როგორც ჩანს, ნაცმოძრაობაში პრინციპი “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” კვლავ სათაყვანო კერპის ფუნქციას ასრულებს, რომელიც პირადი მსოფლმხედველობისა და პოზიციის შეწირვას ითხოვს.
6 დეკემბერს სახალხო დამცველობის კანდიდატი, უჩა ნანუაშვილი საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს პასუხობდა.
ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნისას ლიბერალური ღირებულებების პატივისმცემელი მთავრობის იმიჯი შეიძინა და ეს ასეც იყო, თუ გავითვალისწინებთ მათ მიერ უმცირესობების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. აქ, პირველ რიგში, გასული წლის ზაფხულში რელიგიური უმცირესობებისთვის საჯარო სტატუსით დარეგისტრირების საშუალების მიცემას ვგულისხმობ. ეს მართლაც გაბედული და ღირსეული ინიციატივა იყო. სხვა საკითხია, თუ რამდენად წარმატებით იქნა განხორციელებული ის, მაგრამ მცდელობა ფრიად დასაფასებელია.
ამ ფონზე ძალზედ უცნაურად ჟღერდა ხსენებული „დაკითხვის“ დროს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ხათუნა გოგორიშვილის მიერ დასმული მორიგი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა საკონსტიტუციო შეთანხმებას საქართველოს მართლმადდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის (ე.წ. კონკორდატს). გოგორიშვილი განაწყენებული ტონით მიუთითებდა სახალხო დამცველობის კანდიდატს, რომ მისი ორგანიზაციის - “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” დამოკიდებულება კონკორდატის მიმართ არამართებულია. კერძოდ, ნახსენები იქნა ამ ორგანიზაციის მიერ 2008 წელს გამოცემული ანგარიში - State of Freedom of Religion in Georgia since the adoption of Constitutional Agreemant between the Government and Orthodox Church of Georgia, Religious Freedom Report – Human Rights Centre 4/25/2008, რომელშიც კონკორდატი დისკრიმინაციულად არის შეფასებული.
გოგრიშვილმა კონკორდატისადმი ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ანგარიშის კრიტიკული დამოკიდებულებაც გაიხსენა და იქვე ღიმილისმომგვრელად დასვა შემდეგი შეკითხვაც: ხომ არ არის განპირობებული ასეთი ნეგატიური პოზიცია ამ დოკუმენტისადმი თქვენი და სოზარ სუბარის ახლო ურთიერთობითა და მეგობრობით?
უჩა ნანუაშვილმა უპასუხა, რომ სოზარ სუბარი არ არის მისი მეგობარი, ხოლო კონკორდატში “დისკრიმინაციული ელემენტები ნამდვილად არსებობს და ეს დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ საკითხთან დაკავშირებულ განხილვებში”.
სანამ კონკორდატზე მსჯელობას შევუდგებით, საჭიროა მცირე განმარტება: არასწორია, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება იხსენიება “კონკორდატად”, რადგან ასე იწოდება მხოლოდ ის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ფორმდება წმინდა საყდარსა (ვატიკანის სახელმწიფოს სამართლებრივი სახელწოდება) და სხვა ქვეყნის მთავრობას შორის.
დავიწყოთ იმით, რომ საკონსტიტუციო დონის ეს შეთანხმება უპრეცედენტო ჰიბრიდია: ერთი მხრივ, ქართული საკონსტიტუციო შეთანხმება წარმოადგენს შეთანხმებას სახელმწიფოსა და ამავე სახელმწიფოში არსებულ ეკლესიას შორის, რომელსაც მხოლოდ კანონის ძალა უნდა ჰქონდეს (ასეთი სამართლებრივი სტატუსი აქვს მას ყველა სხვა ქვეყანაში), მაგრამ, მეორე მხრივ, ის ატარებს საერთაშორისო ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს: მას ხელს აწერს ქვეყნის პრეზიდენტი, კანონთან წინააღმდეგობის შემთხვევაში მას უპირატესი ძალა ენიჭება და სხვა. ამგვარ შეთანხმებას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება [1].
