დღეს საქართველოში კანაფის დეკრიმინალიზაციისა თუ ლეგალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად, ერთნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ლიბერალურ კანონებს მეორე მხარე კი მოითხოვს სრულ თავისუფლებას. ჩემი პირადი დაკვირვებით ეს ორივე დამოკიდებულება რადიკალურია და არ ეფუძნება საკითხის გლობალურ შეფასებას, ამასთან არგუმენტაცია რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ მისტიფიცირებული (მარიხუანა ტვინს ათხელებს), შედარებითი სახის (თუ ალკოჰოლი იქაც მარიხუანა), ან ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურად ანგაჟირებულია (ბიძინა ივანიშვილი გვართმევს ევროპელობას). მე შევეცდები სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით ამ კონკრეტული მცენარისა და მისი ადამიანზე ზემოქმედების მოკლე მიმოხილვა გავაკეთო და ბოლოს მიღებული დასკვნები მივუსადაგო ქართულ კონტექსტს. კანაფის გავლენა ორგანიზმზე მეცნიერული კვლევის საგანი გახდა რამდენიმე ათეული წელია, თუმცა ამ კვლევათა შედეგები არაერთგვაროვანია და მის ავკარგიანობაზე დაზუსტებული პასუხი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული მონაცემები, რომლებიც ექსტრაპოლაციის საშუალებას იძლევა და რომლებზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება, განსაკუთრებით ისეთი რთული სოციალური ფონის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაშასადამე გვაქვს ორი გზა მსჯელობის განსავრცობად ერთი: რომელიც ეფუძნება მეცნიერულ, თუმცა როგორც ბიოლოგიისთვისაა დამახასიათებელი, არაზუსტ და არაერთგვაროვან ემპირიულ ცოდნას და მეორე: რომელიც საერთოდ არ ემყარება არანაირ ცოდნას და ნაკვებია მხოლოდ ზემოთ ხსენებული ტენდენციებით. მოცემულ ტექსტში შევეცდები, მეორე გზა გავაანალიზო, პირველის ფონზე.
მოკლე პრეისტორია
„მზის მეფემ დაწნა ბაწრები sˆmsˆmt-მცენარისაგან...“ - ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2350 წლის წინათ მემფისის ძველი სამეფოს პირამიდის ფილაზე შესრულებული ეს წარწერა ცნობილი ეგვიპტოლოგის ვარენ რ. დოუსონის აზრით, შესაძლოა, უძველესი ცნობა იყოს კანაფის შესახებ, რადგან, როგორც ცნობილია, ძველ ეგვიპტეში ბაწრებს კანაფისაგან ამზადებდნენ (8). უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1700 წლებისთვის შემშემეტი (ანუ იმ დროინდელ ეგვიპტეში ტერმინ კანაფის ეკვივალენტი) აქტიურად ჩნდება ეგვიპტურ სამედიცინო პაპირუსებში, როგორც მრავალმხრივი სამკურნალო მცენარე, რომელსაც გამოიყენებდნენ როგორც ანტიბიოტიკს, ანტიპარაზიტულ, ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებას, ასევე იყენებდნენ გინეკოლოგიური და რექტალური პრობლემების სამკურნალოდ და ა.შ. დღეს გავრცელებული ტერმინი კანაფი ბერძნული წარმოშობისაა, თუმცა ამ დენოტაციის ეკვივალენტები მრავალ უძველეს ცივილიზაციაში მოიძებნება, სადაც მისი დანიშნულება ასევე მრავალფეროვანი იყო, მაგ.: შუმერულად: A.ZAL.LA., აქადურად: Azallu, ჩინურად: Ma, სანსკრიტზე: Bhang, სპარსულად: Shadanaj, ებრაულად: Kanesh bosem და ა.შ.
დღეს მსოფლიოში გავრცელებულია დამუშავებული კანაფის 3 ძირითადი ფორმა, რომლებსაც ინდური სახელწოდებები აქვთ: ბანგი (კანაფის თესლების, ყვავილების, ფურცლებისა და ღეროების ნაზავი, ამერიკულად იგივე „Grass”), განჯა (გაუნაყოფიერებელი მდედრობითი მცენარის თავთავები, ჩრდილო ამერიკულად sinsemilla, ანუ უთესლო) და ჩარასი (არაბულად იგივე ჰაშიში, რომელიც მზადდება კანაფის ფისისაგან). ნარკოტიკული დანიშნულებით ყველაზე გავრცელებული იყო და არის ჩარასი ანუ ჰაშიში, ევროპაში იგი განსაკუთრებით 19 საუკუნიდან იკიდებს ფეხს, არსებობს მოსაზრებაც, რომ იგი ნაპოლეონის არმიებმა ჩაიტანეს ეგვიპტეში ლაშქრობებიდან (9). 1845 წელს პარიზში ბოჰემური კლუბიც კი დაარსდა ჰაშიშის მოყვარულთათვის (Club des Haschischins) სადაც იმდროინდელი ინტელექტუალური ელიტა იყრიდა თავს: ბოდლერი, ბალზაკი, ჰიუგო, დიუმა, დელაკრუა, მორო და ა.შ. (9). ინტელექტუალებში ჰაშიშის მოხმარება მე-20 საუკუნეშიც არ გადასულა მოდიდან, მაგალითად, ცნობილი ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი თავის ნარკოტიკულ ჩანაწერებში (On Hashish), ჰაშიშს საუკეთესო საკითხავ ნარკოტიკად ასახელებდა და მიიჩნევდა, რომ მისი დახმარებით უკეთ შეიძლება ისეთი მოაზროვნეების გაგება, რომლებიც თავადაც მოიხმარდნენ მას (მაგ. ბოდლერი, ედგარ ალან პო და ა.შ.).
