Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სავაჭრო ზონა - ერგნეთის ბაზრობა

07 დეკემბერი 2012

:  „ყველამ კარგად იცის, როგორ აკავშირებს ადამიანებს საქმიანი ურთიერთობები და საერთო ინტერესები. ამის მაგალითად ერგნეთის ბაზრობაც საკმარისია“ – 15 ივლისს, ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამ სიტყვებით ქალაქ გორში, „ქართული ოცნებისაქციაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პირობა დადო. ბაზრობა, რომელიცვარდების რევოლუციისშემდეგ დაიხურა, წლების განმავლობაში ქართველებისა და ოსების მშვიდობიანი ურთიერთობის კარგი მაგალითი იყო, თუმცა ყველაზე ხშირად ერგნეთის ბაზარს კონტრაბანდის, კორუფციისა და კრიმინალის ბუდედ მოიხსენიებენ.

ერგნეთში მოსახვედრად ქართული საგუშაგო უნდა გაიარო. პირველი, რაც სოფელში შესვლისას თვალში გხვდებათ, 2008 წლის ომის დროს გადამწვარი და სახურავჩამონგრეული სახლებია. მინაჩამსხვრეული ფანჯრებიდან ცხინვალი მოჩანს. გზა თუ არ იცი, ან ქართველი სამხედროების მითითებას არ მოუსმინე, შესაძლოა, რუსებისა და ოსების მიერ კონტროლირებად ზონაში მოხვდე, რადგან დე-ფაქტო სახელმწიფოსთან საზღვრები იმდენად  „მკრთალი“ და პირობითია, რომ მათი შემჩნევა და რეალურად აღქმა რთულია.

საავტომობილო გზის გაყოლებაზე კიდევ ერთი ქართული ბლოკ-საგუშაგოა, რომლის იქით გზის გაგრძელება შეუძლებელია. შეუძლებელია ასევე  იმ ტერიტორიასთან მიახლოება, სადაც 2004 წლამდე ერგნეთის ბაზარი მუშაობდა:  „უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთი ძალიან დიდი, მეორე კი შედარებით მომცრო ბაზრობა იყო. აქვე ოსებსაც ჰქონდათ დახლები. საწვავის ბაზარი ცალკე იყო.  დღე და ღამე მუშაობდა ამხელა ბაზრობა, ღამის 3 საათზე სტუმრები რომ გწვეოდნენ, უცებ გახვიდოდი ორ ნაბიჯში და ყველაფერს იყიდდი, ახლა პროდუქტისთვის გორში უნდა წახვიდე“, - იხსენებენ სოფელ ერგნეთის საფიხვნოში შეკრებილი მოსახლეები.   

„ბაზარი ყველასათვის კარგი იყო, ერთი დასაქმებული კაცი, მთელ სანათესაოს ადგებოდა. ამიერკავკასიას ამარაგებდა ერგნეთი, დასავლეთიდან აქ ჩამოდიოდნენ სამუშაოდ. ბაზრობა 2004 წლის გაზაფხულზე დაშალეს, კონტეინერები დალუქეს, ვისაც ტრანსპორტი ჰქონდა თან წაიღო, ვისაც არა და აქ დარჩა. მერე მიშა ქარელმა ბრძანება გასცა, წაიღეთ ვისაც რა გინდათო, ხალხიც შეესია და დაინაწილეს. ამ სოფელში ერთი ჩხირი არავის წამოუღია იქიდან“,  - იხსენებენ ერგნეთელები.

ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდის ოპონენტი კოალიციის ლიდერმა გორის რაიონის მოსახლეობას ბაზრის აღდგენის პირობა მისცა.

გორის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო, რადგან მათ რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ეზრუნათ, ერგნეთის ბაზარს დაუფიქრებლად და ხელაღებით არ დახურავდნენ.

