ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“ 5-7 აპრილს ქუთაისში საქართველოში პირველად ფემინისტურ ფესტივალს გამართავს.
ფესტივალი საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის - 100 წლისთავს უკავშირდება. „ხმა ქართველი ქალისა“ ქუთაისში, 1917-1918 წლებში, ფემინისტის, პუბლიცისტისა და აქტივისტის, კატო მიქელაძის (1878-1942) თაოსნობით გამოიცემოდა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები, მოხსენებები, გამოფენები, ფილმის ჩვენებები, ქუთაისის ფემინისტური ტური და დოკუმენტური სპექტაკლი „შვიდი“, რომელიც ორგანიზაცია - „ქალთა ფონდი საქართველოში“ თაოსნობით, ნოემბერში უკვე დაიდგა თბილისში.
აღნიშნული ღონისძიებების მთავარი თემები იქნება ის პრობლემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია: პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ნიშნით ჩაგვრა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ფესტივალს დაესწრებიან ფემინისტი აქტივისტები, გენდერის სპეციალისტები, „ქალთა ფონდი საქართველოშის“ გრანტიორები და სხვა დაინტერესებული პირები.
ფესტივალის ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.