2010 წელს მთავრობამ ახალი წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების სისტემა დანერგა საქართველოში. ამ ახალი ინიციატივის შედეგად პოტენციურ გადასახადების გადამხდელებს შეუძლიათ ტრანზაქციების (დაგეგმილი თუ უკვე განხორციელებული) შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ შემოსავლების სამსახურს და ამ უკანასკნელისაგან მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობას მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში.
ამერიკის სავაჭრო პალატის ბიზნეს–სამართლისა და გადასახადების კომიტეტმა შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ცვლილებების განხილვის პროცესის ფარგლებში Investor.ge–სთვის ახალი სისტემის ანალიზიც მოახდინა.
ახალი წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების სისტემა ყველასათვის არ არის. აღნიშნული სისტემა საკმაოდ ძვირადღირებულია და კომპანიის სიდიდიდან და გადაწყვეტილების გაცემის ვადებიდან გამომდინარე შეიძლება 5,000–დან 30,000 ლარამდე დაჯდეს. შესაბამისად, სერვისი მეტწილად დიდი და რთული ტრანზაქციებისათვის გამოიყენება. თუმცა, სანაცვლოდ იგი ცხადჰყოფს იმას, თუ რა გადასახადებს დააკისრებს სახელმწიფო ბიზნესს მოცემულ შემთხვევაში.
წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება ხელმოწერისთანავე იქცევა იურიდიულ დოკუმენტად, რომელიც ავალდებულებს მთავრობას დაეთანხმოს საგადასახადო კანონმდებლობის მის მიერ გაცემულ ინტერპრეტაციას მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში, რაც გადასახადების პოტენციურ გადამხდელს სიცხადესა და დამაჯერებლობას ჰმატებს. როგორც პრაისვოტერჰაუსის საგადასახადო სპეციალისტი, სერგი კობახიძე განმარტავს, „ეს დიდი განვითარებაა. ამ სერვისით კლიენტები განიცდიან უზარმაზარ კომფორტს“.
სხვებიც იზიარებენ ამ მოსაზრებას. გრანთ თორნთონის ნელსონ პეტროსიანი ამატებს, რომ „ჩვენი კლიენტები მიიჩნევენ, საგადასახადო დაწესებულების პასუხი ნეგატიურიც რომ იყოს, იგი საკითხის ვითარებას ცხადად მაინც ჰყოფს მომავლისათვის. კლიენტები ასევე მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საგადასახადოს მიერ გაცემულ ოფიციალურ პასუხს ლეგალური ძალა აქვს“.
სისტემა შედარებით მარტივია ოპერირებისას. გადასახადების პოტენციური გადამხდელი შემოსავლების სამსახურს უგზავნის ტრანზაქციის პირობებს სერვისის საფასურითურთ და საჭიროების შემთხვევაში, ხვდება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს ტრანზაქციის დეტალების დასაზუსტებლად. შემდგომ იმართება წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების კომიტეტის მოსმენა, სადაც შემოსავლების სამსახური სთავაზობს საკუთარ მოსაზრებას კანონმდებლობის ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით და სადაც გადასახადების პოტენციურ გადამხდელს აქვს კონტრარგუმენტების წარდგენის საშუალება. ამ განხილვის შემდგომ პოტენციურ გადამხდელს წარედგინება დროებითი საგადასახადო გადაწყვეტილება და მიეცემა შესაძლებლობა, გამოეპასუხოს მას და იკამათოს გადაწყვეტილების დეტალებზე. საჭიროებისამებრ, ორივე მხარეს შეიძლება მოუხდეს კიდევ ერთხელ შეხვედრა საბოლოო განმარტების მიღებამდე.
შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამსონ ურიდიამ ბრძანა, რომ „წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების მიღება კომპლექსური პროცედურებისაგან შედგება, რაც მოითხოვს ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დეტალურ გაცნობა/დამუშავებას“.
„ფაქტიურად, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გამოდის გადამხდელის საბუღალტრო კონსულტანტის როლში იმ დამატებითი სარგებლით, რომ მის საბოლოო კონსულტაციას იურიდიულად სავალდებულო ძალა აქვს“, აღნიშნა ურიდიამ.