რას ამბობს კანაფზე მეცნიერება და რას წარმოადგენს იგი რეალურად: მოკლე მიმოხილვა
კანაფის მცენარე შეიცავს 500-მდე ქიმიურ ნივთიერებას, რომლებიც სხვა ცოცხალ ორგანიზმებშიც გვხვდება. ამ ნივთიერებათა ტოქსიკურობა თავისთავად ძალიან დაბალია, მაგრამ პიროლიზის დროს თერმული დეგრადაციისგან წარმოიშობა 200-მდე დამატებითი ტოქსინი, რომლებსაც კანაფი საერთოდ არ შეიცავს. პიროლიზის იდენტური შედეგი აქვს თამბაქოსაც, შესაბამისად, ლორწოვანი უჯრედების დაზიანების თვალსაზრისით, კანაფსა და თამბაქოს მსგავსი ინფლამაციური ეფექტები აქვთ. ეს დაადასტურა ბრონქიალური ბიოფსიის შედეგებმა კანაფისა და თამბაქოს მწეველებზე. შესაბამისდ, სასუნთქ გზებზე უარყოფითი გავლენა, ხშირი მოხმარების პირობებში ზრდის პულმონარული კიბოს განვითარების ალბათობას (როგორც სიგარეტის შემთხვევაში). თუმცა კანაფის მოხმარებასა და სიკვდილიანობას შორის არც ერთი კვლევის მიხედვით არ არსებობს გამოხატული დადებითი კორელაცია (1). ეს იმის ბრალია, რომ თამბაქოს მსგავსად კანაფის ლეგალური კომერციალიზაცია არ ხდება.
რაც შეეხება კანაბინოიდებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ეფექტებს, ისინი დაკავშირებულია კანაბინოიდების მთავარ ფსიქოაქტიურ ინგრედიენტთან დრონაბინოლთან იმავე ტრანს-დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლთან (THC). დრონაბინოლის იზოლატის 2-30%-ის მოხმარებას ანალოგიური ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, რაც კანაფის მცენარეული სახით მოხმარებას ჯანმრთელ ადამიანში (1). ვირთაგვებზე წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ THC-ის რეგულარული მოხმარება შესაძლოა, ხელს უწყობდეს ნეიროგენეზს, ხოლო შესაბამის რეცეპტორებს (CB1) მოკლებულ ვირთაგვებში შესუსტებულია კოგნიტური ფუნქციები (1). ადამიანებში ამის საპირისპიროდ მრავალგზის დაფიქსირებულია ნეიროგენეზის შეფერხება, აქედან გამომდინარე, ადრეულ ასაკში კანაფის მიღება ასოცირებულია კოგნიტურ დეფიციტთან, ადამიანებში ნეიროგანვითარება გრძელდება დაახლოებით 25 წლამდე, ანუ შეიძლება ითქვას, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება ამ დრომდე არარეკომენდებულია.
THC ლეტალურად საშიში არ არის. მისი ტოქსიკურობის ადამიანისთვის მომაკვდინებელი დოზა არ არის გამოვლენილი. დრონაბინოლის ინჰალაციური გზით მიღებისას ფსიქოლოგიური ეფექტის გამოსაწვევად საჭირო ზღურბლი ბევრად დაბლაა (2-3 მგ.) ვიდრე ორალური გზით მიღებისას (5-20 მგ.). ასევე ცნობილია რომ რეგულარული მოხმარებისას ხდება დოზებთან ადაპტაცია, მაგ. იამაიკაზე ჩატარებულმა კვლევამ (Bowman and Phil et. al.) აჩვენა, რომ ადგილობრივი მწეველები დღეში დაახლოებით 24 გრამ კანაფს მოიხმარდნენ, რაც 100 მგ.-მდე დრონაბინოლს უდრის.
ინჰალაციური გზით მიღებული დრონაბინოლის დოზები:
- მცირე დოზა - 2-10 მგ.
- საშუალო დოზა - 10-20 მგ.
- დიდი დოზა - 20 მგ-დან ზემოთ.
