Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზარდიაანთკარი - ჩუმი სოფელი

07 დეკემბერი 2012

სოფელი, სადაც ერთ დროს ოსები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად მშვიდობიანად ცხოვრობენ, დღეს ორადაა გაყოფლი და ვერც ერთი, ვერც მეორე მხარე ერთმანეთის “ტერიტორიაზე” ვერ გადადის.

სოფლის ვიწრო გზა მტვრიანია. მართალია, რამდენიმე წამის წინ ჩავლილი მანქანა უკვე თვალს მიეფარა, მაგრამ ძრავის ხმა ჯერ კიდევ ისმის. მალე ეს ხმაც წყდება და ყველაფერი ისევ ჩუმდება. მსგავსი სიჩუმე სოფლისთვისაც კი უჩვეულოა: არც ძაღლების ყეფა ისმის, არც საქონლის ხმა... ადამიანებიც არსად ჩანან. ამ მყუდროებას დროდადრო  ის უზარმაზარი სამხედრო მანქანა არღვევს, წეღან რომ ჩამოიარა: ის სოფლის დასაწყისსა და ცენტრში მდგარ ორ სამხედრო საგუშაგოს შორის მოძრაობს. დროგამოშვებით, სამხრეთ ოსეთში აშენებული რუსული სამხედრო ბაზებიდან აფეთქებების ხმასაც თუ არ ჩავთვლით, ზარდიაანთკარში უკვე ოთხი წელია, სრული სიმშვიდეა, მაგრამ სოფლის უსაფრთხოებას რამდენიმე ჯარისკაცი მაინც აკონტროლებს.

ზარდიაანთკარი ოსეთის დეფაქტო საზღვრისპირა სოფელია და იქ ეთნიკურად ქართველი და ოსი მოსახლეობა ცხოვრობს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი ქართველებისგან თითქმის დაიცალა. სამოცი ოჯახი, რომელმაც სახლ-კარი დატოვა,  გორში, საბავშვო ბაღის შენობაში შეასახლეს. მართალია, ომის დასრულების შემდეგ ზარდიაანთკარს ოფიციალურად ქართული მხარე აკონტროლებდა, მაგრამ რეალურად იქაურობა გაურკვეველი კრიმინალური ჯგუფებით იყო სავსე. დევნილი მოსახლეობა შინ დაბრუნებას ვერ ახერხებდა, მაშინ, როდესაც მათი სახლ-კარი იძარცვებოდა.

ომიდან ოთხი წლის შემდეგ, 2012 წლის ივლისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ზარდიაანთკარში სამხედრო საგუშაგო გაიხსნა. სოფელი ორად გაიყო: საგუშაგოს ჩრდილოეთით ეთნიკურად ოსი მოსახლეობა აღმოჩნდა, სამხრეთით კი ქართველების სახლები, რომლებშიც მოსახლეობამ ნელ-ნელა დაიწყო დაბრუნება.

ომის შემდეგ მიტოვებულ სახლებამდე მისასვლელად მოსახლეობას ორი სამხედრო საგუშაგოს გავლა უწევს. ზარდიაანთკარის შესასვლელში, პატარა ხიდთან ჯარისკაცები გამვლელებს ურჩევენ, გზიდან არ გადაუხვიონ. სოფელი, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიითაა გარშემორტყმული. ამ საგუშაგოს ციცინო ელკაშვილი ყოველ კვირას გადის. მას შემდეგ, რაც სოფელში შესვლა უსაფრთხო გახდა, მისი მეუღლე ძველ სახლში დაბრუნდა, თვითონ კი გორიდან ზარდიაანთკარში დროგამოშვებით დადის და დაზიანებული სახლის აღდგენაში ეხმარება.

მათი მოზრდილი სახლის სახურავისაგან ქუჩის მხარეს კარკასებიღაა დაღჩენილი. აივანზე ზოგან ფიცრებია დაწყობილი, რომ გამვლელს ჩანგრეულ ბეტონში ფეხი არ მოჰყვეს. “აბა აქ ბავშვები რანაირად მოვიყვანო?” - ამბობს ციცინოს ქმარი, მიხეილ გაბლიშვილი და დამწვარი ჭერისკენ უთითებს: “ზამთარში, წყალი და თოვლი რომ ჩამოვა, ან სახურავი ჩამოგვექცევა, ან ეს აივანი დაგვენგრევა ფეხქვეშ”. გაბლიშვილი ყვება, რომ მათი სახლები არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოინახულეს: “რაღაცები ჩაიწერეს, გვითხრეს, დაგეხმარებითო და ველოდებით, მაგრამ ჩვენს თავს ჩვენ თვითონვე თუ არ მივხედეთ, სხვა კაციშვილი ვერ დაგვეხმარება.”

