Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატს აქვს

18 აპრილი 2017

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. მოსამართლეობის სურვილი სულ 68 კანდიდატმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მათგან 5 ადამიანი უნდა შეარჩიოს. 

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საბუთების მიღებისა და მათი საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ კანდიდატები უცხო ენაში გამოცდას ჩააბარებენ. გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება. კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს ქულას, რომლის მეშვეობითაც თითოეული კანდიდატის ჯამური ქულა გამოითვლება.

ამის საფუძველზე, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. თითოეულში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები საბოლოო 5-კაციან სიაში მოხვდებიან. სამინისტროს განმარტებით,  ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, კანდიდატთა ხუთპირიან სია საქართველოს მთავრობას წარედგინება, რომელიც ნებისმიერ სამ კანდიდატს შეარჩევს. მათი ვინაობა და საბუთები  თავდაპირველად წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ მათგანს. კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი; „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი; სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს, ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა. 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში  47 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან შერჩეულმა სამმა კანდიდატმა - ევა გოცირიძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ბადაშვილმა ევროსაბჭოს მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^