 „ამ ბაზრობის წყალობით, წლების წინ ქართველებმა და ოსებმა ურთიერთობის აღდგენა შეძლეს. ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა. ერგნეთში ისინი არა მარტო ხვდებოდნენ ერთმანეთს, არამედ საერთო ბიზნესშიც ჩაებნენ და საქმესაც ერთად უძღვებოდნენ. მაშინ ქართველებმა და ოსებმა თავიდან აღმოაჩინეს, რომ თურმე ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ. ახლა კი, იქ, სადაც 8 წლის განმავლობაში ქართველებისა და ოსების საერთო სავაჭრო დახლები იდგა და სავალუტო ჯიხურები მუშაობდა, რუსული სამხედრო პოსტია“, - აცხადებდა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას ერგნეთის ბაზრობის ლეგალურად, კანონიერების ფარგლებში აღდგენის პირობა მისცა, რასაც შეკრებილთა ოვაციები მოჰყვა.

ამ გამოსვლიდან მეორე დღეს, 16 ივლისს, ივანიშვილის ინიციატივას ტელეკომპანიები: „რუსთავი 2“ და „იმედი“ გამოეხმაურნენ.  

„ქრონიკის“ მომზადებულ სიუჟეტში ერგნეთის ბაზრობა „ქართული ეკონომიკის შავ ხვრელადაა“ მოხსენიებული. გამოკითხული მოსახლეობა კი იხსენებს, რომ ბაზრობა   „სუფთა ჩრდილოვანი ეკონომიკა“ იყო და თავის დროზე ის ნარკოტიკებით, იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობის ადგილად იქცა.   

„რუსთავი 2“-ის სიუჟეტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საბაჟო სისტემის გასაკონტროლებლად 1999 წელს ტენდერი გამოცხადდა; გამაჯვებულ კომპანიას საბაჟო გამშვები პუნქტებიდან შემოსული პროდუქციის კანონიერება უნდა შეესწავლა და გაეკონტროლებინა, მათ შორის იყო ერგნეთის ბაზრობა - „გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა დაიწყო, რის შედეგადაც ერგნეთზე კორუფცია და კონტრაბანდა კიდევ უფრო გაიზარდა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ სატენდერო კომისიამ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, კომპანიისგან ქრთამი აიღო. კომისიას კი მაშინდელი ფინანსთა მინისტრი - დავით ონოფრიშვილი ხელმძღვანელობდა“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი, რომელიც 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო, ადასტურებს, რომ ერგნეთის ბაზრობა ფინანსური თვალსაზრისით შავი ხვრელი იყო, რადგან ღია ზონებიდან საბაჟო-საიმპორტო პროცედურების დაუცველად საქართველოში დიდი ოდენობით კონტრაბანდა შემოდიოდა, ბიუჯეტში კი  შემოსავალი პრაქტიკულად არ ხვდებოდა. მისი თქმით, კონტროლის მექანიზმების სისუსტესთან ერთად, სამართალდამცავები და ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებსაც ამ ზონების დახურვაზე უნდა ეზრუნათ, კორუფციის გავლენით უკანონობაზე თვალს ხუჭავდნენ. 

„ერგნეთის ბაზრობის ერთადერთი პოზიტიური მხარე ის იყო, რომ ქართველებსა და ოსებს პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ, რასაც ვაჭრობა თავისთავად ხელს უწყობს. რაც შეეხება ტენდერს - საქართველოს საბაჟო შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით, 1999 წელს მსოფლიო ბანკის ორგანიზებული ტენდერი გამოცხადდა. რამდენადაც მახსოვს, წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ ერგნეთის ზონის კონტროლზე პასუხისმგებლობას არც ერთი კომპანია არ აიღებდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ერგნეთში საერთოდ არ იდგნენ“, - იხსენებს ონოფრიშვილი.

