სტატიის მიზანია გამოეხმაუროს და დისკუსიაში ჩართოს ფართო საზოგადოება კომისიის მიერ შემოთავაზებული კომუნიკეს განხილვის პროცესში და ამ კომუნიკეს პოლიტიკურ რეალიზაციამდე მოხდეს მისი სრულყოფილი გაანალიზება და გადამუშავება.
2012 წლის ნოემბრის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიამ ბატონი გია დვალის ხელმძღვანელობით გამოაქვეყნა კომუნიკე „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტი“. კომუნიკეს ავტორები და განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებდნენ დაინტერესებულ მხარეებს, აქტიურად ჩართულიყვნენ კომუნიკეს განხილვაში. ვინაიდან მეცნიერება და უმაღლესი განათლება ჩვენი კვლევის უპირველეს ინტერესს არ წარმოადგენს, არ ვაპირებდით ამ დისკუსიაში ჩაბმას, თუმცა კომუნიკეს გაცნობამ გადაგვაწყვეტინა ამ მიმართულებით ჩვენი მოსაზრებები ჩამოგვეყალიბებინა.
განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიამ რეფორმის მთავარ პოსტულატად და ამოსავალ წერტილად აკადემიური თავისუფლება დაასახელა და სტრატეგიად ტენუარის სისტემის შემოღება შემოგვთავაზა, როგორც აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა განვითარებულ სახელმწიფოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. „კონცეფციიის პროექტის მიზანია აკადემიური სისტემის ფუნდამენტური რეფორმა იმ კონცეფციებზე დაფუძნებით, რომლებიც დიდი ხანია მსოფლიო სტანდარტს წარმოადგენს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ დანერგილა საქართველოში. საუნივერსიტეტო-სამეცნიერო სისტემაში ეს კონცეფცია მოიცავს აკადემიური თავისუფლების, აკადემიური მიუკერძოებლობის და აკადემიური ხარისხის ცნებებს, რომლებიც ეფუძნება ეგრეთ წოდებული ტენუარის (ტენურე) სისტემას...“ ნათქვამია წარმოდგენილ კომუნიკეში. ამ სტატიაში შევეცდებით, განვიხილოთ აკადემიური თავისუფლებისთვის არსებული საფრთხეები როგორც ზოგადად, აგრეთვე საქართველოს კონტექსტში, ამასთანავე, წარმოვადგინოთ და გავაანალიზოთ ის გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი პოზიციები, რომლებიც გააჩნიათ ამ ინიციატივის ავტორებსა და სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებებს საქართველოში, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას აკადემიური თავისუფლების ფუნდამენტს. აქვე შევეცდებით გავაანალიზოთ ტენუარის სისტემის შემოღების საფრთხეები საქართველოში მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით. სტატიის მიზანია გამოეხმაუროს და დისკუსიაში ჩართოს ფართო საზოგადოება კომისიის მიერ შემოთავაზებული კომუნიკეს განხილვის პროცესში და ამ კომუნიკეს პოლიტიკურ რეალიზაციამდე მოხდეს მისი სრულყოფილი გაანალიზება და გადამუშავება.
აკადემიური თავისუფლების არსი და მოკლე მიმოხილვა
აკადემიური თავისუფლების განსაზღვრება დროთა განმავლობაში იცვლებოდა. იცვლებოდა როგორც შინაარსი, აგრეთვე აკადემიური თავისუფლების როლი და დანიშნულება. აკადემიური თავისუფლების იდეა საფუძველს შუა საუკუნეებიდან იღებს და გულისხმობდა პროფესორებისა და სტუდენტთა თავისუფლებას სწავლა-სწავლების პროცესში. მე-19 საუკუნის დასაწყისში ტერმინი თანდათან გაფართოვდა, რაც უკავშირდებოდა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის აღმოცენებას, რომლის დროსაც კვლევას მიექცა უდიდესი ყურადღება უმაღლეს სასწავლებელში და აკადემიური თავისუფლება უკვე გულისხმობდა სწავლა-სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას.
