იმ გრძელ და დამაბნეველ დრამას, რომელიც 2011 წლის ბოლოს სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩვენების დროს გათამაშდა, ერთი წლის თავზე, შესაძლოა, უფრო დრამატული გაგრძელებაც კი ჰქონდა. რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც ოპოზიციის კანდიდატს, ალა ჯიოევას ეხმარებოდნენ, ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში ყოფნისას მათთვის თითქოს-და ნაპოვნი ნარკოტიკების გამო დააკავეს და გაასამართლეს.
29 ნოემბერს ამბავმა გროტესკნარევი ტრაგიკულობის ნიშნები შეიძინა. ერთ-ერთი დაპატიმრებული აქტივისტის ცოლი, ანა კოკოევა, ყალმუხეთში, ქალაქ ელისტაში დააკავეს, სადაც მისი ქმარი, სოსლან კოკოევი იხდის სასჯელს. ანა კოკოევა ქმრის გათავისუფლების მცდელობასა და იმ ციხის ხელმძღვანელობის მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი, რომელშიც მისი მეუღლე იმყოფება, როგორც პატიმარი. ცოლ-ქმარს ხუთი შვილი ჰყავს, და ახლა, როცა მათი ორივე მშობელი დააპატიმრეს, თეორიულად შესაძლებელია, ბავშვები სახელმწიფომ მცირეწლოვანთა მეურვეობის ორგანოებს გადასცენ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ისეთი ნათესავებიც ჰყავს, რომელთაც ბავშვებზე ზრუნვა შეუძლიათ.
ეს ამბავი პარადოქსებითაა სავსე და იმ სისტემის კარგ თვალსაჩინოებად გამოდგება, რომელიც რუსულ ჩრდილოკავკასიაშია ფესვგადგმული. სოსლან კოკოევმა, ჰენრი კაჩმაზოვმა და რამდენიმე სხვა აქტივისტმა 2011 წელს ინტერნეტსაიტი გააკეთეს, რომლის მეშვეობითაც ეწეოდნენ საკუთარი კანდიდატის მხარდასაჭერ საქმიანობას სამხრეთ ოსეთში. მას მერე, რაც კრემლის პოლიტიკის მომხრე კანდიდატი, ანატოლი ბიბილოვი, ნოემბრის არჩევნებში სამარცხვინო მაჩვენებლებით დამარცხდა, აქტივისტები სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს, მათ შორის, ნარკოტიკების შენახვისთვის.
შემდეგ მოხდა ის, რაც ყველამ იცის: ალა ჯიოევამ არჩევნები მოიგო, მაგრამ ხელისუფლების სადავეებამდე არ მიუშვეს, დაუნდობლად სცემეს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მან, ისევე, როგორც მისმა სხვა თანამოაზრეებმა, როგორც ჩანს, მაინც გამონახეს საერთო ენა სამხრეთ ოსეთის ახალ ლიდერთან. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჯიოევა შეურიგდა ახალ ხელისუფლებას. ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები მისი თანამოაზრეები მაინც დაპატიმრებულები არიან და ვადას ყალმუხეთში იხდიან.
რით შეიძლება აიხსნას მათი ასეთი დევნა რუსული მართლმსაჯულების მხრიდან, მაშინ, როცა ამ აქტივისტების პოლიტიკური ლიდერი საფრთხეს აღარ წარმოადგენს, და ისიც საკითხავია, წარმოადგენდა კი ოდესმე? უპატიებელი დანაშაული, რომელიც სამხრეთოს აქტივისტებს ჩრდილოეთ ოსეთში შეეძლოთ ჩაედინათ, როგორც ჩანს, იმაში გამოიხატებოდა, რომ ჯერ ერთი - მათ ოპოზიციური დაჯგუფების შექმნა შეეძლოთ, მეორეც - ხელისულფებისგან ჯიოევას ჩამოშორებისა და კრემლის კანდიდატის გაყვანის შემდეგ ისინი ოპოზიციის ავანგარდში დარჩნენ. ძირითადი
იფათზე კი თვით სოსლან კოკოევმა მიუთითა მაშინ, როცა ალა ჯიოევას მომხრეებს შორის სამხრეთ ოსეთში დაუნდობელი დაპირისპირება დაიწყო. კოკოევმა თქვა, რომ იმ პირობებში, როცა მოსკოვი სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანს ანგარიშს არ უწევს, რესპუბლიკა თავისთავად იწყებს ,,პირის მიბრუნებას დასავლეთისკენ”.