ევროპელ ექსპერტთა დასკვნები ამ დოკუმენტზე საკმაოდ ნეგატიურია. მაგ., ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ევროკავშირის სამართლის ექსპერტი, რიკ ლოუსონი დაწვრილებით განიხილავს საკონსტიტუციო შეთანხმებას. მისი დასკვნით, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მინიჭებული პრივილეგიებით სარგებლობის უფლება უნდა მიეცეს სხვა რელიგიებსაც; საკონსტიტუციო შეთანხმება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას [2]. ამ საკითხზე არსებობს ასევე ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, რინგოლდს ბალოდისის შეფასებაც [3].
კონკორდატის “საკამათო მუხლებზე” და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის “ექსკლუზიური უფლებების” მინიჭებაზეა საუბარი ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც საქართველოში რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ [4].
ამრიგად, საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან ქართული “კონკორდატის” შეუსაბამობა ცხადია.
აღნიშნული საკონსტიტუციო შეთანხმება თავად საქართველოს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება, რომლის ძალითაც გარანტირებულია ყველა მოქალაქის თანასწორობა. კონსტიტუციის მე-14 მუხლში ვკითხულობთ: “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
ასევე ადეკვატურად არის შეფასებული კონკორდატი სახალხო დამცველის 2006 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც. სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სფეროში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული უფლებებისა და პრივილეგიების მიმოხილვის შემდგომ, ანგარიშში აღნიშნულია: “...სახელმწიფო ამ პრივილეგიებს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს, ამით კი ფაქტობრივად ირღვევა კონსტიტუციითა (38 მუხლი) და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული თანასწორობისა და არადისკრიმინაციის ფუნდამენტური პრინციპი” [5].
ამრიგად, სრულიად ნათელია სახელმწიფოს დემოკრატიული და ლიბერალური განვითარების დეკლარირებულ მიზნებთან ხსენებული “კონკორდატის” შეუთავსებლობა.
ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ანგარიშს სამწუხაროდ, არ მოჰყოლია ადეკვატური რეაქცია. მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ ანუ “ნაცმოძრაობამ” განაცხადა, რომ ეკლესიასთან დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება გადახედვას არ დაექვემდებარება. საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში “2005 კალენდარული წლის პირველ ნახევარში ადამიანთა უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის მოხსენების თაობაზე მე-3 პარაგრაფში ვკითხულობთ: “საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური პრინციპები ხელშეუხებელია და არ ექვემდებარება გადახედვას” [6].
კერძოდ, რატომ არის მიუღებელი ეს დოკუმენტი? უსაგნო საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, დავასახელოთ კონკორდატის ის უმთავრესი მუხლები, რომლებიც კონსტიტუციით გარანტირებული ყველა ჯგუფის (მიუხედავად რელიგიური და სხვა ნიშნისა) თანასწორობის პრინციპთან შეუთავსებლად მიიჩნევა:
- საგადასახადო შეღავათების (ზოგჯერ კი სრული განთავისუფლება) მხოლოდ ერთი კონფესიისთვის მინიჭება;
- საჯარისო ნაწილებში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში კაპელანის (მოძღვრის) ინსტიტუტის შემოღების უფლება მხოლოდ ერთი კონფესიისთვის;
- სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან მხოლოდ ერთი კონფესიის სასულიერო პირების განთავისუფლება;
- სასწავლებლებში პედაგოგთა შერჩევის, დანიშვნისა და განთავისუფლების უფლების მინიჭება მხოლოდ ერთი კონფესიისთვის (უფრო ზუსტად: ამგვარი ქმედებების განხორციელება “ეკლესიის წარდგინებით”).
- კონკორდატის ძალით ეკლესიის საკუთრებადაა გამოცხადებული არა მხოლოდ მუზეუმებში დაცული საგანძურის ნაწილი, არამედ უძველესი მონასტრების ნანგრევებიც გარშემო არსებული მიწის ფართობების ჩათვლით (მუხლი 7 და 8). აღნიშნული გარემოების გამო არქეოლოგები ხშირად დაბრკოლებებს აწყდებიან საპატრიარქოსა და ტაძრის მსახურთა მხრიდან საკუთარი კვლევების წარმოების დროს.
საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვთ კონკორდატისადმი სხვა კონფესიებს. საპატრიარქოს ყოფილი საპარლამენტო მდივანი, ბ-ნი გიორგი ანდრიაძე აცხადებდა: “...კონსტუტუციური შეთანხმების გაფორმება არანაირ პრობლემას არ უქმნის სახელმწიფოში სხვადასხვა რელიგიებს. მათი მხრიდან ერთობლივი განცხადებების გაფორმება, რომლის მიხედვითაც მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს აღნიშნულ პროცესს, იყო იმის მაჩვენებელი, რომ ეს სამართლებრივი მოდელი მისაღებია საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისთვისაც” [7].
რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლები ასე არ ფიქრობენ და კარგი იქნებოდა, თუ მათ ნაცვლად არ ისაუბრებდა ბ-ნი ანდრიაძე. ცნობილია, საპატრიარქომ პირობა დადო, რომ კონკორდატის გაფორმების შემდეგ მათი (რელ. უმცირესობების) იურიდიული სტატუსის საკითხიც გადაწყდებოდა, თუმცა იმ პირობით, რომ მათ ჯერ წერილობითი უნდა გამოეთქვათ თანხმობა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადებაზე. თუმცა, შემდეგ რელიგიური უმცირესობებისადმი გაცემული დაპირება დაივიწყეს. უფრო მეტიც: როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშშიც (2008) არის დაფიქსირებული, “საკონსტიტუციო შეთანხმების საბოლოო ტექსტი, რომელიც საჯაროდ ცნობილი გახდა პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიკაციის შემდგომ, მნიშვნელოვნად განსხვავდება (significantly differs) იმ ვერსიისგან, რომელზეც თანხმობა გამოთქვეს რელიგიურმა უმცირესობებმა” [8].
უჩა ნანუაშვილის ამ უხერხულ “დაკითხვას” ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის ისეთი წევრებიც, რომლებიც ლიბერალური ღირებულებებისადმი პატივისცემას ყოველთვის და ყველა გარემოებაში ამჟღავნებდნენ. ამიტომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათხათუნა გოგორიშვილისგან კარდინალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ კონკორდატთან დაკავშირებით. მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან მკითხველისთვის ადვილი მისახვედრია, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს აქ.
სამწუხაროდ, მათ რატომღაც დუმილი ამჯობინეს ნანუაშვილზე თავდასხმის დროს: როგორც ჩანს, ნაცმოძრაობაში პრინციპი “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” კვლავ სათაყვანო კერპის ფუნქციას ასრულებს, რომელიც პირადი მსოფლმხედველობისა და პოზიციის შეწირვას ითხოვს.
შენიშვნები
[1] ვრცლად ამის შესახებ იხ. შემდეგი პუბლიკაცია: ლ. აბაშიძე. რელიგიური კანონმდებლობის პერსპექტივები საქართველოში // რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო. სტატიათა კრებული. თბ., 2005 გვ. 96 (სტატია, მცირე ცვლილებით (შესავალი თავის გარეშე) ხელმეორედ გამოქვეყნდა ასევე ჟურნალში “სოლიდარობა” #9 (18) 2007).
[2] ლოუსონის პოზიცია დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალში “თავისუფლება” #3, 2002, გვ. 20-26.
[3] საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეთანხმების ვარიანტის სამართლებრივი ანალიზი. მოამზადა გიორგი მელაძემ // http://www.liberty.ge/geo/menu_pages_full.php?article=yes&id=60&subTitlesId=29&from=subTitles
[4] ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ // ჟურნ. “სოლიდარობა” #7, 2006, გვ. 26
[5] საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება. 2005 წლის პირველი ნახევარი, გვ. 77
[6] საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი. თბილისი 2006 წლის 17 თებერვალი #2668-Iს. // გაზ. “საპატრიარქოს უწყებანი” #12, 2006, გვ. 10
[7] ინტერვიუ საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანთან ბ-ნ გიორგი ანდრიაძესთან ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ // გაზ. “საპატრიარქოს უწყებანი” #23, 2001, გვ. 12
[8] State of Freedom of Religion in Georgia since the adoption of Constitutional Agreement between the Government and Orthodox Church of Georgia, Religious Freedom Report, Human Rights Centre, 4/25/2008, p. 5