Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ უნდა მომხდარიყო?

17 დეკემბერი 2012

რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"

„სენდი ჰუკის“ სკოლაში ყველა დაღუპულის ვინაობა ცნობილია“,– იუწყება „ბი ბი სი“. კონეკტიკუტის შტატის პატარა ქალაქ ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში მომხდარ ტრაგედიას 12 გოგონა, 8 ბიჭუნა და 6 ქალი ემსხვერპლა. ბავშვები პირველი კლასის მოსწავლეები იყვნენ, 6 –7 წლის ასაკისა.  „ ყველა ცხედარს ორი და უფრო მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. ექსპერტების დასკვნით, დამნაშავე შაშხანას და კიდევ სხვა იარაღს ერთდროულად იყენებდა“,–წერს „ბი ბი სი“.

მასობრივი ჟლეტვა სავარაუდოდ 20 წლის ადამ ლანცამ მოაწყო, რომელიც ადრე იმავე სკოლაში სწავლობდა. 14 დეკემბერს, ლანცამ  ჯერ დედამისი მოკლა სახლში, ასევე „სენდი ჰუკის“ მასწავლებელი. შემდეგ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ის დედამისის მანქანით გაემგზავრა  სკოლაში. ლანცამ თან მშობლის მიერ ლეგალურად შეძენელი Glock–ის და Sig Sauer–ის ტიპის 2 პისტოლეტი და ნახევრად ავტომატური შაშხანა წაიღო. სროლა 2 საკლასო ოთახსა და დირექტორის კაბინეტში რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, 100–მდე გასროლის ხმა გაისმა.

თავდასხმის დროს სკოლაში 600 მოსწავლე იმყოფებოდა. „დეილი ნიუზი“  ერთ-ერთი მასწავლებლის გმირობაზე წერს. სტატია „პატარა მასწავლებლის დიდი მსხვერპლი“,  27 წლის ვიქტორია სოტოზეა. მას ბავშვები საკლასო ოთახის ტუალეტში გადაუმალავს. მკვლელისთვის კი უთქვამს, რომ ოთახში მის გარდა არავინაა და „ბავშვებისთვის განკუთვნილი ტყვიებს თავად გადაეფარა“.  მისი 16 მოსწავლიდან არც ერთი არ დაშავებულა. „ვიკი მათ თავის 16 ანგელოზს ეძახდა“,– იხსენებს  „დეილი ნიუზთან“ ვიქტორია სოტოს ნათესავი ჯიმ უილტისი: „მინდა მასზე ყველაფერი მოვყვე, ვიდრე ვიკი სტატისტიკურ მონაცემად, ან ქაღალდზე უბრალო ნომრად  გადაქცეულა. მინდა, რომ ხალხმა იცოდეს ის, რაც მან ამ ბავშვებისთვის გააკეთა“.

ამერიკული პრესა წერს თავადამსხმელზეც, 20 წლის ადამ ლანცაზე. სროლის დროს მას არც ერთი სიტყვა არ წარმოუთქვმს. ყოფილი კლასელები ადამს, რომელმაც თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა, წყნარ, საკუთარ თავში ჩაკეტილ და უნიჭიერეს ადამიანად ახასიათებენ. ზოგიერთი ახლობლის თქმით, იგი თურმე ძალიან განიცდიდა საკუთარი მშობლების განქორწინებას.

„უახლოეს დღეებში თავდამსხმელის ფსიქიკურ მდგომარეობასა და მის მოტივებზე იმაზე მეტს მოგვითხრობენ, ვიდრე ჩვენ ამის გაგება გვენდომებოდა“, –  წერს „ვაშინგტონ პოსტი“ სარედაქციო წერილში „დროა იარაღის კონტროლზე დავიწყოთ საუბარი“. გამოცემა „საშინელებას“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამერიკული საზოგადოებისთვის მსგავსი ტრაგედიები „კარგად ნაცნობ სცენარად“ იქცა.  