მცირე და საშუალო დოზების შემთხვევაში ვლინდება ლოკალური კოგნიტური დისონანსები როგორებიცაა: დამახინჯებული მეხსიერების, აღქმისა (განსაკუთრებით ვიზუალური) და ყურადღების უნარებში, გარე და შინაგან სტიმულებზე გაზრდილი სენსიტიურობა, დროის შეგრძნების დისტორცია, ეიფორია ან სიმშვიდე, ანქსიოლიზი. რაც შეეხება გრძელვადიან ეფექტებს: ეს შესაძლოა გამოიხატოს IQ-ს მაჩვენებლის დაქვეითებით, განსაკუთრებით თუ ადრეული ასაკიდან ხდება მიღება (ზრდასრულებში ეს ეფექტი ძირითადად უკუქცევადია). არსებობს ასევე დიდ დოზებთან ასოცირებული მწვავე ლოკალური შედეგები, როგორიცაა დეპრესიისა და პანიკური შეტევების ალბათობის ზრდა, თუმცა ეს მაჩვენებელიც ვარირებს სუბიექტებს შორის და შესაძლოა იგივე ეფექტი მცირე დოზებმაც გამოიწვიოს (ამის გამო კანაფის თერაპიული გამოყენება არ არის ბოლომდე უსაფრთხოდ აღიარებული) (1). ასევე მარიხუანის (ან ზოგადად კანაფის) ერთჯერად მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს ე.წ. სუბსტანციურად ინდუცირებული ფსიქოტური აშლილობა, რომელიც იშვიათი ლოკალური მოვლენაა და სიმპტომატიკით წააგავს შიზოფრენიულ ფსიქოტურ აშლილობებს, იმ განსხვავებით, რომ ნივთიერების ზემოქმედების გავლის შემდეგ ჩვენებები მალევე უკვალოდ ქრება. დრონაბინოლის ძლიერი ტოქსიკური ეფექტის შედეგია იშვიათად ბოდვების განვითარებაც, რომელიც მეხსიერების, ორიენტაციისა და ცნობიერების ფუნქციების დაქვეითების შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
კანაფის მოხმარებას ასევე აქვს სომატური ეფექტებიც, როგორიცაა მადის მომატება და კუნთების რელაქსაცია, ასევე გაზრდილი ჟანგბადის მოხმარება, ტახიკარდია, სისხლის წნევის მატება (რაც შესაძლოა მავნებელი იყოს გულის დაავადების მქონე ადამიანებისათვის). ქრონიკული მოხმარების დროს შესაძლოა განვითარდეს ბრადიკარდია (გულის შეკუმშვის შემცირებული სიხშირე). დიდი დოზების მიღებისას ხდება სისხლძარღვების ძლიერი გაფართოება და არტერიული წნევის დაცემა, რაც ვლინდება თავბრუსხვევასა და გულის წასვლაში. სისხლძარღვების დილატაციის შედეგია კანაფის მოხმარების ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი თვალების წამოწითლება. ამ დროს ასევე შენელებულია თვალის გუგის სინათლისადმი რეაქციისა და აკომოდაციის უნარი, შემცირებულია ცრემლის გამოყოფის ინტენსივობა. THC-ს აქვს შემაკავებელი ეფექტი სანერწყვე ჯირკვლებზე, რისი შედეგიცაა პირის სიმშრალე. ცრემლისა და ნერწყვის გამოყოფის დაქვეითება ზრდის ინფექციების განვითარების რისკს სასუნთქ გზებსა და თვალის ლორწოვანში (კონიუქტივიტს, კერატიტს). არსებობს ასევე არაერთგვაროვანი მონაცემები იმის შესახებ, რომ დრონაბინოლის მოხმარება ზემოქმედებს თრომბოციტებზე, ზოგი მონაცემის მიხედვით, ხელს უწყობს სისხლის შედედებას, სხვა მონაცემებით კი - პირიქით (1).
სხვადასხვა კვლევის შედეგები
ერთ-ერთმა კვლევამ (Pope et al.) შეადარა 30-დან 55 წლამდე სუბიექტების კოგნიტური შესაძლებლობები კანაფის მოხმარებასთან კორელაციაში. ნაწილი იყო იმჟამად აქტიური მწეველი, ნაწილი ყოფილი მწეველი, დანარჩენი კი არ მოიხმარდა საერთოდ. აქტიური მოწევის შეწყვეტიდან 7 დღის თავზე აღინიშნებოდა გარკვეული კოგნიტური დეფიციტი, თუმცა 28 დღის შემდეგ უკვე თითქმის არავითარი აშკარა სხვაობა აღარ ფიქსირდებოდა ჯგუფებს შორის. ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უარყოფითი კოგნიტური ეფექტი აქტიურ მწეველებში რევერსირებადია და მოხმარების ახლო პერიოდთანაა დაკავშირებული, თუმცა არსებობს სხვა კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც მარიხუანის აქტიური მოხმარება მკვეთრ ხანგრძლივ ან სულაც გამოუსწორებელ ცვლილებებს შეიძლება იწვევდეს. ერთ-ერთ ასეთ კვლევაში ((K. I. Bolla, K. Brown, D. Eldreth, K. Tate, J. L. Cadet, Neurology 2002, 59, 1337.) სუბიექტები დაყვეს მსუბუქ (11 ნაფაზი), საშუალო (42 ნაფაზი) და მძიმე (94 ნაფაზი) მწეველებად. ექსპერიმენტიდან 28-დღიანი ინტერვალის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მძიმე მწეველები 35-დან 5 კოგნიტურ ტესტზე მსუბუქ მწეველებზე მკვეთრად დაბალ შედეგს აჩვენებდნენ. დაზიანებული იყო მუშა მეხსიერება და ფსიქომოტორული სიჩქარე.