ბაზრობის დამფუძნებელი, დიმიტრი დოიჯაშვილი ყვება, რომ ერგნეთის ბაზრობა, როგორც ასეთი, ბაზრად არ გახსნილა. უბრალოდ, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის დაძაბვამდე, სოფელი ცხინვალს უკავშირდებოდა და აქ ვაჭრობა მოსახერხებელი იყო.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როცა პირველი კონფლიქტი წარმოიშვა, ერგნეთმა ეს ფუნქცია დაკარგა. „აქედან გორმდე 29 კილომეტრია. პროდუქციის გასაღება მოსახლეობას იქ უწევდა. მინდოდა ალტერნატიული გზა გამომენახა, ამიტომაც ქალაქის გამგეობაში გორის საკოლმეურნეო ბაზრის ფილიალის ერგნეთში გახსნის საკითხი დავაყენე. ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მიწის ნაკვეთიც გამოგვიყვეს. ანგარიშსწორებას გორის საკოლმეურნეო ბაზართან ვახდენდით, თუმცა მისი გაყიდვის შემდეგ ჰაერში დავრჩით გამოკიდებული. სწორედ ამიტომ, 1996 წელს შ.პ.ს. „ერგნეთი“, შემდგომში ერგნეთის ბაზრობა შეიქმნა“.

დიმიტრი დოიჯაშვილის თქმით, გადასახადების გადახდის ფორმის დასადგენად მან საქართველოს შემოსავლების სამსახურს მიმართა, სადაც უთხრეს, რომ მსგავს საკითხებს სპეციალური სამსახური - „საგანგებო ლეგიონი“ მოაგვარებდა. თუმცა, საკითხი რეალურად ვერ მოგვარდა: „ამის შემდეგ საგადასახადო სამსახურს მივმართე და გადასახადების გადახდა ერთჯერადი მოსაკრებლის შესახებ კანონის მიხედვით შევთავაზე. დავბეჭდეთ ე.წ. ჩეკ-ქვითრები, რომლებიც რეგისტრაციაში გავატარეთ. 3-4 თვეში ერთხელ კომისია ბაზარზე საქონლისა და თანხის ბრუნვას ამოწმებდა, ასე ვადგენდით გადასახადის ოდენობას.  ერგნეთის ბაზარს ძალიან დიდი ბრუნვა ჰქონდა, რამაც მისი დაცვა გაართულა. თავდაპირველად გორის რაიონის პოლიცია, შემდეგში კი სოფელ ერედვის პოლიციის განყოფილება გვემსახურებოდა. კონტრაბანდა იქნებოდა, თუ რაიმე სხვა დარღვევა, ეს ყველაფერი მათ უნდა გაეკონტროლებინათ. გარკვეული დროის შემდეგ აქაურობა შავ ხვრელად და კონტრაბანდის ბუდედ იქცა, ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ბაზარი ოფიციალურად დაიხურა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 2000-2001 წლებში საქართველოს შემოსავლების მინისტრი მიხიელ მაჭავარიანი ამბობს, რომ ერგნეთის ბაზრობა კონტრაბანდის, კორუფციის და კრიმინალის ბუდე იყო; შემოდიოდა საქონელი, რომელიც როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის კონტრაბანდული იყო, ხშირი იყო კორუფციული გარიგებები და კრიმინალი, რადგან ამ ბაზრობაზე ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა.

„იქ იყიდდი როგორც საკვებ პროდუქტს, ასევე ავტომატს. შემოსავლების მინისტრის პოსტზე ყოფნისას სეპარატისტების ხელმძღვანელ - ჩიბიროვთან ჩავედი. ჩიბიროვი მთხოვდა, რომ ერგნეთის ბაზრის მოწესრიგების საკითხი შევარდნაძესთან დამეყენებინა, რათა ეს ბაზრობა როგორღაც მოწესრიგებულიყო და ჩარჩოში მოქცეულიყო. ჩიბიროვს ეს საკითხი აწუხებდა, რადგან კრიმინალი, რომელიც შემდგომ ცხინვალში დათარეშობდა, მასაც უქმნიდა პრობლემას. გორის რაიონის მოსახლეთა ნაწილს ერგნეთში რაღაც ბიზნესი ჰქონდათ და ახსოვთ, რომ პატარა ფულს შოულობდნენ, ეს ფული საქართველის ბიუჯეტისთვის დაკარგული იყო“, - იხსენებს მიხეილ მაჭავარიანი.

