Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს პალესტინური დილემა

15 დეკემბერი 2012

პალესტინასთან დაკავშირებით  საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, ჰუმანიზმთან,  დემოკრატიულ ღირებულებებთან და საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან

2012 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე კენჭი ეყარა პალესტინის სტატუსის განახლების საკითხს. პალესტინის სასარგებლოდ ხმა 138-მა სახელმწიფომ მისცა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო 9 წინააღმდეგ წავიდა, რის შედეგადაც პალესტინამ  არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიიღო და შეუერთდა ვატიკანს, რომელიც იმავე სტატუსით სარგებლობს.

იმ 138 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც პოზიცია პალესტინის სასარგებლოდ დააფიქსირეს, საქართველოც იყო. ამ ფაქტმა ქვეყნის შიგნით გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია და რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის საშინაო პოლიტიკის თემებიც კი გადაფარა.  საქმე იქამდე მივიდა, რომ ისრაელისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნაც კი გაისმა.

საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, რასაც ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი განმარტებების ნაკლებობამ და „დამოუკიდებელ“ ექსპერტთა ტენდენციურობამაც შეუწყო ხელი, მოსახლეობის მიერ ბევრი რამ არასწორად და დამახინჯებით იქნა გაგებული.  ამიტომაც, შეიქმნა აუცილებლობა იმის გაანალიზებისა, თუ რამდენად სწორი იყო საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა ფაქტორების გათვალისწინებით გააკეთეს არჩევანი პალესტინის სასარგებლოდ. თუმცა, განხილვებმა ვითარების კიდევ უფრო დრამატიზება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ დებატები ძირითადად იმაზე მიდის, პალესტინისთვის მხარი დაგვეჭირა თუ თავი შეგვეკავებინა,  მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ხმა საერთოდაც ისრაელის სასარგებლოდ უნდა მიგვეცა. გადაწყვეტილების მიმღებთა საუბრებიდან ჩანს, რომ ეს ვარიანტი არც კი განიხილებოდა.

ამის ძირითადი მიზეზი  ისაა, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, მათ შორის საქართველოს მეგობარი ქვეყნების უმრავლესობა წინასწარი განცხადებებით მხარს პალესტინის ახალ სტატუსს უჭერდა ან თავის შეკავებას გეგმავდა.

გარდა ამისა, პალესტინელთა წინააღმდეგ თავად ისრაელის გარდა ხმა მხოლოდ აშშ-მ, კანადამ, ჩეხეთმა და რამდენიმე წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფომ მისცა. ასეთ ვითარებაში საქართველოს მიერ ისრაელის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი სერიოზულად გაართულებდა ქვეყნის ურთიერთობებს არაბულ სახელმწიფოებთან და ისლამურ სამყაროში (და არამარტო) შექმნიდა/გაამყარებდა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, როგორც აშშ-ის მარიონეტი ქვეყნისა.

მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა შეეკავებინა თავი ხმის მიცემის დროს საქართველოს, საერთაშორისო სამართალია. სიმბოლური დატვირთვის გარდა, გაეროს მიერ მინიჭებულ ახალ სტატუსს პალესტინისთვის დიდი სამართვებრივი მნიშვნელობაც აქვს. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე პალესტინას მიეცემა უფლება საჭიროების შემთხვევაში ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართოს, რაც მომავალში ისრაელს უბიძგებს „ძალის გადამეტებისგან“ თავი შეიკავოს და აქცენტი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე გააკეთოს. საქართველოს კი, რომელიც არათანაბარ რუსულ ძალასთან სწორედ საერთაშორისო სამართლის მეშვეობით ცდილობს გამკლავებას, პალესტინისთვის ასეთი მნიშვნელოვანი უფლების  მინიჭებაზე თავი ნამდვილად არ უნდა შეეკავებინა.

ყველაზე აბსურდულია ბრალდება, თითქოს საქართველომ მხარი დაუჭირა ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამოუკიდებლობა სცნო. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი პალესტინის პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს, ის არ არის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძალა და მხოლოდ ღაზის სექტორის გარკვეულ ნაწილს აკონტროლებს.

