ქალაქში მოხეტიალე კაცის ჩანაწერები
ის ფილმი გემახსოვრებათ, “შესანიშნავი,” ჟან-პოლ ბელმონდო ხელმოცარულ მწერალს რომ თამაშობს, მაგრამ მაინც ახერხებს ჟაკლინ ბისესნაირი ქალის მოხიბვლას. უფრო სწორედ, ამას მისი ყველა წარუმატებელი წიგნის პერსონაჟი ბობ სენკლერი ახერხებს. სენკლერი-პერსონაჟი ყველაფერი ისაა, რაც წიგნის ავტორი, ფრანსუა მერლინი ვერაა ცხოვრებაში, - მომხიბვლელი, ჯან-ღონით სავსე სუპერმენი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის, ნებისმიერი დავალება - რამდენადაც რთული არ უნდა იყოს. ფრანსუა, მისგან განსხვავებით, საკუთარი ბინაში ელექტროგაყვანილობის და სანტექნიკის შეკეთებასაც კი ვერ ახერხებს, გამოძახებული ელექტრიკოსები და სანტექნიკოსები ხან რას იგონებენ და ხან - რას, იმისთვის, რომ მის ბინაში სამუშაო თავიდან აიცილონ. იმ უბედურებმა არ იციან, რომ რა წამს კი ისინი ფრანსუას ბინას ტოვებენ ისინი ფრანსუას შემდგომი წიგნის უარყოფით პერსონაჟებად იქცევიან, რომელშიც ბობ სენკლერად ქცეული ფრანსუა უმოწყალოდ უსწორდება თითოეულ მათგანს.
ვაღიარებ, მეც მყავს ასეთი “ბოროტმოქმედები” ვისაც ქალაქში ხეტიალისას ვაწყდები ხოლმე და ვინაიდან ხშირად სრულიად უმწეო ვარ ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად, მეც ფრანსუასავით წარმოდგენაში ვუსწორდები იმ საზიზღარ ადამიანებს. ჩემი სია ძალიან გრძელია, პირველ ადგილზე კი, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ვიტყვი, სამუშაო საათებში ქალაქში მომუშავე საგზაო თუ სხვა სახის მუშაკები არიან. არც კი მახსოვს, როდის დაიწყო ეს ყველაფერი, ალბათ ძალიან დიდ ხნის წინ, რადგანაც დღეს უკვე “სერიოზულად” გაბრაზებული ვარ და მოურიდებლად ვიტყვი, რომ ფრანსუას მეთოდით ასამდე, თუ მეტი არა, ქალაქში მომუშავე საგზაო მუშა და უფროსი მყავს “მოკლული.” დაუნდობლად, ხაზგასმული სისატიკით.
“გაიარეთ!” გაიარეთ! დროზე, დროზე, თქვე ჩემა! – გვიყვირის შუა გზაზე ჩამდგარი ტყავის ქურთუკიანი გაუპარსავი მამაკაცი სხვადასხვა ტრანსპორტის მგზავრებს. ჩვენ ალბათ უკვე ასე ოცი წუთი იქნება, საცობში ჩაჭედილები ვდგევართ სწორედ ამ კაცის და მისი რაზმის წყალობით. ისინი გაფუჭებული ასფალტის მონაკვეთებს ახალი ასფალტით ავსებენ. დღის სამი ხუთი საათია, ქალაქი მანქანებითაა სავსე. დარწმუნებული ვარ, არავინ ფიქრობთ ისე, თითქოს პრეტენზია მქონდეს, რომ მარტო მე ვამჩნევ ამ ყველაფერს. თბილისელები სულელები ნამდვილად არ არიან. “რაა ეს, რა უბედურებაა, - წუწუნებს ქალბატონი იმ მანქანაში, სადაც მეც ვზივარ, - არ შეიძლება სხვა დროს გააკეთონ ეს ყველაფერი?” “სხვა დროს, ქლბატონო. – უხსნის მძღოლი, - უფრო მეტი უნდა გადაუხადონ!” დარწმუნებული ვარ, ასეთი დიალოგი სხვა ტრანსპორტშიც ისმის, მოქალაქეები ცდილობენ გაიგონ, თუ რაღა მაინცდამაინც დღის ხუთ საათზე უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ტყავის ქურთუკიანი კაცი კი. გზის იმ მონაკვეთის ბატონ-პატრონი და მოძრაობის მარეგულირებელი, ყვირილს აგრძელებს, - “დროზე, დროზე, თქვე ჩემა!” ის გაბრაზებულია. ჩვენ ხომ იმ ბატონს ხელს ვუშლით. მე აუცილებლად მოვკლავ მას! არა, მე ამას უკვე ვაკეთებ, ეხლავე, სანამ მანქანაში ვზივარ!
ჩემ ფოტოარქივში ქალაქში ხეტიალისას გადაღებული უამრავი ფოტოა, რომლებზეც სწორედ დღის განმავლობაში მომუშავე გზის შემკეთებლები არიან აღბეჭდილნი. ყველა ეს ფოტო ასახავს შემთხვევას, რომელიც სასწრაფო და გადაუდებელი არ ყოფილა. ამით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ქალაქში, რომელიც მანქანების რაოდენობას ვერ აუდის, საგზაო სამუშაოების გარკვეული ნაწილი (არ ვიცი, რამდენი, გამოძიებითი ჟურნალისტიკა ჩემი საქმე არაა) სწორედ დღის განმავლობაში სრულდება ხოლმე. შედეგად, კიდევ უფრო გაძეძგილი გზები და განერვიულებული მოქალაქეები.
დანარჩენი თქვენ უკვე ყველაფერი კარგად გესმით. მეც ვესმის, რომ მნიშვნელოვანი თემებით დახუნძლულ საქართველოში ყველაფერი ეს უმნიშვნელოდ შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, ეს უმნიშვნელო თემები კარგად გვიჩვენებს, თუ რა და ვინ ვართ.
აი, ეხლაც, დღის პირველი საათია, მე ტაქსიში ვზივარ, ჩვენს წინ მანქანების ძალიან გრძელი მწკრივია. რა ხდება? ბიჭები ნაგავს აგროვებენ ფალიაშვილის ქუჩაზე. სანაგვე მანქანას მთელი ქუჩა აქვს ჩახერგილი. ერთი კონტეინერი, ორი კონტეინერი, სამი კონტეინერი, ოთხი კონტეინერი! მიუხედევად იმისა, რომ ამ დროისთვის ორივე უმოწყალოდ მყავს დანაწევრებული და მდინარეში გადაგდებული მაინც ვერ ვითმენ, ფანჯარას ვწევ და მთელ ხმაზე ვღრიალებ: ღამ-ღამობით, ღამ-ღამობით, თქვე ჩემა!