 „ვაშინგტონ პოსტი“ დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტრაგედიები არ მოხდებოდა, თუკი აშშ–ში ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობა მკაცრად გაკონტროლდებოდა. „ქვეყანა გაცილებით უსაფრთხო გახდება, თუკი ხალხს ნაკლები იარაღი ექნება. მასობრივი მკვლელობის მოწყობა დანით გაცილებით ძნელია. საქმე პოლიტიკურ სიმხდალეს ეხება, რომელიც ხელს უშლის გონივრული კანონების მიღებას“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

ამერიკელ პოლიტიკოსთა დამოკიდებულებას ცეცხლსასროლი იარაღის ტარება – შენახვასთან დაკავშირებით გაცილებით მკაცრად აკრიტიკებს „ფაინენშლ თაიმზი“.  ჟურნალისტი რიჩარდ მაკგრეგორი წერს: „ბარაკ ობამამ ცრემლის წმენდით  განაცხდა, რომ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად საჭიროა „ მიზანმიმართული ქმედებების“ გატარება. თუმცა პირველ საპრეზიდენტო ვადაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიისას, სხვა მსგავსი ტრაგიკული შემთხვევებისას,  ობამა ამ პრობლემის ხსნებას გულმოდგინედ ერიდებოდა“.

ავტორის შეფასებით, აშშ–ში ცხარე დებატები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა,შენახვასა და ტარებასთან დაკავშირებით დემოკრატების წყალობით ჩაცხრა, რადგან ისინი ახალი შეზღუდვების დაწესებას არ ითხოვდნენ. ობამას მრჩეველებმა ეს კურსი, „საშუალო კლასის თეთრ ამომრჩეველთა“ დაკარგვის შიშით აირჩიეს. თუმცა „წელს აშშ–ს მსროლელთა ეროვნულმა ასოციაციამ (NRA), იარაღის ტარებისა და შენახვის ლობისტურმა ორგანიზაციამ, მაინც ობამას საწინააღმდეგო კამპანიას დაუჭირა მხარი“.

 სტატიის ავტორი იმ აზრს უფრო ემხრობა, რომ ობამა, ბილ კლინტონისგან განსხვავებით, ვერ გაუმკლავდა NRA–ს ზეწოლას. კლინტონმა 90–იან წლებში მიაღწია ბრეიდის აქტის მიღებას, რომელიც იარაღით მოვაჭრეებს მყიდველისგან პირადობის მოწმობის მოთხოვნას და მის „შავ სიაში“ შემოწმებას ავალდებულებდა.

„დემოკრატები ძველებურად პარალიზებულები არიან შიშით არ დაკარგონ ამომრჩევლები, რომლებიც მათ უკვე ისედაც დაკარგეს“,– ამბობს „ფაინენშლ თაიმზთან“ ექსპერტი რონ ბრაუნშტეინი.

დასასრულს რიჩარდ მაკგრეგორი წერს: „ იქნებ ამ ჯერზე ყველაფერი სხვაგვარად წარიმართოს“. ამის იმედს მას ნიუ – იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის სიტყვები აძლევს. მან პრეზიდენტ ობამას მოუწოდა კონგრესში გააგზავნოს კანოპროექტი,რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას შესაძლებელს გახდის. „მხოლოდ „გონივრული ქმედებებისკენ“ მოწოდება საკმარისი არ არის. ჩვენ დაუყოვნებელი ქმედებები გვჭირდება! ეს რიტორიკული განცხადებები ადრეც გვსმენია, მაგრამ ჩვენ ვერ დავინახეთ მტკიცე მართვის უნარი მათი მხრიდან ვინც თეთრ სახლშია და ვინც კონგრესშია“,– განაცხადა ბლუმბერგმა.

„ევრონიუზი“ კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ნიუ – იორკიდან 130 კმ–ით დაშორებული პატარა ქალაქი ნიუთაუნი, 27 000 მოსახლით, აშშ–ს ყველაზე უსაფრთხო ადგილების ხუთეულში შედიოდა. „ვიდრე პოლიცია „სენდი ჰუკის“ სკოლაში გამოძიებას აწარმოებს, სხვა სკოლები შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. საჩუქრები, ნაძვის ხეები გირლიანდები... თუმცა ყველა ერთ რამეზე ფიქრობს, ერთსა და იმავეს ეკითხება საკუთარ თავს: „რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ? თუმცა,  თავადაც იციან, რომ ამ შეკითხვაზე პასუხს ვერასოდეს მიიღებენ“,– წერს „ევრონიუზის“ კორესპონდენტი შტეფან გრობე ნიუთაუნიდან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^