საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციონერი პრეზიდენტის ერთდროულმა ვიზიტმა ევროპაში ნათლად წარმოაჩინა, რომ ამ ორი სახელისუფლებო შტოს თანაარსებობა დიდხანს ვერ გასტანს.
დედაენის კოშკისა და პარლამენტის ახალი შენობის მაკეტები პირველია, რაც აქ თვალში მოგხვდებათ. რეიგანის ბიუსტი, ღვისმშობლის ხატი. ბუხრის თავზე დაკიდებული ილია ჭავჭავაძის დიდი პორტრეტი და კიდევ ოთახის სხვადასხვა კუთხეში მიმობნეული რამდენიმე სუვენირი. მათ შორის მხართეძოზე წამოწოლილი უცნაური ინდური სპოლო, რომელსაც თავზე ოქროს გვირგვინი ადგას.
არაბი შეიხის ნაჩუქარ ჭრელ ხალიჩაზე ხის საწერი მაგიდა დგას, სადა, თეთრი ტყავის სკამებით გარშემორტყმული. ბრიტანული ”ეკონომისტი”, ფრანგული ”ლე მონდი”, ქართული გაზეთების დასტა. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რუკა, სპორტული კეპი წარწერით Georgia და საწუწნი აბები ყელის ტკივილისთვის - ეს ნივთები მაგიდაზე აკურატულად ალაგია.
საქართველოს პრეზიდენტი რეზიდენციაში არ არის, ამიტომ მის სამუშაო კაბინეტს თამამად ვათვალიერებთ.
აქაურობა შორიდან ბევრად პომპეზური ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.
ისეთი სიმშვიდეა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებთ. დაცვის რამდენიმე წევრი, ორიოდ დამლაგებელი და მებაღე, რომელიც გვიანი შემოდგომისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდით სარგებლობს და ეზოში დარგულ ხეებს ნიადაგს უცვლის.
რეზიდენციის შუშის გუმბათიდან მთელი თბილისი ხელის გულივით ჩანს. ერთ მხარეს - ახლადაშენებული იუსტიციის სახლი, შუშის ხიდი, რიყეზე და სხვა ადგილებში დაწყებული დიდი მშენებლობები. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი, ასევე, ჟანგიანი წითელი სახურავებით გადახურული ავლაბრის ბარაკები. მეორე მხრიდან კი სასახლეს სამების უზარმაზარი ტაძრის ჩრდილი ეცემა.
ამ სასახლის დღევანდელი მასპინძელი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპაში თავის მორიგ საზღვარგარეთულ ვიზიტს ატარებს. ეს პირველი ვიზიტია, მას შემდეგ რაც მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა. მას თავისი საპრეზიდენტო კარიერის განმავლობაში პირველად ხელისუფლების გაზიარება უწევს. ეს ასევე პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი იყო ასევე საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრისთვისაც. ქვეყნის პირველი პირების ამ ევროპულმა ვოიაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათი თანაარსებობა საკმაოდ რთული და სახიფათოც შეიძლება აღმოჩნდეს.
გასულ კვირას ქვეყნის ორი პირველი პირი ერთდროულად იმყოფებოდა ერთი და იმავე ქალაქში, ხვდებოდა ერთსა და იმავე მაღალჩინოსნებს ისე, რომ მათი გზები ერთხელაც არ გადაკვეთილა.
”საერთოდ, რატომ დადის და რისთვის დადის ეს კაცი და ვის სჭირდება კიდევ, არ ვიცი,” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, ბრიუსელიდან მე-9 არხზე პირდაპირი ჩართვის დროს.
პრეზიდენტის და პრემიერის მიერ ევროპიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანეს მათ შორის არსებული დაპირისპირება. სწორედ ევროპაში ვიზიტის დროს ახსენა პირველად პრეზიდენტმა სიტყვა ”ორხელისუფლებიანობა”.
”დღეს, იმ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რომელმაც ახალი საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი მთავრობა შექმნა. რეფორმატორების გუნდს დააკარგვინა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლების უმეტესი ნაწილი. მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილია,” - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის ემოციური იყო. თავისი განცხადებებით, ის ევროპელებს მიუთითებდა იმაზე, რომ ივანიშვილი არ ასრულებს თავის სიტყვას - ითანამშრომლოს ხელისუფლების ოპოზიციურ ნაწილთან.
ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ სააკაშვილმა აშკარად გააფუჭა თავისი იქ ყოფნით. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ყურადღება საქართველოს ახალ ლიდერზე ყოფილიყო და ევროპელი კოლეგებისგან მილოცვები მიეღო, გამოცდილმა პოლიტიკოსმა სააკაშვილმა მაინც მოახერხა ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმში ჩაეყენებინა. ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებების მთავარი თემა იყო ის, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვა. ეს განწყობა ყველაზე მკვეთრად ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში გაისმა, რომელმაც გააკრიტიკა ახალი ხელისუფლება პოლიტიკური დაპატიმრებების გამო.
სააკაშვილის მიერ სიტყა ”ორხელისუფლებიანობის” ხსენება შეუმჩნეველი არ დარჩენია მმართველ პარტიას.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სახიფათო უწოდა პრეზიდენტის ამ განცხადებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბეწვის ხიდზე გადის, რომ ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში არ შევიდეს. მისი თქმით, ”სირცხვილია, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ერთ ქალაქში, ერთ თემაზე სასაუბროდ იყვნენ ჩასულნი და მოხდა ის, რაც ვნახეთ”.
”თუ ამ ტიპის აზრები აქვს ვინმეს, ძალიან სწრაფად არის საჭირო ამ აზრებისგან გათავისუფლება და ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ მას ამაში” - განაცხადა უსუფაშვილმა.
საფრთხე, რომელსაც უსუფაშვილი ხედავს, რეალურია. მდგომარეობას, რომელშიც დღეს ქვეყანა აღმოჩნდა, სამართლებრივად ხელისუფლების დაყოფა ჰქვია.
მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში არსებობს. ცივილიზებულ სამყაროში მსგავსი სიტუაციიდან გამოსავალი ერთია - თანაცხოვება, ანუ თანამშრომლობა მიუხედავად ყველაფრისა, რომელიც ერთ ძირითად მიზანს - სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას ემსახურება.
თუმცა, საქართველოში მსგავსი თანაცხოვრების შესაძლებლობას ორი ფაქტორი ართულებს.
პირველი - კონსტიტუციის ის მოდელია, რომელიც დღეს მოქმედებს და რომელიც სრულიად არ ერგება ხელისუფლების მსგავს დაყოფას.
იმ პირობებში, როცა მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის - პრეზიდენტის ხელში, ხოლო მთავრობა და საკანონმდებლო ხელისუფლება მის ოპოზიციას წარმოადგენენ, თითქმის შეუძლებელს ხდის მათ თანაცხოვრებას.
ერთი მხრივ, საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს შეუზღუდავ უფლებებს. მეორე მხრივ კი, ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის მართვის მანდატი ხალხმა მიანიჭა.
იქნება თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, დიდწილად პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული.
სწორედ მას აქვს ბერკეტები, რომელთა ამოქმედება ახალ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას გამოიწვევს და ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას შეაფერხებს.
თუმცა, პრეზიდენტს ჯერ არც ერთი ეს ბერკეტი არ გამოუყენებია.
კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი პრეზიდენტს აქვს.
მას შეუძლია, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გადააყენოს მთავრობა. მისი ექსკლუზიური უფლებაა, ძალოვანი ან სხვა მინისტრების გათავისუფლება. ამ აქტის გასაჩივრება, კონსტიტუციის მიხედვით, შეუძლებელია.
პრეზიდენტს შეუძლია, მოიწვიოს მთავრობის სხდომა და იქ მიღებული გადაწყვეტილებები თავისი აქტით გააფორმოს. ისევე როგორც, შეუძლია მთავრობის ნებისმიერი აქტი გააუქმოს.
პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ხელშეკრულებების დადება. თუმცა, ამ შემთხვევაში შეკავების მექანიზმი არსებობს - პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო დოკუმენტები ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც პარლამენტში რატიფიცირებას გაივლის.
პრეზიდენტს ძლიერი ბერკეტები აქვს საკანონმდებლო სფეროშიც. მას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. რიგგარეშე განხილვის მოთხოვნის უფლება. ასევე, ვეტოს უფლება, რომლის დაძლევაც პარლამენტს მხოლოდ სამი მეხუთედით შეუძლია.
პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დათხოვნის კონსტიტუციური უფლებაც. თუმცა, ამ უფლების გამოყენება პარლამენტის არჩევიდან 6 თვის განამავლობაში არ შეუძლია. ამავე დროს, მას არ შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი ბოლო 6 თვე თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე. რაც მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც პოსტს 2013 წელს დატოვებს, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ამ უფლების გამოყენებას.
ის, რომ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ამ კონსტიტუციური ბერკეტებით არ უსარგებლია, სულაც არ ნიშნავს, რომ ის თანახმაა ბრიტანელი დედოფლის როლი მოირგოს, რომელიც მას ”ქართულმა ოცნებამ” განუსაზღვრა. გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ კალანდაძესთან დაკავშირებული სკანდალი ამის მანიშნებელია.
