სომელიეები ღვინის პროფესიონალები არიან, ადამიანები, ვინც რესტორნებში ღვინის მოყვარულებს და “ჩაინიკებს” ურჩევენ, თუ რომელი ღვინო შეარჩიონ და რომელ კერძს რომელი ღვინო შეიძლება რომ მოუხდეს. იმავეს გვირჩევენ ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც, - “მიირთვით მწვადთან და სხვადასხვა ხორცეულთან” ან, “კლასიკური თანმხლები ამ ღვინისთვის გრილზე შემწვარი ფილე ან ჩანახი იქნებოდა,” – ასეთ წარწერებს ღვინის კონტრეტიკეტებზე ან ღვინის კომპანიების ინტერნეტ საიტებზე ნებისმიერი ბრენდის დახასიათებისას ხშირად შეხვდებით. რა თქმა უნდა, ეს რჩევები შეიძლება უგულველყოთ და სომელიეს ჯიბრზე კარგ, ტანინით გაძეძეგილ კახურ ღვინოს ხალვა მიაყოლოთ, თუმცა, არა მგონია ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ისიამოვნოთ ან ღვინით ან ხალვით. მეორეს მხრივ, თუ პირის გემო გაქვთ და ღვინოშიც სულ ცოტას ერკვევით, ექსპერიმენტმა შეიძლება მოულოდნელად გაამართლოს, რადგანაც საკვების და ღვინის თქვენებურმა აღქმამ შეიძლება გემოების და არომატების კომბინაციის ჯერ კიდევ გაუკვალავ ტერიტორიაზე შეგაგდოთ. მოკლედ, როგორც ჩვენი დიდი მეზობლები (ამდენი ხანი რომ ვერ შევთქნხმდით მტრები არიან თუ მოყვარეები) იტყვიან, - Дерзайте, ребята!
სწორედ ღვინოზე და დიდ მეზობელზე ფიქრისას მომივიდა თავში ის, რომ დიდი სიამოვნებით მივითვისებდი ქალაქ თბილისის სომელიეს ტიტულს, ოღონდ არა ღვინოსთან და კერძებთან არამედ თბილისის ქუჩებსა და მუსიკასთან მიმართებაში. აუდიო-სომელიე, ასეთი იქნებოდა ჩემი ტიტული! თუ გაუგებრად ვამბობ, მაშინ კიდევ უფრო დავაკონკრეტებ, - ქალაქში ხეტიალის ჩემი მრავლწლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს სრული უტიფროფით განვაცხადო, რომ ქ. თბილისის უკეთ აღსაქმელად შემიძლია, გარკვეულ საფასურად, ვურჩიო ჩამოსულებს ან ადგილობრივებს თუ თბილისის რომელ უბანს ან ქუჩას როგორი ან რომელი მუსიკა უხდება. უფრო მეტიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ შერჩეული მუსიკა თბილისის ამა თუ იმ ქუჩას ან უბანს დაუვიწყარს ხდის! “ხუმრობ?” – მკითხავთ. გიპასუხებთ, - სრულიადაც არა და სასწრაფოდაც აგიხსნით თუ რატომაც არა.
აი, მისმინეთ: ქალაქში მრავალწლიანი, უმიზნო თუ მიზანდასახული ხეტიალისას ერთ რამეს მივხვდი, - თბილისს (ნიუ-იორკს, ამსტერდამს, ვენას, ლონდონს, ა.შ) არავითარი მუსიკა არ ესაჭიროება, მის ქუჩებში უბრალოდ უნდა ისეირნო, ყურად-ღებით იყო და ზოგჯერ, ადამიანების, ფრინველების, ავტომობილების, ნიავის, ფოთლების შრიალის, ძაღლების ყეფის, ნაბიჯების კაკუნის, ყურმორული საუბრების და კიდევ უამრავი სხვა საუნდის მეშვეობით თბილისი ქუჩები თავად მოგასმენინებენ ძალიან დახვეწილ, მხოლოდ ამ ქალაქისათვის დამახასიათებელ, მხოლოდ ამ ქალაქში აჟღერებულ მუსიკას.
ყველა ქალაქს თავისი ს ა უ ნ დ ი აქვს, ყველა ქალაქი თავისებურად გუგუნებს.
