ჟურნალისტები მეცხრე არხის შესახებ
ირაკლი აბსანძე
“მეცხრე არხის” რეგიონული ახალი ამბების ყოფილი პროდიუსერი
“მეცხრე არხის” რეორგანიზაციის პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა. ცხადია, მფლობელს მენჯემენტის ცვლილების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ როცა პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრია ტელევიზიის მფლობელი და საზოგადოებასთან სხვა ხარისხის ანგარიშვალდებულება არსებობს, გადაწყვეტილების მიღებისას სხვა დონის გამჭვირვალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
მას მერე, რაც ახალმა ხელმძღვანელმა სერიოზული განცხადებები გააკეთა სხვადასხვა ეთერში და თათბირებზე, და ივანიშვილიც აცხადებს, რომ “მეცხრე არხზე” ყველაფერი რიგზეა, მივიჩნევ, რომ ამ პროცესს უნდა გავემიჯნო. უეცრად ვიგებთ იმასაც, რომ არხი საერთო მაუწყებლად უნდა გადაიქცეს. არ ვიცი, რამდენად შენარჩუნდება ინფორმაციის ის ხარისხი, რაც აქამდე გვქონდა, ასევე არ ვიცი, რამდენად იქნება აცილებული პოლიტიკური წნეხი, ამ დროის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მფლობელის მხრიდან ვინმე ჩარეულიყო გადაწყვეტილები მიღების პროცესში.
ქალბატონ ლუბასთან ადრეც მქონდა უთანხმოება ერთ-ერთი რეპორტაჟის შესახებ, მას ეს რეპორტაჟი არ მოსწონდა, მე ვთვლიდი, რომ ის სტანდარტების მიხედვით იყო გაკეთებული.
ვფიქრობ, მე და ქალბატონი ლუბა სხვადასხვა ჟურნალისტიკას ვაკეთებთ და რადგან მენეჯმენტის წარმომადგენელი ვარ და უნდა მქონდეს პირადი ურთიერთობა მასთან, უმჯობესად მივიჩნიე, პროცესს გავმიჯნოდი.
თანამშრომლებს არ გვქონდა ინფორმაცია არც მენეჯმენტისგან, არც მფლობელებისგან, გადაწყვეტილებების და ინციატივების შესახებ საჯარო განცხადებებით ვიგებდით. ვერ მოვახერხეთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის აბსოლუტურად ენდობა ლუბა ელიაშვილს და სჯერა, რომ ის პროცესს ტელეკომპანიის სასიკეთოდ წარმართავს.
არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვხედავ საფრთხეს, რომ ლუბა ელიაშვილი შეეცდება ტელევიზიაში იმ სტანდარტის დამკვიდრებას, რაც “ინფო 9-ზე” იყო, რადგან ის “ინფო 9-ს” ხელმძღვანელობდა. ეს სტანდარტი კი არის შორს ჟურნალისტური სტანდარტისგან. ქალბატონი ლუბა ამბობს, რომ ის იყო წარმატებული და რეიტინგული მედიასაშუალება და თუ შეეცდება ასეთივე “რეიტინგული ” და “წარმატებული” გახადოს “მეცხრე არხიც”, არ მინდა ამ “წარმატებაში” მონაწილეობა მივიღო. ქალბატონი ლუბა უკვე დგას ნიუსრუმში და კითხულობს ეთერში გასასვლელი სიუჯეტების ჩამონათვალს, ეს ყველაფერი მიმძაფრებს ეჭვს, რომ ეს ადამიანი ჩაერევა ძალიან კონკრეტულად პოლიტიკის განხორციელებაში.
როდესაც საუბარია სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაზე, ვფიქრობ, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ეს საბჭო, მან გადაწყვიტოს, არხი საინფორმაციო იქნება, საერთო მაუწყებელი იქნება, გასართობი თუ სხვა. მან განსაზღვროს კონცეფცია და ამის შემდეგ უნდა დაინიშნოს გენერალური დირექტორი, რომელიც ამ იდეებს განახორციელებს. აქ პროცესი პირიქით წარიმართა.
ქალბატონმა ლუბამ უკვე დაიწყო თავისი იდეების განხორციელება და ახლა ვერ წარმომიდგენია რა როლი უნდა ჰქონდეს იმ საბჭოს, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ პოსტფაქტუმ დაიწყებს მუშაობას?