აუდიტორული ფირმები ამ ინიციატივას ენთუზიაზმით უჭერენ მხარს. ისინი განსაკუთრებით მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ სისტემა საგადასახადო კოდექსის ინტერპრეტაციის განხილვის საშუალებას იძლევა. დელოიტის საგადასახადო ექსპერტის, გიორგი თავართქილაძის თქმით, „სისტემის ერთერთი ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის, რომ კლიენტს შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო კოდექსის ინტერპრეტირების შესახებ განხილვის გამართვის რამდენიმე საშუალება ეძლევა. შედეგად, პროცესის მიმდინარეობისას მსჯელობის გამართვა არის შესაძლებელი“.
ერნსტ ენდ იანგის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ივან ხოხლოვი ეთანხმება ხსენებულ მოსაზრებას: „ჩვენ გამოგვიცდია ძალზედ კონსტრუქციული ჩართულობა, რომელიც, როგორც წესი კლიენტებისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების საწინდარია“.
კოდექსის ინტერპრეტირების განხილვისა და დებატების შესახებ აქცენტის გაკეთება ასევე გულისხმობს, რომ კლიენტებს მართებული არგუმენტების წარსადგენად მაღალკვალიფიციური საგადასახადო ექსპერტიზის დახმარების ძიება შეიძლება მოუწიოთ. ხოხლოვის თქმით, „საგადასახადო ორგანო საკმაოდ კონსერვატორიულია საგადასახადო კოდექსის ინტერპრეტირებისას და შესაბამისად, მნიშვნელოვანია კონსულტანტის ყოლა, რომელიც შეძლებს დაგეხმაროთ არგუმენტების სწორად ჩამოყალიბებაში“.
იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსში ჯერ კიდევ მრავლად არის ელემენტები, რომლებიც ინტერპრეტირებას ექვემდებარება, ამ საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მაგალითად, კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „შემოსავლების სამსახურის პრინციპი, რომელიც ფორმაზე უპირატესად ვითარების არსს აყენებს, საკითხის მოგვარებისას მოქნილობის საშუალებას იძლევა“.
KPMG-ის საგადასახადო ექსპერტი, კახა რუხაძე უფრო პირდაპირია: „საგადასახადო ექსპერტი აუცილებლად დაგჭირდებათ რთული ტრანზაქციების შემთხვევაში“.
სისტემის ყველაზე აშკარა დამაფიქრებელი ფაქტორია მისი ღირებულება. ამ ეტაპზე კომპანიებისთვის წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების შეძენას აზრი აქვს მხოლოდ შედარებით მსხვილი ტრანზაქციებისათვის. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს გარდაუვალია. PwC-ის კობახიძის თქმით, „ეს სერვისი მხოლოდ 100 ლარი რომ ღირებულიყო, მაშინ მას ყველა გამოიყენებდა და საგადასახადო ორგანოს აუარება საქმე ექნებოდა განსახილველი“.
ამასთანავე, დელოიტის თავართქილაძე განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს საგადასახადოს კითხვით და შემოსავლების სამსახური ვალდებულია უსასყიდლოდ გასცეს პასუხი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს რეკომენდაციები როგორც წესი არის ზოგადი და მათ არ გააჩნია იურიდიული ძალა.
კიდევ ერთი პოტენციური სუსტი მხარე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს სისტემას და რაზეც აუდიტორებიც და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებიც ერთხმად თანხმდებიან, არის ის, რომ საგადასახადო კოდექსში შემავალი უამრავი ცვლილებები საფრთხეს უქმნიან წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების სარწმუნოობას ვინაიდან, კანონმდებლობაში შემდგომ შეტანილმა ცვლილებამ შესაძლოა კონკრეტული წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება არასწორად აქციოს (მომავალში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციებისთვის).
ზემოაღნიშნული წარმოშობს ორ საკითხს. პირველი წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების გადახედვის საფასურია. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის, დინარა ჩუბინიძის თქმით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან გადამხდელს აქვს გადაწყვეტილების რევიზიის მოთხოვნის უფლება იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების ელემენტები ძალადაკარგულად იქცა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისდა გამო. და ამ გადაწყვეტილების რევიზია უფასოა. სამწუხაროდ, გამოკითხულ საგადასახადო ექსპერტებიდან არც ერთმა არ იცოდა ამ უფლების შესახებ. ცხადია, კომუნიკაციის გაუმჯობესება აუცილებელია ამ საშიშროების შესამსუბუქებლად.