ამერიკის შეერთებული შტატების აკადემიური თავისუფლების კონცეპტუალური ბაზისი ეფუძნება მე-19 საუკუნის გერმანულ კონცეფციას პროფესორების თავისუფლების შესახებ კვლევისა და სწავლების პროცესში. ეს კონცეფცია ცნობილი იყო „სწავლების თავისუფლების“ (გერმ. Lეჰრფრეიჰეიტ) სახელით და ლეგალურ მფარველობას სთავაზობდა იმ პროფესორებს, რომლებიც სახელმწიფო მოსამსახურეებად მუშაობდნენ გერმანიის უნივერსიტეტებში. ამერიკელი პროფესორები, რომლებიც 1800-იან წლებში სწავლობდნენ გერმანიაში (ამ პერიოდში ყველაზე პოპულარული ადგილი სამეცნიერო ხარისხის მისაღებად) და უკან, ამერიკაში დაბრუნდნენ, ფოკუსირებულნი იყვნენ კვლევაზე, ჭეშმარიტების ძიებაზე. ამერიკელ პროფესორებს უფრო მეტი მოთხოვნა გაუჩნდათ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური საკითხების კვლევისას. შესაბამისად, მათი აკადემიური უსაფრთხოების საჭიროებაც გაიზარდა. 1900-იან წლებში რამდენიმე სახელმწიფოებრივად აღიარებული პროფესორი გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან, ვინაიდან მათი აღმოჩენები ეხებოდა საკითხებს, როგორიცაა, იმიგრანტთა მუშაობის არასწორად გამოყენება, გაერთიანებები და უნივერსიტეტების ადმინისტრაციული კონტროლის თემატიკა და ა.შ.
ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორთა ასოციაცია (თჰე Aმერიცან Aსსოციატიონ ოფ Uნივერსიტყ Pროფესსორს AAUP) დარსდა 1915 წელს იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო უნივერისტეტის პროფესორების გავლენა და დაცულობა კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. ასოციაციის ლიდერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ძლიერი გამოწვევა იყო აკადემიური თავისუფლების დაცვა. AAUP გახდა პირველი ეროვნული ჯგუფი, რომელმაც გამოაცხადა აკადემიური თავისუფლების ხელშეუხებლობა. მაშინ, როცა გერმანელი პროფესორები სახელმწიფოებრივი მფარველობის ქვეშ იყვნენ, როგორც სახელმწიფო მოხელეები, შეერთებული შტატების პროფესორები უნდა დაყრდნობოდნენ ისეთი ორგანიზაციების აქტივობას, როგორიც იყო AAUP. 1915, 1925 და 1940 წლებში AAUP-მა განავითარა ეროვნული პოლიტიკის დებულება აკადემიური თავისუფლების შესახებ. 1940 წელს კი დამტკიცდა დებულება აკადემიური თავისუფლებისა და აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ. დოკუმენტი დამტკიცდა მთელი რიგი საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ, რომელთა წევრებიც იყვნენ უმეტესად პროფესორები და მენეჯერები. დოკუმენტი განსაზღვრავდა აკადემიურ თავისუფლებას:
1. მასწავლებელს მინიჭებული აქვს კვლევისა და მიღებული შედეგების გამოქვეყნების, აგრეთვე მისი სხვა აკადემიური მოვალეობების ადეკვატური შესრულების თავისუფლება. თუმცა ფულადი ანაზღაურებითი კვლევა უნდა შეთანხმებულიყო ინსტიტუციის ავტორიტეტულ პირებთან.
2. მასწავლებელს აქვს სრული უფლება, დისკუსია გამართოს საკუთარი საგნის შესახებ კლასში; ამავე დროს, გამოიჩინოს სიფრთხილე და სწავლების დროს არ წარმოაჩინოს წინააღმდეგობრივი საკითხები, რომლებიც მის საგანთან კავშირში არ არის. აკადემიური თავისუფლების ლიმიტები, რომლებიც გამოწვეულია რელიგიური ნიშნით ან ინსტიტუციის სხვა მიზეზებით, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს თანამდებობაზე დანიშვნის დროს.