ცოტა უცნაურია, რა საჭირო იყო ასეთი ფორსმაჟორული გადაწყვეტილების მიღება, რატომ შეიცვალა მენეჯმენტი საბჭოს დაკომპლექტებამდე. ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, რაზეც პასუხი არ გვაქვს. ამ არხზე სწორედ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მოვედი. რაც შეეხებათ არხზე დარჩენილ ჟურნალისტებს, რომლებსაც მენეჯმენტთან საერთო არ აქვთ, პროტესტი ალბათ მაშინ უფრო გაუჩნდებათ, როდესაც უშუალოდ მათ მედიაპროდუქტში ჩაერევა ვინმე.
ნინო ჟიჟილაშვილი
ჟურნალისტი
სრულფასოვანი ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ მაინც არ გვაქვს. ვიცით, რომ შეიცვალა გენერალური დირექტორი, თუმცა, ყოფილმა დირექტორმა არ თქვა - თავისით მიდიოდა, ურჩიეს რომ წასულიყო თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს საკითხი კვლავ ბუნდოვანი დარჩა.
ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ განსაკუთრებული ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკაში არ იქნება, თუკი ეს ასეა, მაშინ ეს უბრალოდ მენეჯმენტის ცვლილებაა, რაც შეიძლება ბუნებრივი პროცესიც იყოს. აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ძალიან ბევრი ვერსია გამოჩნდა, რა ბედი შეიძლება ეწიოს ტელევიზიას. ამან დაძაბა ჟურნალისტებიც. ასეთ დროს ცხადია, ჯობს, რომ მეპატრონემ დაგდოს პატივი და გაგაგებინოს ზუსტად რას გიპირებს.
ვფიქრობ, რამდენიმე შეცდომით გადადგმულმა ნაბიჯმა ამ პროცესს ბუნდოვანება შემატა. შეცდომა იყო საჯარო მსჯელობა იმაზე, შეუერთდეს არხი საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ არა, იყოს სხვის მფლობელობაში, შეიქმნას საბჭო თუ სხვ. საჯაროდ უკვე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო და ეს გადაწყვეტილება სასურველი იყო ჯერ ჟურნალისტთა გუნდს სცოდნოდა. თუმცა დასაფასებელია, რომ გამოხმაურებებმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა მეპატრონეებს. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ რა ბედი ეწევა ამ არხს, რომელიც აქამდე დაკმაოდ წარმატებით მაუწყებლობდა.
საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო ლუბა ელიაშვილის ნათქვამში, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრება. ის ხომ აქამდეც მუშაობდა ამ არხზე და თუ აქამდე არ ერეოდა, ახლა რატომ უნდა ჩაერიოს ჟურნალისტების საქმიანობაში? თუმცა, ფაქტია, რომ პროცესი არაა გამჭვირვალე. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მხარისგან მეტ ღიაობას ვისურვებდი. ბევრი კითხვა მაქვს ჟურნალისტებთანაც: რატომ გააპროტესტეს ეს ყველაფერი, შეეხებოდა თუ არა ეს მათ ანაზღაურებას, კონტრაქტები გადაიხედებოდა თუ არა?
“ინფო 9”-ს და სხვა მედიასაშუალებებსაც, რომელთა კრიტიკის ობიექტი ყოფილი ხელისუფლება იყო, უჭირს იმ პოზიციაზე გადასვლა, რომ ახალი ობიექტები ჰყავდეს შესამოწმებლად და დასაბალანსებლად. ეს დილემაა დღეს მედიისთვის და იმედი მაქვს, რომ რაკიღა ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობის დიდი პერსპექტივა გაჩნდა, ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.
არხის მფლობელები გადაწყვეტენ, რა მოუხერხონ ტელევიზიას. ცხადია, სასურველია რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახს არ ეკუთვნოდეს საინფორმაციო მიმართულების მქონე არხი. ვნახოთ, ბოლომდე შეელევა თუ არა, რადგან ცდუნება ძალიან დიდია. მეორე მხარე ძალიან კარგად კონცენტრირდება და მობილიზდება კონკრეტულ ტელეკომპანიებში და არსად წასვლას არ აპირებს. თუმცა, იმედია პრემიერ-მინისტრი გაუძლებს ცდუნებას, თუკი მას უნდა რომ მართლაც ევროპისთვის გასაკვირი დემოკრატია შექმნას, როგორც ამას ხალხს ჰპირდებოდა.
გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მმართველობის ფორმას, დამოუკიდებლობის აბსოლუტური გარანტია არც უცხოელთა ხელში გადასვლა იქნება. გააჩნია რეალურად მოხდება მფლობელთა დისტანცირება თუ ფორმალურად. ამ პროცესს უნდა დაველოდოთ. თუ საბჭო ეცდება რეალურ დისტანცირებას, მეცხრე მაინც ვერ მოიშორებს იარლიყს, რომ ის პრემიერ-მინისტრის არხია. თუ აქციები ჟურნალისტებს გადაეცემათ, აქაც მუდამ იქნება რისკი, რომ შეიძლება აქცია დიანტერესებულ პირზე გადაიყიდოს. რისკი ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს. მთავარი პოლიტიკური ნებაა.
ია ანთაძე
ჟურნალისტი
ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით, რატომ გახდა “მეცხრე არხზე” ცვლილებები აუცილებელი მაშინ, როცა რეორგანიზაცია მზადდებოდა ძველი ხელმძღვანელობის მხრიდან, როცა დღე-დღეზე ახალ ოფისში გადადიოდნენ, სამაუწყებლო ბადე ისედაც თავიდან იგეგმებოდა.
“მეცხრე არხი” და “ინფო-9” არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნა და როგორც ჩანს, ორივე ორგანიზაცია საკმაო ტვირთად დააწვა პრემიერ-მინისტრს. ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ აღარ უნდა “მეცხრე არხი” მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში იყოს. პარალელურად არსებობდა საკმაოდ დიდი “ინფო-9”. ადვილად არც მისი დახურვა გამოდიოდა, არადა, თავისი ნიშა დაკარგა. ვფიქრობ, “მეცხრე არხი” და “ინფო-9” დროთა განმავლობაში შეერწყმებიან ერთმანეთს. ჯერ კი შეკითხვა უფრო ბევრია, ვიდრე პასუხი.
რა თქმა უნდა, პოზიტიურია, რომ ივანიშვილი ცდილობს არხის განსაზოგადოებრიობა მოახდინოს, მაგრამ ეს იმგვარად უნდა მოხდეს, რომ თვითონ ტელევიზია არ დაზარალდეს. თუმცა, უნდა ითქვას და ამას გაეროს მონიტორინგიც აჩვენებდა, რომ ტელევიზია არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა პროპაგანდისტული.
მფლობელობასთან ერთად დაფინანსების საკითხიც მნიშვნელოვანია. მაგრამ მთავარი ჩემთვის მაინც ის არის, რომ არხმა მოახერხა ჟურნალისტების ძლიერი გუნდის შემოკრება თბილისშიც და რეგიონებშიც. თუ ამ გუნდის დიდი ნაწილი ტელევიზიას დატოვებს, ეს პირდაპირ აისახება ტელევიზიის შინაარსსა და ხარისხზე.
თუ სარედაქციო დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დადგება ან ჟურნალისტებს ახალ ხელმძღვანელთან აშკარა შეუთავსებლობა ექნებათ, ეს ძალიან ცუდი იქნება. ერთი მხრივ, ეს კერძო ტელევიზიაა და თითქოს ვერ ჩავერევით, მაგრამ ის იზოლირებული არაა და ეს ყველაფერი მედიაგარემოზეც აისახება. ყველაზე დიდ კითხვას ის აჩენს, რომ ჟურნალისტები საქმის კურსში არ იყვნენ.
პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა. ამ სისწრაფეში გამორიცხული არაა, რომ ტელევიზიისთვის არცთუ სასარგებლო პროცესი განვითარდეს. კარგი იქნება თუ საშუალება ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან მედიაგარემოს გაკეთილშობილების საქმეში, ინფორმაციაზე ხელი მეტად მიუწვდებოდეთ. გარდამავალი პერიოდი უნდა ჩატარდეს პასუხისმგებლობით და მისი დასრულების შემდეგ უკვე ყველაფერი უკეთ გამოჩნდება. თუმცა, იმდენად ბუნდოვანი და მოულოდნელი იყო პროცესი, რომ ჟურნალისტები გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ.
