Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი

10 დეკემბერი 2012

"ცენტრ პოინტ ჯგუფი" - საქართველოში ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი

“ცენტრ პოინტი ჯგუფის” მმართველების არაეფექტური და ზოგ შემთხვევაში გაუმართლებელი ქმედებების შედეგად 30 სამშენებლო პროექტი შეჩერდა და 6, 200 -მდე ოჯახი დაპირებული ბინების გარეშე დარჩა.  საერთო ჯამში, “ცენტრ პოინტი ჯგუფმა” სამშენებლო პროექტების დასრულებისათვის310 მილიონი დოლარი მიიღო, თუმცა აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა” - აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ახალ ანგარიშში, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალს ეხება. ამ სკანდალში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და მათი კომპანია “ცენტრ პოინტი ჯგუფი” მონაწილეობდა.

ლიანა ჯანიაშვილი ერთ-ერთი დაზარალებულია. ამჟამად, ის პენსიონერია. 2006 წელს კომერციული ფართის ასაშენებლად “ცენტრ პოინტ ჯგუფს” მიმართა. თუმცა ხოშარაულის ქუჩის მესამე ბლოკში, სადაც ჯანიაშვილს კუთვნილი ფართი უნდა მიეღო, მშენებლობა არც კი დაწყებულა.  მას კომპანიისთვის 120 ათასი დოლარი აქვს გადახდილი.

“ის ფართი, რომელიც მე მომყიდეს საერთოდ არ არსებობს. კერვალიშვილი დეპუტატი იყო, როგორ ვიფიქრებდი, რომ ასე დაგვტოვებდნენ. ახლა “დექსუსია” პასუხისმგებელი, მაგრამ არანაირ პასუხს არ გვცემენ. წლებია უშედეგოდ დავდივართ კომპანიაში და პროკურატურაში.”

მარიკა ლელაშვილმა  2005 წელს კომპანია “ცენტრ პოინტში” საწყისი თანხის სახით 5,000 დოლარი შეიტანა, მას შემდეგ საჭირო თანხა ყოველკვარტალურად შეჰქონდა. გურამიშვილის გამზირზე იმ კორპუსში, სადაც ლელაშვილს ფართი უნდა მიეღო მხოლოდ ორი სართულის კარკასია აშენებული. ამ დრომდე კომპანიისთვის 13 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. დაზარალებული თანხის დაბრუნებას ითხოვს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, „ცენტრ პოინტი ჯგუფი“  70  სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებაა. ჯგუფი ყოფილმა პარლამენტარებმა ვახტანგ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა დაარსეს.

“დახვეწილი „პირამიდის/პონზის“ სქემის  მეშვეობით „ცენტრ პოინტი ჯგუფმა ათასობით კლიენტი დაარწმუნა შეესყიდათ ჯერ კიდევ არაშენებული ბინები, შემდეგ კი მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი თანხა  არამიზნობრივად გამოიყენა.  შესაბამისად, მოქალაქეებმა  მათ მიერ გადახდილი თანხები და ბინები დაკარგეს.”

დაზარალებულმა კლიენტებმა სასამართლოში ათეულობით სარჩელი შეიტანეს: - “ცენტრ პოინტი ჯგუფის” კომპანიებთან  დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, დაუმთავრებელ ბინებზე საკუთრების რეგისტრაციის, გადახდილი ფულის უკან დაბრუნების ან შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნებით. სასამართლომ  პასუხისმგებელ კომპანიებს კლიენტებისთვის სახლების მშენებლობის ან კლიენტებისთვის შესაბამისი ანაზღაურების მიცემის ვალდებულება დააკისრა. თუმცა, აღნიშნული კომპანიების გადახდისუუნარობის გამო გადაწყვეტილებების აღსრულება გადაიდო.

“ამასთან, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლების სტატუსი და კავშირები წინა მთავრობაში, რომელიც მსხვილი შემოწირულობებით იყო გამყარებული  იმ დროისთვის მმართველ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში, ბადებს ეჭვს, რომ ეს კავშირები მათ დაეხმარა თავიდან აეცილებინათ პირადი პასუხისმგებლობა კლიენტებისთვის მიყენებული ზარალისთვის.” - ნათქვამია კვლევაში.