მეორე ფაქტორი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ხელისუფლების დაყოფას პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, ის პოლარიზაცია, რაც ქვეყანაში არჩევნების დასრულების შემდეგაც კი ქვეყანაში თვალსაჩინოა.
პირველივე განცხადებაში არჩევნების შემდეგ, სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელთანაც მას და მის გუნდს პრინციპული და ფუნდამენტური ღირებულებითი განსხვავება აქვს.
”ქართული ოცნების” ამომრჩეველი, რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნებზე, პირველ რიგში, ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ავანსცენიდან გასვლას მისცა ხმა, ახალი ხელისუფლებისგან რადიკალურ, თამამ ნაბიჯებს ელის.
ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას მათი ამომრჩეველის დიდი ნაწილი სამართლიანად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორედ ამისთვის მისცა ”ქართულ ოცნებას” ხმა. ეს კარგად გამოჩნდა ნატოს გენერალური მდივნის ფეისბუქ გვერდზე, როცა მის კრიტიკულ განცხადებას პოლიტიკური დაჭერების შესახებ, ასობით ქართველი ფეისბუკმომხმარებლის კომენტარი მოჰყვა.
არსებულ სიტუაციაში, უფრო რეალური სცენარი იქნება ის, რომ უმრავლესობა ყველანაირად ეცდება ვადაზე ადრე გაისტუმროს არასასურველი პრეზიდენტი ან პარლამენტში მოიპოვოს ხმათა საჭირო რაოდენობა იმისათვის, რომ ის საკონტიტუციო ცვლილებები, რომელიც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, დროზე ადრე აამოქმედოს.
ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი მმართველი გუნდისთვის საფრთხე აღარ იქნება, რადგან ახალი კონსტიტუციით ის სუსტი და უუნაროა.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის იმპიჩმენტნის პროცედურის დაწყებისთვის საჭიროა საფუძველი. ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ან რაიმე დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენა.
იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულზეა ინკრიმინირებული, საქმე გაეგზავნება უზენაეს სასამართლოს. თუ უზენაესი სასამართოს პლენუმმა დაადგინა, რომ პრეზიდენტის ქმედებებში არის დანაშაულის ნიშნები, დასკვნა ეგზავნება პარლამენტს. პარლამენტმა მინიმუმ 2/3 შემადგენლობით 14 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს პრეზიენტის გადაყენება-არგადაყენების საკითხი. ხოლო თუ პრეზიდენტს ბრალი ედება კონსტიტუციის დარღვევაში, იგივე პროცედურა საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით უნდა განხორციელდეს.
თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში ჯერჯერობით კონსტიტუციური უმრავლესობის არქონის გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს დღეს ისევ ძველ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ხელმძღვანელობენ.
ძველი ხელისუფლების ხელშია დღეს თვითმართველობაც. კიდევ უფრო რთული იქნება ”ქართული ოცნებისთვის” თბილისის მერთან ბრძოლა, რომელიც 2010 წელს არის არჩეული და ამ პოსტზე მუშაობის ვადა 2014 წლამდე აქვს. უგულავას მერობას მხოლოდ ის თუ შეაფერხებს, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაემუქრება.
”რეალურად, რასაც ვაწყდებით, ეს არის არა კონსტრუქციული დიალოგი სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის, არამედ ახალი ხელისუფლების მცდელობა, რომ ფინანსური წნეხით ან სხვაგვარი მეთოდებით დაიკავოს ის სახელისუფლებო შტოები, რომელთა ბედიც ამ არჩევნებით არ გადაწყვეტილა,” - ამბობს უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.
თუ გავითვალისწინებთ ”ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებებს, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გართულდება და პოლიტიკურად სუსტი, თუმცა კონსტიტუციურად ძლიერი პრეზიდენტის თავიდან მოშორება დღევანდელი უმრავლესობის ნომერ პირველი ამოცანა გახდება.
”კარგია, რომ თვითონ საუბრობს ამას, ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი რომ არის. მაგრამ, რატომ აქვს მას ხელისუფლება - ამას უპასუხოს. არჩევნები წააგო კაცმა, რატომ ინარჩუნებს ხელისუფლებას, ეგაა საინტერესო,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ.
ალბათ სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის სასახლე ერთ-ერთი პირველი შენობა აღმოჩნდა, რომელსაც ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები ყველაზე თვალსაჩინოდ დაეტყო. რამდენიმე დღის წინ აქ გარე განათება გათიშეს. ასე რომ, საღამოობით აქაურობა სიბნელეშია ჩაფლული.