MRI-თი მიღებულმა მონაცემებმა (Battistella et al.) დაადგინა მარიხუანის პერიოდულად მომხმარებლებთან შედარებით რეგულარული მომხმარებლების ტვინში ნეირონული შრეების შემცირება, თუმცა ამ შრეების კლებას რა ეფექტი აქვს ტვინის ფუნქციონირებაზე ჯერჯერობით უცნობია. 2014 წელს ჩატარდა მსგავსი MRI კვლევა კანაფის აქტიურ მომხმარებლებზე, (3), როგორც აღმოჩნდა, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მარიხუანის აქტიური მომხმარებლების CB1 რეცეპტორით მდიდარ ქერქულ უბნებში მკვეთრად იყო შემცირებული რუხი მატერია და აღინიშნებოდა უფრო ხანგრძლივი უჯრედული მოსვენების მდგომარეობა (3). იმავე კვლევამ გამოვალინა გარკვეული უბანთაშორისი კავშირების ზრდა კანაფის მომხმარებლებში, რის საფუძველზეც იმედოვნებდნენ სტრუქტურული კავშირების ზრდის კვალდაკვალ ფუნქციური დაკავშირებულობის ზრდასაც (3). კავშირების ზრდა აღინიშნებოდა მძიმე მწეველებში, მაგრამ იკლებდა ქრონიკული მოხმარების შემთხვევებში. უბანი, რომელშიც ეს ცვლილებები აღინიშნებოდა, ჩართული იყო ადიქციურ ქცევებში, როგორიცაა მოტივაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის მოშლა და ა.შ. (3).
გარდა რუხი მატერიის შემცირებისა, მრავალი კვლევითაა გამოვლენილი მარიხუანის მოხმარებასთან კორელირებული გაძლიერებული მიელინიზაცია. მიელინი ესაა ცხიმოვანი უჯრედებისგან შედგენილი გარსი, რომელიც უზრუნველყოფს ნეირონული მორჩებს ელექტროიზოლაციას და აუცილებელია ელექტრული სიგნალების სწრაფი გადაადგილებისათვის. სწორედ ეს მიელინური უჯრედების გროვა წარმოქმნის ტვინის თეთრ მატერიას, შესაბამისად, აქტიურ მწეველებში ფიქსირდებოდა გაზრდილი თეთრი მატერიის დონე (3).
აქედან შეგვიძლია, ვივარაუდოთ ორი რამ: 1. რუხი მატერიის შემცირების შედეგად კანაფი შესაძლოა უარყოფით გავლენას ახდენდეს კოგნიტურ, ემოციურ, მოტივაციურ და ა.შ. ფუნქციებზე. 2. იგი შესაძლოა, სასარგებლო იყოს ნეირონული პროტექციისათვის, მიტოქონდრიული რეგულაციისა და ანტიოქსიდანტური პროცესებისათვის.
პირველი დასკვნის გასამყარებლად შეგვიძლია მოვიშველიოთ ცხოველებზე ჩატარებული ცდები. მაგ. 1984 წელს ვირთაგვებზე წარმოებულ ექსპერიმენტში (5), დააფიქსირეს, რომ მარიხუანის ბოლის შესუნთქვისას ხდებოდა კანაფის მთავარი მეტაბოლიტის THC-ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დაგროვება ჰიპოკამპში, რომელიც მეხსიერებაზე პასუხისმგებელ ტვინის უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს. ამგვარად, ხსენებული ცდის შედეგად გაკეთდა დასკვნა რომ მარიხუანის მოხმარება ვირთაგვებში რეტროგრადულ ამნეზიას იწვევდა. ვირთაგვას უტარებდნენ ეგრეთ წოდებული პასიური განრიდების ტესტს, შემდეგ ათავსებდნენ ინჰალაციურ ყუთში (Walton Upright Smoking Machine) და ასუნთქებდნენ კანაფის ბოლს. სულ გაბოლვისთვის იყენებდნენ 4-გრამიანი სიგარეტის დოზას. როგორც აღმოჩნდა, ცდიდან და შებოლვის სეანსიდან 24 საათის შემდეგ ცხოველებს წაშლილი ჰქონდათ პირობითი რეფლექსები, რომლებიც ნორმალურ პირობებში შენარჩუნებული უნდა ჰქონოდათ, ანუ პასიური განრიდების განმეორებითი ტესტირებისას განრიდების რეაქციას არ ავლენდნენ (5). ასევე გაზრდილი იყო რეაგირების სისწრაფე 5,1 წამიდან 10 წამამდე. აქედან გაკეთდა დასკვნა, რომ მარიხუანის მოწევა შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეხსიერების კონსოლიდაციას, ამის მიზეზი კი შესაძლოა იყოს THC-ს დაგროვება ჰიპოკამპში, რასაც ადასტურებდა კვლევის ობიექტების post mortem შემოწმება.
სხვა ცდამ (McMillan, 1981 et. al.) გამოიკვლია მტრედების რეაქციაზე კანაფის გავლენა. აღმოჩნდა, რომ რეაქციების სიზუსტე ნარჩუნდებოდა, მაგრამ მკვეთრად ნელდებოდა რეაგირების სისწრაფე. იგივე ფიქსირდება ადამიანებშიც.
