგა ბოკერია,”- აღნიშნავს ჟიჟილაშვილი “ლიბერალთან” საუბრისას.  “ჩემთვის ეს იყო ნიშანი, რომ ჩვენს თავს კარგი ამბავი არ იყო. ამას დაემთხვა ისიც, რომ მეორე დილით მოვიდა დავით ბეჟუაშვილი, რომელიც იყო ახალი მეპატრონე და ვანო ჩხარტიშვილთან შედარებით უფრო ხშირად მოდიოდა ხოლმე ტელევიზიაში. ბეჟუაშვილმა  ირაკლი იმნაიშვილს უთხრა - შენ ხარ ჩემი თავის ტკივილი, ამიტომაც ეს გადაცემა აღარ იქნება ეთერში. და მართლაც, გადაცემა დაიხურა.”

ამ დროისთვის ტელევიზიის საქმეებიდან  უკვე ჩამოცილებულია ვანო ჩხარტიშვილი. ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას თქმით, 2004 წლის მაისში ჩხარტიშვილი პირადად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიბარა „მზის“ დავით ბეჟუაშვილისთვის ანუ “საქცემენტისთვის” გადაფორმება მოსთხოვა.

„ეს იყო ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ განხორციელებული ტრანზაქცია, რომელშიც ჩართული იყო ქალაქის მერი გიგი უგულავაც და რომლის წინააღმდეგაც, ამ და არამხოლოდ ამ ფაქტის გამო, მალე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის განცხადება შევა,“ - აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, ჩხარტიშვილზე და მის ოჯახზე 23 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ტერორი. „ჩხარტიშვილის ოჯახის წევრები, მისი რვა წლის შვილიშვილი, ფაქტობრივად, ჩაკეტილი და დაპატიმრებული ჰყავდათ,“ - ამბობს გაბუნია.

მზის აქციები 144 ათას დოლარად შეფასდა, თუმცა გაბუნიას განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილს არც ერთი თეთრი არ აუღია. 

„მზის“ გასხვისება-გადაფორმების ამბავი, ამით არ დასრულებულა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში „მზის“ შემთხვევაშიც თითქმის იგივე სქემები ამუშავდა, რაც რუსთავი 2-ის შემთხვევაში. თითქმის იგივეა იმ ადამიანთა გვარებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს „მზისა“ და „რუსთავი 2“ ის მფლობელები ხდებოდნენ. ამ სქემებით გამყარდა მმართველი გუნდის კონტროლი ტელემედიასივრცეზე.

2005 წლის დეკემბერში ბეჟუაშვილების  “საქცემენტმა” „მზის“ კუთვნილი აქციების 93 პროცენტიდან 78 პროცენტი ხელისუფლების იმდროინდელ ფავორიტ ბიზნესმენს, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარს - ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. დაახლოებით იმ პერიოდშივე მოხდა ქიბარ ხალვაშზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 70 პროცენტინი წილის გადაფორმებაც, რომელიც „რუსთავი 2“-ს დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ეკუთვნოდა.

ტელეკომპანია “მზის” დარჩენილი 15 პროცენტი 2006 წელს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს” გადაეცა. ამავე ჰოლდინგმა მიიღო გელა კობაიძის 7 პროცენტიანი წილიც, ხოლო ქიბარ ხალვაშმა თავისი 78 პროცენტი  შპს “გეო-ტრანსს მიჰყიდა.  “გეო ტრანსისგან” „მზის 55 პროცენტი  ლევან ყარამანიშვილის კუთვნილმა შპს “Delgado Resources”-მა.

შემდეგ მზის 45 პროცენტი “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა“ შეიძინა, რომლის უკან ისევ  ხელისუფლებასთან დაახლოებული პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი იყო. 

2008 წლისთვის, არხი უკვე ჰოლდინგ “საქართველოს მედიის გაერთიანების” წევრია, რომელშიც ასევე შედიოდა “რუსთავი 2” და “პირველი სტერეო.” 

როგორც ნინო ჟიჟილაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას იხსენებს, 2007 წლისთვის “მზეში” მუშაობის ყველა დღე სერიოზული სტრესი იყო.

“ყოველდღიურად იყო გზავნილები თუ რა უნდა გასულიყო ეთერში და რა არა. მაგალითად, გიგი უგულავასგან, რომელიც მედიის კონტროლის თვალსაზრისით მაშინ განსაკუთრებით აქტიურობდა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგებლის ვინმე მესხელისგან. თავად შევსწრებივარ თუ როგორ ურეკავდნენ ხოლმე არხის გენერალურ დირექტორს ალეკო ფარულავას. თუმცა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებამდე, შემიძლია ვთქვა, რომ მზე “ფაფხურობდა.” 

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კი სამუშაოზე დაბრუნებულებს ყველაფერი ცენტრალიზებული დაგვხვდა, აღარ  რეკავდა ბევრი სხვადასხვა ადამიანი. რეკავდა მზოლოდ ერთი ადამიანი და ეს იყო ქალაქის მერი გიგი უგულავა,” - აღნიშნავს ჟურნალისტი. 

2008 წლიდან ტელეკომპანია “მზე” წყვეტს საინფორმაციო მაუწყებლობას და მისი საეთერო ბადე მხოლოდ შემეცნებით-გასართობი გადაცემებითა და ფილმებით ივსება. ტელეკომპანიის კუთვნილი საერთო მაუწყებლობის ლიცენზია კი 2009 წელს საბოლოოდ შეიცვალა სპეციალიზებული (შემეცნებით-გასართობი) ლიცენზიით. 

2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებიდან 2 დღეში, „მზისა“ და „რუსთავი 2“-ის მფლობელთა ვინაობაში კვლავ ცვლილებები გაიწყო.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ლევან ყარამანიშვილისაგან  ტელეკომპანია “მზის” და “რუსთავი 2”-ის 40-40 პროცენტი შეიძინა. ხუთი დღის შემდეგ კი კეზერაშვილისგან ისევ ყარამანიშვილმა, ოღონდ ამჯერად ლევანის ძმამ - გიორგიმ “მზის” და რუსთავი 2-ის წილები ისევ უკან შეიძინა.  

გიორგი ყარამანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს წევრია, რომელშიც მასთან ერად თბილისის მერი გიგი უგულავა და რამდენიმე მინისტრი შედიოდა. 

როგორც საჯარო რეესტრის 2012 წლის 12 ოქტომრის ამონაწიერიდან ირკვევა, ამჟამად შპს “ტელეკომპანია მზის” 10%-ს გიორგი გეგეშიძე ფლობს, 50%-ს ლევან ყარამანაშვილი, ხოლო 40%-ს გიორგი ყარამანაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^