Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ დაიცავს გარემოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"

16 მარტი 2017

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებათა კანონპროექტის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაცემის პროცედურები ახლებურად რეგულირდება. არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ევროკავშირის დირექტივებს მეტწილად შეესაბამება, თუმცა არის ხარვეზებიც, რომლებიც „მწვანე ალტერნატივის“ შეფასებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან საერთო არაფერი აქვს.

მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, რომელიც გზშ-ის დაქვემდებარებული საქმიანობების მხოლოდ ერთ ჩამონათვალს მოიცავს, ახალი კოდექსის პროექტი საქმიანობათა ორ ჩამონათვალს ითვალისწინებს, რომლებიც ორ დანართშია გაწერილი.

პირველ დანართში  გაწერილი საქმიანობები გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ცალსახად ექვემდებარება, მეორე დანართში გაწერილი საქმიანობების შემთხვევაში კი გარკვეული პროცედურების შემდეგ გაირკვევა, საჭიროებს თუ არა საქმიანობა გზშ-ს.

შესაბამისი კოდექსის პროექტი 6 მარტს ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ფართოვდება იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც გზშ-ს ცალსახად ექვემდებარება. ასეთი იქნება მეტალურგიულ და ქიმიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობები, მაგალითად, ხმელეთიდან ან ზღვიდან ღიაკარიერული თუ შახტური წესით წიაღის მოპოვება.

გზშ-ს დაექვემდებარება ისეთი საქმიანობები, რომლებიც ძლიერი დამაბინძურებლების კატეგორიას მიეკუთვნება, მაგ: მეფრინველეობა, მეღორეობა, მესაქონლეობა [მასშტაბების მიხედვით], რაც მოქმედი კანონმდებლობით არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

„გზშ-ს ასევე დაექვემდებარება საქმიანობები ქაღალდისა და მუყაოს წარმოების სფეროში. სიახლეა ასევე ალაოსა და ლუდის წარმოება, საკონდიტრო წარმოება და ყველა ის წარმოება, რომელმაც შესაძლოა პოტენციურად საფრთხე შეუქმნას ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას, წყლის დაბინძურებას და, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ამდენად, პროექტის თანახმად, გზშ-ს დაექვემდებარება ყველა ის საქმიანობა (მასშტაბისა და კატეგორიის მიხედვით), რომელიც მნიშნელოვან ზემოქმედებას ახდენს გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

კიდევ ერთი მნიშნელოვანი ცვლილება, რომელიც კოდექსს შემოაქვს, არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და საჯარო განხილვების მოწყობის ვალდებულება დაეკისრება არა საქმიანობის განმახორციელებელს, არამედ სამინისტროს.

ამდენად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურა შემდეგი ეტაპების გავლით წარიმართება: საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენა; საჯარო განხილვის მოწყობა სამინიტროს მიერ; და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა.

მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტების შეფასებას გარემოსდაცვითი კუთხით, ამდენად, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც პროექტს შემოაქვს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებაა. მისი მიზანია, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისას მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ის რისკები, რომლებიც  შესაძლებელია მოჰყვეს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებას გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობის შელახვის თვალსაზრისით.

რეგრესი კანონმდებლობაში

მაია ბითაძის თქმით, გზშ-ის რეგულირების სფეროში საქართველოში კანონმდებლობა 1997 წლიდან მოქმედებს, თუმცა გარემოს დაცვის სფეროში დერეგულაციის მთელმა ტალღამ გამოიწვია ის, რომ მთელი რიგი მნიშნელოვანი საქმიანობებისა აღარ დაექვემდებარა გზშ-ის მექანიზმს.

„ამით, ერთი მხრივ, დაირღვა საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ორჰუსის კონვენციით გვაქვს ნაკისრი, მეორე მხრივ - მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორი. ისეთ მნიშვნელოვანი საქმიანობების სფეროში, როგორიცაა, მაგალითად, წიაღისეულის მოპოვება, გაუქმდა გზშ-თი დადგენილი პირობების შესრულების ვალდებულება, რამაც კანონმდებლობის აღსრულების თვალსაზრისით კომპანიები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო“,  - თქვა კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ.

„მწვანე ალტერნატივის“ მიერ 2016 წლის იანვარში შემუშავებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტში - „საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან დაახლოების გამოწვევები“ -  აღნიშნულია, რომ 1996-2005 წლებში მოქმედი გზშ-ის სისტემა ბევრად უფრო შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებს, ვიდრე 2005 წლის რეფორმების შედეგად შექმნილი გზშ-ის სისტემა, რომელიც დღემდე მოქმედებს.