გარდა ამისა, გაეროში „არაწევრი სახელმწიფოს“ შესახებ ინიციატივა სწორედ ჰამასთან დაპირისპირებულ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ეკუთვნის და საკითხის წარმატებით გადაწყვეტა პალესტინელ ხალხში აბასის მიმართ ნდობას გაზრდის და  ჰამასის პოზიციებს შეასუსტებს.  დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილი სოვნდელმა საკუთარი გადაწყვეტილება ასე განმარტა -  პალესტინისთვის ახალი სტატუსის მინიჭება პალესტინელ ხალხს გაუჩენს იმედს კონსტრუქციული მეთოდებით მიაღწიონ  შედეგს და პროცესებიდან გამორიცხავს ან მინიმუმადე შეამცირებს ისეთი დესტრუქციული ძალის როლს, როგორიც ჰამასია.     

ასევე არასწორია პალესტინის  საკითხის ქვეყნის შიდა კონფლიქებთან დაკავშირება და კოსოვოს საკითხთან პარალელის გავლება.  კოსოვოსა და პალესტინის მაგალითები მნიშვნელოვნად განსხვავდება  ერთმანეთისგან. 1947 წელს გაერომ პალესტინასაც ისევე მიენიჭა განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფოს შექმნის უფლება, როგორც ისრაელს და ამ უფლებით სარგებლობას პალესტინა სწორედ ისრაელის მხრიდან მუდმივი საბოტაჟის გამო ვერ ახერხებს. სწორედ ეს განმარტება გააკეთა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე გარსია მარგალიაომ, როდესაც პალესტინის და კოსოვოს საკითხებს შორის განსხვავებაზე საუბრობდა.  მისი პოზიცია კი ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია, რადგანაც ესპანეთი საქართველოს მსგავსად არ აღიარებს კოსოვოს, მაგრამ მხარი დაუჭირა პალესტინის ახალ სტატუსს.

რაც შეეხება ისრაელთან ურთიერთობის გაუარესებას, აქ თელავივს თავად მოუწევს იმაზე ფიქრი, რამდენად მომგებიანი იქნება მისთვის მსოფლიოს 138 ქვეყანასთან ურთიერთობის გაუარესება. მით უმეტეს, რომ გადაწყვეტილებისგან თავი არ შეიკავა ბევრმა ისეთმა ქვეყანამ, რომელსაც ისრაელთან გაცილებით მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს, ვიდრე საქართველოს. ელჩის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გადადებული ვიზიტი, კი არ ნიშნავს იმას, რომ ისრაელი აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. გარდა ამისა, „ბიზნესმენების საქმიდან“ გამომდინარე, საქართველოს უკვე გართულებული ჰქონდა ურთიერთობა ისრაელთან და მისი შემორიგების მცდელობის სანაცვლოდ არაბულ სამყაროსთან ურთიერთობის გაუარესება ნამდვილად უარყოფით გავლენას მოახდენდა ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე. უკანასკნელი წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობას გააჩნდა დაღმავალი ხასიათი, ხოლო არაბულ სამყაროსთან - აღმავალი.

ასევე არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა საქართველომ 1992 წელს  პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარა. მაშინ ქართულმა მხარემ ზემოხსენებულ გაეროს 1947 წლის რეზოლუციას გამოუცხადა მხარდაჭერა, რომელიც პალესტინის სახელმწიფოებრიობის უფლებას ითვალისწინებს.  

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, ჰუმანიზმთან,  დემოკრატიულ ღირებულებებთან და საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.  

ერთადერთი ნეგატივი იყო ის, რომ ხელისუფლებამ მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ არ განუმარტა მოსახლეობას. „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ და „შეთანხმებული იყო ჩვენს პარტნიორებთან“ არ არის საკმარისი არგუმენტი საზოგადოების ინფორმირებისათვის. ინფორმაციული ვაკუუმი კი ყოველთვის ხელს უწყობს დეზინფორამციის გავრცელებას და საკითხის დრამატიზებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^