ადამიანის კვლევის შედეგები საკმაოდ არაერთგვაროვანია, ზოგი აფიქსირებს კანაბინოიდური ინტოქსიკაციით მეხსიერების დაქვეითებას (Belmore & Miller, 1980, Cowan, et al. – 1982), ზოგი ტვინის გარკვეული დაზიანებებისას ფუნქციურ გაუმჯობესებას (Drew, et al., 1980), ზოგი კი დანარჩენების საპირისპიროდ საერთოდ ვერ აფიქსირებს მეხსიერებაზე გავლენას (Parker, et al.,1980).
მსგავსი კვლევის შედეგების მოშველიება შეიძლება დაუსრულებლად და მიუხედავად ამისა, ზუსტი სურათი ვერ შეგვექმნება. უფრო მარტივად შეგვიძლია ვენდოთ FDA-ს 2017 წლის შესწორებას, რომელიც მკაცრი საკვლევი ლაბორატორიული პირობების გარეთ არ აძლევს მარიხუანით მკურნალობას რეკომენდაციას და მიიჩნევს მას რისკების შემცველ საშუალებად (10). ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით გვაქვს საშუალება, თავადაც ვივარაუდოთ, რომ კანაფი ესაა ტოქსინების შემცველი მცენარე, რომლის მაღალი დოზირებაც ზიანის მომტანია და არღვევს, ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ჰომეოსტაზს (თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ დოზების გადამეტებისას ასეთივე მავნე გავლენა შეიძლება ჰქონდეს ერთი შეხედვით სრულიად უწყინარ სუბსტანციებსაც. მაგ. 10 ლიტრი წყალი შესაძლოა ლეტალური დოზა იყოს ადამიანისთვის და გამოიწვიოს ე.წ. წყლით ინტოქსიკაცია). საბოლოო ჯამში პოლიტიკური თვალსაზრისით ზემოთ მოყვანილი ფაქტები არ გვაძლევს დასკვნების საშუალებას, ამისათვის აუცილებელია, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა მიზეზით შეიძლება მოიხმაროს საზოგადოებამ მარიხუანა ზედმეტი დოზებით.
ნარკოპოლიტიკა ნიდერლანდებში და გამოგვადგება თუ არა მათი პრაქტიკა დღევანდელ დღის წესრიგში
დღეს ჩვენთან პოპულარულია ყველა საკითხთან მიმართებაში პარალელების გავლება ევროპასთან ან ამერიკასთან, როგორც კარგი ცხოვრების აიდოლებთან, მაგრამ უმეტესად იკარგება თანმიმდევრულობა და ვიღებთ შიშველ პლაგიატს, ევროპულ ღირებულებებს უკონტექსტოდ გადმოტანილს ისეთ სივრცეში, რომელიც არაა მათთვის ჯერ შემზადებული, ასეთი ტიპის მსჯელობა, ჩემი აზრით, პირველ რიგში უგემოვნობაა, რადგან გემოვნება გულისხმობს ჰოლისტური სურათის დანახვას, კონტექსტის ამოცნობის უნარს. როდესაც აკოპირებ რაღაც კარგს გარემოს გაუთვალისწინებლად, ეს იმას ჰგავს, შეუფერებელ გარემოში კოსტუმში გამოწყობილი რომ მიხვიდე. საგნის არსს მასთან მიმართება განსაზღვრავს, ანუ კოსტუმი დახვეწილი სტილი მხოლოდ შესაფერის გარემოშია და არა დამოუკიდებლად და ობიექტურად. ასევეა ჩვენს შემთხვევაშიც. ამას კიდევ ისიც ემატება, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მოითხოვენ სოციო-კულტურული ნახტომების გაკეთებას ისე რომ არ ითვალისწინებენ რამდენად მაღალია ტრავმების ალბათობა. მე აქ არ ვგულისხმობ მენტალურ მოუმზადებლობას, საუბარი მაქვს სოციალურ ფონზე, რომელიც „მავნე ჩვევების“ გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგია. შევადაროთ ერთმანეთს საქართველო და ნიდერლანდები, რომელიც „კანაფის ლეგალიზატორებისათვის“ ყველაზე პოპულარული არგუმენტია.
პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ნიდერლანდებში (მათ შორის ამსტერდამში) ნარკოტიკები ოფიციალურად არ არის ლეგალური. იქ ტექნიკურად ჯერ კიდევ მოქმედებს 1919 წლის ოპიუმის აქტი (კანაფი შევიდა კანონში 1950 წლის შესწორებაში), რომლის მიხედვითაც მსუბუქი ნარკოტიკების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა და გაყიდვა ფორმალურად არალეგალურია, თუმცა არა დასჯადი. აქედან გამომდინარე, ცნობილი Coffee shop-ები მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვით რეალურად არალეგალურ საქმიანობას ეწევიან, უბრალოდ იქ არსებობს პოლიტიკური ნება, რის გამოც სახელმწიფო თვალს ხუჭავს. არალეგალურია ასევე კანაფის კულტივაცია, მისი იმპორტი და ექსპორტი. 1976 წლისთვის რედაქტირდა ძველი ოპიუმის აქტი. ნარკოტიკები დაიყო მძიმე და მსუბუქ კატეგორიებად. მძიმე ნარკოტიკებში განთავსდა უფრო ადიქციური ან ძლიერი ფსიქოაქტიური ნივთიერებები: ჰეროინი, კოკაინი, ექსტაზი, ამფეტამინი, LSD და ა.შ. მათი მოხმარება, გაყიდვა და კულტივირება აკრძალული და დასჯადია. მსუბუქ კატეგორიაში იგულისხმებოდა მარიხუანა, ჰაშიში, კატი, საძილე აბები, ტრანკულიზატორები, „ჯადოსნური სოკოები“ და ა.შ. იმავე წელს კანაფისთვის დაწესდა 5-გრამიანი მაქსიმუმი პერსონალური მოხმარებისათვის. მაგრამ ბოლო წლებში ამ კანონმაც განიცადა ცვლილებები. 2013 წლიდან Coffee shop-ები გარდაიქმნა კლუბებად, რომლებიც 2000-მდე საწევრო ბარათს გასცემდნენ 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის. ასევე სპეციალური დადგენილების მიხედვით, აიკრძალა ტურისტებზე ნარკოტიკების გასაღება (სამხრეთულ ქალაქებში ეს წესი ჯერ კიდევ 2005 წლიდან ამოქმედდა). ამას ხელი შეუწყო უცხო ქვეყნების ზეწოლამაც, მაგ. საფრანგეთის და ინგლისის. ამ კანონების ფონზე სამხრეთის ქალაქებში იმატა კრიმინალმა და იატაკქვეშა ნარკობიზნესმა. შეიცვალა კანონის დამოკიდებულება კანაფის კლასიფიკაციის მიმართაც, დღეს ნიდერლანდებში კანაფი 15%-იანი THC-ის შემცველობით უკვე მძიმე ნარკოტიკად კატეგორიზირდება (ასევე 17 წლის გოგონას გარდაცვალებისა და მოხშირებული სამედიცინო შემთხვევების ფონზე 2008 წლიდან აიკრძალა და მძიმე ნარკოტიკების სიაში გადაინაცვლა ე.წ. „ჯადოსნურმა სოკოებმაც“). ნელ-ნელა შემცირდა Coffe shop-ების რაოდენობა, მხოლოდ ამსტერდამში არსებული დაახლოებით 300-მდე ობიექტიდან, 2015 წლისთვის 200-ზე ნაკლები დარჩა. ამას ხელი შეუწყო კანონმა სასწავლო დაწესებულებებისა და საბავშვო ობიექტებიდან Drug კაფეებისთვის 250-350-მეტრიანი დისტანციის დაწესების შესახებ (15). 2011 წლიდან განსაკუთრებით გამკაცრდა კულტივაციასთან დაკავშირებული კანონები. ადრე თუ სახელმწიფო ლიბერალური იყო „მებაღეების“ მიმართ და არაფორმალურად აშშ-ის ორეგონის შტატის მოდელს იმეორებდა, ადამიანები სახლის პირობებში ერთდროულად 5 მცენარის გაზრდასაც არ ერიდებოდნენ, გამკაცრების შემდეგ უკვე კანაფის კულტივირების წვრილმანი მცდელობაც კი დასჯადი გახდა.
აქედან გამომდინარე, როგორც დავინახეთ, არც ევროპაშია საზოგადოება თავის ნებაზე მიშვებული. იქაც არსებობს აკრძალვები და ჩარევა პირად გადაწყვეტილებებში. ზოგადად, ცივილიზაცია სწორედ შეზღუდვებმა შექმნა. სახელმწიფოს როლიც სწორედ ეს არის; საზოგადოებამ ხშირად იცის, რა სჭირდება, მაგრამ ვერ ხედავს მთლიან სურათს. უბრალოდ, ზრუნვა საზოგადოებაზე არ უნდა იყოს ძალადობრივი, როგორც ეს ჩვენთან ხდება, ადამიანი არ უნდა ჯდებოდეს ციხეში არანაირი სუბსტანციის მიღების გამო. რაც შეეხება შენახვას და გასაღებას, ამ მხრივაც არაადეკვატურია თანამედროვე სისხლის სამართლის კოდექსი და ნარკოტიკების გამავრცელებლებს ისეთივე სასჯელს უწესებს, როგორსაც მკვლელებს ან სახელმწიფო დამნაშავეებს. იმავე ნიდერლანდებში ამ მხრივ სახელმწიფო ბევრად მოქნილია, უწესებს ადამიანს ადმინისტრაციულ ჯარიმას და საფეხურეობრივ დაბრკოლებებს და არ უკეთებს მას იზოლაციას.