კერძოდ, ამ დოკუმენტის თანახმად, 2005-2006 წლების შედეგად, გზშ-ს აღარ ექვემდებარება ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო და კვების, ხე-ტყის გადამამუშავებელი, ქაღალდის, ტყავის და საფეიქრო წარმოება და სხვა საქმიანობები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას აღარ ექვემდებარება.

როგორ რეგულირდება ახალი პროექტით გზშ-ის გაცემის პროცედურა

იმ შემთხვევაში, თუკი საქმიანობა პირველ დანართში ხვდება, იგი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ცალსახად ექვემდებარება; ხოლო, თუ ის მეორე დანართშია, მან სკრინინგის პროცედურა უნდა გაიაროს, რის შემდეგაც გაირკვევა, საჭიროებს თუ არა იგი გზშ-ს.

სკრინინგის ეტაპზე კომპანია სამინისტროს აწვდის ინფორმაციას თავისი საქმიანობის, ადგილმდებარეობის, მახასიათებლებისა და გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის შესახებ, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი 10-15  დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის გზშ-სადმი დაქვემდებარების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუკი სკრინინგით გამოვლინდა, რომ საქმიანობა გზშ-ს ექვემდებარება, იწყება სკოპინგის პროცედურა, რომელიც გზშ-ის პროცედურის პირველი ეტაპია. მისი მიზანია, განისაზღვროს იმ ინფორმაციისა და კვლევების ჩატარების ფარგლები, რომელთა საფუძველზეც უნდა მომზადდეს გზშ-ის ანგარიში.

სკოპინგის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: სკოპინგის ანგარიშის წარდგენა საქმიანობის განმახორციელებლის მიერ; საჯარო განხილვის მოწყობა სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით და სამინიტროს მიერ სკოპინგის დასკვნის გაცემა. პროცედურა ხორციელდება 26-30 დღის განმავლობაში.

პროექტის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელს, თუკი მან წინასწარ იცის, რომ საქმიანობა დაექვემდებარება გზშ-ს, დროის დაზოგვის მიზნით მას საშუალება ეძლევა, გააერთიანოს სკრინინგისა და სკოპინგის განცხადებები და წარადგინოს ერთიანი განცხადება მეორე დანართში მითითებული საქმიანობისათვის.

სამინიტრო ექსპერტიზის, საზოგადოების შენიშვნებისა და მოსაზრებების, და საკუთარი შეფასების საფუძველზე გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას გასცემს. გადაწყვეტილებით განისაზღვრება ის პირობები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საქმიანობის განხორციელების ეტაპზე.

პროექტის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან გათავისუფლება შესაძლებელია იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

რა შეიცვლება გზშ-მომზადების წესში?

გარემოს დაცვის სამინისტრო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს ამზადებენ, სერტიფიცირების სისტემის შემოღებას გეგმავს.

როგორც მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, საქმიანობის განმახორციელებელი პირები გზშ-ის დოკუმენტს იმ კომპანიებს უკვეთავენ, რომლებიც არც სერტიფიცირებული არიან და ავტორიზაციაც არ აქვთ გავლილი.

„გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა კომპანია მეორე კომპანიის დოკუმენტს აკოპირებს და სრულიად უვარგისი დოკუმენტი შემოაქვთ. ვწერთ შენიშვნებს და ხშირად ვეუბნებით, რომ თავიდან არის დასაწერი, რადგან დოკუმენტი უვარგისია. ყოფილა შემთხვევა, რომ საქმიანობა კახეთში ხორციელდება და დოკუმენტში აჭარაა მითითებული, რადგან დოკუმენტი დაკოპირებულია. ვფიქრობთ, რომ კანონის აღსრულების პარალელურად კომპანიებისთვის შემოვიტანთ სერტიფიცირების სისტემას“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

როგორ დარეგულირდება გზშ-არმქონე „მიმდინარე საქმიანობები“

კანონპროექტი მიმდინარე საქმიანობების გაგრძელების შესახებ გადაწყვტილების პროცედურას ითვალისწინებს, რაც, „მწვანე ალტერნატივის“ შეფასებით, მოცემული სახით, ფაქტობრივად უკანონო საქმიანობების ლეგალიზების მექანიზმია.

პროექტის თანახმად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კომპანიამ სამინისტროს უნდა წარუდგინოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში და მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი (რომელსაც, სამინისტროში დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული კომისია შეამოწმებს და მინისტრს რეკომენდაციის სახით წარუდგენს).

