ჩერქეზული საკითხი აფხაზეთში ტაბუირებული თემა არაა, მაგრამ მის გარშემო დისკუსიის ხარისხი, რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს. იმ პოლიტიკურ განცხადებათა, საზოგადოებრივ ღონისძიებათა და კონფერენციათა სიმრავლის მიუხედავად, რომლებიც ხსენებული თემისადმი იყო მიძღვნილი, მუდმივად არსებობს შეგრძნება, რომ რაღაც ბოლომდე არ თქმულა. ეს გასაგებიცაა – არანაირი სტრატეგია ჩერქეზების მიმართ აფხაზეთის ხელისუფლებას არ აქვს, არც აფხაზეთის ინტელექტუალურ ელიტას გააჩნია ასეთი. სიმართლე კი მეტისმეტად მტკივნეულია საიმისოდ, რომ მისი თქმა ღიად შეიძლებოდეს.
ყველაფერში საქართველოა დამნაშავე
საქართველო რომ არ არსებობდეს, მისი გამოგონება იქნებოდა საჭირო – აფხაზი და ოსი პოლიტიკოსების სმენისას ადამიანს შეიძლება ასეთი პერეფრაზირების სურვილი გაუჩნდეს. საკუთარი მარცხის საქართველოსთვის გადაბრალება, მისი ეშმაკური ფანდებით ახსნა ადვილია. ჩერქეზულ საკითხთან დაკავშირებით ეს მართლაც მოქმედებს – თუმცა, მხოლოდ შიდააფხაზურ აუდიტორიაზე, თანაც მხოლოდ მის ნაწილზე.
აფხაზეთში ჩატარებულ უკანასკნელ კონფერენციაზე, რომელიც დასავლეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას ეძღვნებოდა, ალექსანდრ ანქვაბმა მკაფიოდ განაცხადა: ,,თითოეული ჩვენგანისათვის ,,ჩერქეზული საკითხი’’ პოლიტიკური ავანტიურაა, რომელიც კავკასიის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. საჭიროა ამ პროვოკაციის შესაძლო შედეგების გააზრება. რუსეთში მცხოვრები ჩერქეზები ჩვენს თავისუფლებას იცავდნენ, ყველა საკითხში მხარს გვიჭერენ, ჩვენ ერთი დღითაც არ გაგვიწყვეტია ეს მჭიდრო კავშირი.” ამას აფხაზი ხალხის დახმარებისთვის, აღიარებისთვის და ა.შ. რუსეთისადმი მიძღვნილი ქებათაქება და მადლიერების გამოხატვა მოჰყვა.
აქ რიგითი აფხაზისთვის ყველაფერი გასაგები უნდა იყოს: ჯერ ერთი, საქართველომ პოლიტიკური ავანტიურა წამოიწყო – ჩერქეზების გენოციდი აღარა, რათა ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაცია მოეხდინა. მეორე, აფხაზებს ჩერქეზების ბედი ანაღლებთ, მათ კი რუსეთთან დაპირისპირებისთვის აქეზებენ; და მესამე – ყველა ჩერქეზი, თითო-ოროლა პროვოკატორის გარდა, ჩერქეზული საკითხის მიმართ აფხაზურ პოზიციას იზიარებს.
პირველი თეზისი სადავო არ მეჩვენება - ასეთი ლოგიკა წინა ქართულ ხელისუფლებას აშკარად ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოტივაცია უფრო რთული, უფრო ღრმად საჩხრეკი იყო. მაგრამ ეს ერთდერთი თეზისია, რომელსაც დავეთანხმები.
მხოლოდ საქართველოში არაა საქმე.
