სადღეგრძელოების კავკასიური კულტურა, თუ მათ მთქმელს შნო აქვს და ზომიერება არ ღალატობს, მშვენიერი რამაა. ყველაზე ლიბერალური განწყობის აფხაზურ თუ ქართულ სამეგობრო წრეშიც კი, სადაც ადამიანებს სიტყვა ,,სადღეგრძელოს” ,,ატანა არ აქვთ”, ნასვამობის გარკვეული სტადიის შემდეგ ხელი სასმისისკენ თავისთ გარბის და პირიდან სიტყვები - ლამაზი, გულიანი, ხანდახან გულწრფელიც კი - თავისით იღვრება. ამაში, რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი - ეს მხოლოდ და მხოლოდ კულტურული ფენომენია, ადგილობრივი კავკასიური ტრადიცია. სულ სხვა საქმეა, როცა სადღეგრძელოების ამ კულტურაზე პოლიტიკის დამყნობას ცდილობენ.
შეხვედრები ნეიტრალურ ტერიტორიებზე
პრაღა ტურისტული ქალაქია და ამიტომ მას ხშირად ირჩევენ ამა თუ იმ ტიპის სემინარებისა თუ დიალოგების მოსაწყობად. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულ-აფხაზურ შეხვედრებს არაერთხელ დავსწრებივარ. თითოეული მათგანი გაჭრილი ვაშლივით გავდა დანარჩენს, იმისგან დამოუკიდებლად, იცნობდნენ მისი მონაწილეები ადრეც ერთმანეთს თუ ახალი გაცნობილები იყვნენ.
უკანასკნელი ასეთი შეხვედრა ათიოდე დღის წინ შედგა - აფხაზი და ქართველი ჟურნალისტები პროფესიულ სემინარში სამონაწილეოდ პრაღაში ჩამოვიდნენ. ჟურნალისტიკის ადგილობრივმა, პრაღის სკოლამ ისინი ჩეხი კოლეგების სამუშაო ყოველდღიურობას გააცნო - სატელევიზიო არხებზე, რადიოსადგურებში და ბეჭდვით გამოცემებში. ჩვენთან, ,,რადიო თავისუფლებაშიც” იყვნენ სტუმრად. იმ დღეს მოვისმინე ქართველი კოლეგის ,,არაჩვეულებრივი ამბავი, თუ როგორ დარგეს ერთად ქართველმა, აფხაზმა და ოსმა ხე პრაღაში” და უნდა გამოვტყდე, თავი ძლივს შევიკავე, რომ გამომეტყველება არ შემცვლოდა, რადგან მისთვის ეს ,, ისეთი შესანიშნავი წუთები იყო, რომლებიც არასოდეს დაავიწყდება”.
რა თქმა უნდა, ამგვარი ამბები სხვადსახვა ვარიაციით ბევრჯერ მომისმენია. ,, რა არაჩვეულებრივად ვუსხედვართ ერთად, ქართველები და აფხაზები, ამ სუფრას! რა კარგად ვგრძნობთ თავს ერთად!” და ასე შემდეგ. აფხაზების საპასუხო სადღეგრძელოებიც ასეთივე ერთფეროვანია _ ,, ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობას გაუმარჯოს!” ,, კეთილი მეზობლები გამხდარიყვნენ მომავალში ჩვენი ქვეყნები!” ეს ორი ნაკადი ერთმანეთს არასოდეს კვეთს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის დიალოგი ერქმევა.
როგორია სახალხო დიპლომატიის აღქმა აფხაზეთში
ამნაირ შეხვედრებს აფხაზეთში, ზოგადად, სიფრთხილით ეკიდებიან, მეტიც, უფრო ხშირად, ესენი ნეგატიურად აღიქმება. ერთი მხრივ, აფხაზებს ესმით, რომ ერთმანეთთან ომს ლაპარაკი სჯობს. ერთმანეთისგან იზოლირებულ საზოგადოებებს ერთიმეორის დემონიზირება უფრო ადვილდებათ. ხოლო იმ რუსულენოვანი ქართული მედიასაშუალებების სპეციფიკის ,,წყალობით”, რომლებიც აფხაზეთზე წერენ ( ეს ცალკე ვრცელი თემაა), აფხაზეთში თითქმის არავის აქვს ილუზია, თუ როგორებად წარმოაჩენენ მათ ქართული საზოგადოების წინაშე - ბარბაროსებად, ყაჩაღებად, მკვლელებად და ასე შემდეგ. ამიტომ იქაური ლოგიკა - "სჯობს დაინახონ, რომ ჩვენც ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები ვართ” სავსებით ბუნებრივი და გასაგებია.
მეორე მხრივ, ბევრი თვლის, რომ როცა ქართველ ,,სახალხო დიპლომატებს” ხვდებიან, ჩნდება გარკვეული ილუზიები, რომ ქართველები და აფხაზები სამარადისოდ ძმები არიან, რომ აფხაზ ძმებს ერთი სული აქვთ, როდის გათავისუფლდებიან რუსული ოკუპაციისგან, რათა შემდეგ ერთიანი საქართველოს წიაღში შებრუნდნენ. ამნაირი დაჭვება სიმართლისგან ძალიან შორსაც არ არის. ქართველი მონაწილეები შეხვედრებიდან გაყოლილ თავიანთ შთაბეჭდილებებს ხშირად ასეთ აღმატებით ხარისხს სძენენ.
