Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამქრალი გოგონები აუტისტური სპექტრის აშლილობის სტატისტიკაში

03 აპრილი 2017

გასულ წელს კომიკოსმა და მსახიობმა ჯიმ ჯეფრისმა Netflix-ის 90-წუთიან სთენდაფში დიდი დრო დაუთმო იმ ამბის მოყოლას, თუ როგორ გაიგო 36 წლის ასაკში, რომ აუტიზმის მქონეა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მის გოგოს არ სურდა მათი შვილი - ჰენკი აეცრა, რადგან ეშინოდა, რომ ბავშვი აუტისტური სპეტრის აშლილობის მქონე გახდებოდა. ამის მტკიცებულებად კი მსახიობისა და Playboy-ის მოდელის ჯენი მაკარტის წიგნი - „აუტიზმის მკურნალობა და პრევენცია“ მოჰყავდა. ჯიმმა შვილი მაინც აცრა, რის შემდეგაც ბავშვი უცნაურად იქცეოდა, მამა შეშინდა. 3 დღის შემდეგ ექიმის კაბინეტში მჯდომი ჯიმი ტანის რხევისა და თითების განმეორებითი ერთნაირი მოძრაობის ფონზე იმეორებდა „ბავშვი აუტისტია და ჩემი ბრალია. ბავშვი აუტისტია და ჩემი ბრალია“. ექიმმა უთხრა, რომ ის ზედმეტად ემოციურად შეხვდა ამ ამბავს, რადგან თავად იყო აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე. რაც შეეხება ბავშვს, მისი უცნაურობა ერთდროულად რამდენიმე აცრის შედეგი იყო და მალე გაუარა კიდეც.

სთენდაფში შესაძლოა, დიაგნოზის დასმის პროცესი გამარტივებულია, მაგრამ ჯიმის ქცევისა და საუბრის მანერა, მართლაც, დამახასიათებელია ასა-ის მქონე ადამიანებისათვის, მათ ასევე აქვთ კომუნიკაციის პრობლემა, ხშირად აქვს შეზღუდული ინტერესის და აქტივობის არეალი. ყოველ 68 ადამიანიდან ერთს ასა-ის დიაგნოზი აქვს. ასა-ში ერთიანდება განვითარების დარღვევების მთელი ჯგუფი და თითოეული მათგანი განსხვავდება სიმპტომებით. ასა-ის მქონე ადამიანები არც ჯიმ ჯეფრისის ნაირები არიან და არც დასტინ ჰოფმანის პერსონაჟისა ფილმიდან „წვიმის კაცი". თუმცა მსგავსებები შეიძლება იპოვოთ, მაგრამ განსხვავებაც ძალიან ბევრი იქნება. ასა-ის მქონე ბავშვების 44%-ს საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. 

ძნელია ზუსტად თქვა, როდის ვლინდება ასა-ის პირველი ნიშნები, ზოგჯერ ის 6-12 თვის ასაკში ჩნდება, თუმცა პროფესიონალები, რომელებიც ასა-ის დიაგნოზს სვამენ, არ ჩქარობენ დიაგნოზის დაზუსტებას, სანამ ბავშვი 18 თვის არ გახდება. შესაძლოა, ასა-ის მქონე ბავშვი თავიდან ტიპურად ვითარდებოდეს და შემდეგ დაკარგოს ის უნარები, რომლებიც უკვე შეიძინა, ზოგჯერ კი პირიქით ხდება. მსგავსად ჯიმ ჯეფრისისა ბევრი ადამიანი გვიან იგებს, რომ აუტიზმის მქონეა, ზოგისთვის კი ცხოვრების ბოლომდე უცნობი რჩება დიაგნოზი. მიჩნეულია, რომ ასა-ის რაოდენობა მზარდია, თუ 1975 წელს 1500 ადამიანში აუტიზმი დადგენილი ერთს ჰქონდა,  2014 წელს მაჩვენებელი 58-ში ერთი გახდა. თუმცა ასა-ის მრავალფეროვანი ხასიათისა და გამოვლენის მეთოდების დახვეწის გამო არსებობს მოსაზრება, რომ იცვლება არა ასა-ის მქონე ადამინების რაოდენობა, არამედ დიაგნოზის დასმის მაჩვენებელი.

