უცნაური აღმოჩენიკენ მიბიძგა ერთმა აფხაზმა მეგობარმა ფეისბუქის ქსელში. აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიისკენ, კოდორის ხეობის გავლით გასაჭრელ გზაზე უარის თქმას (ისევ ,,პრინციპული აფხაზი ეკოლოგების” აზრის მომიზებით) რომ განვიხილავდით, ჩემმა მეგობარმა ჩერკესკი-სოხუმის ის მარშრუტი გაგვიზიარა, რომელიც რუსულმა საძიებო სისტემამ, ,,იანდექსმა” ამოუგდო. მისი მცდელობა გავიმეორე - სხვათა შორის, maps.yandex.ru -ზე თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება: ამოსავალი პუნქტის გრაფაში Черкесск უნდა ჩაწეროთ, დანიშნულების პუნქტისაში _ Сухум (გაგაფრთხილებთ, ამ სიტყვის ბოლოს ასო и -იანი ვერსია შედეგს არ მოგცემთ). საოცარ რამეს დაინახავთ - რუსული (!) საძიებელი სისტემა აფხაზეთის დედაქალაქში ჩასვლას ვლადიკავკაზის, ზედა ლარსი – ყაზბეგის, შემდეგ კი ქართული სივრცის გავლით შემოგთავაზებთ, რომელიც რუკაზე უსახური რუხი ფერითაა გამოსახული.
უკანასკნელი ნავსაყუდელი
ჩერკესკი ერთი პატარა ქალაქია, რომელსაც 100 000-იანი მოსახლეობა ჰყავს და რომელშიც მე ბავშვობა გავატარე. აფხაზეთი ჩემთვის რომელიღაც საზღვაო კურორტი ან საახალწლო მანდარინების სამშობლო არასდროს ყოფილა- ზღაპრებიდან გადმოსული ადგილი იყო, სადაც დედაჩემი დაიბადა, სადაც დედაჩემის ბავშვობის, ბებიაჩემის ახალგაზრდობისდროინდელ, ურიცხვი ნათესავის ფოტოებზე ასახული ულამაზესი პეიზაჟები მეგულებოდა. ეს სამოთხე თითქოს ძალიან ახლოს იყო: ,,ამ მთების იქით აფხაზეთია”, - მეუბნებოდა ხოლმე ბებია და კავკასიონის დიდ ქედს მაჩვენებდა- მიმართულებას კი არა, თვით ამ მთებს, რომლებიც ჰორიზონტს კედელივით მიუყვებოდა- ის ქედი ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარე სოფლიდანაც კარგად მოჩანდა, რომელშიც ბებიაჩემი, პროფესიით სტომატოლოგი, ინსტიტუტიდან განაწილების შემდეგ აღმოჩნდა და იქ დიდხანს იცხოვრა.
ამიტომ კითხვა ,,როგორ მოხდა, რომ აფხაზეთისკენ მიმავალი გზა არ არსებობს?” ადრეულ ასაკშივე გამიჩნდა, მასზე პასუხს კი დროდადრო მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღებდი. მალე მივხვდი, რომ ის კითხვა უფროსებისთვის მტკივნეული იყო, საბჭოთა პერიოდში – ხიფათის შემცველიც კი. თუმცა, სკოლა სსრკ-ს დაისის წლებში დავამთავრე და სიმართლე მაინც შევიტყვე – ნაწილ-ნაწილ, მძიმე ლოდებად. სწორედ აფხაზეთის გამო დასმული ამ კითხვიდან გადამეშალა თანდათანობით რუსეთის იმპერიიდან ჩერქეზების და აბაზების გასახლების სურათი. მაშინ მოვისმინე იმათი დატირება (ჩერქეზულად ,,ღიბზა”), ვინც შავი ზღვის წყალმა დანთქა, ვინც თურქეთის ნაპირს მიაღწია და ვინც საკუთარ მიწაზე დარჩა. იმ წლებშივე წავიკითხე რუსი ოფიცრის მოგონებები, რომელსაც გულმა ვეღარ გაუძლო, როცა მშობლიურ ფსხუს ველებთან ჩემი წინაპრების გამომშვიდობების სცენას შეესწრო: ისინი საკუთარი მიწებიდან აყარეს და ზოგს ოსმალეთში უკრეს თავი, ზოგს – ჩრდილოეთ კავკასიაში. მაშინ იყო, რომ ეს გზა, რომელიც ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა გაიყვანეს, მაგრამ ცარისტულ რუსეთში თუ საბჭოთა წლებში გაუვალი გახდა, ჩემთვის იმ კოლონიალისტური რუსული პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ არასდროს დასრულებულა.