სხვა ყველაფრის გარდა, რა თქმა უნდა, აფხაზეთში არსებობს შიში, რომ მსგავსი შეხვედრები აფხაზებს ქართველებზე "მცდარ წარმოდგენებს” შეუქმნით. ამიტომ ნებისმიერ აფხაზ დელეგატს კარგად ახსოვს, რომ ქართველი მონაწილეების უმთავრესი ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაშასადამე, მუდმივი სიფხიზლე და მზადყოფნა მოეთხოვებათ, დაახლოებით ისე, როგორც საომარი მოქმედებების ზონაში. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ქართველების განზრახვა ეჭვს აღარ იწვევს, და ხანდახან ( ასეთებიც მომხდარა) მათ შეიძლება სიტყვიერი შეხლა-შემოხლაც მოყვეს. რატომღაც ამ შეხლა-შემოხლასაც დიალოგს არქმევენ.
რეალობაში დაბრუნება
ნებისმიერ ინსტრუმენტს აქვს დანიშნულება. ლურსმნის დაჭედება, რასაკვირველია, სტატუეტითაც შეიძლება, მაგრამ მთვარეზე ველოსიპედით ვერ გაფრინდები. ვერანაირი სახალხო დიპლომატია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს, ვერც იმას გამოიღებს შედეგად, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნოს. თუ არაოფიციალური ქართულ-აფხაზური შეხვედრების მონაწილეები ამ მიზნებს ისახავენ, ეს დიალოგები უშედეგობისთვის წინდაწინვეა განწირული. ანუ მათი ეფექტიანობა აპრიორულად უფრო მცირეა, ვიდრე თვით ჟენევის მოლაპარაკებებისაც კი - იქ ძალაუფლებით აღჭურვილ ადამიანებს რაღაც წვრილმანებზე შეთანხმების უფლებამოსილება მაინც გააჩნიათ.
რეალური მიზნების დასახვაა საჭირო. აფხაზები და ქართველები პარალელურ განზომილებებში არ ცხოვრობენ. მათ უამრავი საერთო პრობლემა აქვთ, რომლებიც ,,ტერიტოიული მთლიანობის” ან ,,აღიარების” მსგავს გლობალურ საკითხებს სულ არ უკავშირდება. ღმერთმანი, უკეთესი იქნებოდა, ქართველებს და აფხაზებს, ჟურნალისტებს, პრაღაში ერთი ხე კი არ დაერგოთ, ინფორმაციული ურთიერთქმედების საკითხები განეხილათ. სოხუმის პორტთან თურქულ გემზე ერთი წელი ისე გაატარეს ქართველმა მეზღვაურებმა , რომ ქართველმა ჟურნალისტებმა ამ ამბის შესახებ არაფერი იცოდნენ, ხოლო როცა შეიტყვეს, პროპაგანდისტულ ტალღას არ დაუხანებია და აფხაზებისგან გაწამებული, შიმშილისგან სიკვდილის პირას მიყვანილი ქართველების ამბად აქციეს. ნუთუ აფხაზეთში ერთი ისეთი ჟურნალისტი არ ეგულებოდათ, ვისთვისაც დარეკვა და სიმართლის გარკვევა შეიძლებოდა?! მაშ, ქართველი და აფხაზი ჟურნალისტების შეხვედრას რა აზრი აქვს?
ან პირიქით - ნუთუ აფხაზ ჟურნალისტებს სულ არ ანაღვლებთ იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საქართველოს ტეროტორიაზე დააპატიმრეს, ან დაიკარგნენ? ჟენევის დისკუსიებში წლობით, უსასრულოდ შეიძლება კითხვების დასმა, და ერთი და იმავე პასუხების მიღება – ,,არ ვიცით, არ გვინახავს” და ასე შემდეგ. ხომ შეიძლება ასეთ დროს ქართველ თანაამქრელთან დარეკვა და თხოვნა, ეგებ ამ უკანასკნელმა ჟურნალისტურ მოკვლევას მიმართოს?
ასეთი ორმხრივად საინტერესო და აქტუალური თემა ულევია. ადამიანების ძიება, სამეცნიერო ცოდნის გაცვლა-გამოცვლა, გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგი. ორი ეკოლოგი - ქართველი და აფხაზი - საქართველოს მთლიანობას ვერ აღადგენს, ვერც აფხაზეთის აღიარებას მიაღწევს, მაგრამ ორივეს ერთად ნამდვილად შეუძლიათ, კოდორის ხეობაში, მთიან სვანეთში თუ ენგურის ეკოსისტემაში იშვიათი სახეობის ცხოველების შემცირების გამო განგაში ატეხონ. და თუ გაქრობის პირას მდგარი ერთი სახეობის გადარჩენას მაინც მოახერხებენ, მაშინ კი შეეძლებათ დაიქადნონ, რომ ერთად საქმე გააკეთეს, და არც ამ შედეგის აღსანიშნად შესმული სადღეგრძელოსთვის დაძრახავთ ვინმე.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.