Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"საქართველოს აივ-გამოწვევები"

04 დეკემბერი 2012

2012 წელს საქართველოში აივ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ გასულ წელთან შედარებით 11%-ით მოიმატამთელ მოსახლეობაში დაბალი გავრცელების მიუხედავად, სპეციალისტები მაღალი რისკის ზოგიერთ ჯგუფში კონცენტრირებულ ეპიდემიაზე საუბრობენ

პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საქართველო აივ ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვით ხვდება. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, 2012 წელს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირების 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვისრუსით დაავადების შემთხვევის რაოდენობამ 3 580-ს გადააჭარბა. 

აივ ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაზე საქართველოში რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგოიური განყოფილების გამგის ნინო ბადრიძის განცხადებით, ამ რიცხვის ზრდას, ერთი მხრივ, ტესტირებაზე მომართვიანობის ზრდა იწვევს, მეორე მხრივ კი მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგებლების დაუცველი სქესობრივი კონტაქტი თავიანთ პარტნიორებთან. გარდა ამისა, ქვეყანაში დაბალია კონდომის გამოყენების დონეც. 

UNAIDS-ის მიერ 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად იმ ქვეყნების კატეგორიას განეკუთვნება სადაც ინექციური ნარკომომხარებლების მიერ კონდომების გამოყენების დაფარვა ყველაზე დაბალია (25%).

გაეროს რიგით მეორე გლობალურ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც ინფიცირების შემთხვევები განუხრელად იზრდება - 2001 წლიდან 2011 წლამდე აივ ინფექციით დაავადების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.

აივ/შიდსის გაეროს ერთიანი პროგრამის საზოგადოების მობილიზაციის მრჩეველის ლია თავაძის განცხადებით, გლობალური ანგარიში განსაკუთრებით საყურადღებო საქართველოსთვის ახალი საერთაშორისო დეკლარაციის კონტექსტშია, რომლის მიხედვითაც 2015 წლამდე უნდა შესრულდეს დეკლარაციის ათი მიზანი, რაც სქესობრივი გზით გადაცემისა და ნარკომომხმარებლებში ახალი ინფექციების რიცხვის განახევრებას, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საპასუხო ღონისძიებებისთვის საშჲნაო რესურსების მეტ მობილიზებას მოიცავს. დეკლარაციის ხელმომწერი არის საქართველოც. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აივ-ის დაბალი გავრცელების ქვეყნად ითვლება, სპეციალისტები მაღალი რისკის ზოგიერთ ჯგუფში კონცენტრირებულ ეპიდემიაზე საუბრობენ.

როგორც დაბალი პრევალენტობის ქვეყანას საქართველოს დაავადებასთან საპასუხო ღონისძიების ტვირთი ნაკლები აქვს, თუმცა ქვეყანა სპეციფიკური პრობლემების წინაშე დგას. 

“ეპიდემია არ არის გენერალიზებული მთეს მოსახლეობაზე, იგი კონცენტრირებულია ისეთი მაღალი რისკის ჯგუფებში როგორიც ინექციური ნარკომომხმარებლები, ემესემები (მამაკაცები რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) და სექს-მუშაკი ქალები არიან. მაღალი რისკის ჯგუფს ასევე განეკუთვნებიან ახალგაზრდები და მიგრანტები,”- აღნიშნავს ლია თავაძე და განმარტავს, რომ მიგრანტების შემთხვევაში, სიტუაცია ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებისას სპეციალისტები გამუდმებით აწყდებიან მიგრანტებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აივ ინფიცირებულთა განაწილებაში ვირუსის გადაცემის გზების მიხედვით ინექციური ნარკომანიის შემდეგ ყველაზე დიდი წილი ჰეტეროსექსუალურ სქესობრივ კონტაქტზე მოდის, ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმედ მაინც ჰომოსექსუალური ქცევის შედეგად დაინფიცირებულ ემესემთა მდგომარეობა მიიჩნევა. “თანადგომას” გამგეობის თავმჯდომარის სერგო ჩიხლაძის თქმით, 2010 წლის კვლევამ ცხადყო, რომ ამ ჯგუფში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6.4%-ს მიაღწია, რაც ჯგუფის შიგნით კონცენტრირებულ ეპიდემიაზე მიუთითებს.

გლობალური ფონდის დაფინანსებით, “თანადგომა” ამჟამადაც ახორციელებს კვლევას, რომლის ფარგლებშიც ტესტირება უკვე ჩაუტარდა 160 ადამიანს და ჩიხლაძის თქმით, ახალი კვლევის შედეგად ემესემთა ჯგუფში, სავარაუდოდ, აივ ინფიცირებულთა კიდევ უფრო მაღალი პროცენტი დაფიქსირდება. “მიუხდავაად იმისა, რომ არა მარტო ჩვენი ორგანიზაციის, არამედ სათემო ორგანიზაციების მხრიდანაც, აქტიურად მიდის მუშაობა დაცული სქესობრივ ურთიერთობების და პროფილაქტიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, დაუცველი სქესობრივი კავშირების რიცხვი ამ ჯგუფში მაინც მაღალია,” - აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე და განმარტავს, რომ ინფორმაციის ფლობის დონე დაცული სქესობრივი კავშირის შესახებ საკმაოდ მაღალია, თუმცა, ჯგუფის წევრების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი მაინც ზერელეა. გარდა ამისა, ჯგუფში დაავადების გავრცელებაზე მოქმედებს ქვეყანაში არსებული ზოგადი ტაბუ ჰომოსექსუალობაზე და საზოგადოების ჰომოფობიური განწყობაც, რაც ემესემებს ხელს უშლის როგორც ინფორმაციის, ასევე, საჭირო სერვისების მიღებაში. 