მერე იყო ქართულ-აფხაზური ომი. მან ორივე მხარისათვის ბევრი სიმართლე გააშიშვლა. მაგრამ პატარა ჩერკესკში, ისევე, როგორც ბევრგან ჩრდილოეთ კავკასიაში, სხვა სიმართლე გახდა ხილული. თურმე იქ, მთების მიღმა, დიდი ადიღურ-აფხაზური სამყაროს უკანასკნელი ნაშთები დარჩენილიყო. თურმე ხსოვნა ამ უკანასკნელი ანკვლავის შესახებ, საზარელი ადიღურ-აფხაზური ტრაგედიის შესახებ არ დაკარგულა, ყველაფრის მიუხედავად, თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ოდესღაც ზღვის ხალხი ახლა უკანასკნელ ნავსაყუდელს კარგავდა.
ჩინური კედლით შემოსაზღვრული
აფხაზური იზოლაციონიზმი სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, მისი გაგება ძალიან ადვილია. თუკი გაცილებით მრავალრიცხოვანი ქართველი ერის წარმომადგენლისგან შეიძლება გაიგონო ფრაზა ,,ჩემი საცოდავი, პატარა საქართველო, რა მეზობელი გვერგო!” მაშინ გასაგები გახდება, რომ აფხაზების მიდრეკილება იზოლაციონიზმისკენ თითქმის გარდაუვალი იყო. დღეს აფხაზეთი პატარა, ომით კონსოლიდირებული საზოგადოებაა, რომელიც თავს იმის ფუფუნებას ვერ აძლევს, სიტუაციას განზოგადოებული ხედვით ადევნოს თვალი.
აფხაზეთის თითქმის ყველა მკვიდრისთვის (ალბათ, გალის რაიონის ქვედა ზონის ქართული მოსახლეობის გარდა) ჯერაც შესაძლო ომი, საქართველოსთან ძალადობრივი რეინტეგრაციის პერსპექტივა მხოლოდ ნაციონალური პროექტის კრახს კი არა, ყოველივე პიროვნულის, ინდივიდუალურისა თუ მამა-პაპისეულის, ცხოვრებისეული გზის კრახს მოასწავებს.
საქართველოს ბევრ მოქალაქეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აფხაზეთის შესახებ წარმოდგენა თითქმის არ აქვს ან, ალბათ, ხანგრძლივი, ერთობ წინააღმდეგობრივი პროპაგანდით აქვს ჩამოყალიბებული. ყველაზე ხშირად იმის მოწმე ვხდები, რამდენად არ ესმით ქართველებს აფხაზური საზოგადოების კონსოლიდირებულობის ხარისხი საქართველოსთან მიმართებით. ამ განცდას ყველაზე ლაკონური და ხატოვანი განსაზღვრება, მგონი ერთმა ცნობილმა ქართველმა ბლოგერმა მოუძებნა, რომელიც ინტერნეტში აფხაზებთან ხშირად ურთიერთობს. როგორც ჩანს, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, მან ერთხელ დაწერა: ხვალ რომ ანქვაბი ტელევიზიით გამოვიდეს და განაცხადოს, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში ბრუნდებაო, პირველი ის ოპერატორი ესვრის, რომელიც კამერის უკან იდგებაო (ციტატა არაზუსტია, ისე ვწერ, როგორც დამამხსოვრდა).
და კიდევ ერთი მცირე ჩანახატი. ომის შემდგომ წლებში აფხაზი ჟურნალისტების ერთ-ერთი პირველი სტუმრობა იყო საქართველოში, როცა პატარა კაზუსი მოხდა. აფხაზები დევნილებთან მიიყვანეს, სადაც უფროსებთან ერთად ბავშვებიც იყვნენ. ერთმა აფხაზმა ჟურნალისტმა პატარა გოგონას ჰკითხა: ,,აფხაზეთში რომ დაბრუნდე, იმეგობრებ აფხაზ ბავშვებთან?” ბავშვმა ალალად გაიკვირვა: ,,აქ რომ აღარ დაგვხვდებიან? ყველანი გაიქცევიან.” ეს ამბავი საერთო ნაცნობის პირით მაქვს მოსმენილი, მაგრამ აქ ის კი არაა მთავარი, რამდენად შესაბამება მისი ნაამბობი სიმართლეს - სურათი აფხაზების იმ წარმოდგენას შეესაბამება, რომელიც მათ საქართველოსთან რეინტეგრაციის ჰიპოთეტურ შედეგებზე აქვთ. შენც, ქართველო მკითხველო, ალბათ იცნობ საქართველოს ისეთ მოქალაქეს, რომლის წარმოდგენებსაც ასახავს ეს ამბავი.
ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ენგურის ხაზის გასწვრივ ,,ჩინური კედლის” აგება, ჩრდილოეთ კავკასიისკენ (სალაფიტების და ბანდიტების გადმოსვლის ხიფათი) მიმავალ გზაზე უარისთქმა, უცხოელებისთვის- პირველ რიგში, რუსეთისთვის, რომელიც ძალიან მალე ,,გადაყლაპავს” პატარა რესპუბლიკას- უძრავი ქონების ბაზრის გაუხსნელობა დღევანდელი აფხაზეთის რიგითი მკვიდრის ჩვეულებრივი სურვილებია.
გლობალური მსოფლიო
მიჭირს ზუსტად თქმა, აფხაზეთის რამდენი მაცხოვრებელი იზიარებს ამგვარ იზოლაციონისტურ განწყობას, თუმცა, სოხუმის მკვიდრთა შორის ,,ეხო კავკაზას” მიერ მოწყობილი გამოკითხვები მოწმობს, რომ- საკმაოდ ბევრი. ეგრეთ წოდებული მოჰაჯირების (ე.წ. – იმიტომ, რომ ,,მაჰაჯირი” საკუთარი ნებით გასახლებულს ნიშნავს) შთამომავალთა დაბრუნების თაობაზეც კი დაიკარგა ადრინდელი ერთსულოვნება- აქ მუსლიმების შიშიცაა გარეული, უცხო კულტურის მიმართ სიფრთხილეც და ა.შ. შესაძლოა, ამგვარი იზოლაციონისტები საზოგადოების უმეტეს ნაწილსაც შეადგენდნენ- ეს თუ გაამართლებს აფხაზეთის ხელისუფლების პოლიტიკას დემოკრატიის ნორმების დაცვის თვალსაზრისით.
სხვა საქმეა, რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკა რეალობის მოთხოვნებს. აფხაზეთი გლობალური მსოფლიოს ნაწილია, რეგიონის ნაწილი, და იმ გლობალურ მეზობლებს, რომელთაც სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესები გააჩნიათ, ვერსად გაექცევა. უკვე დღეს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთი აშკარა ინტერესით უყურებს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის პერსპექტივებს. მას მერე, რაც რეინტეგრაციის მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის განახლების საკითხი წამოჭრა, რუსეთის, სომხეთის, და, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ინტერესი მხოლოდ გაძლიერდა. ამ პირობებში გამაოგნებელი პოლიტიკური მოუქნელობა იქნება, თუკი აფხაზეთის გავლით თუნდაც სატვირთო გადაზიდვების აღდგენას მთელი პრინციპულობით დაუკავშირებ იმ საკითხს, აღიარებს თუ არა საქართველო აფხაზეთს.
აფხაზეთს გავლენის მნიშვნელოვან რესურსებს სხვა მიმართულებით (ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ, თურქული და ახლოაღმოსავლური დიასპორებისადმი) გამოვლენილი იზოლაციონიზმიც აკარგვინებს. ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება ბოლოს ის მოიტანოს, რომ აფხაზეთის ბედს ისევ მსხვილი მოთამაშეები, მისი მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტენ.
P.S. ამ მასალის გამოგზავნამდე რამდენიმე წუთით ადრე აფხაზეთიდან ჩვენი კორესპონდენტის შეტყობინება მივიღე. რკინიგზის საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასთან, რომელიც მეოთხე რუსულ-აფხაზური საქმიანი ფორუმის ფორმატში ტარდებოდა, რუსმა მოხელემ დამსწრეთ შეატყობინა, რომ პროექტი ,,ჩერკესკი-სოხუმი” დეტალური განხილვისათვის მზადაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ კრისტინა ოზგანს მისთვის არ უპასუხია.