განსაკუთრებით პრობლემურია ასა-ის დიაგნოზის დასმა გოგონებისთვის. სავარაუდოდ, სწორედ ამით არის გამოწვეული ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ ასა გოგონებს 4.5-ჯერ იშვიათად ემართებათ. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გოგონები და ქალები თავიდანვე ყურადღების მიღმა რჩებოდნენ. როდესაც 1944 წელს ჰანს ასპერგერმა პირველად აღწერა „აუტისტური ფსიქოპათია“. ის საუბრობდა მხოლოდ ბიჭებზე და ფიქრობდა, რომ ქალებსა და გოგონებში ეს მდგომარეობა არ არსებობდა. ასპერგერმა მოგვიანებით შეიცვალა მოსაზრება, თუმცა მითი დარჩა. დღემდე ითვლება, რომ აუტიზმი ძირითადად მამრობითი სქესის ადამიანებს ემართებათ, მაგრამ რაც დრო გადის, ეს მოსაზრება მტკიცებულებას კარგავს. დღეს ფიქრობენ, რომ გოგონებში აუტიზმის დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება, რადგან შესაძლოა გოგონები უკეთ ნიღბავდნენ სიმპტომებს, ასევე უკეთ გამოსდიოდეთ სოციალური ნორმების გადაღება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ დროს მათ ესმით, რატომ იქცევიან ასე. კიდევ ერთი მიზეზი, გოგონებისა და ქალების შესაძლო სტატისტიკური აღურიცხაობისა არის ის, რომ ასა-ის დიაგნოსტირების კრიტერიუმი ეფუძნება მამრობითი სქესის ქცევით მახასიათებლებს. ქალებსა და გოგონებში კი ქცევით ნორმები შესაძლოა, განსხვავებული იყოს. შედეგად, დიაგნოზის გარეშე დარჩენილი გოგონები ვერ იღებენ იმ სერვისებსა თუ მხარდაჭერას, რომელიც მათ სჭირდებათ. ამ ფაქტით დაინტერესდნენ შოტლანდიაში და ქვეყანაში გასული წლის ზაფხულში ახალი გაიდლაინი გამოსცეს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქალებსა და გოგონებში ასა-ის სიმპტომების გამოვლენაზე. გაიდლაინი ასევე მიზნად ისახავს, რომ ასა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში თანაბრად ეფექტურად დადგინდეს.

ადრეული ასაკში ასა-ის მქონე ბავშვები ხშირად წყნარები არიან, ამიტომ ზოგჯერ უფროსებს უხარიათ და ჰგონიათ, რომ კარგი ზნის შვილი ჰყავთ. სინამდვილეში ეს შეიძლება აუტიზმის ნიშანი იყოს. წლამდე ბავშვმა ყურადღების მისაქცევად უნდა იხმაუროს, მზერით და ღიმილით უნდა დაამყაროს კონტაქტი, რეაქცია უნდა ჰქონდეს ნაცნობ ხმაზე და საკუთარ სახელზე, ინიციატივა გამოიჩინოს და/ან უპასუხოს ჩახუტებაზე, მიბაძოს ახლობლების ქმედებებს და ეთამაშოს გარშემომყოფებს... თუ ბავშვს ჩამოთვლილი უნარ-ჩვევები არ აქვს, მშობელმა ეჭვი აუტიზმზე უნდა მიიტანოს. აუტიზმის მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს თერაპია, რომელიც ეხმარება ბავშვს განვითარებაში. რაც ადრე დაისმება აუტიზმის დიაგნოზი და დაიწყება თერაპია, მით უკეთ განვითარდება ბავშვი. მართალია, საქართველოში სერვისი ABA თერაპიის სახით არსებობს, მაგრამ  ყველგან ხელმისაწვდომი არ არის და ყველა ბავშვს ვერ უზრუნველყოფს.

აუტიზმის დიაგნოზის დასმა ადამიანის ქცევასა და განვითარებაზე დაკვირვების შედეგად ხდება. თუმცა ამ დიაგნოზის დადგენა თავის ტვინის სკანირების შედეგადაც შეიძლება. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ასა-ის დროს თავის ტვინის ცვლილებები გაცილებით ადრე, შესაძლოა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდშიც კი იწყება. ჯერ კიდევ 90-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს, ტიპური განვითარების თანატოლებთან შედარებით, უფრო დიდი თავის ტვინი აქვთ, მაგრამ არ იყო დადგენილი, როდის ხდებოდა ტვინის ზომაში მატება. ახალი კვლევის ფარგლებში, 6, 12 და 18 თვის ბავშვებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდათ, დადგინდა, რომ ასა-ის დროს თავის ტვინი 12-დან 24 თვის ასაკის ინტერვალში ნორმაზე სწრაფად იზრდება. ასევე იპოვეს ტვინის ცვლილებები 6-დან 12 თვემდე პერიოდში. ეს მხოლოდ სამეცნიერო კვლევის შედეგებია და ჯერჯერობით ტომოგრაფია, როგორც აუტიზმის დიაგნოსტიკის საშუალება, კლინიკაში დანერგილი არ არის.

გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია აუტიზმის ცნობადობის გაზრდა, რათა ამოვიცნოთ აუტიზმი სქესისა და ასაკის მიუხედავად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დავანგრიოთ მითები, რომელიც თემის ირგვლივ არსებობს, რადგანაც არასწორმა ინფორმაციამ შესაძლოა, იმაზე მეტი ზიანი მოგვაყენოს, ვიდრე ინფორმაციის უქონლობა მოგვიტანდა. მაგალითად, ერთ-ერთი მითია, რომ აცრები იწვევს აუტიზმს. მოსაზრება 1998 წელს დაიბადა, როდესაც The Lancet-ში ვეიქფილდის პატარა კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც აცრებისა და აუტიზმის შესაძლო კავშირზე საუბრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომი თავისი მასშტაბებით ვერ დაიკვეხნიდა, მაინც დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოსახლეობაში, ამბავმა საქართველოშიც ჩამოაღწია. შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები უამრავი ბავშვი საჭირო და ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელი აცრის გარეშე დარჩა. უფრო მეტიც, ვაქცინაციის შიში საზოგადოებაში მაშინაც კი არ განელდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ვეიქფილდს აფინანსებდნენ იურისტები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ვაქცინაციის მწარმოებელ კომპანიებთან სასამართლო დავაში მყოფ მშობლებთან. არც მაშინ დაინგრა მითი, როდესაც ვეიქფილდის კვლევას უამრავი ნაშრომი მოჰყვა, რომელიც მის მოსაზრებას აქარწყლებდა. აღმოჩნდა, რომ არასწორ წყაროებს, მაგალითად, ჯენი მაკარტის წიგნს, საზოგადოებაში დიდი გავლენა აქვს.

ერთი მხრივ, თუ ჯეფრისის შემთხვევა ნათლად გვაჩვენებს, რომ აუტიზმი ხანდახან შესაძლოა იმდენად უმნიშვნელოდ გამოვლინდეს, რომ არც კი ვიცოდეთ მის შესახებ, მეორე მხრივ, აუტიზმი ზოგჯერ მკაფიოდ არის გამოხატული და მნიშვნელოვნად უზღუდავს ადამიანს შესაძლებლობებს. ერთ-ერთი მითია ის, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოვებული. სიმართლეა, რომ მათ ზოგჯერ აქვთ განსაკუთრებული ნიჭი, მაგრამ არა ყოველთვის. ასა ითვლება დიაგნოზად, რომელიც ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება. თუმცა ბოლო წლებში ტარდება კვლევები, რომელთა მიხედვითაც აუტიზმის მქონე ადამიანები, თუკი დიაგნოზი ადრეულ ასაკში დაისმება და შესაბამის სერვისებს მიიღებენ შესაძლოა, ტიპური განვითარების მქონე თანატოლებისგან აღარ განირჩეოდნენ. თუმცა მოსაზრება ჯერ კიდევ კვლევის საგანია.  აუტიზმის ხასიათისგან გამომდინარე, შესაძლოა, ეს ის ბავშვებია, რომელთა დიაგნოზი  მკაფიოდ არ არის გამოხატული, როგორც, მაგალითად, ჯეფრისის, რომელსაც დიაგნოზი გაუკვირდა და შემდგომში ხუმრობის საგანი გახადა, რითაც საკმაოდ კარგი აქცენტები დასვა და ხელი შეუწყო აუტიზმის ცნობადობას. ექიმთან ვიზიტის შემდეგ ჯეფრისმა დედას დაურეკა და უთხრა, რომ დიდი სიახლე ჰქონდა. პასუხად შეკითხვა მიიღო: "ქორწინდები?" „არა, აუტისტი ვარ“, - იყო ჯეფრისის პასუხი. „ყველამ იცის, რომ აუტისტი ხარ და ეს არც ისე ცუდია“, - უპასუხა დედამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^