AAUP 1940 წლის დებულება აგრეთვე ხაზს უსვამს სპეციფიკურ პროცედურებს თანამდებობრივი ჯილდოებისა და თანამდებობიდან გადაყვანის შესახებ. „მასწავლებლებსა და მკვლევარებს უნდა ჰქონდეთ პერმანენტული ან უწყვეტი თანამდებობა და მათი მომსახურება შეწყდეს მხოლოდ ადეკვატური მიზეზის გამო, გარდა ასაკის მიხედვით პენსიაში გასვლისა ან ექსტრაორდინალური ვითარების გამო, რომელიც გამოწვეულია ფინანსური საჭიროებებით“. (პ.4)
AAUP-ის 1940 წლის დოკუმენტი გარკვეულ შეღავათებს უწესებდა უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებსაც გააჩნდათ რელიგიური მიზნები. 1970 წლის თავისუფლების დოკუმენტში ეს გამონაკლისები შეეხო ეკლესიასთან დაკავშირებულ ინსტიტუციებსაც, რომლებიც თანდათანობით ხდებოდა საერო და საჭიროებდა აკადემიური თავისუფლების საფუძვლებს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ეპოქაში უმაღლესი განათლების როლის გადააზრიანებაც მოხდა. უმაღლესი განათლების უპირველესი მისია ცოდნის შექმნა და გავრცელებაა. ეს პოსტულატი ნათლად აქვთ ჩამოყალიბებული კონცეფციის ავტორებსაც: „აკადემიის მისია არის ცოდნის მოპოვება და გავრცელება. ამის შედეგია აკადემიის ჩამოყალიბება თავისუფალი და შემოქმედებითი აზროვნების კერად“ - ნათქვამია კომუნიკეში. თუმცა უმაღლესი განათლების მიზანი, თანამედროვე გააზრებით, ცოდნის შექმნა და გაცრცელება, წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს და შესაბამისად ცოდნის შექმნა, გავრცელება და ტრანსფორმირება მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ სარგებელს უნდა ემსახურებოდეს. ამ კუთხით გაჩნდა საერთაშორისო კონსენსუსი, რომელიც აისახა არაერთ დოკუმენტში, მათ შორის იუნესკოსა და უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის დოკუმენტებში. იუნესკოს დოკუმენტის მიხედვით, უმაღლესი განათლებას აქვს შეუცვლელი როლი სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში. უმაღლესი განათლების მიზანია, ხელი შეუწყოს კონკურენტუნარიანი საქონლისა და მომსახურების შექმნას; ამასთანავე, უმაღლეს სასწავლებლებს უდიდესი როლი ენიჭებათ კულტურული იდენტობის შენარჩუნების პროცესში, აგრეთვე სიღარიბის დაძლევისა და მშვიდობის კულტურის ფორმირების პროცესში.
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის 1998 წლის მსოფლიოს კონფერენციის დოკუმენტში აღნიშნულია: „ცოდნის გავრცელება და განვითარება წარმოადგენს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიის მთავარ მიზანს. რადგან ცოდნა უნივერსალურია, უმაღლეს სასწავლებლებს გააჩნიათ გარკვეული ვალდებულებებიც. რეალობაში, უმაღლესი სასწავლებლები ახორციელებენ საკუთარ ვალდებულებებს იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ეს დაწესებულებები ფუნქციონირებენ...“ ანუ უმაღლესი განათლების მთავარი ამოსავალი წერტილი, აკადემიურ თავისუფლებასთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობაც იქცა. რამდენად თანხვედრაშია აკადემიური თავისუფლება და სოციალური პასუხისმგებლობა _ დიდი დავის საგანია და, შესაბამისად, ხშირად ეს ორი პოსტულატი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ერთმანეთს ზღუდავს. ქვემოთ განვიხილავთ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოს კონტექსტში.
