დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა, საკითხის პოლიტიზება, არასრული და ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები, ახალგაზრდების გაზრდილი ინტერესი გართობისა და ექსპერიმენტირებისადმი (სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროების მიხედვით, თბილისის კლუბური ცხოვრება ტოლს არ უდებს ბერლინისა და ლონდონის კლუბურ ცხოვრებას) https://www.theguardian.com/music/2016/sep/21/clubbing-london-berlin-eastern-europe-closure-fabric?CMP=share_btn_fb, ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების ბუნება (ახალი მედიით შეძენა-გავრცელება, მარკეტინგული ხრიკები, შემქმნელთა მოქნილობა, ტესტირების სირთულე) - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელთა გააზრებაც მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკისა და პრევენციის მექანიზმების შესამუშავებლად.
კვლევები
ახალგაზრდებში ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამოსავლენად ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით (2015წელი), გამოკითხულებმა ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები დაასახელეს. იხილე ცხრილი.
იმავე 2015 წელს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პირველად ჩატარებული ზოგადი გამოკითხვის კვლევის ანგარიშის მიხედვით (http://altgeorgia.ge/2012/myfiles/DRUG%20GEO%20green.pdf), საქართველოს მოსახლეობაში ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების („ბიო”, „ბიო სმოუკები”, „სპაისები”) მოხმარება დაბალია (სულ 4805 რესპონდენტიდან 69 რესპონდენტი). ასევე დაბალია სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებლები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არარეალურად დაბალი მონაცემები, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ რესპონდენტებმა თავი აარიდეს საკუთარი თავის გამოაშკარავებას დამსჯელობითი კანონმდებლობისა თუ სტიგმის გამო.
ცვლილებები კანონმდებლობაში
საქართველოს პარლამენტმა „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონი 2014 წლის 16 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. ეს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში გაწერილი ნივთიერებების ქიმიური შენაერთების 9 კლასის 20 ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეეხება. მსოფლიოში გავრცელებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ჩამონათვალი ბევრად მეტია და ყოველდღიურად იზრდება. „ახალი ფსიქოატრიური ნივთიერებების ექსპერტიზაზე ამოცნობის ტემპი ვერ ეწევა ახალი მოლეკულური ფორმულების (და შესაბამისად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების) გამოყვანის ტემპს. ამიტომაც, ამაოა დასჯაზე ფსონის დადება“, - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი.
მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება კანონით აიკრძალა, მათი მოხმარებისათვის 2014 წელს 87 პირი იქნა ბრალდებული. თუმცა გატარებული ღონისძიებების შედეგების შეფასება ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო შეუძლებელია.
პირველ რიგში, 2015-2016 წლის ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული არ არის. 2013-2014 წლების მონაცემთა შეფასებისას შინაგან საქმეთა სამინისტრო სიმართლეს მალავს, რადგან, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ „ბიოპლანთან” დაკავშირებული ნარკოდანაშაულების რიცხვმა იკლო. ის ამ ინფორმაციას მხოლოდ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, ხოლო 2014 წლის მონაცემების გრაფა ცარიელია. შესაბამისად, შეუძლებელია შედარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის პირველ ყოველკვარტლურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის ფაქტების საკმაოდ დიდი მასშტაბები კანონის მიღებამდეც ფიქსირდებოდა, მაგრამ მათი აღკვეთა საკანონმდებლო ბაზის არქონის გამო ვერ ხერხდებოდა.
კანონის ამოქმედების შემდეგ, 2014 წლის 1 მაისიდან 15 აგვისტომდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ფაქტზე 84 სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული“.
შსს-ს ვებსაიტზე მოთავსებული მასალების მიხედვით, ე.წ „ბიოს” მოხმარების ერთ-ერთი შემთხვევა 2016 წლის 13 ოქტომბერს დაფიქსირდა. 150 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 1968 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით) დაიწყო, რაც შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
შსს-ს მიერ ჩატარებული კამპანიის შეფასება
შსს-ს ანგარიშში ხაზგასმულია სამართალდამცველებისა და სახელმწიფოს ეფექტური მუშაობის შესახებ: განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს ეთმობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიების გვერდზე სიტყვა „ბიოზე“ 186 ამბავი იძებნება. მათგან ნაწილი კანონდარღვევებს შეეხება, ნაწილი კი სხვადასხვა კამპანიებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩაუტარებია. მაგალითად „არა ბიონარკოტიკს“ კამპანიის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ მისი განხორციელების შედეგად „ბიონარკოტიკის“ მოხმარების მაჩვენებელმა იკლო: „კამპანიის მთავარმა გზავნილებმა მოსახლეობის ყველა სეგმენტამდე, განსაკუთრებით, ამ კუთხით ყველაზე მოწყვლად ჯგუფამდე - ახალგაზრდობამდე მიაღწია, რამაც, ბუნებრივია, ხელი შეუწყო ნარკოტიკების მოხმარების კლებასა და ქვეყანაში ნარკომოხმარების პრევენციას“.