ყველაფერი ეს ძალიან კარგი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კარგ ხასიათზე ხარ, დროც გაქვს და გინდა ქალაქში გახვიდე, ყურში სასმენები გაირჭო, უბრალოდ ისეირნო და კარგ მუსიკას უსმინო (ყველაფერი ეს არ ვრცელდება ზოგადად დეპრესიულ ადამინებზე, მათზე, ვისაც ხელფასი დაუგვიანეს, ვისაც კბილი სტკივა, მუსიკა არ უყვარს, ქალაქი არ უყვარს, არ სეირნობს, მხოლოდ პარლამენტის სხდომებს უყურებს, დაბარებულია დაკითხვაზე, უპირებენ დაპატიმრებას, და ა.შ.) აი, სწორედ ასეთ დროსაა გამოსადეგი გამოცდილი ადამიანი, რომელიც ჯერ გაარკვევს თუ ქალაქის რომელ უბანში შეიძლება რომ შეეხეტოთ, მერე კი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გირჩევთ თუ რომელ და როგორ მუსიკას მოუსმინოთ. “გვეშაყირები?”- მკითხავთ. გიპასუხებთ, - რა თქმა უნდა, მაგრამ რაც შეეხება ქალაქის უბნებს და სწორედ შერჩეულ მუსიკას, სრულიადაც არა. ამ შემთხვევაშიც სასწრაფოდ აგიხსნით თუ რატომაც არა.
მუსიკალური ინსტრუმენტები, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყვნენ შექმნილნი, აკუსტიკური თუ ელექტრო, ერთმანეთთან თუ ადამიანების ხმებთან კომბინაციაში, ისევე როგორც სხვადასხვა მუსიკალური ჟანრი თუ სტილი, როგორც წესი, განსხვავებულ მოსასმენ გარემოს თუ სივრცეს ითხოვს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ორღანის ან საბავშვო გუნდის მოსმენა ეკლესიაში ჯობს, თუმცა აქვე, როგორც გაირკვა, აქვე საკმაოდ კარგად ისმინება მძიმე მედიტაციური მეტალიც; ან, ვთქვათ, შაკუჰაჩის, იაპონურ ბამბუკის ფლეიტას, ღია ცის ქვეშ საკონცერტო დარბაზში ისე ვერ მოუსმენ, როგორც უფრო კამერულ გარემოში. მუსიკის თანმხლებ სივრცეზე და მათი კომბინაციების რაოდენობაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს; უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი სწორი თუ არასწორი კომბინაცია შეიძლება არსებობდეს ქალაქში ხეტიალისას. ხშირად, როგორც დავაკვირდი, სივრცობრივი ან აკუსტიკური ნორმების დარღვევამ შეიძლება საკმაოდ ნეგატიური აკუსტიკური გარემო შეგიქმნათ. ყველაფერ ამას ემატება ჩვენი უნარიც ვიზუალურად აღვიქვათ მუსიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ვიზუალური მოცემულობა უკვე არსებობს (ანუ, ვთქვათ, ქალაქის ესა თუ ის ქუჩა, სადაც ჩვენ ვსეირნობთ იმ დროს, როდესაც მუსიკას ვისმენთ), მაშინ არასწორად შერჩეულმა მუსიკალურმა ნაწარმოებმა შეიძლება ან ესა თუUის მუსიკალური ნაწარმოები/ინსტრუმენტი/ჯგუფი შეგვაძულოს, ან ქალაქის რომელიმე უბანი, ან კი სულაც იდიოტურ სიტუაციაში ჩაგაყენოთ (მაგალითად, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან სიახლოვეს სეირნობ და “ბითლზების” You Never Give Me Your Money-ს უსმენ).
ყველაფერი ეს მიუნიშნებს იმაზე, რომ თუ ქალაქში ხეტიალს მუსიკის თანხლებით აპირებ, ერთიც კარგად უნდა იცოდე და მეორეც იმისთვის, რომ სწორად შეარჩიო მარშუტი და მუსიკა მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად.
დარწმუნებული ხართ, რომ კარგად გაქვთ შესწავლილი საკუთარი ქალაქი ამ მხრივ? დარწმუნებული ხართ, რომ არ გჭირდებათ უფრო კარგად გაერკვეთ ურბანულ-აკუსტიკურ ფენ-შუიში? დარწმუნებული ხართ, რომ არ გესაჭიროებათ პირველი ქართველი აუდიო-სომელიეს, ანუ ჩემი დახმარება?