სოფელ ერგნეთის მოსახლეები ბაზრობის დადებით მხარეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ პერიოდში, როცა ბაზარი ფუნქციონირებდა, ქართველები და ოსები დაახლოვდნენ და ერთმანეთს სოლიდური ღირებულების საქონელსაც კი ანდობდნენ.    

„კრიმინალი და კორუფცია რაში იყო ვერ გავიგეთ. ჩვენც და ოსებიც კმაყოფილები ვიყავით. იმათ პროდუქტი მოჰქონდათ და ასაღებდნენ, ჩვენი მოსახლეობა დასაქმებული იყო. ბაზარი რომ დაიხურა, მას შემდეგ ოსებთან კავშირი აღარ გვქონია. არადა ერთმანეთში კარგად ვიყავით“, „ღამის 3 საათზე ჩავსულვარ ცხინვალში, ვტაქსაობდი, ხალხი ჩამყავდა და ჩამომყავდა“; „კამაზებით პროდუქცია არც ერთ გლეხს არც ჩამოუტანია და არც გაუტანია. ხალხს იტაცებდნენო რომ ამბობენ, კაცი დიდ ტავარს პოსლეზე რომ წაიღებდა, ფულს არ მოგცემდა და მერე კიდევ მოგადგებოდა, მოიტაცებდნენ აბა, რა იქნებოდა?! ერგნეთის ბაზარს ბრალდებოდა ყველაფერი” - ყვებიან ერგნეთელები.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზრობა კორუფციის წყარო იყო და ბრძოლა არა ბაზრობის, არამედ სწორედ კორუფციის წინააღმდეგ იყო საჭირო - „მიუხედავად იმისა, რომ ერგნეთის ბაზარი ნამდვილად იყო კორუფციის წყარო, ის თავისი ფუქნციით კონფლიქტის ტრანსოფრმაციასა და მოგვარებას უწყობდა ხელს. ამ ბაზრობის გაუქმება დაუშვებელი იყო“. 

ერგნეთის ბაზრობის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ბაზარი არავის არ შეუქმნია და ის ბუნებრივად წარმოიქმნა. მინისტრის თქმით, ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის ნდობის  ისეთი ხარისხით აღდგენაა საჭირო, რომ მათ შორის ვაჭრობა დაიწყოს.

„ხელისშემშლელი ფაქტორები თუ არ იქნება, ქართველი და ოსი გლეხები, ქართველი და ოსი მეწარმეები თავად იპოვიან საშუალებას და ადგილს, რათა განახორციელონ ისეთი პროექტი, როგორიც თავის დროზე ერგნეთის ბაზრობა იყო“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.   

სოფელ ერგნეთის მოსახლეები ბაზრობის „წესიერების ფარგლებში“ აღდგენის შესაძლებლობას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტორი ოს მოსახლეობასთან შერიგების პროცესსაც დააჩქარებს - „ბაზრობის აღდგენის წინააღმდეგი ამ სოფელში კი არა, გორის რაიონშიც არ იქნება არავინ. მთელი საქართველოს გაჭირვებულ ხალხს ეს ბაზრობა ინახავდა. ერთ ვედრო ვაშლსა და ატამში ორი დღის პროდუქტი მოგვდიოდა, ახლა კიდევ მოწეული მოსავლის ნახევარს ვყრით. ბაზრობის დახურვის შემდეგ ხან რას ვწვალობთ, ხან რას, შედეგი კი არ გვაქვს, დაიღალა ხალხი!“,  - წუხან ერგნეთელები.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^