მიმდინარე საქმიანობები, რომლებმაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ვერ მოიპოვეს, გარკვეულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას საჭიროებენ. სამინისტროს განმარტებით, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული, 2015 წლის 1 ივნისამდე დაწყებული საქმიანობების განმახორციელებლებმა,  რომლებსაც არ აქვთ მოპოვებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად, სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 1 ივნისამდე უნდა მიმართონ.

„უნდა აღინიშნოს, რომ, ე.წ. გარდამავალი პერიოდის გეგმების შემოღება ევროპის ქვეყნებშიც ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მისი მიზანია ეტაპობრივად უკვე არსებული საქმიანობების გარემოსდაცვით ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების რეგულაციების მიღებამდე ამოქმედდა, საჭირო გახდა გარკვეული ქმედითი სამართლებრივი რეგულაციების შემოღება. სწორედ ამ მიზნით, მიღებულ იქნა 2001 წლის 19 მარტის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეგულაცია ეკომენეჯმენტისა და აუდიტის გარდამავალი გეგმა - გრაფიკების შემოღების შესახებ“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

„მწვანე ალტერნატივაში“ მიიჩნევენ, რომ ახალი ტიპის ნებართვა უკანონო საქმიანობის ლეგალიზებისთვის გაიცემა, რათა საწარმომ, რომელიც უკანონოდ ფუნქციონირებს, მისთვის ხელსაყრელი ვადით სამინისტროსთან მოლაპარაკების საფუძველზე „ლეგალურად“ ფუნქციონირების გაგრძელება შეძლოს.

„ნებართვით დადგენილი პირობების სრულად და დროულად შესრულების შემთხვევაში, მიმდინარე საქმიანობის განმახორციელებელს ეძლევა უფლება, მიმართოს სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელმა მაინც უნდა ჩაატაროს გზშ და ნებართვის მოსაპოვებლად სამინისტროში გზშ-ის ანგარიში წარადგინოს. ეს მოთხოვნა კვლავ აზრს მოკლებულია, ვინაიდან გზშ დაგეგმილი და არა მიმდინარე საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დამხმარე ინსტრუმენტია“, - აცხადებენ „მწვანე ალტერნატივაში“.

ორგანიზაციის წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ კოდექსის პროექტი არ იძლევა განმარტებას, თუ ვის შეეხება კონკრეტულად მიმდინარე საქმიანობების შესახებ ქვეთავი. მისი თქმით, ამ საკითხით ის დეპუტატებიც უნდა დაინტერესდნენ, რომლებიც პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ორგანიზებით მომზადებული კვლევის - „როგორ ვაიძულოთ პრივილეგირებული საწარმოები, შეასრულონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნები" - ფარგლებში ქეთი გუჯარაიძის მიერ 2016 წლის ოქტომბერში მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის აღნიშნულ პროექტს აფასებს, ნათქვამია, რომ „ეს ნორმები უეჭველად გამოიყენება საბჭოთა პერიოდიდან მომუშავე მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოების მიმართ, რომელთაც 25 წელიწადზე მეტი დრო ჰქონდათ თავიანთი საქმიანობის თანამედროვე (ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან დღემდე მიღებულ) ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეს საწარმოები ბოლო 25 წლის განმავლობაში მუდმივად იყვნენ ამოფარებული კანონმდებლობასთან მათი საქმიანობის შესაბამობაში მოყვანისთვის დადგენილ ვადებს (რომლებიც მუდმივად ვადდებოდა), ანდა იხდიდნენ ჯარიმებს და კვლავ აგრძელებდნენ ფუნქციონირებას. კანონპროექტით გათვალისწინებული უკანონო საქმიანობის ლეგალიზების ეს მექანიზმი ასეთ საწარმოებს კვლავ მისცემს საშუალებას, უსასრულოდ გააგრძელონ საქმიანობა ისე, რომ კვლავაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ გარემოსა და მათი საქმიანობის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ადგილობრივ მოსახლეობას“.

დოკუმენტში გუჯარაიძე აღნიშნავს, რომ „მწვანე ალტერნატივამ“ მიმართა სამინისტროს, მოეწოდებინა ინფორმაცია საწარმოების/კომპანიების შესახებ, რომლებიც საქმიანობის გასაგრძელებლად ვალდებული იქნებიან, მოიპოვონ „მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ“ გადაწყვეტილება.