გაბლიშვილების სახლის ოთხი ოთახიდან საცხოვრებლად ვარგისი მხოლოდ ერთია, სადაც ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული ორი გასაშლელი საწოლი, ძველი ტახტი და ღუმელი დგას: “ამ ტახტს ადრე ვწუნობდით, ახლა კიდევ გამოგვადგა” - ამბობს დიასახლისი და ცომის მოზელას აგრძელებს - სადილს ამზადებს მეზობლებისთვის, რომლებიც მის ქმარს ეზოში ჭის ამოთხრაში ეხმარებიან.

უწყლობა სოფელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სარწყავი არხი უკვე ოთხი წელია, დამშრალია. ხეხილი, რომელიც შემოსავლის მთავარი წყარო იყო, დახმა. ახლა მათგან შეშის პატარა გორებიღაა შემორჩენილი, გაზაფხულზე კი ეგეც აღარ იქნება. ვაშლის ახალგაზრდა ხეებს სოფელში დაბრუნებული რამდენიმე ოჯახი სინანულით ჭრის, რომ ზამთრის სიცივეში გასათბობად გამოიყენოს.

შუადღეა. ასეთ დროს ბავშვები სკოლიდან შინ ხმაურით ბრუნდებიან ხოლმე, მაგრამ აქ მსგავსი რამ დიდი ხანია, არ მომხდარა. სოფელში ერთადერთი ბავშვია, თორმეტი წლის ლადო, რომელიც გორიდან ერთი კვირით ჩამოვიდა, რომ ბაბუას სახლისა და ეზოს მოწესრიგებაში მიეხმაროს. ომამდე ის სხვა თანატოლებთან ერთად ზარდიაანთკართან ახლოს, პატარა სკოლაში სწავლობდა: “სოფელში მინდა დაბრუნება, აქაურობა მიყვარს” - ამბობს, მაგრამ ისიც იცის, რომ ძველ სახლში ცხოვრება არც ისე ადვილი იქნება: მეორე სართულზე ასასვლელი კიბისგან შინ დაბრუნებულებს ჩონჩხიღა დახვდათ -  საფეხურები მოიპარეს. დაცარიელებულ ოთახში ოდესღაც შეთეთრებული კედელი ნატყვიარებითაა სავსე. ომს ჭურჭლის მცირე ნაწილი გადაურჩა, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ არ ყრიან, რომ ახლის შესაძენად ფული არ აქვთ.

მათ ოჯახს სოციალური დახმარება საბჭოთა წარმოების ძველი სატვირთო მანქანის გამო მოუხსნეს, რომელიც ლადოს ბაბუამ, ნიკოლოზ თაზიშვილმა, ომს გადაარჩინა და ზარდიაანთკარიდან გორში ჩაიყვანა. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია და იმის გამო, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულიც არავინაა, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ფიზიკური სამუშაოა, რომელიც, როგორც ამბობენ, არც ისე ხშირად აქვთ. ჰუმანიტარული დახმარებით მათაც მიიღეს რამდენიმე გასაშლელი საწოლი და ლეიბები, თუმცა სოფელში ოჯახის საცხოვრებლად დასაბრუნებლად ეს საკმარისი არ არის.

მსგავსი პრობლემები გამო ზარდიაანთკარში სულ რამდენიმე ადამიანი დაბრუნდა. მართალია, სოფლის მათთვის განკუთვნილ ნახევარში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, თუმცა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებამდე საკუთარ კარ-მიდამოში ჩასახლებას ჯერჯერობით არ გეგმავენ. “დაბრუნების შემდეგ ცხოვრება სხვანაირია” - ამბობს 63 წლის ელენე გაბლიშვილი. მას სხვებთან შედარებით უკეთესი გარემო დახვდა: სახლი მხოლოდ გაძარცვული იყო და არა დაზიანებული, თუმცა ისევე, როგორც სხვა თანაოფლელებმა, მასაც მოუწია ხეხილის დამხმარი ბაღის გაჩეხვა: “ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ადრე ოს მეზობლებთან ერთად ვცხოვრობდით, ჭირი იყო თუ ლხინი, ერთმანეთს ვეპატიჟებოდით, ვეხმაებოდით. ახლა კი სოფელი ორად გაიყო” - ამბობს გაბლიშვილი და იხსენებს, როგორ შეიფარა 1992 წლის ომის დროს ზარდიაანთკარის ეთნიკურად ქართველმა მოსახლეობამ ოსი მეზობლები.

ოთხმოცდაათიანების დასაწყისში შეიარაღებული დაპირისპირება ამ სოფელს არ შეხებია, ამიტომაც ოსებისათვის ის ერთგვარი თავშესაფარი იყო. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა: სამხედრო საგუშაგო მიღმა,  ზარდიაანთკარის “ოსურ ნახევარზე” ქართველებს აღარ უშვებენ. ერთადერთი ადგილი, რომელსაც ძველი, მშვიდობიანი მეზობლობის კვალი ეტყობა, სოფლილს ძველი, მოუვლელი სასაფლაოა, სადაც ოსები და ქართველები ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან დამარხულები.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^