Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სამაგალითო“ რთველი და გაძვირებული ღვინო”

18 დეკემბერი 2012

მას შემდეგ, რაც 2006 წლიდან რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა,  ყურძენს და რთველს საქართველოში პოლიტიკური ფასი აქვს. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ყურძნის პოლიტიკურად გაძვირებული საფასურის დიდი ნაწილი ღვინის კომპანიებმა გადაიხადეს. 

„რიგები ამოვძირკვეთ, ქარხნებმა ააწყეს უკვე ჩაბარების სისტემა, ბაზრები გავხსენით ბევრი... გურჯაანში ვხსნით ძალიან დიდ ქარხანას და ის განტვირთავს ქვედა ზონას. ქარხნებს მაქსიმალურად ველაპარაკებით, რომ ფასები მაქსიმალურად დავიჭიროთ და ზემოთაც წავიდეს... როგორმე უნდა ვიმუშაოთ შესყიდვის ფასზეც და საბაზრო მექანიზმების გამოყენებით დავარეგულიროთ. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ყურძენმა ბევრად მეტი შემოსავალი მოგვცეს. ახლა ატამი და  გარგარი უფრო მეტი შემოსავლის მომტანია და იმის დაბინავება ბევრად უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე ყურძნის. ყურძენი, ასე თუ ისე, ვისწავლეთ. წელს რთველი უნდა იყოს სამაგალითო“,  – ამ სიტყვებით აუწყა  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას საქართველოში რთველის დაწყება.  

ყურძნის დაბინავების სამაგალითო ორგანიზების მიზნით სახელმწიფომ წელსაც განაგრძო რთველის სუბსიდირება. წელსაც, ისევე როგორც შარშან, რთველის ჩატარებისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 75 თეთრად, საფერავი კი - 65 თეთრად ჩაიბარეს. სახელმწიფომ კი ერთი კილოგრამი საფერავისა და რქაწითელის ფასი ერთ ლარამდე შეავსო –  გლეხმა თითოეულ კილოგრამ რქაწითელზე  სახელმწიფოსგან დამატებით 25 თეთრი, ხოლო კილოგრამ საფერავის ჯიშის ყურძენზე - 35  თეთრი მიიღო.

ღვინის მსხვილი კომპანიები ყურძნის ქართული ბაზრის სახელმწიფოს მძიმე ხელით რეგულირების სიმძიმეზე ალაპარაკდნენ.  „თბილღვინოს“  გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ, საქართველოში ყურძნის ფასს ბაზრის მაგივრად სახელმწიფო არეგულირებს:

„სახელმწიფო ინვესტიციებით შექმნილი კომპანიების მეშვეობით ყურძნის ყველაზე დიდი და აქტიური შემსყიდველი სახელმწიფო იყო. შესაბამისად,  სახელმწიფო ადგენდა ყურძნის ფასს. ბაზარზე ფასის რეგულირების არანაირი საბაზრო მექანიზმი არ არსებობდა.

გასულ წელთან შედარებით, წელს სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობაც გაიზარდა, მაგრამ უფრო მეტად გაიზარდა კერძო კომპანიების მიერ ყურძნის ჩაბარებისთვის გადასახდელი თანხა. შარშან 1კგ რქაწითელში 45 თეთრი, საფერავში კი - 65 თეთრი გადავიხადეთ. წელს 1კგ რქაწითელის ღირებულებამ 77 თეთრს, ხოლო 1 კგ საფერავის ფასმა 70 თეთრს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ წელს სეტყვამ კახეთი ძალიან დააზარალა, ბაზარზე ყურძენი მაინც ბევრი იყო და მისი ფასის გაზრდის რეალური მიზეზი არ არსებობდა“.

ყურძნის ჩაბარების ხელოვნურად  გაზრდილ ფასზე საუბრობენ „თელავის ღვინის მარანშიც“. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით ყურძნის ჩაბარების ფასი წელს საგრძნობლად იყო გაზრდილი: „სახელმწიფოს მიერ რთველის სუბსიდირებას ჰქონდა ერთი დადებითი მხარე. სახელმწიფო ყიდულობდა იმ ყურძენს, რომელსაც კერძო კომპანიები არ ყიდულობდნენ. მაგრამ, ეს სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე ყურძნის ხელოვნურად გაზრდილი ფასის შემოტანის გარეშე უნდა მომხდარიყო. თითქმის 5 წელზე მეტია საქართველოში ყურძნის ფასს ბაზარი არ არეგულირებს. ეს განსაკუთრებით საგრძნობი წელს იყო. იმ დროს, როცა ევროპაში ყურძნის ფასი ისევ შარშანდელ ნიშნულზე იყო და 1 კგ ყურძენი 20 ევროცენტი ღირდა, საქართველოში რქაწითელის ჩაბარების ფასი 100%–ით გაიზარდა: თუ გასულ წელს 1 კგ რქაწითელი 35 თეთრად ვიყიდეთ, წელს მისი ფასი 70 თეთრი იყო. ფასის ასეთი დიდი ზრდა განსაკუთრებით მძიმე გავლენას იმ კომპანიებზე ახდენს, რომლებსაც, ჩვენგან განსხვავებით, საკუთარი ვენახები არა აქვთ“.