„სამინისტროს პასუხით შემდეგი სურათი გამოიკვეთა: სულ „მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ“ გადაწყვეტილება მოსაპოვებელი აქვს ამჟამად მოქმედ 34 საწარმოს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ამ კომპანიებიდან მხოლოდ ექვსი ფუნქციონირებს 1990-იანი წლებიდან; 13-მა 2010-2015 წლებში დაიწყო ოპერირება; დანარჩენი 12 კომპანია 2000-2010 წლებში დარეგისტრირდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რა გეგმები აქვს სამინისტროს მიმდინარე საქმიანობების რეგულირებასთან დაკავშირებით

გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი თამარ შარაშიძე „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, თავდაპირველად სამინისტრო გეგმავდა, გზშ-ის არმქონე საქმიანობებისთვის ფუნქციონირების გასაგრძელებლად გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღების წინაპირობა დაედგინა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გეგმები შეიცვალა.

მისი თქმით,  იმ ობიექტებს, რომლებმაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაიწყეს ფუნქციონირება, 2007 წელს (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ) დაევალათ, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა 2009 წლის იანვრამდე აეღოთ. თუმცა, ამ თარიღმა 2010 წლის იანვრამდე გადაიწია.

მისი განმარტებით, ამ პერიოდში სამინისტროს შესაბამისი ნებართვის ასაღებად უამრავმა ობიექტმა მიმართა, თუმცა შემდგომ გამოვლინდნენ ნებართვის არმქონე ისეთი მნიშნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: რკინიგზა, გზები, გაზსადანები, რომელთა საქმიანობის შეჩერებაც პრობლემური იქნებოდა, ამიტომ სამინისტრომ ეკოლოგიური აუდიტის შემოღება გადაწყვიტა. 

„ეს რეგულაცია 2015 წლიდან მოქმედებს და საქმიანობის განმახორციელებელს ვალდებულება აქვს, 2017 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს ეკოლოგიური აუდიტის დასკვნა. აუდიტის დასკვნას თან უნდა ახლდეს მდგომარეობის გამოსწორების გეგმა-გრაფიკი, თუ რა ვადებში გეგმავს სიტუაციის გამოსწორებას და ნებართვის აღებას საქმიანობის განმახორციელებელი. ასეთ ობიექტებს შორის მოხვდა არამხოლოდ პატარა საწარმოები, არამედ კომუნისტების დროს გაყვანილი გაზსადენები, რკინიგზა, რომელიც გარემოსდაცვით რეგულაციამდე აშენდა. ასეთ ობიექტებს ვერ შევაჩერებთ. მათ შორის არის ზესტაფონის ფერადშენადნობთა ქარხანა, რომელსაც სოციალური კონტექსტიც ებმის“, - ამბობს შარაშიძე.

მისი განმარტებით, ვინაიდან რიგი საქმიანობების დაუყოვნებლივ შეჩერება არ გამოდის, ეს პრინციპი, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტშიც არის გათვალისწინებული, ცდილობს, უკვე მიმდინარე საქმიანობები კანონის ფარგლებში მოაქციოს.

„ეკოლოგიური აუდიტის დასკვნა დამოუკიდებელ ექსპერტთა შემოწმებას გადის და დამატებით პირობებს ადგენს. არა მგონია, ამ ფორმის შემოღებით რამეს ვაშავებდეთ. ზედამხედველობის დეპარტამენტს მეტი უფლებამოსილება ექნება, შევიდეს ობიექტზე და შეამოწმოს მდგომარეობა. ობიექტი არ თავისუფლდება ზიანის დათვლისგან“, - ამბობს შარაშიძე.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ სამინისტრომ მიმდინარე საქმიანობის განმახორციელებელს ეკოლოგიური აუდიტის წარდგენის შემდეგ საქმიანობის გაგრძელებაზე უარი უთხრას, შარაშიძე პასუხობს, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ასეთი შემთხვევა აქამდე არ გამოვლენილა.

მისივე განმარტებით, სამინისტრო უკვე იწყებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ახალი რეგულაციების დანერგვაზე მუშაობას, რომლებიც ეკოლოგიური აუდიტის ფუნქციებთან მიახლოებულია და რომლებიც 2021 წლისთვის უნდა ამოქმედდეს.

ეს რეგულაციები ინტეგრირებული ნებართვებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ დირექტივებია, რომლებიც ადგენს, რომ დადგენილ სტანდარტებთან მისაახლოებლად ობიექტებმა ტექნიკური გადაიარაღება უნდა გააკეთონ.

თამარ შარაშიძე განმარტავს, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში მიმდინარე საქმიანობების ეკოლოგიურ აუდიტზე დაქვემდებარება ასოცირების შეთანხმებით არ არის ნაკარნახევი. მისივე თქმით, წელიწადნახევარში, ახალ რეგულაციებზე მუშაობისას უცხოელ ექპერტებთან კონსულტაციის შედეგად გამოჩნდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო: უნდა დაუქვემდებაროს თუ არა ასეთი საქმიანობები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვას.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^