განსაკუთრებით საყურადღებოა ინექციური ნარკომომხმარებლების მდგომარეობაც, რომლებიც ამჟამად აივ-ით დაავადებული ადამიანების 53,9%-ს შეადგენენ საქართველოში. ლია თავაძის თქმით, ამ ჯგუფში ინფიცირების ბუნებრივად მაღალ დონეს ემატება წამალდამოკიდებული პირების საკანონმდებლო დევნაც, რაც ჯგუფის წევრების მხრიდან ტესტირებასა და პროფილაქტიკური სერვისების მიღებაზე უარის თქმას იწვევს. 

სწორედ დროული ტესტირება და პროფილაქტიკური კურსების ინტენსივობა განაპირობებს დედიდან შვილზე გადასვლის შემთხვევების აბსოლუტურ აღმოფხვრას. შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგის, ნინო ბადრიძის თქმით, ინფიცირებული დედიდან შვილზე გადასვლის შანსი 30%-ია, პროფილაქტიკური სერვისების მეშვეობით კი ამ რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა ხერხდება. “ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ქალებმა, რომლებსაც სრულფასოვანი პროფილაქტიკა ჩაუტარდათ, ყველამ ჯანმრთელი ბავშვები გააჩინეს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა,” - ამბობს ნინო ბადრიძე.

ქვეყნის ეპიდემიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე სახელმწიფო რესურსები მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული. დაავადების აღმოფხვრისათვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი დონორი ორგანიზაციებიდან გამოიყოფა. გაეროს გლობალური ანგარიშის მიხედვით ამ სფეროში დახარჯული თანხების 55-დან 75%-მდე საერთაშირისო წყაროებიდან მოდის. 

ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი “გლობალური ფონდის” მონაწილეობაა აივ-ის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ პროცესებში. “გლობალურმა ფონდმა”, რომელიც აქტივობებს საქართველოში 2003 წლიდან მოყოლებული ახორციელებს, აივ/შიდსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში 40 მლნ დოლარამდე უკვე დახარჯა. 

გლობალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის კაკი ლოჩოშვილის თქმით, გამოყოფილი თანხები ორი მიმართულებით - პრევენციასა და მკურნალობაზე იხარჯება. მკურნალობის მხრივ პროექტების იმპლიმენტაციას ძირითადად შიდსის ცენტრი უზრუნველყოფს, პრევენციის კუთხით კი გრანტები სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება.

დღეისთვის აივ ინფიცირებულთა მკურნალობა ყველა დაფიქსირებული პაციენტისათვის ხელმისაწვდომია. მკურნალობის ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს, სწორედ ის ფარავს ექიმთა ხელფასებს, კომუნალურ გადასახდებს, ტესტირების ნაწილს და ა.შ. გლობალური ფონდის დახმარებით კი ძვირადღირებული ტექნიკისა და ანტირეტროვირუსული პრეპარატების შეძენა ხერხდება. 

დაბალი პრევალენტობისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გლობალურმა ფონდმა საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვში მოახვედრა, სადაც 2013 წლიდან პროგრამების ნაწილს დაფინანსება შეუმცირდება.

კაკი ლოჩოშვილის თქმით, 2013 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი სერვისების დაფინანსების შემცირება არ იგეგმება, ხოლო მეორე ნახევარში შესაძლოა გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების კორექტირება მოხდეს. მკურნალობასა და პრეპარატების დაფინანსებაზე კი პრობლემა არ შეიქმნება. 

იქიდან გამომდინარე, რომ აივ/შიდსის აღმოფხვრას მულტისექტორული ხედვა სჭირდება, სახელმწიფოს ინტერვენცია დაავადების მინიმუმამდე დასაყვანად აუცილებელია და ის მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. აივ-თან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პენიტენციური, განათლების თუ სხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობას.

სწორედ ამის აუცილებლობაზე მეტყველებს 2012 წლის მარტში, RTI international-ისა და Save the Children-ის ერთობლივი კვლევის შედეგები, რომელიც არასრულწლოვნებსა და სტუდენტებში აივ/შიდსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცოდნის დონეს ეხებოდა. კვლევის მიხედვით, მოზარდებში ჯერ კიდევ მაღალია მადისკრიმინირებელი განწყობა აივ-ინფიცირებულებისადმი, რაც თავის მხრივ დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, დიდია დაუცველი სექსის შემთხვევათა რაოდენობა, ხოლო პრევენციის შესახებ მოზარდთა ცოდნის დონე საკმაოდ დაბალი, 10 %-ია.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^