მეღვინეები ამბობენ, რომ ყურძნის გაზრდილი ღირებულება წლევანდელ ღვინის ფასზე გავლენას მოახდენს. შექმნილი მდგომარეობიდან ორი გამოსავალი არსებობს: ან კომპანიებმა ღვინის ფასი უნდა გაზარდონ და საკუთარი ნაწარმი ბაზარზე კიდევ უფრო არაკონკურენტული გახადონ, ანდა თითოეული ღვინის ბოთლიდან მიღებული მოგების მარჟა შეამცირონ. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ  „თბილღვინო“ ამ უკანასკნელ გზას ირჩევს და ღვინის ფასის გაზრდას არ აპირებს.  

2012 წლის ღვინის ფასსა და მის სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი „თელავის ღვინის მარანში“ უჭირთ. „ძნელია იმის თქმა, რამდენი პროცენტით გაიზრდება 2012 წელს წარმოებული ღვინის თვითღირებულება. წლევანდელი ღვინის ფასი ჩვენ ჯერ არ დაგვიდგენია. მომხმარებელი მიჩვეულია კონკრეტული ღვინის და ფასის კომბინაციას, ამიტომ ღვინის გაძვირება ადვილი საქმე არ არის. როგორ აისახება ყურძნის ხელოვნურად გაზრდილი ღირებულება წლევანდელი ღვინის გაყიდვებზე, ამას 2013 წლის სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს,“ – ამბობს რამაზაშვილი და დასძენს, რომ რთველის 6–წლიანმა სუბსიდირებამ მევენახეობისა და მეღვინეობის სისტემურ პრობლემას ვერაფერი უშველა.

2007 წლიდან დღემდე სახელმიფო ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირებისთვის 77 მლნ ლარზე მეტი თანხა გამოიყო. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სუბსიდირებული რთველის შედეგებს სტატისტიკური მონაცემებით აფასებს: „რუსულმა ემბარგომ მეღვინეობის სექტორს ძალიან დიდი ზარალი მიაყენა. 2006 წლამდე ქართული ღვინის 80 პროცენტი რუსეთში გადიოდა. თუ 2005 წელს საქართველოდან ექსპორტზე 81 მლნ 328 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 15 მლნ 534 ათას ლიტრს მიაღწია. რუსული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტის 73 პროცენტი სხვადასხვა  ქვეყნებზე გადამისამართდა. თუმცა, ღვინის საექსპორტო ორიენტაციის შეცვლამ რუსული ბაზრის დაკარგვით გამოწვეული ზარალის კომპენსირება ვერ მოახდინა. არც ერთი სხვა ქვეყნის ბაზარი  ქართული ღვინისთვის ისეთი  ტევადი  არ არის, როგორც რუსეთისა. მაგალითად, ჩინეთის ბაზარზე 2006 წლიდან 2011 წლის ჩათვლით განხორციელებული ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი 2006 წლის ოთხი თვის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს. ცხადია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ემბარგომდელ დონეს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაში ქართული ღვინო იქ ისევ პირვანდელ ნიშას დაიბრუნებს. ის ნიშა ჩილეს და კალიფორნიის იაფფასიანმა ღვინოებმა ჩაანაცვლეს. რუსეთში უკვე ისეთი თაობა წამოვიდა, რომელსაც ქართული ღვინისადმი ნოსტალგიური დამოკიდებულება არ აქვს. ამიტომ, რუსეთის ბაზარზე ღირსეული დაბრუნებისთვის ძალიან დიდი ფინანსური და მარკეტინგული ძალისხმევა დაგვჭირდება“.

რუსული ბაზრის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. „რუსეთის ბაზარზე ძალიან ბევრი მაღალი ხარისხის ღვინოები შედის - იტალიური, ფრანგული.. და მათ გვერდით ქართული ღვინოებიც თავის ადგილს დაისაკუთრებს. იქ განსაკუთრებით იციან ჩვენი ღვინის ფასი, მთელი მსოფლიო იქ ისწრაფვის, ჩვენმა პრეზიდენტმა კი თავისი გაუაზრებელი საქციელით  ეს ბაზარი სწრაფად დაგვიხურა. ეს იყო მიზეზი გლეხის დაქცევისა“, - განაცხადა ივანიშვილმა და რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან ერთად ახალი ბაზრების ათვისების გაგრძელების პირობაც დადო.

პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესმენებზე ზეწოლის გზით ყურძნის სუბსიდირება აღარ მოხდება. ის ბიზნესს თავისუფლებას, გლეხებს კი ვაზის ჯიშების განახლებაში, სასოფლო–სამუერნეო სამუშაოების დაფინანსებაში, დაბალპროცენტიანი კრედიტების მიღებაში, მოსავლის რისკებისგან დაზღვევასა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნაში დახმარებას დაჰპირდა. თუმცა, არც ერთი ამ მიმართულებით ჯერ არც მუშაობაა დაწყებული და არც კონკრეტული სამოქმედო გეგმაა შექმნილი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^