2009 წლიდან დღემდე არალეგალური ნადირობის ფაქტზე მხოლოდ 4 ადამიანია დაკავებული. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბრაკონიორობის შემთხვევები მაინც ფიქსირდება, მსხვერპლი ცხოველები „წითელ ნუსხაში“ შესული იშვიათი სახეობებია. მათ შორის არის მურა დათვი, რომელიც რეპროდუქციის დაბალი ტემპით ხასიათდება.
ორი თვის წინ ფოტოდოკუმენტალისტი ნიკა წიკლაური შაორის წყალსაცავთან დათვისთვის დაგებულ ხაფანგში მოჰყვა. მისგან თავის დაღწევის შემდეგ, დაზიანებული ფეხის სამკურნალოდ, ამბროლაურის საავადმყოფოს მიმართა. ქირურგმა უთხრა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი დაზიანებით რამდენიმე ადამიანმა მიმართა.
შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში ნიკა წიკალური საქმის აღძვრის მიზნით, შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და ამბროლაურის რაიონის პოლიციის გამომძიებელს საქმის მასალები გააცნო.
იმ ტერიტორიაზე, სადაც ფოტოგრაფი დათვისთვის დაგებულმა ხაფანგმა დააზიანა, “ლიბერალიც” იმყოფებოდა.
შაორის წყალსაცავიდან დაახლოებით 50 მეტრში შაორის ტყის მასივი იწყება. ტყის ნაწილი პიკაპის ტიპის ჯიპით პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გავიარეთ, დაახლოებით ერთი კილომეტრი კი - ფეხით.
“25 წელია ამ რაიონში ვცხოვრობ და ერთხელაც არ გამჩენია ამოსვლის სურვილი, აქაურობა მტაცებელი ცხოველითაა სავსე, იარაღის გარეშე როგორ გაბედე გადაადგილება?”- ეკითხება პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი ნიკა წიკლაურს.
სანამ შემთხვევის ადგილზე მივიდოდით, ბილიკის დასაწყისში მიწაში ჩარჭობილი ჯვრის ფორმის ნიშანი შეგვხვდა. ამავე სახის ნიშანი ბილიკის ბოლოშიც იყო დამაგრებული.
გამომძიებლემა ფოთლების დაფარული ორმო და ის ადგილი სადაც ხაფანგი იყო დაგებული, გულდასმით დაათვალიერა.
“ეს ხაფანგი აშკარად ძველი დაგებული იყო, დაჟანგებული იქნებოდა. შეიძლება მისი პატრონი ახლა ცოცხალიც აღარაა, თორემ სხვა შემთხვევაში ასე ადვილად ვერ გაითავისუფლებდი მისგან თავს”- უთხრა პოლიციის თანამშრომელმა ნიკას.
მიუხედავად იმისა, რომ ხის ტოტი აშკარად ახალი დაჭედებულია და მასზე ფოთლებიც კია შემორჩენილი, პოლიციელის ნათქვამს გამომძიებელიც დაეთანხმა, -"მართალია, ვერ დავიჯერებ, რომ ეს მახე ახალი დაგებულია”.
ამბროლაურის რაიონის პოლიციამ საქმე სამი მუხლით აღძრა. მურა დათვაზე ნადიროება აკრძალულია, რადგანაც ის საქართველოს წითელ ნუსხაში შესული ცხოველია, აკრძალულია ხაფანგით ნადირობა და მესამე - პირისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება.
როგორც აღვნიშნეთ, მურა დათვი ერთ-ერთი იშვიათი სახეობაა.
სხვა მსხვილი ძუძუმწოვრების მსგავსად, იგი რეპროდუქციის ბუნებრივად დაბალი ტემპით ხასიათდება - ძუ დათვი შთამომავლობას ორ წელიწადში ერთხელ იძლევა, ბელი სქესმწიფობას კი მხოლოდ 3-5 წლის ასაკში აღწევს.
