ქალაქში მოხეტიალე კაცის ჩანაწერები
გუშინ, უკვე საკმაოდ გვიან იყო, სიონის მიდამოებში ვსეირნობდი და პირველად მოვკარი თვალი ავლაბრის რეზიდენციას გარე განათების გარეშე.
პირდაპირ ვიტყვი, პირველი რეაქცია ბუნდოვნად უსიამოვნო შეგრძნება იყო. ეს უსინათლობა გამოვლილი მოქალაქისთვის, ბუნებრივიცაა მაგრამ მეორეს მხრივ დღეს, როდესაც ქალაქებში ელექტროენერგიის მდგრადად გამოყენების თემა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, საინტერესოა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ, თბილისელებს, ისეთ ქალაქთან ურთიერთობა, რომელიც ელექტროენერგიის მოხმარების რეგულაციებსაა დამორჩილებული.
სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი შემხედვარე, ვერც კი წარმომიდგენია თუ როდის შეიძლება ყველაფერი ეს მოხდეს, რადგანაც, თუნდაც ავლაბრის რეზიდენციის შემთხვევაში, თბილისელების კომენტარებს თუ გადაავლებთ თვალს სოციალურ ქსელებში ადვილად შეამჩნევთ, რომ კომენტატორების 99% მხოლოდ იმაზე იწუხებს თავს უნდა გაეთიშათ თუ არა პრეზიდენტისთვის (ან, თვითონ გაეთიშა) ელექტროენერგია, პლუს ყველაფერი ის წყალი, რაც ასეთ ლაპარაკს მოყვება ხოლმე. ყოველი შემთხვევისათვის პირადად მე სხვას იქ ვერაფერს გადავაწყდი, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ თბილისელების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მუნიციპალური ხელისუფლებისგან ან ზოგადად “მთავრობისაგან” ველით ქმედებებს და საერთოდ არ ვფიქრობთ საკუთარ ძალისხმევაზე ამ მიმართულებით.
მართლაც, ქალაქის ქუჩებს და სხვადასხვა, სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში მყოფ შენობებს დროებით რომ შევეშვათ და თბილისელების ბინებში შევიხედოთ, თავში არც კი მოგვივა ამ ქალაქის მოსახლეობას დენის ტარიფი უმოწყალოდ გაზრდილი რომ ჰგონია. ვერც იმას მივხვდებით თბილისელების უმრავლესობა “საარსებო მინიმუმის ზღვარს დაბლა” რომ იმყოფება. თუ ჩემი არ გჯერავთ, გამომყევით სასეირნოდ ღამის თბილისში (ან უჩემოდ გაისეირნეთ) და ადვილად დარწმუნდებით ამაში. სასწრაფოდ დავამატებ იმასაც, რომ მათგან, ვისთვისაც საკუთარ ბინებში ელექტოენერგიის ეკონომიის პრაქტიკა უცნობი არაა, შენიშვნებს ვერ მივიღებ, რადგანაც ისინი შემაშფოთებლად უმცირესობაში იმყოფებიან.
მეორე მხრივ, თუ თავს შეიწუხებ და მსოფლიოს ქალაქებში ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარების დირექტივებს თუნდაც ზერელედ გადაავლებ თვალს, ისე შეშინდები, რომ ან საერთოდ გათიშავ ელექტროენერგიას სახლში, ან კიდევ კიდევ უფრო დაუნდობლად გააგრძელებ ელექტროენერგიის მოხმარებას. მართლაც, ეს ძალიან რთული და ჩახლართული საკითხია და ყველა ქალაქი საკუთარ კონცეფციაზე დაყრდნობით ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას.
არ მოვიტყუები, მე ნამდვილად არ ვარ ღრმად ჩახედული იმაში, თუ როგორია ქალაქ თბილისის მუნიციპალური სამსახურის დღევანდელი ან მომავალი ხედვა ქალაქში ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარების თაობაზე, მაგრამ ფაქტია ის, რომ თვითონ თბილისელები ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ ან ვმსჯელობთ, არადა, მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა ყველაზე მთავარი. მრავალწლიანი ბნელი წლების შემდეგ ჩვენ თითქოს ავტომატურად დავიმსახურეთ განათებული ქუჩები, ბინები, შენობები, ზოგადად, განათებული ქალაქი, მაგრამ ნათელია ისიც, რომ ეს ბედნიერი “სტოპ კადრი” სულ ასე ვერ გაგრძელდება. ქალაქს ესაჭიროება ძალიან მკაფიო და მოქნილი კონცეფცია ელექტროენერგიის მდგრადი გამოყენების შესახებ და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად უფრო აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლის პირობებია საჭირო. მხოლოდ ასე თუ გახდება შესაძლებელი ჩვენივე ცნობიერების ამაღლება, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმასაც, რომ ადრე თუ გვიან მოვახერხებთ სხვადასხვა მოვლენების შეფასებისთვის აუცილებელი რაკურსის გამდიდრებას კონკრეტულად ქალაქთან და ქალაქში თანაარსებობასთან მიმართებაში თუ უფრო ზოგადად.
ვაღიარებ, ეს ძალიან მოსაწყენი რეალობა იქნება და ერთადერთი დამამშვიდებელი რამ, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ასე მხოლოდ ჩვენთან არაა. უკვე დიდი ხანია მსოფლიომ შეაბიჯა მოსაწყენი ქმედებების ველში, რაც თვითგადარჩენის რეჟიმში არსებობას მოქვს და ამას ვერავინ წაუყურადებს. დღეს საკითხი ისე კი არ დგას “ჩავუქროთ მიშას (გრიშას, ბიძინას, ა.შ) სინათლე თუ არა” არამედ “ჩავიქროთ თუ არა სინათლე” ჩვენ. ამაზე მოსაწყენი პირადად მე არაფერი ვიცი, მაგრამ ვაღიარებ იმასაც, რომ თვითგადარჩენის პერიოდში შეძენილი უნარები თითოეული ჩვენთაგანის ზრდის საწინდარია. ზრდა კი, რამდენადაც ვხვდები, პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ყველაფერ დანარჩენთან ერთად შენ შეძლებისდაგვარად ობიექტურად (და არა მაინცდამიანც “სამართლიანად”) აფასებ შენივე შესაძლებლობებს და უღრან ტყეში გზის გაკვლევას ასე ცდილობ.
ისე კი, იდეალურ შემთხვევაში, მგონია, რომ პრეზიდენტის სასახლე, თუ ის საერთოდ არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში და ქალაქში, განათებული უნდა იყოს, მაგრამ იდეალური პირობების დრო წავიდა. სამწუხაროდ.