Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანკტ-პეტერბურგის ქუჩა საფრთხეშია ► ინტერვიუ მაია მანიასთან

11 მარტი 2017
სანკტ-პეტერბურგის ქუჩის 6 ნომერში უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სახლს საფრთხე ემუქრება; სახლი, რომელიც, სავარაუდოდ, 1890-იან წლებშია აშენებული, ხარაჩოებშია მოქცეული; რა ხდება სანკტ-პეტერბურგის ქუჩის 6 ნომერში; რა ფასეულობას წარმოადგენს ქალაქისთვის ეს სახლი და ქუჩა, რომელსაც არქიტექტურის ისტორიკოსი, მაია მანია, თბილისში შემორჩენილ ერთ-ერთი კუნძულს უწოდებს. ამ და სხვა, თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე „ლიბერალი“ არქიტექტურის ისტორიკოს, მაია მანიას ესაუბრა.

 -  თბილისის მთლიანობა კატასტროფული სისწრაფით ირღვევა. ისტორიული თბილისი არა თუ ცალკეულ შენობებს, არამედ მთელ ქუჩებს კარგავს. ხელიდან გვეცლება ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნებიც. ყოველი ღირებული ნაგებობის დაცვა დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეხლა თქვენს ყურადღებას კონკრეტულ შემთხვევაზე შევაჩერებ.

2013 წლის 15 ოქტომბერს შევნიშნე, რომ ლენინგრადის ქუჩის # 6 სახლი მოსახლეებისაგან დაიცალა. რატომღაც იმ წუთშივე ვიფიქრე, რომ ის საფრთხეშია.

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა   დღევანდელი  სანკტ-პეტერბურგის  ქუჩის შესახებ. აღმაშენებლის პროსპექტის და მისი მიმდებარე კვარტალების ჩამოყალიბება გერმანელი კოლონისტების სახელს უკავშირდება. როგორც ცნობილია,  გერმანელებმა ორი კოლონია დააარსეს თბილისში- Tiflisser Kolonie რომელიც აღმაშენებლის პროსპექტს და მის მიმდებარე განაშენიანებას ემთხვევა და Alexandersdorf-ი, რომელიც დიდუბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მოგეხსენებათ, რომ აქ გერმანელი კოლონისტების მიერ ოდესღაც ხეხილის ბაღები იყო გაშენებული. ისიც ცნობილია, რომ სწორედ გერმანელი კოლონისტების ბაღების წესიერმა ფორმამ ქალაქის ამ ნაწილში რეგულარული ქალაქის ჩამოყალიბება განსაზღვრა. დღევანდელი აღმაშენებლის პროსპექტის წინაპარი ქუჩა, რომელსაც შემდგომ მიხეილის ქუჩა დაერქვა, თბილისის კოლონიის მთავარი ღერძი იყო. გერმანელი კოლონისტების მცირე მასშტაბის სახლები მთელი მიხეილის ქუჩის გასწვრივ იყო გაშენებული. ისინი თავიანთი ფასადებით მიხეილის ქუჩისაკენ იყო მიმართული, სახლების უკან, კი ბაღები იყო გაშენებული.

სანკტ-პეტერბურგის ქუჩა თბილისის კოლონიის ნაწილია.

მთელი სიზუსტით ვერ გეტყვით, რა ხდებოდა მე-19 საუკუნის შუა წლებში ლენინგრადის ქუჩის ადგილას, მაგრამ აქაც სწორკუთხა მოხაზულობის მიწის ნაკვეთები ჩანს. ქუჩის განაშენიანება საუკუნის მეორე ნახევარში თანდათანობით ჩამოყალიბდა. ეს ქუჩაც თბილისის კოლონიის  რეგულარული განაშენიანების ნაწილია.

თუ არ ვცდები, ლენინგრადის ქუჩა სულ 15 სახლს ითვლის. ყველა სახლს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ექსპერტებმა საჭიროდ მიიჩნიეს ყველა შენობის ძეგლად აღნუსხვა. 6 ნომერიც, რომელიც ახლა  საფრთხეშია, ძეგლია.

რაში მდგომარეობს ამ სახლის ღირებულება?

მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახლი, რომელიც ლენინგრადის ქუჩის განაშიანებას ქმნის და ფასადით ქუჩისკენ არის მიპყრობილი, ეზოს სტრუქტურის შემცველია. ყველა თბილისურ ტრადიციას მიჰყვება. აქ სხვადასხვა სტილით ნაშენი ევროპული ფასადების მიღმა ტრადიციულ-თბილისური, აივანშემოვლებული ეზოები გვაქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე მდებარე ყველა ნაგებობა შენახულია, შეიძლება ყველა ერთნაირად მყარი არ იყოს, მაგრამ აქ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც თბილისის სხვა ძველ უბნებში - კალაში, ისანში ან სოლოლაკშია. ლენინგრადის ქუჩამ დღემდე თავდაპირველი სახით მოაღწია. გამონაკლისს მხოლოდ ლენინგრადის და აღმაშენებლის პროსპექტის გადაკვეთაზე მდებარე ერთსართულიანი კუთხის სახლი შეადგენს, რომელმაც 2011-2012 წლებში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ სრულიად იცვალა სახე - ერთ-ერთი გადარჩენილი ტრადიციულ გერმანულ-კოლონისტური შენობა გერმანული არქიტექტურის მაუწყებელი მაღალი სახურავით  დაშენებულ-გადაკეთებულ იქნა და ახალი მორთულობით შეიმოსა. სანქტ-პეტერბურგის ქუჩის ძირითად ნაწილში კარგად იკითხება ეპოქა, თბილისური სპეციფიკა, ერთმანეთს ენაცვლება ფასადთა ევროპული ფორმები. ქრონოლოგიური თვალსაზრისით ამ სახლების კლასიფიკაცია რომ გაკეთდეს, ვნახავთ, რომ ერთი სტილი მეორე სტილით  იცვლება და ყოველი მომდევნო სახლი ანგარიშს უწევს წინამორბედს. ლენინგრადის ქუჩის სახლების ფასადებზე ვხვდებით XIX საუკუნის მიწურულისთვის დამახასიათებელ დაგვიანებულ სადა კლასიციზმს, ბაროკულ ეკლექტიზმს, ხან ლესვით და ძერწვით, ხან მხოლოდ აგურით გამოყვანილ ფორმებს. ზოგიერთი ფასადის რკინის მოაჯირიან აივნებს ქალთევზების გამოსახულებები ამკობს, რაც XX საუკუნის დასაწყისზე მიგვითითებს და ა.შ.

მე ლენინგრადის ქუჩაზე არ მიმუშავია როგორც არქიტექტურის ისტორიკოსს, მაგრამ ამ ქუჩაზე გავლა ძალიან ხშირად მიწევს, რადგან აქვე ვცხოვრობ. ყოველთვის დიდ სიამოვნებას მგვრის ამ ქუჩაზე არა ჩარბენა, არამედ ნელა, თვალიერებით გავლა. ძალიან ხშირად ვხვდები თავდაპირველ მფლობელთა ინიციალებს კარტუშებში ჩასმულს. ლენინგრადის ქუჩაXIX საუკუნის თბილისის  ისტორიის ნაწილია, ამ ქუჩის მცხოვრებლებმა ეს ისტორია კარგად იციან.

კონკრეტულად ეს სახლი, რომელიც, თქვენი თქმით, საფრთხის ქვეშაა, რითია გამორჩეული?

ეს სახლი 1890-იანი წლების მიწურულის შემოსავლიანი სახლია. ადამიანი ადვილად მიხვდება ამას, რადგან ფასადი უამრავ ნაძერწ შემკულობას შეიცავს. ფასადის შუა ღერძის პირველი სართული ეზოში შესასვლელი ფართო ღიობით არის მონიშნული. გვირაბი განაშენიანების სიღრმეში მდებარე ეზოს სივრცეს უკავშირდება. გვირაბიდანვე არის მოწყობილი მარმარილოს საფეხურებიანი, თუჯის აჟურულმოაჯირიანი ფართო კიბე, რომელიც ნაგებობას სამ სართულად აუყვება. კიბის დასაწყისში თუჯის კანდელაბრის ქვედა ნაწილიც კი არის გადარჩენილი. ეს სახლის, უჩვეულოდ მოწყობილი პარადული სადარბაზოა, რომელიც ნაგებობის სივრცითი სტრუტურის ერთ-ერთი განმასხვავებელია ლენინგრადის ქუჩის სხვა სახლებისაგან. მაგრამ ის, რაც ლენინგრადის ქუჩის 6 ნომრის სახლში სრულ აღფრთოვანებას იწვევს, ეს მისი ეზოს სივრცე და ეზოსპირა ფასადების არქიტექტურული მორთულობაა. სწორკუთხა მოყვანილობის ეზოს ნაგებობა სამ მხრივ შემოუყვება და შესაბამისად მას ხის აჟურულმოაჯირიანი აივნები სამ სართულად სამმხრივ შემოუყვება. სახლის ფლიგელების განაპირა მხარეები იდენტური კომპოზიციის ხვეული კიბით სრულდება. ხის მოაჯირიანი კიბეები ფანჩატურებით არის დაგვირგვინებული, რომელთა შპილები კიდურა ნაწილების დამასრულებელ აქცენტებად აღიქმება. რუსული ასო П -ს ფორმის ეზოს კუთხეები მომრგვალებულია და აივნის მოაჯირის ჭვირული ფორმები მომრგვალებულადვე მიუყვება მათ. ეზოს განსაკუთრებული დინამიკურობა და საზეიმო იერი გამოარჩევს.