ქვეყანაში არალეგალური ნადირობა ფართოდაა გავრცელებული, ეს კი, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს დათვის პოპულაციის მდგომარეობაზე.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრ “ნაკრესის” 2004-2005 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით მიახლოებით 450 დათვია დარჩენილი. 2006 წლის მიახლოებითი გათვლებით კი, წელიწადში ბრაკონიერები 100-მდე დათვს კლავენ.
არალეგალური ნადირობის შემთხვევებს ვერ იხსენებს ხარაგაულის პოლიციის გამომძიებელი და აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფ ნიკა წიკლაურის შემთხვევა რაიონში პირველია.
“აქამდე ამბროლაურში არც ერთი უკანონო ნადირობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაცია არ გვაქვს, რა სიხშირით ნადირობენ კონკრეტულად მურა დათვზე”- აღნიშნავს არაოფიციალურ საუბარში გოჩა დონაძე.
დაახლეობჲთ ერთი წელი იქნება, რაც ტყის კონტროლი და ბრაკონიერებისგან ცხოველის დაცვა მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადააბარა, იქამდე ეს საქმე გარემოს დაცვის ინსპექციას ევალებოდა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ დაიშალა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეუერთდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაკრესის” ხელმძღვანელის ირაკლი შავგულიძის თქმით, პატრულის თანამშრომლებისთვის ბრაკონირებისგან ცხოველების დაცვა პრიორიტეტული არ არის. მათ ისედაც უამრავი საქმე აქვთ, ამიტომ პოლიციისთვის ამ საქმის სათანადროდ შესრულება რთულია.
“ტყის კონტროლი და არალეგალურ ნადირობასთან ბრძოლა სპეციფიკური საქმეა. პოლიციას არ აქვს სათანადო მომზადება, რომ ტყე-ღრეში ბრაკონიერის კონტროლი შეძლოს. ზოგ ტყის მასივში, მანქანით გადაადგილებაც კი შეუძლებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაბარების იდეა თავიდანვე განწირული იყო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ცხოველთა უფლებების დამცველებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა რომელი სტრუქტურა გააკონტროლებს ტყეს, მთავარია ეს ეფექტური და შედეგიანი იყოს. შსს-ს შეეძლო ეკოპოლიციის მსგავსი სისტემა შეექმნა და ამ ჯგუფს, კონკრეტულად, ტყის კონტროლი დავალებოდა”- აღნიშნავს “ნაკრესის” ხელმძღვანელი.
პოლიციის მიერ ტყის მასივის კონტროლის სიძნელეებზე ამბროლაურის პატრულის თანამშრომლებიც საუბრობენ და არაოფიციალურად აღნიშნავენ, რომ მათთვის რთულია ერთდროულად რაიონის საქმეებს მიხედონ და პარალელურად, ტყის უსაფრთხოება აკონტროლონ.
2013 წლის დასაწყისში ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ამ ფუნქციის დაბრუნებას გეგმავს.
რატომ კლავენ მურა დათვს?
დათვს სხვადასხვა მიზეზით ესხმიან თავს. “ნაკრესის” დათვის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ეს ცხოველი თავს ესხმის შინაურ პირუტყვს და ანადგურებს ნათესებს. ამიტომაც, სოფლის მოსახელეობა სხვადასხვა საშუალებას მიმართავს დათვების გასანადგურებლად.
გარდა ამისა, საქართველოში გავრცელებულია ტყვე დათვის ბელების ყოლის ტრადიცია. რესტორანში კლიენტის მოზიდვის მიზნით, გალიებში დამწყვდეული დათვები ჰყავთ ავტოგასამართ სადგურებსა და რესტორნებში.
“ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, არალეგალური ნადირობის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სულ რამდენიმე ადამიანია დასჯილი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის პარადოქსი. ბევრ გზისპირა რესტორანში შეხვდებით კედელზე გაკრულ დათვის ტყავს, გალიაში მყოფ ბელებს, ნახავთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, სადაც მონასტრებში ბერებთან ერთად ცხოვრობენ ეს ცხოველები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დათვი თავის ნაშიერს არასდროს ტოვებს, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ბელის უკან, მინიმუმ ერთი დედა დათვია მოკლული”- ამბობს “ნაკრესის” თანამშრომელი.
დათვს ასევე კომეციული მიზნითაც ესხმიან თავს. საქართველოში გავრცელებულია ცხოველის დერივატებით ვაჭრობა, დათვის ქონსა და ნაღვლის ბუშტს ხალხურ მედიცინაში იყენებენ.
ნიკა წიკალურის თქმით, გარდა ხაფანგისა ნადირობისთვის მარყუჟსაც იყენებენ. ხის ტოტზე დამაგრებული მარყუჟს დათვი ფეხს აბიჯებს და ჩამოვარდნილი მორი თავში ეცემა. მარყუჟს კლდის ნაპირზეც ამაგრებენ, რომლისგანაც თავისდაღწევის მცდელობისას დათვი კლდეზე ეკიდება და ამ შემთხვევაშიც, თუ ის არავინ იპოვა, კვდება.
პრობლემის გადაჭრის გზები
ბეჟან ლორთქიფანიძის თქმით, არალეგალური ნადირობის გავრცელებას სხვადასხვა მიზეზი აქვს. კერძოდ, “ნაკრესის” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, გადასახედი და მოსაწესრიგებელია ნადირობის შესახებ კანონი:
“კანონმდებლობა მკაცრია, რის შედეგადაც, ჩვეულებრივი მონადირე ბევრ შემთხვევაში ბრაკონიერად გადაიქცევა. მაგალითად, კურდღელზე ნადირობა დღეს მხოლოდ სანადირო მეურნეობებშია დაშვებული, როცა ამის რესურსი სხვა ადგილებშიცაა. უნდა დაიწყოს აღწარმოება, შემდეგ შესაბამისი კვოტა გამოიყოს და პარალელურად, მოხდეს პროცესის კონტროლი. კანონის ლიბერალიზაცია, ვფიქრობ, სიტუაციას განმუხტავდა. ამით მონადირეები და ბუნების დამცველები შეთანხმებას დადებდნენ”.
ერთ-ერთი გზა სანადირო მეურნეობების სწორი ფორმით მართვაა (თუმცა, მურა დათვის შემთხვევაში, მასზე ნადირობა მეურნეობებშიც აკრძალულია).
“მართალია, ამ ბიზნესში დიდი ინვესტიციები იდება, მაგრამ ის ჯერჯერობით განუვუთარებელი და არაეფექტურია. მეურნეობები, როგორც კომერციული ერთეულები, სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ და გარდა ამისა, არ ხდება მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავება”- აღნიშნავს ირაკლი შავგულიძე.
რაც შეეხება ტყის მასივის კონტროლს, “ნაკრესის” ინფორმაციით, ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომაროება დაცულ ტერიტორიებზეა. მაგალითად, ვაშლოვანის ნაკრძალში, დაწესებულია პატრულირების სისტემა. რეინჯერები შეიარაღებულები არიან და დღის განმავლობაში, დაცულ ტერიტორიას ბრაკონიერებისა და უკანონო ხე-ტყის ჭრისაგნ იცავენ.
“ჩვენი რეკომენდაციაა, დაცული ტერიტორიების გარეთაც ტყის კონტროლისთვის კონკრეტული პირები გამოიყვნენ, რომლებსაც შესაბამისი კომპეტენცია და აღჭურვილობა ექნებათ. ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რაც ცოტათი მაინც შეუწყობს ხელს არალეგალური ნადირობის შემცირებას” - ამბობს “ნაკრესის” ხელმძღვანელი ირაკლი შავგულიძე.