ექსპერტები ასეთ პოზიტიურ შეფასებას არ იზიარებენ: „რთულია იმის თქმა, რამდენად შედეგის მომცემია კამპანიები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს. არ არსებობს კვლევები, რომლებიც გაზომავდა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან და ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლის ეფექტიანობას. არ ხდება მონაცემების ანალიზი და სათანადო რეაგირება“, - ამბობს ზაზა ჩიქოვანი, ნარკოლოგიური კლინიკის, „ბემონის” ხელმძღვანელი.
ჯანა ჯავახიშვილის თქმით, შსს-ს მიერ ჩატარებული კამპანიები არ არის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ექსპერტი აღნიშნავს, რომ პრევენცია განათლების სისტემის პრეროგატივაა, ის სკოლის კურიკულუმის ნაწილი უნდა იყოს და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მოდელებს იყენებდეს.
ქვეყანაში 2011 წლიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ამოქმედდა, 2012-13 წლებში საბჭომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, თუმცა, ორგანიზაცია „ალტერნატივა საქართველოს” წარმომადგენლის, ნათია თოფურიას თქმით, „მართალია, დოკუმენტი მზად არის და სამოქმედო გეგმაც დეტალურად არის გაწერილი, მაგრამ ის ქვეყნის პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული”.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ორ ჯგუფად იყოფა: სინთეზური კატინონები და სინთეზური კანაბინოიდები. შესაბამისად, ეს ნივთიერებები იყიდება, როგორც სტიმულანტებისა და კანაფის ლეგალური ჩამნაცვლებლები.
მწარმოებლები ნივთიერების შემადგენლობაში შემავალ ერთ მოლეკულას ცვლიან, რაც შეუძლებელს ხდის ტესტებით ამ პრეპარატის იდენტიფიცირებას.
სახელწოდებაში „ბიოს” გამოყენება მარკეტინგული ხრიკია. მისი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტად გასაღება ნივთიერების სარფიანად გაყიდვის მიზნით ხდება.
„ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელის დავით ოთიაშვილის თქმით, „ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მსოფლიოში არსად არავინ უწოდებს „ბიოს”, გასაკვირია, აქ რატომ დაარქვეს”.
ნარკოტიკული ნივთიერებების შემადგენელი კომპონენტები არ არის მცენარეული წარმომავლობის, როგორც მისი რეალიზატორები ამტკიცებენ, არამედ ხელოვნურად შექმნილი ნივთიერებებია.
„ვისაც გამოჰყავს, მან იცის როგორი ცუდი, საშიში და არასუფთაა. მაგრამ ყიდის როგორც „ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს“, - ამბობს გ.ს, რომელმაც, ე.წ „ბიო” წლების წინ მეგობრებთან ერთად გასინჯა. (მომხმარებელთა ისტორიებს უფრო დეტალურად გაეცანით ჟურნალისტიკის სტუდენტების მიერ მომზადებულ მასალებში http://newscafe.ge/index.php/geo/2012-09-21-07-36-49/1641-2017-02-14-17-53-45).
ჩეხი ადიქტოლოგის, ბარბარა იანიკოვას მონაცემებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ეს არის ახალი ნარკოტიკი ან ფსიქოტროპული მოქმედების ნივთიერება, რომელიც არ არის აღნიშნული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიან კონვენციასა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ“1971 წლის კონვენციაში, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) ბოლო პერიოდში 500-მდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მონიტორინგს ახორციელებს. ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნივთიერებები კატინონები და კანაბიონიდებია. ისინი, ძირითადად, აზიის ქვეყნებიდან (ჩინეთი და ინდოეთი) შემოდის, ხოლო დაფასოება ევროპაში ხდება.
ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე მონიტორინგს შესაბამისი ორგანოები ინტერნეტგვერდებსა და ინტერნეტმაღაზიებზე დაკვირვებით ახდენენ. მაგალითად, 2013 წელს ევროპაში 600-ზე მეტი ასეთი მაღაზია იყო.
იკვეთება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა ორი ჯგუფი: ესენი არიან პრობლემური მომხმარებლები და ექსპერიმენტატორები.