როდესაც რომელიმე მედიასაშუალება მძაფრ პოლიტიკურ კონფილქტში მხარედ ებმება და იბრძვის, მწვავე პერიოდის ჩავლის შემდეგ ასეთი მედიასაშუალება ფუნქციას კარგავს. მან ან მთლიანად უნდა შეიცვალოს თავისი არსი ან უნდა გადაყვეს ამ პროცესს. ეს საქართველოში არაერთხელ მომხდარა. ეს დაემართა გაზეთ “კავკასიონს”, იგივე დაემართა “რუსთავი2-საც” და იგივე ხდება ახლა “ინფო 9-ის” თავსაც. ლუბა ელიაშვილმა შექმნა “ინფო-9”, მებრძოლი მედია. ჯერ არ ვიცით, ელიაშვილი ეცდება იგივე მოდელი აამუშავოს “მეცხრე არხში” თუ პირიქით, არხის სტანდარტს გააგრძელებს. ამ კითხვაზე პასუხს დრო გვიჩვენებს.
ნინო ჯაფიაშვილი
ჟურნალისტი
ვინც “მეცხრე არხზე” არ ვმუშობთ და უშუალოდ ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც კომპანიის შიგნით ხდება, ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ სხვადასხვა მხარის ვერსიებზე დაყრდნობით ვმსჯელობთ.
სიტუაციის მთელი აბსურდულობა და ამავე დროს ქართული მედიის მდგომარეობის ძალიან სიმბოლური მახასიათებელი ისაა, რომ ჟურნალისტებს უწევთ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია პოლიტიკოსისგან, უფრო მეტიც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან მიიღონ.
“მეცხრე არხის” მაუწყებლობის დაწყება მალევე მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მაშინვე აჩენდა შეკითხვას - როგორ შეინარჩუნებდნენ ჟურნალისტები ამ ვითარებაში სარედაქციო დამოუკიდებლობას და რა გარანტიები არსებობდა ამისათვის?
წინასაარჩევნო პერიოდში “მეცხრე არხი” იმ პოლიტიკური იდეების და პოზიციის წარმოჩენის საშუალებად იქცა, რომელიც ნაციონალურ არხებზე შეზღუდული იყო. ტელეკომპანიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზრის და განწყობების შექმნაში, იგივე “ციხის კადრებით”. ამ ამბავში მგონი ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ექსკლუზიური მასალა ტელეკომპანიის ჟურნალისტური საქმიანობის შედეგი, ასე ვთქვათ წმინდა ჟურნალისტური მონაპოვარია.
მედიაბიზნესის იმ ძალიან პესიმისტური წარსულისა და პერსპექტივების გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოშია, შესაძლებელია, საჭიროა იყოს საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე გამკაცრდეს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.
რაც შეეხება ტელევიზიის ბიძინა ივანიშვილისგან “გამიჯვნას”, გასხვისება არასაკმარისი პირობაა იმისათვის, რომ ამ მედიასაშუალებამ დამოუკიდებლობის გარანტიები მოიპოვოს.
“რუსთავი 2”-ის მფლობელთა სიაში ჩვენ არასოდეს გვინახავს რომელიმე პოლიტიკოსის გვარი, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა არხის პოლიტიკურ მიკერძოებულობას.
რაც მეტი ბერკეტი შეიქმნება იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს, მით უკეთესი - იქნება ეს მფლობელების გამჭვირველობა, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, საჯარო განაცხადი სარედაქციო პოლიტიკის და ღირებულებების შესახებ, საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც მფლობელებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას აუკრძალავს თუ სხვა.
ახლა რაც ზედაპირზეა, ისაა, რომ არხის მფლობელები და მენეჯერები არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ჟურნალისტების განცხადებას იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მათ მომავალში სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემები შეექმნათ, ამ შიშს იგნორირებას უკეთებენ. არხის მმართველმა რგოლმა არ დაიწყო იმის გარკვევა, რა შეიძლება აწუხებდეს რედაქციას, დამოუკიდებლობის რა გარანტიები სჭირდება. ჟურნალისტური გუნდის ნაწილს, მფლობელებსა და მენეჯმენტს შორის დიალოგი არ არის და ამ უთანხმოებაზე ახლა ჩვენ ვსჯელობთ.
შესაძლოა, სჯობდა, ჟურნალისტები ტელეკომპანიაში დარჩენილიყვნენ და თავისი უფლებებისთვის ებრძოლათ. იქნებ ეს უფრო ეფექტური გზა ყოფილიყო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის შესაქმნელად? როგორც ჩანს, მათ ამის რესური ვერ დაინახხეს. თუმცა ის, თუ როგორ და როდის შეიქმნა “მეცხრე არხი”, თავიდანვე მიანიშნებდა, რომ ადრე თუ გვიან ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა, დიდი ალბათობით შეიძლებოდა, საფრთხის წინაშე დამდგარიყო.