ხერხს, რომელსაც ალექსანდრ ანქვაბი მიმართავს, გაგებათა ჩანაცვლება ეწოდება. აფხაზ ,,ობივატელს” ჩერქეზულ საკითხს, ფაქტობრივად, ისე აწვდიან, თითქოს ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული პროდუქტი იყოს, თითქოს პრობლემა საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამდე არც არსებობდა. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ თუკი ჩერქეზთა გენოციდი საქართველომ აღიარა, ეს თემა ,,შეგნებული მოქალაქეებისთვის” ახლა ტაბუირებული უნდა იყოს _ აბა, ,,ქართველ პროვოკატორებს” ხომ არ აყვებიან? მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩერქეზთა საკითხი ქართულ აღიარებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, და დღესაც, ,,ქართულ კონტექსტის”გარეშეც არსებობს. რამდენი წელია, ჩერქეზული ეროვნული პროექტით უამრავი ადამიანია ,,დაკავებული”, უკანასკნელ წლებში მათ განსაკუთრებით ახალგზარდები შეემატნენ, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ და ინტერნეტში ურთიერთობის, განსჯისა-განხილვისათვის თუ საერთო, კოორდინირებული ჩერქეზული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად მთელი ქსელი აქვთ გაშლილი. ამას დიასპორას ჩერქეთა აშკარად მომატებული ეროვნული თვითიდენტიფიკაციაც ემატება. ეს ადამიანები გააზრებულად მოქმედებენ, მაგალითად, თურქეთში მრავალათასიან საპროტესტო აქციებს ატარებენ, ხოლო ლოზუნგები, რომლებიც ამ მანიფესტაციებზე ადიღებს და აფხაზებს ერთად გამოაქვთ, თარგმანსაც კი არ მოითხოვს, ისედაც ყველაფერი გასაგებია.
ძველი კომუნისტური ჩამოსხმის საზოგადო მოღვაწეებთან და რუსეთის ფედერაციის იმ სუბიექტების მეთაურებთან, სადაც ჩერქეზები ცხოვრობენ ( ყაბარდო-ბალყარეთი, ადიღეის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკები) ანქვაბს რომ მსოფლმხედველობითი თანხვედრა აქვს, ეს დიდად არავის აკვირვებს, ჩერქეზი აქტივისტების შეხედულებებთან კი ბევრ საკითხში სრული უთანხმოება იკვეთება. ამაში ძალიან ადვილად დარწმუნდებით, თუ რუსეთის ჩერქეზების ნებისმიერ საიტზე შეხვალთ. აფხაზეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ იქ მეტად არასახარბიელო გამონათქვამებს წაიკითხავთ. მე, მაგალითად, რამდენიმე ჩერქეზ აქტივისტს ვიცნობ, რომლებიც აფხაზეთიდან მოსული ასეთი ,,ახალი ამბების” კომენტირებას შეგნებულად არიდებენ თავს, რათა ორ მოძმე ხალხს შორის ურთიერთობათა დაძაბვას ხელი შეგნებულად არ შეუწყონ.
ნაციონალური პროექტები
ადიღურ-აფხაზური ერთობა მარტო ლინგვისტურ ან კულტურულ ნათესაობას არ ეფუძნება. პირველ რიგში, მას ამ ორი ხალხის ხვედრის მსგავსება უმაგრებს ძირს, საერთო ტრაგედია, რომელიც მათ მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობამ მოუტანა. ამ ტრაგედიამ ორი ხალხის მენტალობას უძლიერესი კვალი დაატყო. გარეგნული სხვაობის მიუხედავად, მსგავსი გამოდგა მათი შემდგომი ბედიც.
მუდამ მაოცებდა ქართული ელიტის ინტელექტუალური სიბრმავე, რომელსაც არასდროს უცდია აფხაზური ეროვნული პროექტი რეალურად ჩერთო ქართულ პროექტში. ის ცალკეული ,,გამონათებები”, რომლებსაც ,,სარეინტეგრაციო” პროექტის მორიგი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ჰქონდა ადგილი, არცაა სახსენებელი. ამასთან დაკავშირებით ერთი ქართველი პოლიტოლოგის განცხადება მახსენდება: ,,ჩვენ აფხაზეთში მუჰაჯირებთან ერთად დავბრუნდებით.” მაგრამ ესეც კი მხოლოდ 2008 წლის ომის შემდეგ იყო ნათქვამი - რბილად რომ ვთქვათ, დიდი დაგვიანებით.
ქართული და აფხაზური ეროვნული პროექტების ანტაგონიზმის თემაზე აფხაზ პოლიტიკოსებს და ექსპერტებს საათობით შეუძლიათ ლაპარაკი. სწორედ ამის გამო ჩანს გასაკვირი, რომ იგივე ადამიანები ჯიუტად ვერ ამჩნევენ იმ იდენტურ სიტუაციას, რომელშიც დღეს რუსეთის ჩერქეზობას უწევს ცხოვრება.
