ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლას“ დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ
ცოტა აბსურდს ჰგავს, მაგრამ უფრო ნამდვილია: ერთ დროს საბჭოთა საქართველოს სამრეწველო სიამაყე და მარგანეცის საბადოთი მდიდარი ჭიათურა, კინემატოგრაფისტებმა დღეს „მკვდარი ქალაქის“ მეტაფორად აქციეს. ამაზე მეტყველებს გაბრიელ რაზმაძის რამდენიმე წლის წინ გადაღებული, მოკლემეტრაჟიანი „შავი თუთა“; რატი ონელის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი“ (რომელიც წელს წარმატებით უჩვენეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე); დაბოლოს, ვახო ჯაჯანიძის გასულ წელს გადაღებული, 14-წუთიანი ფილმი „გამოსვლა“.
სხვათა შორის, „გამოსვლა“ ერთ-ერთია იმ ექვს მოკლემეტრაჟიან ფილმს შორის, რომელიც თავის დროზე ეროვნული კინოცენტრისა და თი-ბი-სი ბანკის დაფინანსებით შეიქმნა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კინემატოგრაფიის განვითარების მიზნით, სახელმწიფოსთან ერთად, კინოწარმოებაში კერძო ბიზნესიც მონაწილეობდა.
ვახო ჯაჯანიძის ფილმი უჩვენეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „ქართული პანორამა“. მანამდე ევროპის ერთ-ერთ უძველეს, კორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (ირლანდია); ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, მაინეს დამოუკიდებელი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე და სულ მალე მონაწილეობას მიიღებს დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (4-9 აპრილი) ოფიციალურ პროგრამაშიც. ასე რომ, კარგი საბაბია ფილმის შესახებ სასაუბროდ.
ფილმის სათაური - „გამოსვლა“ (Exodus) უნებლიეთ გიბიძგებთ ბიბლიური ალუზიისკენ (ებრაელების გამოსვლა ეგვიპტიდან მოსეს წინამძღოლობით). თუმცა ამ თითქმის დაცარიელებულ და წვიმიან ქალაქში მცხოვრებ ორ ხანდაზმულ დას - ტატიანასა და ლილის (მათ ტატიანა და ლილი ბიწაძეები განასახიერებენ) არაფერი აქვთ საერთო არც ებრაელებთან და არც ბიბლიურ ამბებთან. მხოლოდ ფინალში ვნახავთ და ვიგრძნობთ, რომ ერთის გამგზავრება მეორეს დარჩენას ნიშნავს...
მაგრამ ლილის წასვლა სინამდვილეში სწორედ რომ გამოსვლაა, ანუ რაღაც მიჯნისა თუ დაბრკოლების გადალახვა, რაღაცისგან გათავისუფლება. ეს თითქოს უხილავია, მაგრამ მაინც დრამატული და საგრძნობი. ბოლომდე ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ ამ ფინალმა ილია ავერბახის ცნობილი ფილმის , „სხვისი წერილების“ ფინალი გამახსენა, ირინა კუპჩენკოს მონაწილეობით. სადაც მასწავლებლის გამგზავრება -წასვლა სატვირთო მანქანით, სინამდვილეში ებრაელების გადასახლებას ნიშნავდა, ანუ გამოსვლას!
ლილის გამგზავრებამდე ჩვენ ვხედავთ როგორ ეზიდება მარტოხელა ტატიანა ქუჩიდან წყალს, როგორ ამზადებს სადილს, როგორ ალაგებს ნივთებს ძველ ჩემოდანში, რომელსაც შემდეგ ლილის გაატანს. ეს ყველაფერი ჩუმად და უსიტყვოდ ხდება. ჰო მართლა, ფილმში არცერთი სიტყვა არაა....რაღაცნაირი, თვალსაჩინოდ ცხადი, მარტივი მარტოობა და უკვე მოთელილი სინატიფე სდევს არამხოლოდ ამ ქალებს, არამედ მთელ ფილმსაც, რომელშიც უფრო მეტი ობერტონია, ვიდრე ნოტი...
ფილმის ერთ-ერთი ყველაზე გამომსახველი ეპიზოდია, როცა ტატიანა სარკის წინ გაჩერდება და საკუთარ თავს აკვირდება (ფილმის ოპერატორი - სანდრო ვისოცკი, დამდგმელი მხატვარი - თამაზ ბოჭოიძე). ეს ცხადია, რეჟისორულად მოფიქრებული, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად „სავალდებულო“ პაუზაა, მაგრამ რა კარგია და რა ბუნებრივი, როცა ამას არაპროფესიონალი მსახიობი აკეთებს. როცა ამ უბრალო, ალალად გაკეთებული სიჩუმისა და მოგონების მიღმა არ იგულისხმება დასწავლილი, პროფესიული ტანჯვა.
დები ერთმანეთს ემშვიდობებიან (ცხადია, უსიტყვოდ). ლილი მიემგზავრება - საბჭოთა პასპორტით, ცოტა ფულით და ძველი ჩემოდნებით, რომელშიც მთელი საბჭოთა მეხსიერებაა გამომწყვდეული. ბედნიერი სახეები და ახალგაზრდობა მხოლოდ ფოტოებზე რჩება, წინ შეუცნობელი მომავალია. მატარებელი არ თვლემს, როგორც ლავა, ის ძველია და სევდიანად გაჰყვირის...
ტატიანა კი რჩება და ის მარტო აპირებს მორის გადახერხვას. იქნებ ოდესმე მასაც მიეცეს ამ „წვიმის ქალაქიდან“ თავის დაღწევისა და თავის ქალიშვილთან საცხოვრებლად გადასვლის შანსი...