კიდევ უფრო რომ გავაღრმავო თქვენი ცნობისმოყვარეობა, გეტყვით იმას, რომ თბილისს ძალიან არ უხდება გასული საუკუნეები 80-90-იანი წლების როკი, პანკ-როკი, რუსული პოპი, თავისუფალი ჯაზი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული სიმღერების უმრავლესობა თბილისზე. მეორე მხრივ, აღმოჩნდა, რომ თბილისის ქუჩები ადვილად იტანენ ისეთ ინსტრუმენტებს როგორებიცაა ვიბროფონი, აკორდეონი/ბანდელეონი, კორა (აფრიკული 21-სიმიანი ინსტრუმენტი), ბას-კლარნეტი ან, თუ მუსიკოსებს მივხედავთ, ამერიკელი მინიმალისტები, ჩრდილო-აფრიკული ტრანსული მუსიკა, სხვადასხვა ჯურის სინგერ-სონგრაითერები და ჟაკ ბრელი. თბილისის ყველა ქუჩა ერთნაირად კარგად ვერ იტანს ინდურ ტრადიციულ ინსტრუმენტებს, ისევე როგორც თანამედროვე ელექტრონულ მუსიკას ან ჰიპ-ჰოპს, მაგრამ სწორი მარშრუტების შერჩევისას ყველა ეს ინსტრუმენტი თუ აკუსტიკური მოვლენა მაქსიმალურად ეფექტურად აჟღერდება ხოლმე. თბილისი ძალიან კარგად იტანს გასული საუკუნის სამოციანი წლების მესამე ეშელონის ჯგუფებს, ანუ იმ ჯგუფებს, რომლებიც დღეს ლამის მივიწყებულნი არიან, მაგრამ ისევე როგორც ინდური ტრადიციული ინსტრუმენტებიდ შემთხვევაში, საჭიროა განსაკუთრებული მარშრუტის შერჩევა თუ სეირნობისას ამავე პერიოდის ცნობილ ჯგუფებს გინდა უსმინო. დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად ხმაურიან თუ შედარებით წყნარ ქუჩებში სეირნობ, რადგანაც შენს გარშემო დატრიალებული ქალაქი და ადამიანების ფუსფუსი სერიოზულად განაპირობებენ იმას თუ როგორ აღიქვამ მუსიკის მეშვეობით მათაც და მუსიკასაც. მაგალითად, სრულიად წარმოუდგენელია მეტრო “ვარკეთილის” მიდამოში ორლანდო დი ლასოს მოტეტების ან მადრიგალების სმენა, რადგანაც რამდენადაც ხმამაღლა არ უნდა უსმენდე ჩანაწერს შენი სმენის არეში მაინც შემოვარდება ალა პუგაჩოვას რომელიმე სიმღერის ფრაგმენტი, რაც, როგორც წესი, თუ პირადად ჩემზე ვილაპარაკებთ, სერიოზულად მიფუჭებს ხოლმე ხასიათს. აეროპორტის გზატკეცილს (განსაკუთრებით ფეხით თუ მიუყვები) ძალიან უხდება ბრაზილიელი “ტროპიკალისტები,” მაგრამ სრულიად აუტანელია პოლირითმებით გადატვირთული იმპროვიზირებული მუსიკა. ვარიანტები, როგორც გითხარით, უამრავია (პლუს, თბილისის ყველა ქუჩა ვერ იტანს მუსიკას. ნებისმიერს!) და თქვენ წარმოიდგინეთ მათი უმრავლესობა ნაცადი მაქვს...
ნურც იოცნებებთ, რომ საკუთარი უნარებით დაბრმავებული, იაფფასიანი პოპულარობის მოხვეჭის სურვილით შეპყრობილი, მე, პირველი ქართველი აუდიო-სომელიე აქვე ჩამოგიწერთ სიებს თუ რომელ შემსრულებელს, ბენდს თუ მუსიკას უნდა უსმინოთ ამა თუ იმ უბანში თუ ქუჩაზე. მე პროფესიონალი აუდიო-სომელიე ვარ და პროფესიონალები უსასყიდლოდ არავის არაფერს ურჩევენ. ჯერ ფული მერე მუსიკა ან, როგორც აზდაკი იტყოდა “მე ვიღებ!” “ისევ გვეღადავები?” – იკითხავთ. გიპასუხებთ, - რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერ დანარჩენზე სრული სერიოზულობით ვსაუბრობ. ასე რომ, თუ აუდიო-სომელიესთვის გადასახდელი თანხები არ გაგაჩნიათ, - Дерзайте, ребята! – საკუთარი რისკის ხარჯზე, რა თქმა უნდა.