ადიღების გენოციდის თემა თავისით არ წარმოშობილა და ჩერქეზ აქტივისტთა უმეტესი ნაწილის ახირება არ არის – ეს მხოლოდ ინსტრუმენტია, საკუთარ უფლებებსა და გასაჭირზე ლაპარაკის მცდელობა _ უპირველეს ყოვლისა, დანაწევრებული, დაქსაქსული ერთი ხალხის უფლებაზე, გაერთიანდნენ თავიანთ ისტორიულ მიწებზე. დღეს ჩერქეზი აქტივისტები ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში და მოსკოვში ტრანსპრანატებით დგანან და სირიის ჩერქეზობის შველას მოითხოვენ. რუსეთი კი რეაგირების მაგიერ მათ იგნორირებას ამჯობინებს.
12 დეკემბრით დათარიღებულ უკანასკნელ მიმართვაში, რომელიც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის დუმას გაუგზავნა, თანამემაულეების რეპატრიაციის საკითხი ისევ იყო ნახსენები. პრეზიდენტმა დეპუტატებს დაავალა, იმ თანამემამულეებს, რომლებიც ,,რუსული ენისა და კულტურის მატარებლები არიან” და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარს განაცხადებენ, დაჩქარებული წესით მიენიჭოთ მოქალაქეობა. ,, ჩვენ იმ ადამიანების მიმართ გვაქვს ინტერესი, ვისაც ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება, მის საკეთილდღეოდ მუშაობა სურს და ვინც თავს რუსად თვლის”, განაცხადა პუტინმა. როგორც ხედავთ, ჩერქეზი აქტივისტების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ამდენი თხოვნის, მიმართვის, მიტინგის და პიკეტის შემდეგაც კი, რუსეთის ხელისუფლება იმ თავის პოლიტიკას გარძელებს, რომელსაც სხვა განსაზღვრებას, თუ არა კოლონიურს, ვერ მოუძებნი. და როცა ამ პირობებში აფხაზი პოლიტიკოსები ჩერქეზებს ურჩევენ, გენოციდზე სიტყვა არ დაძრან და თავიანთი უფლებები არ დაიცვან, სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას კი მხარი დაუჭირონ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – კი მაგრამ, რატომ? პასუხი, რომ რაკი რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო ადიღები აფხაზების ძმები არიან, უკაცრავად, მაგრამ ცინიზმის მწვერვალად მოსჩანს. არანაკლებ ცინიზმად გამოიყურება აფხაზეთში მოწყობილ კონფერენციებში იმ რუსი ექსპერტების მონაწილეობა, მიზნად რომ მხოლოდ იმის დამტკიცება აქვთ, თითქოს არანაირი გენოციდი ჩერქეზების მიმართ არ განხორციელებულა და რომ დღეს ჩერქეზები თავიანთი ბედით კმაყოფილები უნდა იყვნენ.
თუმცა, ,,მაძღრის” როლი ყველას არ მოურგია და ასეთ კონფერენციებზე მაინც გამოდიან ადამიანები, რომლებიც ზემოთ ხსენებული ორატორების პათოსს ეწინააღმდეგებიან. ამას გარდა, აფხაზი ახალგაზრდები, ინტერნეტით ურთიერთობის დროს თუ სირიის ჩერქეზობის მხარდასაჭერად მოწყობილი მიტინგების მეშვეობით, ადიღებს გვერდში დგომის გარკვეულ სიგნალს მაინც აწვდიან.
ხანდახან თქმას დუმილი სჯობს
ისიც სავსებით გასაგებია, რომ ჩერქეზულ საკითხში თავისუფალი მანევრირების საშუალება აფხაზეთის ხელისუფლებას არ აქვს. ჩერქეზი აქტივისტები ისედაც არ მოელოდნენ, რომ აფხაზეთი მათი წინაპრების გენოციდს აღიარებდა ან რუსეთის სირცეში მათი ინტერესების გამტარებლობას იკისრებდა. ობიექტური რეალობაა, რომ აფხაზეთი ჩრდილოელ მეზობელზეა დამოკიდებული, ამიტომ შეუძლებელს მისგან არავინ მოითხოვს. თუმცა, ჩნდება კითხვა - ნუთუ ეს დამოკიდებულება იმდენად ძლიერია, რომ აფხაზი პოლიტიკოსები ვალდებულები არიან, ჩერქზული საკითხის გარშემო ტენდენციური განცხადებები აკეთონ?
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.