Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგზაო უსაფრთხოება ახალი ველოსიპედის შექმნის მოლოდინში

23 მარტი 2017

ტერიტორიით საქართველოზე პატარა ჰოლანდიაში, სადაც 3 ჯერ მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, 9 მილიონი ავტომობილია და გზებზე მხოლოდ 250 ადამიანი იღუპება, მაშინ როცა ეს ციფრი საქართველოში 600-ს აღწევს.

ყოველწლიურად საქართველოს გზებზე 10 000 ადამიანი იღებს ტრავმას. აქედან ათასობით, სამწუხაროდ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ეტლს თუ სავარძელს მიჯაჭვული რჩება.

 რატომ ჰოლანდია? იქ დაშვებული სიჩქარის გადაჭარბება მხოლოდ 3 კმ/სთ-ით არის შესაძლებელი. თუმცა ასე არ ხდება საქართველოში, სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული სიჩქარის გადაჭარბება დაშვებულზე 15 კმ/სთ-ით არის შესაძლებელი და ადგილობრივი მოსახლეობაში, მათ შორის ექსპერტებში, გავრცელებული მითი გვეუბნება, რომ ეს გაერო-ის სტანდარტია.

საგზაო უსაფრთხოების ახალი კანონის განხილვის პროცესში პარლამენტის წევრების ნაწილი გზის გარკვეულ მონაკვეთებზე სიჩქარის კიდევ უფრო მომატებას ითხოვს, რადგან ვერ ასწრებს ერთი ადგილიდან მეორეზე დროულად მისვლას. ზოგიერთი ავტომბრბოლელი, სამღვდელოების,  დისტრიბუტორი კომპანიის წარმომადგენლები ნასვამობაზე დიფერენცირებულ ჯარიმას და შეღავათებს ითხოვენ,  რათა მსუბუქი ნასვამობის გამო მართვის მოწმობა არ ჩამოერთვათ. ტელეწამყვანების, მოქალაქეებისა და ექსპერტების ნაწილი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ქალაქში შუქნიშნების, ქვეითთა უსაფრთხოების კუნძულების სისტემის გაუქმებას ითხოვენ, რადგან ისინი, მათი აზრით, აფერხებენ მანქანების გადაადგილებას და საცობების ძირითად მიზეზო ხდებიან. ეს არის ახალი ველოსიპედის გამოგონება, რადგან უკვე უამრავ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების გადაჭრის ეფექტური საშუალებები უკვე კარგა ხანია შექმნილი და გამოცდილია.

სატელევიზიო დილა იწყება ნიუსით: დღეს დილით ყაზბეგის გამზირზე მიმავალი მანქანა იქვე მდგარ ჯიხურებში შევარდა; რუსთავის გზატკეცილი ერთი საათი გადაკეტილი იყო საგზაო-სატრანსპორტო შეჯახების გამო; წერეთლის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერის  დაბინძურების ხარისხი წინა წელთან გაუარესდა.  

ადრე თუ საფრთხე მანქანით გადაადგილება იყო, დღეს უკვე ტროტუარზე ფეხით გადაადგილებაც  რისკის შემცველია. ქვეყანაში არ არსებობს პასუხი მარტივ  შეკითხვაზე,  რამდენი იხარჯება საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე? კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს გზებზე არსებულ განუკითხაობაზე? რატომ უარესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხი ქალაქებში? რატომ გაორმაგდა თბილისში ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტომობილების რაოდენობა? საქართველოს ქალაქების სავიზიტო ბარათია დიზელის ჭვარტლში გამურული უპატრონო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლის მომსახურების ხარისხი მძღოლების იმედად არის დარჩენილი. ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, სავაჭრო კომპლექსები, თუმცა როგორც  უცხოელმა მეგობარმა გაოცებულმა მითხრა, თურმე კომპლექსთან მისასვლელი გზა არ არსებობს ან კიდევ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

სისტემის ყველზე დიდი უსამართლობა საქართველოს გზებზე მოძრაობისას ჩანს, რადგან სიჩქარის გადაჭარბებასა და ნასვამობაზე დანაშაული შეგიძლია ჯარიმით გამოისყიდო და მანქანის ტარება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელო. თუ გყავს მანქანა და გაქვს ფინანსური საშუალება, მაშინ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევის დანაშაულს რამდენიმე ასეული ლარით გამოისყიდი. წელიწადში 200 ათასი სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი ფიქსირდება. მძღოლების ნაწილი ამ დარღვევას რამდენჯერმე იმეორებს და საფრთხეს უქმნის, როგორც თავის სიცოცხლეს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა ადამიანებს. ჩვენი ახალბედა მძღოლები მართვის მოწმობას ფაქტობრივად თეორიაში იღებენ. მათი პრაქტიკული ცოდნის დონეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ  რუსთავში გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნახევარს თბილისში დამოუკიდებლად ჩამოსვლა უჭირს.

საქართველოში საგზაო უსაფრთხოება მეორეხარისხოვანი საკითხია, რადგან  საქართველოს ქალაქებში ინფრასტრუქტურის იმ ხარჯების შეკვეცა ხდება, რომლითაც სკოლის გადასასვლელების წინ ზებრების, შუქნიშნების მოწყობა და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება იგეგმებოდა. სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიციებს ახორციელებს საგზაო ინფრასტრუქტურაში. უახლოეს წლებში დაგეგმილია ახალი მსხვილი ინვესტიციები მაგისტრალების გასაუმჯობესებლად და მთავრობის წევრების  დიდი ნაწილი დონორების მოზიდვით არის დაკავებული. რა ხდება ამ დროს?  მსოფლიო ბანკის საგზაო უსაფრთხოების ოფისის უფროსის, ცნობილი ექსპერტის, სოამს ჯობის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს გაკეთებული შეფასებით, საქართველო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან უკვე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.2% კარგავს, რაც 700 მილიონ ლარზე მეტია. ეს ის თანხაა, რომლის დაზოგვაც და ქვეყნის ეკონომიკაში, განათლებაში ჩაბრუნება თავისუფლად შესაძლებელია, თუ მოხდება მინიმალური ინვესტიციების ჩადება უსაფრთხო გზებსა და ტრანსპორტში, დაიხვეწება კანონმდებლობა და, რაც მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაუმჯობესდება კანონის აღსრულება.

ქვეყანა ტურისტების  ბუმის მოლოდინშია - ორ წელიწადში 8 მილიონ ტურისტს ელოდება. წარმატებული ეკონომიკური, დემოკრატიული  რეფორმების რეგიონალური ლიდერის  პოზიციის მოლოდინი გადამეტებულია, როცა ტრანსპორტით გადაადგილება, ქალაქის შიგნით ერთი უბნიდან მეორეში უბრალოდ ფეხით სიარული, სიცოცხლისთვის დიდი რისკის შემცველია. ქვეყნის განვითარების გრანდიოზული გეგმები არარეალურია, თუ მისი ხელისუფლება,  ბიზნესი და საზოგადოება არ შეთანხმდება, რომ გორში, ქუთაისში, ფოთში, თელავში სკოლების წინ უსაფრთხო ქუჩის გადასასვლელების მოწყობასა და სუფთა, უსაფრთხო ტრანსპორტზე ზრუნვა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ხმამაღალი განცხადებები ქვეყნის სივრცით მოწყობასა და მაგისტრალის გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციაზე.  ვიდრე ეს მიდგომა არ შეიცვლება და  საგზაო უსაფრთხოების სფეროში ახალი ველოსიპედების შექმნის პროცესის არ დასრულდება,  თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დარჩება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^