რა აძლევს ნიდერლანდებს იმის საშუალებას, რომ იყოს ლიბერალური და რა ზომებია აუცილებელი მსგავსი ნარკოპოლიტიკისათვის
ნიდერლანდებს აქვს ბუნებრივი გაზის მდიდარი რესურსი და სტაბილური ეკონომიკა. IMF-ის, WB-ისა დ UN-ის 2014, 2015, 2016 წლების GDP-ს სტატისტიკურ მონაცემებში ნიდერლანდები მე-17 ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც საქართველო 117-ე, 118-ე და 120-ე ადგილებზეა. ნიდერლანდებში 2015 წლისთვის დაუსაქმებელთა რაოდენობა დაახლოებით 7 პროცენტამდე იყო, საქართველოში 2008-2010 წლებში 16%-ს სჭარბობდა, მხოლოდ 2015 წლისთვის დაეცა 12 პროცენტამდე (რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია). საქართველოში არ არსებობს ნორმალური შრომის ინსპექცია, ჩამოშლილია თითქმის ყოველი კულტურული სეგმენტი, დაწყებული განათლებიდან, დამთავრებული პროფესიულით. ადამიანები ადრეულ ასაკში აწყდებიან ფინანსურ და ეგზისტენციალურ პრობლემებს, ვერ ხედავენ გამოსავალს სიტუაციიდან. ჩემი პირადი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ 24-25 წლის ასაკში ქართული ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ნებდება მძიმე პირობებს, უარს ამბობს ოცნებებზე და ეშვება ყოველდღიურ რუტინაში. ერთი სიტყვით, საქართველო ტოტალური უპერსპექტივობისა და უიმედობის ქვეყანაა, რაც უბიძგებს ადამიანს, რაიმე საშუალებით გაექცეს რეალობას, იქნება ეს კანაფი, სასმელი, საპნის ოპერა თუ ა.შ.
US state department-ის 2005 წლის ანგარიშით 2004 წელს, საქართველოში 275 000-მდე ნარკომომხმარებელი ცხოვრობდა, აქედან 150 000 მოიხმარდა სუბოტექსს (11). საქართველოში ნარკოტიკული სიტუაციის 2014 წლის ანგარიშით (12) ქვეყანაში მხოლოდ ინექციურ ნარკომომხმარებელთა რიცხვი საშუალოდ 49 700-ს შეადგენდა. ამ მონაცემების ფონზე სასაცილოა, რომ IDFI-ს ცნობით საქართველოში 2014 წლისთვის ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებისთვის გამოყოფილი იყო მხოლოდ 4 388500 ლარი, რომლითაც მხოლოდ 3000-მდე ადამიანმა ისარგებლა. თანაც ეს სარეაბილიტაციო პროგრამები ითვალისწინებდა 215 ლარიან თვიურ ვაუჩერებს, საიდანაც მოსარგებლის თანაგადახდა 110 ლარი უნდა ყოფილიყო. ეს იმ პირობებში, სადაც საშუალო ხელფასი 400 ლარია და ნარკოდამოკიდებულთა უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. კონტრასტისთვის: ნიდერლანდებში წლიურად დაახლოებით 130 მილიონი ევრო იხარჯება სარეაბილიტაციოდ, და ქვეყნის მასშტაბით 25-დან 28 ათასამდე ნარკოდამოკიდებულიდან 90% სარგებლობს ამ პროგრამებით (14).
მოკლედ, თუ ჩვენი მთავრობა გადაწყვეტს, მიბაძოს ნიდერლანდების ნარკოპოლიტიკას, მოუწევს მათთან მიღებული შემდეგი პრევენციული პროცედურების გატარება: უნდა დააწესოს ნარკოტიკული მონიტორინგის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს, რომ არასრულწლოვნებზე არ მოხდეს ნარკოტიკის გაყიდვა, არ მოხდეს მისი რეკლამირება. უნდა აღჭურვოს ეს სამსახური თანამედროვე ლაბორატორიით, რომელიც შეამოწმებს ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული ნარკოტიკის ტოქსიკურობის ხარისხს; მოუწევს, გახსნას ახალი სარეაბილიტაციო ცენტრები და საგრძნობლად გაზარდოს ბიუჯეტი. ეს ყველაფერი თანამედროვე საქართველოში, რა თქმა უნდა, უტოპიაა, ასეთი ზომების გარეშე კი, მარიხუანის სახლის პირობებში კულტივირების საშუალება გადააქცევს მას სიგარეტის ჩამნაცვლებლად; მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც სიგარეტის ფასი საკმაოდ მაღალია და მოსახლეობის 80 პროცენტი მწეველია. ნიდერლანდებში ნარკოტიკული მდგომარეობის 2010 წლის ანგარიშში (13), აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით 85 000 ადამიანი მოიხმარდა კანაფს ყოველდღიურად, ხოლო 29 300-ს ადამიანს ჰქონდა დამოკიდებულება ამ სუბსტანციაზე. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, რადგან ცნობილია, რომ კანაფს არ გააჩნია ადიქციური ეფექტი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი როგორც რელაქსანტის, იშვიათად გამოყენება ხდება. ყოველდღიური გამოყენებისას კი ვითარდება ფსიქოლოგიური ეფექტი (ზემოთ ასევე ნახსენები იყო მსგავსება თამბაქოსთან). კანაფზე დამოკიდებულება ოფიციალურად შეტანილია მენტალური დარღვევების რიცხვში (16). აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ჭეშმარიტებაც, რომ ორგანიზმს აქვს ადაპტაციის უნარი, შესაბამისად, მარიხუანის რეგულარული მოხმარება იწვევს ე.წ. „გატრუხებას“ (ზემოთ აღნიშნული იყო იამაიკის შემთხვევა) ანუ რეზისტენტულობას, რაც შემდეგ მოითხოვს THC-ის დოზების ზრდას ან გადასვლას უფრო ძლიერ პრეპარატებზე. საქართველოში ეს გამოიწვევს მთელი თაობების კოლაფსს. ამიტომ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც სურს ნარკოტიკების ლეგალიზება საჭიროა, თავი შეიკავოს საკუთარი ვნებისაგან მანამ, სანამ განვითარებულ სახელმწიფოდ არ ჩამოვყალიბდებით.