არ ვიცი, ვინ არის ამ სახლის არქიტექტორი, მაგრამ ვიცი, რომ ის ძალიან კარგად იცნობს თბილისის არქიტექტურას, ითვალისწინებს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ თბილისური ეზოიანი სახლის ტრადიციებს და თბილისური სპეციფიკით და ელეგანტური პროპორციებით გამორჩეულ  საცხოვრებელს ქმნის. აქ არსებითი როლი ენიჭებათ იმ ოსტატებსაც, თბილისის ამქრების წიაღიდან აღზრდილ იმ ხელოსნებსაც, რომლებიც თბილისში იმხანად მოღვაწეობდნენ. ეს ეზო ესთეტიკური თვალსაზრისით ძალიან გამორჩეულია.

ახლა ფასადის შესახებ: ფასადი არქიტექტურული მორთულობის  თვალსაზრისით დახუნძლულია. იგი ბევრ ნაძერწ ელემენტს შეიცავს - რუსტირებული პილასტრები, კორინთულკაპიტელიანი მცირე ზომის სვეტები, ნაძერწი გირლანდები, ნაძერწი საჭექი ქვები და ვარდულები და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია  გასასვლელი გვირაბის პროექციაზე, მის თავზე მოქცეული ფრონტონის ნაძერწობა. აქ გამოსახულია ნაძერწი კარტუში და მის გარდიგარდმო გამოქანდაკებული ანგელოზის ორი ფიგურა. კარგად იკითხება ანგელოზების  შესანიშნავად ნაძერწი ფრთებიც. აღნიშნული ორი შიშველი ფიგურა ჰორელიეფური და  ჰაეროვანია და მაღალოსტატური ძერწვით გამოირჩევა. იშვიათად მინახავს თბილისის ფასადებზე ასეთი მსხვილი მასშტაბის კომპოზიციები ფრონტონში ჩასმული. შევადარებდი კრილოვის ქუჩის 8 ნომერს, ასევე - მარჯანიშვილის ქუჩის და ნინოშვილის ქუჩის კვეთაზე მდგარ სახლისფრონტონში მოცემულ კომპოზიციას. შევადარებდი პლეხანოვის 93 ნომერსაც, თუმცა ასეთი კომპოზიციები მაინც თითზე ჩამოსათვლელიათბილისში. ეს, მხატვრული თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაა თბილისური სახლების ფასადთა ფრონტონებზე შემონახულ სხვა ნამუშევრებს შორის.

რა ხდება ამ სახლთან დაკავშირებით? 

ჯერ ერთი მეშინია, რომ არ მოხდეს ისეთი რამ, როგორიც თბილისში ბევრ ძეგლთან დაკავშირებით მოხდა, მაგალითად, ციხისუბანში არაერთი ძეგლად მიჩნეული ნაგებობა უბნის რეაბილიტაციის პროცესში, სტატუსის მოხსნის გარეშე, მთლიანად დაინგრა. მათ ნაცვლად კი ახალი ნაგებობები აშენდა, რომელთაც აღარაფერი აქვთ საერთო ძველთან. არც გეგმარება გამეორდა, არც მასშტაბი, არც არქიტექტურული მორთულობის ელემენტები . დარწმუნებული ვარ, რომ ლენინგრადის ქუჩის # 6 სახლის ხელყოფით ქუჩის მთლიანობა დაირღვევა და ეს პროცესი გაგრძელდება.

თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ძეგლზე სამუშაოები ნებართვის გარეშე მიმდინარეობს?

არ გამოვრიცხავ. პროექტი დამტკიცებულია თუ არა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ სამუშაოები ძალიან უხეშად ტარდება- მორღვეულია ეზოსპირა აივნების ნაწილი, მოტეხილია ჭვირული მოაჯირის მთელი ფრაგმენტები. გარდა ამისა, ეზოსკენ ძალიან დიდი მილია ჩამოშვებული, სადაც იყრება სამშენებლო ნაგავი, კარნიზებისა და სხვა ნალესი ფორმების ნამტვრევები.  უხეშად, ვანდალურად, ჩაქუჩით ანგრევენ ფრონტონს. ეს შენობა ძეგლია, მას აქვს სტატუსი, ის არის სანკტ-პეტერბურგის ქუჩის ნაწილი და განუყოფელია მისგან. ასეთი მოპყრობა მის მიმართ დაუშვებელია. ლენინგრადის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით არის გამორჩეული და თითოეული სახლის როლი მთლიანობის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ლენინგრადის ქუჩის # 6-ის შემთხვევაში, მთლიანობა დაერღვევა ფასადს, უკვე დაერღვა ეზოს, არავინ შეინარჩუნებს არც იმ მარმარილოს კიბეს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი  გადაკეთების სერიოზული ქმედებებია დაგეგმილი.

როგორ ფიქრობთ, ამ სახლის გადარჩენის რა რესურსია დარჩენილი?

ამ წამსვე უნდა შეჩერდეს მიმდინარე  სამუშაოები, არ უნდა გაგრძელდეს ნგრევა. ძეგლი ზედმიწევნით უნდა აიზომოს, შედგეს რესტავრაციის პროექტი. უნდა დაისახოს გეგმები მის გადასარჩენად და შედგეს რესტავრაცია- ადაპტაციის და არა რეკონსტრუქციის პროექტი. მაგრამ დასადგენია, ჩართულია თუ არა ამ პროცესებში არქიტექტორ-რესტავრატორი? მიმდინარე სამუშაოების მიხედვით, არა მგონია ჩართული იყოს. არქიტექტორ-რესტავრატორის გარეშე ძეგლის ხელის ხლება არ შეიძლება. თუ საჭიროა რაღაცის დემონტაჟი, ეს ხომ წესების დაცვით ხდება. ის რაც მე ვნახე, იყო ყოვლად ვანდალური, სრულიად არაცივილური.

სავარაუდოდ, ასეთი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა ნებართვა, ხომ ასეა? საქმის კურსში უნდა იყოს ძეგლთა დაცვის სამსახურიც?

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რაღაც პროექტი არსებობს, მაგრამ მიმდინარე სამუშაოების მიხედვით ჩანს, რომ არქიტექტორი-რესტავრატორი ამ სამუშაოებში არ არის ჩართული. ურესტავრატოროდ არავის აქვს უფლება ამ შენობას მიეკაროს და რამე სამუშაო დაგეგმოს და აწარმოოს. ეს პირველი დანაშაულია. რესტავრატორი რომ იყოს აქ ჩართული მაშინ ასე უმოწყალოდ არ ჩამოტეხავდნენ ხის ჭვირული აივნის მოაჯირებს, კიბეებს. ეზოში რომ შეხვალთ იმწუთშივე ნათელი ხდება დამოკიდებულება - განაპირა ფლიგელებს ხვეული კიბეებითა და ფანჩატურებით ანგრევენ და არც აივნებს ინარჩუნებენ. ვიმეორებ, რომ ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდ სირთულესთან იქნება დაკავშირებული ასეთი საღი სართულშუა გადახურვების ჩანგრევა.

სანქტ-პეტერბურგის ქუჩა მე-19 საუკუნის თბილისის ერთ-ერთი შენახული ქუჩაა და მისი ხელყოფა არ შეიძლება. ლენინგრადის ქუჩაზე მდებარე სახლების შესწავლა მრავალი თვალსაზრისით და რესტავრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქუჩაზე სტილების მრავალფეროვნებაა, ამ ქუჩის სახლების ფასადების მიღმა თბილისური ეზოები იმალება, თბილისური სპეციფიკაა შენახული და ჯერ კიდევ თბილისური ცხოვრებაა შენარჩუნებული. #6 სახლი ქუჩის განაშენიანების, სანქტ-პეტერბურგის ქუჩა კი თბილისის მთლიანობის ნაწილია. დღემდე დაუზიანებლად მოღწეულ ქუჩას ვანგრევთ. დიდ უგულობას და უცოდინრობას ავლენს ის, ვისაც შენობა ეკუთვნის და ვინც ითხოვს იმას, რაც აქ ხდება.

თუკი აღმოჩნდა, რომ ამ სახლზე, თქვენი შეფასებით, დამანგრეველი ჩარევის ნებართვა შესაბამისი სამსახურის მიერაა გაცემული, მათზეც ხომ ნაწილდება ეს პასუხისმგებლობა? 

რა თქმა უნდა. პრეტენზია ასეთ შემთხვევაში ჩემს კოლეგებთანაც მექნება და ყველამ ერთად უნდა გაინაწილოს ეს პასუხისმგებლობა. მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ძეგლთა დაცვის ნებართვა იყოს ამ შენობის დანგრევაზე. სავარაუდოა, რომ ნგრევა უნებართვოდ მიმდინარეობს.

სანქტ-პეტერბურგის ქუჩის # 6 საცხოვრებელი სახლის ფიზიკური შენარჩუნებაა ჩვენი ამოცანა აუთენტური სივრცითი სტრუქტურით, გეგმარებით და არქიტექტურული მორთულობის ყველა დეტალით.

როგორი იქნება სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რეკონსტრუქციის შემდეგ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^