აკადემიური თავისუფლების საფრთხეები
აკადემიური თავისუფლების საფრთხეების კონტექსტში რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ: (ა) სახელმწიფოს მიერ ანგარიშვალდებულების და შეფასების მექანიზმები; (ბ) უმაღლესის სასწავლებლების ადმინისტრაციის როლის გაზრდა და „მენეჯერიზაცია“; (გ) კვლევის პროცესში კომერციული და ბიზნესს სტრუქტურების ჩართვა და ფინანსური სახსრების მოზიდვის დივერსიფიკაცია; (დ) იდეოლოგიური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური წნეხი ტრადიციული საზოგადოების ტიპის ქვეყნებში; (ე) გლობალიზაციის ეპოქა, შრომის ბაზარი და ეკონომიკური სფეროების წნეხი.
აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის თითოეული ეს საკითხი ცალკე ვრცელი განხილვის საგანია და ამ სტატიის ფორმატი არ იძლევა სრული ანალიზის შესაძლებლობას. უბრალოდ, გვინდა ამ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე ფაქტორზე, რომელიც აშკარად გამოიკვეთა ბოლო დროს და რომელიც, ვფიქრობთ, წარმოადგენს გარკვეულ არათანმიმდევრულობას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხედვებში გადაწყვეტილების მიმღებთა შორის.
როგორც უკვე აღინიშნა, უმაღლესი განათლების მენეჯერიზაცია და ადმინისტრაციის გავლენა სერიოზული საფრთხეა აკადემიური თავისუფლებისთვის. სწორედ „მენეჯერიზაცია“ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი (ბატონი გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუებიდან სხვადასხვა ტელეეთერში...). განათლების მინისტრის აზრით, რექტორი არ არის აკადემიური ლიდერი, ის არის მენეჯერი, რომელმაც უნდა მოიზიდოს მეტი ფინანსური რესურსი და უზრუნველყოს ამ ფინანსური რესურსის ეფექტური მართვა. სწორედ მინისტრის ეს განცხადებაა წინააღმდეგობაში აკადემიური თავისუფლების პრიმატის კონცეფციისათვის. მენეჯერის პოზიციიდან უმაღლეს სასწავლებლებში არაერთი სამეცნიერო მიმართულების დახურვის საფრთხეა, რადგან ეს მიმართულებები არარენტაბელურია (მაგალითად, ჰუმანიტარული მეცნიერებების ზოგიერთი მიმართულება), აკადემიური თავისუფლების პოზიციიდან კი მნიშვნელოვანია ამ მიმართულების შენარჩუნება და გაძლიერება, განსაკუთრებით_ ტენუარის ინსტიტუტის შემოღების პირობებში (ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ). შესაბამისად, გასარკვევია, რომელია პრიორიტეტული: უმაღლესი სასწავლებლების ეფექტური მართვა თუ აკადემიური თავისუფლება?
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბოლოდროინდელი დისკურსიდან გამოჩნდა, ბატონი გია მაისაშვილის განცხადებაა. იგი უნივერსიტეტის რეფორმირებასა და სასწავლებელში ინოვაციური ბიზნესპროექტების განხორციელებას ჰპირდება საზოგადოებას; ასევე, ბიზნესის აქტიურად ჩართვას კვლევების დაფინანსებაში და ბიზნესისა და უმაღლესი სასწავლებლის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას...
თანამედროვე მართვის მიდგომებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ბატონი გია მაისაშვილის ეს ხედვა სრულ თანხვედრაშია უმაღლესი სასწავლებლების მართვის თანამედროვე მიმართულებებთან, თუმცა აკადემიური თავისუფლებისა და ტენუარის სისტემის შემოღების კვალდაკვალ, არათანმიმდევრულობის ნიშნები აქაც იკვეთება. ბიზნესორგანიზაციები, კვლევის დაკვეთის პირობებში, მკვეთრად ზღუდავენ აკადემიურ თავისუფლებას. ერთი მხრივ, უმაღლესი სასწავლებლები აქცენტს აკეთებენ იმ მიმართულებებზე, რომლებიც კომერციულად საინტერესოა, ანუ უმაღლესების კვლევების განსაზღვრის პროცესში ერთვება კონკრეტული ბიზნესჯგუფები, მეორე მხრივ, კვლევების შედეგები ხშირ შემთხვევაში არ ვრცელდება, რადგან კომერციული სტრუქტურები არ არიან ამ შედეგების გავრცელებით დაინტერესებულნი. შესაბამისად, ხდება აკადემიური თავისუფლების ნაწილის, ცოდნის თავისუფლად გავრცელების, მკვეთრად შეზღუდვა. შესაბამისად, აკადემიური თავისუფლების ფუნდამენტად გამოცხადება და მეორე მხრივ უმაღლესი სასწავლებლების კორპორატიულ ორგანიზაციებად ქცევა შესაძლებელია ურთიერთწინააღმდეგობაში მოვიდეს.