დასასრულს შეგვიძლია, გავაკეთოთ დასკვნა: ის ცნობილი ფაქტი, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მიუხედავად, ნიდერლანდებში მცირეა რეგულარული მოხმარების მაჩვენებელი, შესაძლოა არა ადამიანის ზომიერების და სულის გამარჯვების, არამედ ეკონომიკური და კულტურული ფონის ბრალი იყოს, რომელიც უნარჩუნებს იქაურ საზოგადოებას მოტივაციებს, იზრუნოს თავის სხეულსა და მომავალზე. ჩვენი ხელისუფლება კი, ფინანსური დეფიციტის გამო, ირჩევს უხეშ და პრიმიტიულ აკრძალვის მეთოდებს, რომელიც ვერ აგვარებს პრობლემას, დამატებით კი წარმოშობს იატაკქვეშა ნარკობიზნესს და კანაფზე ბევრად საშიში სუბსტანციების გავრცელებას, ამას ემატება კონფლიქტი და გაუცხოება საზოგადოებასთან. ყველაზე ოპტიმალური ჩვენს პირობებში იქნება ნარკოტიკების მხოლოდ მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია (მათ შორის ჯარიმის გაუქმება), ნარკომომხმარებლებზე „ნადირობის“ შეწყვეტა და ზოგადად ლურსმნის და ჩაქუჩის გვერდით გადადება, რაც შეეხება ფორმალურ თუ არაფორმალურ ლეგალიზაციას, დღევანდელ საქართველოში ეს დიდი შეცდომა იქნება.
პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიაში ნარკოტიკების საკითხთან დაკავშირებით უმეტესად აქცენტი გაკეთებულია საზოგადოების ინფორმირებაზე, რაც ნაკლებ ეფექტურია, რადგან ბუნდოვნად ისედაც ყველამ იცის ნარკოტიკის საზიანოობა. რაც შეეხება დასჯას, ამ მხრივ შეტანილია შემდეგი პუნქტი: © „გადაიხედება არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ ლიბერალიზაციის კუთხით“ - ერთი შეხედვით ფორმულირება რადიკალური ცვლილებების იმედს არ იძლევა. მოგვიწევს დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- The Toxicology of Cannabis and Cannabis Prohibition - Franjo Grotenhermen
- Effects of smoking marijuana on focal attention and brain blood flow - Daniel S. O’Leary1*, Robert I. Block2, Julie A. Koeppel1, Susan K. Schultz1, Vincent A. Magnotta3, Laura Boles Ponto3, G. Leonard Watkins3 and Richard D. Hichwa3
- Long-term effects of marijuana use on the brain - Francesca M. Filbeya,1, Sina Aslana,b, Vince D. Calhounc,d, Jeffrey S. Spencea, Eswar Damarajuc, Arvind Caprihanc, and Judith Segallc
- Brain imaging study of the acute effects of Δ9-tetrahydrocannabinol (THC) on attention and motor coordination in regular users of marijuana - Aviv Weinstein & Orit Brickner & Hedva Lerman & Mazal Greemland & Miki Bloch & Hava Lester & Roland Chisin & Raphael Mechoulam & Rachel Bar-Hamburger & Nanette Freedman & Einat Even-Sapir
- MARIJUANA INTOXICATION IN RATS: INTERRUPTION OF RECENT MEMORY AND EFFECT ON BRAIN CONCENTRATION OF DELTA 9-TETRAHYDROCANNABINOL - ERIC J . ESSMAN
- Cannabis and Human Social Behaviour - DAVID F. MARKS, GILLIAN M. POW
- Dare to delay?The impacts of adolescent alcohol and marijuana use onset on cognition, brain structure, and function - Krista M. Lisdahl*, Erika R. Gilbart , Natasha E.Wright and Skyler Shollenbarger
- History of Cannabis and Its Preparations in Saga, Science, and Sobriquet - Ethan B. Russo
- „On Hashish“ - Walter Benjamin – „Walter Benjamin and Drug Literature „ – Marcus boon
- FDA and Marijuana - https://www.fda.gov/newsevents/publichealthfocus/ucm421163.htm
- http://altgeorgia.ge/2012/myfiles/Drug-situation-in-Georgia-2004.pdf
- http://altgeorgia.ge/2012/myfiles/DRUG%20ENG%20green.pdf
- https://www.wodc.nl/binaries/1991-volledige-tekst-tcm44-344669_tcm28-71563.pdf
- http://www.emcdda.europa.eu/system/files/publications/971/EMCDDA_AR08_en.pdf
- http://mexico.nlambassade.org/binaries/content/assets/postenweb/m/mexico/nederlandse-ambassade-in-mexico-stad/import/drugspolicy-in-the-netherlands-ve.pdf
- https://www.drugabuse.gov/publications/media-guide/science-drug-abuse-addiction-basics