ამის შემდეგ, 2010 წლის 10 სექტემბერს, მაია და ვახტანგ რჩეულიშვილებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ  “ცენტრ პოინტი ჯგუფი” მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას ვერ შეძლებდა. ამიტომ “ცენტრ პოინტი ჯგუფის” კომპანიებისა და სამშენებლო პროექტების მმართველობის უფლება კომპანია “დექსუსს” გადასცეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, კომპანია “დექსუსი” 2010 წლის 23 აგვისტოს დაფუძნდა. ოფიციალური სარეგისტრაციო მონაცემების თანახმად, კომპანიის საწყისი კაპიტალი მხოლოდ 100 ლარი იყო.

“ცენტრ პოინტსა” და “დექსუსს”  შორის 2010 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად,  “დექსუსი” ვალდებულებას იღებდა, ყველა შეჩერებული სამშენებლო პროექტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაესრულებინა. თუმცა, კომპანიამ  კლიენტებს ახალი ხელშეკრულებები შესთავაზა და “ცენტრ პოინტი ჯგუფის” თავდაპირველი ხელშეკრულებების პირობები შეცვალა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სამშენებლო კომპანიებს კლიენტებისადმი დიდი ოდენობით დავალიანება ჰქონდათ დაგროვილი. “დექსუსმა” ამ დავალიანების  დაფარვაზე უარი განაცხადა და ამის ნაცვლად კლიენტებს დღგ-ს გადახდა მოსთხოვა, რაც თითოეული სამშენებლო ბინის საერთო ღირებულების 18 პროცენტია.

გარდა ამისა, კომპანიამ შიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე, მაგალითად, კედლების გაჯით გალესვზე უარი განაცხადა. ეს “ცენტრ პოინტის” თავდაპირველ პირობებს ეწინააღმდეგებოდა.

“დექსუსმა“ გააფრთხილა კლიენტები, რომ თუ ისინი ახალ პირობებს არ დათანხმდებოდნენ, კომპანია მათ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოებს არ დაიწყებდა. რიგ შემთხვევებში, „დექსუსის“ მოთხოვნები და გაფრთხილება საკმაოდ მკაცრი იყო.”

2011 წლის დეკემბერში “ცენტრ პოინტი ჯგუფის” მიერ დაზარალებულმა კლიენტებმა არასამთავრობო ორგანიზაცია “დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია” დააფუძნეს. ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი  არა მარტო დასრულებული ბინების ან  ზარალის შესაბამისი კომპენსაციის მიღებაა, არამედ იმ პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა, რომლებმაც მათთვის აშენებული ბინების ჩაბარება ვერ უზრუნველყვეს. ამ მიზნით, დაზარალებულმა კლიენტებმა სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში ათეულობით წერილი გააგზავნეს, მათ შორის იმდროინდელი მთავარი პროკურორის, იუსტიციის მინისტრის, და სხვადასხვა პარლამენტარების სახელზე, როგორც “ნაციონალური მოძრაობიდან”, ისე ოპოზიციური პარტიებიდან.

“დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის” განცხადებით, არცერთ ამ წერილს მთავრობის მხრიდან რაიმე კონკრეტული ქმედება არ მოჰყოლია.

დაზარალებულმა კლიენტებმა მხოლოდ ერთი საპასუხო წერილი მიიღეს პროკურატურიდან, სადაც ეწერა, რომ “ცენტრ პოინტი ჯგუფის” საქმე სამოქალაქო დავის ხასიათს ატარებს და მასში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, “ცენტრ პოინტი ჯგუფის” საქმიანობაში ძალიან ბევრი დარღვევაა, თუმცა ყოფილმა ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება  არ მოახდინა და ამ ფაქტების გამოძიება არ დაიწყო.

“ჩვენ ამას იმით ვხსნით, რომ კომპანიის ხელმძღვანელები ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები იყვნენ, ეს შერჩევითი სამართალწარმოება სწორედ ამით იყო გამოწვეული.”  

ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ წინა მთავრობის პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის მიმართ მყარი მტკიცებულებები და მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა. თავის მხრივ,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ კომპანიების მიერ კლიენტებისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება რამდენჯერმე გადაავადა.  ამის შედეგად, დაზარალებული  კლიენტების დიდი ნაწილი  ზარალის ანაზღაურებას დღემდე ელოდება .

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ახალ ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს ამ საქმით დაინტერესდეს და მისი სიღრმისეული და დეტალური გამოძიება დაიწყოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^