იდეოლოგიური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური წნეხი ტრადიციული საზოგადოების ტიპის ქვეყნებში და გლობალიზაციის ეპოქა, შრომითი ბაზარი და ეკონომიკური სფეროების წნეხი - ასევე მნიშვნელოვანი საკითხებია. უმაღლესი სასწავლებლები რამდენად შეძლებენ საქართველოში ამ წნეხის გაძლებას და აკადემიური თავისუფლების შენარჩუნებას მისი პრიმატის გამოცხადების პირობებში _ საკმაოდ სადავო თემაა. მითუმეტეს, როდესაც პრაქტიკაში უამრავი მაგალითი გვქონია, როდესაც მეცნიერები საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური წნეხის ქვეშ მოქცეულან და აკადემიური თავისუფლებაც შეზღუდვიათ ...
ტენუარის სისტემა: შესაძლო საფრთხეები საქართველოს კონტექსტში
წარმოდგენილი კონცეფციის მთავარ ქვაკუთხედს ტენუარის სისტემის დანერგვა წარმოადგენს: „ამ კონცეფციის თანახმად, უნივერსიტეტის თვითმმართველ ბირთვს წარმოადგენს მუდმივი პოზიციის (თანამდებობის) მქონე პროფესორთა კონტინგენტი, ანუ ეგრეთ წოდებული ტენუირებული პროფესორები (ტენურედ ფაცულტყ) და ასევე ის პროფესორები, რომლებიც ტენუარის სტატუსის მიღების კანდიდატები არიან, ანუ ეგრეთ წოდებული ტენუარის გზაზე (ტენურე-ტრაცკ) მყოფი პროფესორები. ტენუირებული და ტენუარის გზაზე მყოფი პროფესორები შეადგენენ აკადემიური პერსონალის მხოლოდ ერთ (ყველაზე წარჩინებულ) ნაწილს, მაგრამ ისინი ქმნიან მთელი აკადემიური სისტემის სტაბილურობისა და ეფექტურობის გარანტიას“ - ნათქვამია წარმოდგენილ კომუნიკეში.
ტენუარის სისტემა საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის გამოცდილებასაც ეფუძნებიან კონცეფციის ავტორები. აღსანიშნავია, რომ ტენუარის სისტემა მართლაც რომ მიჩნეულია აკადემიური თავისუფლების გარანტიის უმთავრეს სტრატეგიად. მიუხედავად ამისა, თვით ამერიკის შეერთბულ შტატებში ტენუარის სისტემას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ძირითადად ორი მიმართულებით წარიმართება: (ა) ტენუარის სისტემა არის საკმაოდ ძვირადღირებული სისტემა და უმაღლეს სასწავლებლებს არ გააჩნიათ იმის ფუფუნება, რომ ტენუარის სისტემის პირობებში ეფექტურად იფუნქციონირონ; (ბ) ტენუარმიღებული პროფესორების პროდუქტიულობა, როგორც წესი, კლებულობს და ხდება ამ პროფესორების „გაზარმაცება“, განსაკუთრებით _ სწავლების მიმართულებით, რაც ნეგატიურად აისახება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე. ოპონენტთა აზრით, „ტენუირებული პროფესორები“ არაპროდუქტიულები აღმოჩნდნენ და ხშირად ხელს უშლიან ახალგაზრდა კადრების მეცნიერებაში მოსვლას. ეს საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1994 წლის შემდეგ, როცა სავალდებულო პენსიაზე გასვლის მოთხოვნა გაუქმდა.
