2010 წელს აზერბაიჯანში ოჯახური ძალადობის ფაქტები ქალთა მკვლელობით 109-ჯერ დასრულდა; 2011 წელს ეს რიცხვი 135-მდე გაიზარდა, ხოლო 2012 წელს 53 ფაქტია აღნუსხული
სევინჯ ჰ. 1986 წელს ბილასუვარის რაიონში დაიბადა. ოჯახმა გოგონას განათლების უფლება ჩამოართვა და სახლში გამოკეტა. 18 წლისა რომ გახდა, სევინჯი იმ კაცს გაყვა ცოლად, ვინც უყვარდა, თუმცა, მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად, ქორწინების რეგისტრირება ქმარმა არ ინდომა. ამ ქორწინებაში მას სამი შვილი შეეძინა.
თანაცხოვრების წლებში სევინჯმა ძალადობა არაერთხელ იწვნია საკუთარ თავზე. ქმარი, რომელიც ალკოჰოლს და ნარკოტიკებს ეტანებოდა, ცემდა და დაუსრულებლად შეურაცხყოფას აყენებდა. მეტიც, მისი მაზლისა და მულის მოპყრობა სევინჯის მიმართ წამებადაც კი შეიძლება კვალიფიცირდეს. მეორე ორსულობის დროს ქმარმა დაუნდობლად ცემა, რის გამოც ბავშვი გულის მანკიანი დაიბადა. ბავშვის წვალების შემყურე სევნჯმა 2010 წელს მისთვის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ოპერაციის შემდეგომ რეაბილიტაციის პერიოდი ერთ თვეს გაგრძელდა. ამ ხნის განამვლობაში, როცა სევინჯი ბავშვს დღე და ღამე თავზე ედგა, ოჯახიდან დედა-შვილი არავის მოუკითხავს. შინ დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ ქმარმა და მულმა სევინჯი სასტიკად სცემეს. ქმარმა ის თმით ათრია, დანის მუქარით ოჯახი და ბავშვები დაატოვებინა და შინიდან გააგდო. ქალი მამის ოჯახში დაბრუნდა, მისმა დამ დახმარებისათვის პოლიციას მიმართა. პოლიციას არანაირი ზომები არ მიუღია. უკვე ერთი წელია, სევინჯს საკუთარი ბავშვები არ უნახავს. ოთხი თვე საზოგადოება ,,სუფთა სამყაროს” მიერ დაარსებულ თავშესაფარში გაატარა, ახლა ნათესავებთან ცხოვრობს.
* * *
ბევრ ქვეყანაში ცხოვრების ტრადიციული ნირი, ეროვნული წეს-ჩვეულებები გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში და გამტკიცებაში უზარმაზარ როლს თამაშობს. უმეტეს შემთხვევებში, ეს ელემენტები, მათ პოზიტიურ ასპექტებთან ერთდ, ოჯახური ძალადობის წყაროდ და გამომწვევ მიზეზადაა ქცეული.
საზოგადებრივი გაერთიანების ,,სუფთა სამყარო” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ოჯახებში ძალადობის მსხვერპლნი უმეტესად ქალები არიან. აზერბაიჯანის სასამართლოებში ქალების ცემის გამო ბევრი საქმე არაა აღძრული. ,,ეს ეროვნული წეს-ჩვეულებების სპეციფიკით აიხსნება: ქალის ცემა მასზე ძალადობად არ ითვლება, ამის გამო არც ქალები უჩივიან ქმრებს, მშობლებს ან ნათესავებს”, - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
მეჰრიბან ზეინალოვას, ,,სუფთა სამყაროს” ხელმძღვანელის თქმით, 2010 წელს აზერბაიჯანში ოჯახური ძალადობის ფაქტები ქალთა მკვლელობით 109-ჯერ დასრულდა; 2011 წელს ეს რიცხვი 135-მდე გაიზარდა, ხოლო 2012 წელს 53 ფაქტია აღნუსხული.