მეორე საშიშროება, რაც კომპანიებს შეიძლება აწუხებდეთ, არის ის, რომ მათ შეიძლება ეგონოთ, რომ საკუთარი საგადასახადო ვალდებულების შესახებ ცხადი დასკვნა უდევთ მაშინ, როდესაც ვალდებულებები შეიძლება გაიზარდოს. თუმცა, ხოხლოვი მიიჩნევს, რომ ზოგადად ეს არ უნდა წარმოქმნიდეს პრობლემას, რადგან „წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილებანი როგორც წესი, ხსნიან ვალდებულების დარიცხვის პრინციპების ინტერპრეტირების პროცესს“.
მისი თქმით, „მაგალითად, თუ საგადასახადო განაკვეთი შეიცვლება, დარიცხვის პირნციპი მაინც იგივე დარჩება და გაცემული წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება კვლავაც შესაბამისი იქნება კანონმდებლობასთან“.
ამასთანავე, კომპანიები მიიჩნევენ, რომ ეს საშიშროება ამ ეტაპზე ჰიპოთეტურია. „ამ მიზნით ჯერ არ გაბათილებულა არც ერთი საგადასახადო გადაწყვეტილება, რომლის შემუშავებაშიც კლიენტის სახელით მიგვიღია მონაწილეობა. თუმცა, ეს შეიძლება იყოს და არის კლიენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხი“, განაცხადა კობახიძემ.
საგადასახადო ექსპერტების თქმით, საგადასახადო კოდექსში აუარება ცვლილებების რეგულარული შეტანა უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რაც გადასახადების მომავალ დაგეგმარებას ურთულეს ამოცანად ხდის - ამის წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილებით შველა შეუძლებელია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გადამხდელებს ადარდებთ - წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების შეკვეთის ინიცირებისას მათი კომპანია შესაძლოა სრული საგადასახადო აუდიტის რეალურ ობიექტად გადაიქცეს. ამჟამად, წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილებანი ზოგჯერ ისტორიულ ტრანზაქციებზეც შეიძლება იქნას შეკვეთილი იმისათვის, რომ მოულოდნელი აუდიტისთვის კომპანიამ მოიპოვოს დამაჯერებლობა თავისი შესაძლო ვალდებულებების თაობაზე. თუმცა, დელოიტის თავართქილაძის თქმით, ეს შესაძლებლობა ნაწილობრივ კარგავს ხიბლს გადამხდელების თვალში, ვინაიდან ისინი შიშობენ, რომ შემოსავლების სამსახურს პოტენციური გადამხდელის ამ მოთხოვნამ შეიძლება აფიქრებინოს მისი კომპანიის საგადასახადო აუდიტის წამოწყება.
ურიდიას უსაფუძვლოდ მიაჩნია ეს შიშები. „საგადასახადო აუდიტის წამოწყების გადაწყვეტილება დაფუძნებულია რისკების მართვის სისტემაზე. არც ერთი კომპანიის საგადასახადო აუდიტი არ წამოწყებულა წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების შეკვეთის შემდგომვე“ განაცხადა მან.
თუმცა, საგადასახადო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული რეგულაციების დასახვეწად მუშაობა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ორივე მხარე თანხმდება დროის ფაქტორის პრობლემაზე. როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღებას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე თავდაპირველად იყო შეთანხმებული. შემოსავლების სამსახური ამ დაგვიანებას აწერს გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიმწირეს. ხოხლოვის აზრით, დაგვიანების ბრალი შეიძლება იყოს შემოსავლების სამსახურის უსაზღვრო სურვილი სწორი გადაწყვეტილება გამოიტანოს.
მისი თქმით, „შემოსავლების სამსახურს სურს სწორად ჩაწვდეს ვითარების არსს და ზოგჯერ სამჯერ ამოწმებენ დასკვნებს. შედეგად, უფრო მეტი დრო იხარჯება თუმცა, ვითარება გამოსწორების გზაზეა“.
„ეს ჯერ კიდევ ახალი ხილია, და მიმაჩნია, რომ დროთა განმავლობაში პროცესი დაიხვეწება და უფრო სწრაფი და მარტივი გახდება“.
„ამ ანგარიშის მომზადება ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, კერძოდ, USAID-ის, EWMI-ისა და EPF-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების ერთობლივი პროექტის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე პასუხს აგებს ამერიკის სავაჭრო პალატა და შესაძლოა, სტატიაში მოყვანილი მოსაზრებები არ წარმოადგენდეს USAID-ის, აშშ-ს მთავრობის, EWMI-ის, ან EPF-ის შეხედულებებს.“