ამსტერდამში ჩატარებული პირველი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მყიდველები ძირითადად 15-24 წლის, ე.წ. „ექპერიმენტატორი” კაცები იყვნენ, რომლებიც ახალ შეგრძნებებს ეძებდნენ.
პრობლემურ მომხმარებლებში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების სიხშირე დაბალია. ნარკოტიკის მოხმარება ხდება ინიექციის გზით. ეს ჯგუფი შედარებით მარგინალიზებულია. პრობლემური მომხმარებლები ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს იყენებენ, როგორც დამატებით ნივთიერებას და არა როგორც ძირითად წამალს.
იანიკოვას თქმით, პრობლემურია, რომ არ არსებობს სრულფასოვანი მონაცემები გართულებებსა და ზიანზე. კონტროლის მექანიზმი ბევრად უფრო დუნეა, ვიდრე დილერებისა და პროდუქციის შემქმნელების რეაქცია და მოქმედება. ზუსტი მონაცემების არარსებობის გამო რეაგირება მტკიცებულებაზე დამყარებული არ არის. იანიკოვა აღნიშნავს, რომ მართალია, კვლევების მიხედვით მსოფლიოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოსახლეობაში გავრცელება ჯერჯერობით აქტიურად არ ხდება, მაგრამ მათზე კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, შესაძლოა, სიტუაცია მოულოდნელად და მძაფრად შეიცვალოს.
ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას თქმით, საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა ასაკი 15-დან 25-წლამდე ვარირებს. უმეტესობა ნარკოტიკს კლუბებში მოიხმარს. ნარკოტიკის მოხმარების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ძნელია მისი ტესტირება. ამ ნივთიერებების მოხმარება აქტიურად 4-5 წელია ხდება. პაციენტების ნაკადი ხან იკლებს, ხანაც იზრდება, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა. ნარკოტიკის მოხმარების შემდეგ პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს შფოთვა, დეპრესია, შიში, გაორება, პიროვნების გახლეჩა, კომუნიკაციის პრობლემები, ფლეშბეკები. ნარკოლოგის თქმით, ლტოლვა ამ ნარკოტიკის მიმართ ძალიან მაღალია (ზოგიერთი ყოველ ნახევარ საათში მოიხმარს). პაციენტების მართვა რთულია, რადგან დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემას და არ აქვს მკურნალობის სურვილი, შესაბამისად, ასეთ პაციენტებში მაღალია რეციდივი. მკურნალობა სიმპტომურია.
პრობლემის მოგვარების გზები
ექსპერტები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრობლემის გადაჭრის გზას ძველი პრობლემების მოგვარებაში ხედავენ:
დავით ოთიაშვილის თქმით, საქართველოს ნარკოსცენისათვის დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ის ძალიან სწრაფად იცვლება, ხასიათდება კუსტარული ნარკოტიკების მაღალი გავრცელებითა და პოლიმოხმარებით, ანუ სხვადასხვა ნარკოტიკის ერთდროული მიღებით. ოთიაშვილის აზრით, როგორც წესი, ახალი ნარკოტიკები, რომლებიც ძველს ანაცვლებენ უფრო ტოქსიკური და დიდი რისკების შემცველია, რაც განსაკუთრებით აზიანებს მომხმარებლებს. ახალი ნარკოტიკების მოხმარებას სახელმწიფოს დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა განაპირობებს.
ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის თქმით, ქვეყანაში გამოვლენილი ნარკოდანაშაულის სტატისტიკა სინამდვილეში არა ნარკოდანაშაულის დინამიკას, არამედ ნარკოტიკების საკითხით პოლიტიკურ მანიპულირებას ასახავს. მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარებისათვის სასჯელმისჯილთა რიცხვი არჩევნების პარალელურად იცვლება - არჩევნების წინ პოლიტიკა უფრო ლმობიერი ხდება და ნარკოტიკების მოხმარებისათვის დაჭერილთა რიცხვი მცირდება, არჩევნების შემდეგ დაჭერები ისევ ხშირდება.
ჯავახიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების პრობლემის მოსაგვარებლად პირველი რიგის ამოცანაა საკითხის დეპოლიტიზება და არსებული, დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკით შეცვლა.
ცხოვრების მანძილზე და ბოლო 12 თვის განმავლობაში ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების მაჩვენებლები ახალგაზრდებში, ეროვნული მასშტაბის კვლევა ევროპის სასკოლო გამოკითხვის მეთოდით, 2015 წელი.
აღსანიშნავია, რომ მონაცემები პროცენტებშია მოტანილი.