ზეინალოვა აღნიშნავს, რომ კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ არ არსებობს მისი ამოქმედების მექანიზმები. ,,ოჯახური ძალადობის ფაქტების დიდი ოდენობის მიუხედავად, საზოგადოება ამ მოვლენასთან აქტიურად ბრძოლის სურვილს არ ამჟღავნებს.” ზეინალოვას აზრით, ქალთა მიმართ ხშირი ძალადობის მიზეზი ისიცაა, რომ ქვეყანაში პოლიცია ძალიან ხშირად ქალის მხარეს არ იჭერს. ,,როცა ქალი პოლიციას მსგავსი განცხადებით მიმართავს, პირველი კითხვა, რომელიც მას ესმის, ესაა: ,, ასეთი რა ჩაიდინე, რომ თავი საცემარი გაიხადე? რაც, თავისთავად, უკვე აბსურდია.” მძიმე სოციალური პირობების გარდა, ქალთა მონაწილეობის ხვედრითი წილი ქვეყნის მართვაში ძალზე მცირეა, რაც გენდერული თანასწორობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
აინურ ელგუნეში, ქალთა პრობლემების მედიასაშუალებებით გაშუქების ექსპერტი ამბობს, რომ ქალების დანიშვნას ნებისმიერ მაღალ თანამდებობაზე ეროვნული მენტალიტეტის თავისებურებები ეწინააღმდეგება. ,,ქალისთვის საუკეთესო პროფესიებად ექიმობა ან მასწავლებლობა ითვლება. ჩვენი ქალები პროკურატურაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ მაღალ თანამდებობაზეც არ არიან წარმოდგენილნი. აზერბაიჯანს არ ჰყავს არც ერთი ქალი მინისტრი. სამინისტროებში წამყვან თანამდებობებზე ქალები ასევე არ ინიშნებიან, მათი ხილვა მხოლოდ ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარეთა შორის შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი კომიტეტი ოჯახის, ქალთა და ბავშვთა პრობლემების კომიტეტია. ელგუნეშის თქმით, ქვეყანას 19 ქალი დეპუტატი ჰყავს, მათი უმეტესობა პარალმენტის სამუშაო პროცესში, ასე ვთქვათ, სრულიად უხილავია. ,,საკმარისია, საძიებელში აკრიფოთ მათი სახელი, რომ დარწმუნდებით: მათი გვარ-სახელები არანაირ საქმიანობას არ უკავშირდება.”
სტატიაზე მუშაობის დროს გადავწყვიტეთ, ქალი დეპუტატები ,,გუგლით” მოგვეძიებინა და ოჯახურ ძალადობაზე მათი აზრი შეგვეტყო. საკუთარი აზრი ამ პრობლემაზე მხოლოდ ორ მათგანს აღმოაჩნდა. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი გულნარ აჰმადოვა იყო, თუმცა, საუბრისას გაირკვა, რომ ეს ქალბატონი დღეს დეპუტატი აღარ არის. მეორე, განირა ფაშაევა, საკუთარ ინტერვიუებში და ფეისბუქის გვერდზეც ხშირად საუბრობს ქალთა ძალადობის შესახებ. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს:
,,მთელი საზოგადოება, სახელმწიფო დაწესებულებები, საკანონმდებლო ორგანო, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესა, მას-მედია – ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და წინ აღვუდგეთ ქალთა ძალადობას. ამგვარი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჯახებიდან მომდინარე პრობლემები მოგვიანებით საზოგადოებას უფრო დიდ პრობლემად მოუბურნდება ხოლმე”.
მეჰრიბან ზეინალოვა ამბობს, რომ ჩვენი დეპუტატები ამ თვალსაზრისით ძალზე პასიურები არიან. ,,რეგიონებში ქალებს, უბრალოდ, კლავენ, მაგრამ გახსენდებათ რომელიმე შემთხვევა, რომ მსგავსი შემთხვევევის გამო რომელიმე დეპუტატს განგაში აეტეხოს, თუნდაც წუხილი გამოეხატოს? მე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ორ კამპანიაში ვმონაწილეობდი. ერთ-ერთ აქციაზე სახეები წითელი საღებავით შევიღებეთ და პრესკონფერენციაზე ასე ვისხედით, მეორედ მრგვალ სადისკუსიო მაგიდას ასეთნაირივე ,,სისხლიანი” პერანგებით ვესხედით.”
***
ამ წლის ნოემბერში აზერბაიჯანში შემზარავი ფაქტი გახმაურდა: ოჯახის უფროსმა საკუთარი ცოლი და ქალიშვილი დახოცა. მაშინ სამართალდამცავების და ინტელექტუალების ჯგუფმა ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც ხელმომწერებმა ოჯახურ ძალადობასთან საბრძოლველად საგანგებო პოლიციის შექმნა, ქალი პოლიციელების რაოდენობის გაზრდა, ქალის სოციალური ცნობიერების ასამაღლებლად საგანგებო გადაცემების მომზადება და სხვა ზომების მიღება მოითხოვეს. ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის პრობლემა აზერბაიჯანში მხოლოდ ახლა იკრებს საზოგადოების ყურადღებას.