სამხრეთ ოსეთის რეალიებში ასეთი განცხადება უფრო ბლეფს ჰგავდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ჩრდილოეთ კავკასიაში დამყარებული უმკაცრესი რუსული დიქტატურის პირობებშიც კი, ნორმად მიღებული 100%-იანი პრორუსულობის ფარგლებს აშკარა ბლეფიც არ უნდა გასცდეს, გამონათქვამების დონეზეც კი.
საინტერესოა, რომ რუსეთის მოქალაქეები დევნას განიცდიან იმის გამო, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს, თანაც სად – უშუალოდ რუსულ ტერიტორიაზე კი არა, არამედ სამხრეთ ოსეთში, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვით რუსეთმავე სცნო.
ანა კოკოევას დაპატიმრება საკმაოდ ნიშანდობლივი ფაქტია და შტირლიცის და გესტაპოს თემის გაგრძელებას გავს – გამომძიებლებმა, კოკოევას დაპატიმრების შესახებ განცხადება რომ გააკეთეს, მიუთითეს, რომ მას ორი თვით აკავებდნენ, რადგან მოქრთამვის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. ბრალდება, თავისთავად, სოლიდურია, და ადამიანს, რომელიც რუსეთის რეალიებში ვერ ერკვევა, შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამ ქვეყანაში კანონი, ავად თუ კარგად, მაგრამ მოქმედებს.
პრობლემა აქ ერთი მხრივ, იმაში მდგომარეობს, რომ მუხლი ქრთამის მიცემის შესახებ რუსეთში ძალიან იშვიათად მუშაობს, მეორე მხრივ კი, ყველამ კარგად იცის, ციხის თანამშრომლები პატიმრების ოჯახის წევრებისგან ქრთამს მთელს რუსეთში იღებენ, ეს იქ საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენაა.
დაპატიმრებული კოკოევას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროვოცირების გზით ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ქმრის (რომელსაც საპატიმროში უკვე რამდენიმე დაავადება გაუჩნდა) ხვედრის შესამსუბუქებლად ყველაფერი ეღონა. ციხის თანამშრომლებმა ამჯერად გადაწყვიტეს, ეს ადამიანი ,,ჩაეშვათ”, ეს არის და ეს. ყველა ნიშნით ჩანს, რომ ქრთამის მიცემის სცენა წინასწარ იყო დაგეგმილი და გამოსამზეურებლად გამიზნული.
სიტუაციის სიმახინჯე და გროტესკულობა ამით არ ამოწურულა. სოსლან კოკოევმა ციხიდან განცხადება გააკეთა, რომ რუსეთის წინააღმდეგ არაფერი უთქვამს, ასევე არ უგულისხმია, თითქოს სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის გამო გულგატეხილი ან იმედგაცრუებულია. არ გავს ეს განცადება მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ,,აღიარებით ჩვენებებს”? მაგრამ არც ამით დამთავრებულა ყველაფერი. 12 დეკემბერს ვლადიკავკაზელი ჟურნალისტი ელინა მარზოევა ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის წარმომადგენლებმა დააკავეს. მარზოევა იმაშია ეჭვმიტანილი, რომ ყალმუხეთის კოლონიაში არეულობებს დისტანციურად უწევდა ორგანიზებას. საბოოლოდ, ჟურნალისტს თითის ანაბეჭდები აუღეს და გაათავისუფლეს, თან საგზლად ჭკუაც დაარიგეს, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ჟურნალისტი. მარზოევა ყალმუხეთის ციხის პირობებზე და კოკოევების ოჯახის მდგომარეობაზე წერდა. ახლა უნდა ვიფიქროთ, რომ, თავის გადასარჩენად, მარზოევა ამ საკითხების გარშემო ნაკლებად იაქტიურებს.
რუსეთის რეპრესიული მანქანის ამ დაუღლელი საქმიანობის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, რომელიც სახელმწიფო სისტემის ნაწილი არ არის, საზოგადოებას ჩამოშორდეს. თუ ეს პრინციპი აქამდე მხოლოდ რუსეთის კუთვნილ ჩრდილოეთ კავკასიას ეხებოდა, ახლა იგი უკვე სამხრეთ ოსეთშიც მოქმედებს.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.