ტენუარის სისტემის მოწინააღმდეგეთა პოზიციები აშკარად გამოჩნდა უმაღლესი სასწავლებლებლების მართვის რეალობაშიც. მაგალითისათვის, თუ 1970-იან წლებში ტენუირებულ პროფესორთა რაოდენობა 78%-ს აღწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მომდევნო წლებში კლების ტენდეცია აშკარა გახდა. 1980 წელს ტენუირებულ პროფესორთა რაოდენობა უკვე მხოლოდ 66%-ი იყო, 1993 წელს - 60%, დღესდღეობით კი ტენუირებულ პროფესორთა რაოდენობა მხოლოდ 27%-ს (!) შეადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციები ცდილობენ დაიქირავონ დროებითი თანამშრომლები და მაქსიმალურად შეამცირონ ტენუირებულ პროფესორთა რაოდენობა, რათა ფინანსური თვალსაზრისით ეფექტურად მართონ უმაღლესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება.
ალბათ, საინტერესოა ტენუარის სისტემის საქართველოს კონტექსტში გააზრებაც... ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ საქართველოში მოქმედი მეცნიერების პროდუქტულობა და მათთვის ტენუარის მინიჭების შემთხვევაში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების პერსპექტივა.
კონცეფციის ავტორები დაწვრილებით აღწერენ ტენუარის მიღების შესაძლო პროცედურებს, რაც ძალიან კარგია, თუმცა, ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს სისტემა ან ვერ ამუშავდება, ან ამუშავდება და ეფექტური ვერ იქნება შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2009 წლის მონაცემით, საქართველოში 6606 სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორია (აქედან 4557 - სრული და ასოცირებული პროფესორი) და 521 მასწავლებელი. ამასთანავე, იმავე წლის მონაცემით, საქართველოში 2987 დოქტორანტია. ანუ, მთლიანობაში, დაახლოებით, 10 000 ადამიანი, რომელიც უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაშია ჩართული და კვლევასა და სწავლებას ემსახურება. ამ ადამიანების პროდუქტულობის (კვლევის კუთხით) შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათ მიერ ჩატარებულ კვლევების გამოქვეყნება იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში. ამ მხრივ საინტერესოა ე.წ. ტომსონის (თჰომსონ) მონაცემთა ბაზა, რომელიც გვაძლევს სრულ ინფორმაციას საქართველოდან გამოქვეყნებული სტატიების შესახებ. ამ ბაზაში გარკვეული ცდომილება, რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა მაინც იძლევა მეტ-ნაკლებად სანდო სურათს ჩვენი მეცნიერების კვლევების შესახებ. ამ ბაზის მიხედვით, 2008 წელს საქართველოდან 334 სამეცნიერო სტატია დაიბეჭდა იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში, 2009 წელს - 358, 2010 წელს- 367, 2011- 497 და 2012 წელს - 410. თუკი სტატიების ავტორებსაც გავაანალიზებთ, ამ პროცესში ჩართულია საშუალოდ 300 ქართველი მკვლევარი. ანუ, იმის თქმა გვინდა, რომ მოქმედი 10000 მდე მკვლევარიდან სათანადო ხარისხის კვლევის ჩატარებას მხოლოდ 300 მკვლევარი ახერხებს, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 3%-ს შეადგენს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: თუ ტენუარის მინიჭებისთვის გამოვიყენებთ საკმაოდ მკაცრ კრიტერიუმებს, ამის დაძლევას შეძლებს მკვლევართა მხოლოდ 3% საქართველოში... შესაძლებელია კი ტენუარის სისტემა მხოლოდ 3%-ზე გავრცელდეს და ის იყოს მთელი სისტემის განვითარების გარანტი?
მეორე შესაძლებლობაა, რომ ტენუარის მინიჭების პროცედურები გამარტივდეს და, ფაქტობრივად, ყველა ასოცირებულ და სრულ პროფესორს მივანიჭოთ ტენუარი. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 4557 ადამიანი შეძლებს ტენუარის მიღებას, თუმცა, რამდენად უზრუნველყოფს ეს მეცნიერების განვითარებას, როცა ეს მეცნიერები ვერ ახერხებენ კვალიფიციური კვლევების ჩატარებას _ ალბათ ძალიან საეჭვოა... მით უმეტეს, თუ ამ პროფესორებს გარანტირებული სამსახური ექნებათ და არანაირი მოტივაცია არ იარსებებს მათი პროდუქტულობის გასაზრდელად. ვფიქრობთ, ამ შემთხევაში არა თუ განვითარდება მეცნიერება, არამედ მისი მომავალი განვითარების პერსპექტივაც კი საბოლოოდ დასამარდება.
ტომსონის მონაცემთა ბაზა საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის უშუალოდ მეცნიერების სხვადასხვა დარგზე კვლევების შესახებ. საქართველოდან გამოქვეყნებული სტატიებიდან სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესის, ხელოვნების და ჰუმანიტარული დარგების წილი მხოლოდ 10%-ია. სტატიების ძირითადი ნაწილი მოდის საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების, საინჟინრო და მედიცინის მიმართულებებზე. თუ საქართველოში მეცნიერთა და დოქტორანტთა გადანაწილებას დავაკვირდებით, მათი უმრავლესობა სწორედ სოციალურ მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესის, ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროგრამებს წარმოადგენს (60-70%). ანუ ეს ის პროგრამებია, რომლებიც არაპროდუქტულია კვლევის თვალსაზრისით და, ამასთანავე, პროფესორების უმრავლესობაც სწორედ ამ პროგრამებს წარმოადგენს. ლოგიკურად ისმის კითხვა: ამ პირობებში და ამ კონტექსტში რამდენად ეფექტური იქნება ტენუარის სისტემის შემოღება, რამდენად შეუწყობს ხელს ის სამეცნიერო მიმართულებების განვითარებას, რამდენად შეუწყობს ხელს მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, რამდენად უზრუნველყოფს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სწრაფ და დინამიურ განვითარებას?
ტენუარის სისტემის შემოღებამ, მიუხედავად მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისა აკადემიური თავისუფლების მიღწევის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, საქართველოს კონტექსტში, შესაძლებელია გამოიღოს უკუშედეგი. შესაძლებელია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემა აქციოს უცვლელ, არაეფექტურ, არაპროდუქტულ და განუვითარებელ სისტემად, რომელსაც განვითარების პერსპექტივაც კი შეიძლება აღარ ჰქონდეს, რადგან არაეფექტური და არაპროდუქტული პროფესორების სოციალურ უზრუნველყოფაზე იქნება მიმართული და არა მეცნიერების გრძელვადიანი პერსპექტივით განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ ზოგადად, აკადემიური თავისუფლების მნიშვნელობას და აკადემიური თავისუფლების უზრუნველსაყოფად, ტენუარის სისტემის ეფექტურობას, თუმცა ამ პოლიტიკის რეალიზაცია საქართველოში არსებული კონტექსიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს.
ალბათ, საინტერესოა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ჩვენეული ხედვა: თუ რას ვთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიას... ამ სტატიის მიზანი არ ყოფილა კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ უმაღლესი განათლება და მეცნიერება არ არის ჩვენი კვლევების მთავარი თემა. ამ სტატიის მიზანი იყო წარმოდგენილი კონცეფციის შესაძლო საფრთხეების გაანალიზება და, შესაბამისად, კონცეფციის განხილვის ამ კონტექსტში გაგრძელება. კარგად გვესმის, რომ სტატიაში გამოთქმულმა მოსაზრებებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს მოქმედი სამეცნიერო წრეების გაღიზიანება და განაწყენება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ძალიან მნიშვნელოვანია საკითხების ძირეული შესწავლა, განხილვა და ანალიზი, რათა რეფომების გატარების ჟინით შეპყრობილებმა რეფორმების შედეგად გამოუსწორებელი შედეგები არ მივიღოთ და რეალურად მივაღწიოთ რეფორმის ფარგლებში დასახულ ქვეყნის განვითარებისათვის სასურველ მიზნებსა და ამოცანებს.
შალვა ტაბატაძე
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი