Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატარა სკოლების გასაჭირი

20 აპრილი 2017

„ბობნევს ზეით ერთვის ტანას ღუის ხევი, გამომდინარე საცხენისის მთისა. და ბობნევამდე ხეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი; მას ზეით მთური, ვიწრო და მაგარი, კლდიანი, ტყიანი და ცხელი. კოწახური არს ტყედ. ბობნავს ზეით, ჩდილოთ კერძ, არს ციხე კოკანთ-ბერი… დემოთის ციხის ... ზეით მოერთვის მტკუარს ხევი ბობნევისა, გამომდინარე კოდიანის მთისა…“.

ეს არის ამონაწერი ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-დან. თუ ატენის სიონიდან მტკვრის მარჯვენა შენაკადს, ტანას, ზევით აუყვებით, მდინარე ჯოჯოხეთისხევის შესართავთან ვიწრო, კლდოვან ხეობაში ჩაკარგულ სოფელს მიაგნებთ. პირველი შთაბეჭდილება, რაც დაგრჩებათ ისაა, რომ ვახუშტი ბატონიშვილის დროიდან აქ არაფერი შეცვლილა.

გზა პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენი მანქანა 25 კილომეტრის გავლას საათზე მეტს უნდება. გზის სირთულეს მტვრის აუტანელი ბუღი ართულებს, რომელიც თან დაგვყვება და მანქანის მართვაში გვიშლის ხელს. მოუასფალტებელ კლდოვან, ვიწრო გზაზე ნიავის ერთი წამოქროლებაც კი კმარა მტვრის უსაშველო კორიანტელის დასაყენებლად. გზის ბოლოს უკვე სუნთქვაც ჭირს.

გარემო ისეთი უკაცრიელი და უდაბურია, მე და ჩვენს მძღოლს ლამის ეჭვი შეგვაქვს, რომ აქ სოფელი არსებობს, თუმცა ბოლოს ფერდობზე შეფენილ ნაცრისფერ სახლებს ვხედავთ. გზაზე ერთი მანქანაც დავლანდეთ.

* * *

პირველი, ვისაც სოფელში ვხდებით, 70-მდე წლის ციცო უხურგუნაშვილია. იმ ფაქტით, რომ სოფლის და სკოლის ყოფით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ოდნავ გაკვირვებულია და სიხარულით გვეპატიჟება ღარიბულ, თუმცა კარგად მოვლილ სახლში.

ის კითხვების დასმას პრაქტიკულად არ გვაცდის: „ხეობა  ტყეზე დამოკიდებული იყო. ხე-ტყის მოჭრის გარდა, სხვა საქმე აქ პრაქტიკულად არ არსებობს. 60 კომლი ცხოვრობს, ადმინისტრაციული ცენტრი მომდევნო სოფელ ბოშურშია. ბოშურიც პატარა სოფელია, მაგრამ ბობნევთან შედარებით მოზრდილ დასახლებად ითვლება.

უფრო და უფრო გაჭირდა ცხოვრება, ხეობა დაიცალა, ქალაქებში წავიდა ხალხი.

ბობნევი, ბიისი, ორმოცი, ბოშური, ზემო ბოშური, ყველაანთ უბანი, გაგლუაანთ უბანი, ლევიტანა - ეს დასახლებები ნელ-ნელა იცლება.

გზა დიდი პრობლემაა - „სასწრაფოც კი რომ მოდის, როდის მოაღწევს, არ ვიცით. ყოფილა შემთხვევა, რომ სანამ მანქანა გორიდან აქამდე მოვა, ადამიანი აღარ არის, გათავებული დახვედრიათ. ჩვენი მეზობელი ქალი შარშან ასე დაიღუპა ”.

ბობნევში ადრე ბიბლიოთეკაც იყო, შემდეგ გააუქმეს. ციცო ბიბლიოთეკარად მუშაობდა.

„ისეთი კარგი წიგნები მქონდა, კარგად ვინახავდი”.

თავს ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ, თუმცა ამაში ორ-სამ სულ საქონელს გულისხმობენ. „სათიბები არ გვაქვს, მთიდან ვეწვალებით”.

სოფელს მაღაზიაც არ აქვს, ადრე სკოლის ადგილას იყო, მაგრამ გაუქმდა.

მაღაზია არც ბოშურშია, ამიტომ პროდუქტების საყიდლად გორში დადიან. ყავა, შაქარი, საპონი, სხვა ელემენტარული ყოფითი პროდუქცია თუ გინდა, გორში უნდა წახვიდე. სამარშრუტო ტაქსით.

მცხოვრებთა უმრავლესობა დაუსაქმებელია.

„ადრე დახმარება გვქონდა - ფქვილს გვაძლევდნენ, ზეთს გვაძლევდნენ, ნაკვეთისთვის სასუქს გვაძლევდნენ. ახლა არავინ აღარაფერს გვაძლევს. ნაკვეთებიც მცირე ოდენობით გვაქვს.

ჩვენი სამყოფიც ვერ მოგვყავს. ლობიო, კარტოფილი, პომიდორი…”.

სკოლაზე საუბრისას ციცო უხურგუნაშვილი მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე მიგვითითებს - „ჩემი მამამთილი რომ სწავლობდა, იმდროინდელი მერხებია”.

დასალევ წყალს შორიდან ეზიდებიან, გაზი არ აქვთ და შეშით თბებიან, „არჩევნების დროს დაგვპირდნენ, გაზს გამოგიყვანთო. ახლაც არჩევნები მოდის, ალბათ კიდევ დაგვპირდებიან”, - იცინის მოხუცი.

ჩვენს თხოვნაზე, სოფლის რომელიმე მასწავლებლის სახლი მიგვასწავლოს და მისი სახელიც გვითხრას, რომ ადვილად მივაგნოთ, ციცოს კვლავ ეღიმება: „მისაგნებად  სახელი არ გჭირდებათ, ვისაც გინდათ, ჰკითხეთ - მასწავლებელი სად ცხოვრობსო და ყველა გიჩვენებს, სულ ერთი პედაგოგი ცხოვრობს აქ და ამიტომ”.

* * *

ეკა ქერდიყოშვილი სოფელში მცხოვრები ერთადერთი მასწავლებელია. ის კიდევ ერთ, ბოშურელ (სოფელი გორის მუნიციპალიტეტში) პედაგოგთან ერთად სოფლის ცხრაბავშვიან, ოთხკლასიან, ოროთახიან სკოლაში ასწავლის.

ბობნევის დაწყებითი სკოლა, რომელიც მაღაზიის ყოფილ შენობაშია განთავსებული, მეზობელი ბოშურის სკოლასთანაა მიერთებული. ბობნეველი ბავშვები 4 კლასს რომ ამთავრებენ, სწავლას სწორედ ბოშურში, უფრო მოზრდილ, 40-ბავშვიან სრულ საშუალო სკოლაში აგრძელებენ.

ეკა მასწავლებელი ბობნევის დაწყებით სკოლაში 18 წელია მუშაობს. როდესაც ძველი სკოლის შენობა დაინგრა, ვიდრე მაღაზია სკოლად გადაკეთდებოდა, მან სკოლა საკუთარ სახლში გადმოიტანა. ტექნიკურად ეს ძველისძველი მერხების სახლში გადაზიდვას გულისხმობდა. სამი წელი, 2005 წლიდან, ბობნევის სკოლა ეკა ქერდიყოშვილის სახლში ფუნქციონირებდა.

„როგორც ახლაა შეერთებული სკოლები, მაშინ ასე არ იყო. დირექტორიც, სასწავლო ნაწილის გამგეც, მასწავლებელიც და ყველაფერიც - ჩვენ ორნი ვიყავით”, - გვიყვება ქერდიყოშვილი და სკოლად გადაკეთებული მაღაზიის ყოფილი შენობისკენ მიგვიძღვება.

ვიდრე პატარა გორაკზე წამოჭიმული სკოლის კარს შევხსნით, გზის პირას მანქანა ჩერდება. ესენი გორელი პედაგოგები არიან, რომლებიც ბობნევის მომდევნო სოფელში, ბოშურში ასწავლიან და ახლა უკან ბრუნდებიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბობნევის დაწყებითი სკოლა ბოშურის უფრო მოზრდილ სკოლასთანაა გაერთიანებული.

ბოშურის სკოლის მასწავლებლები ჩემი სტუმრობის მიზეზით ინტერესდებიან, მანქანიდან გადმოდიან. სკოლის ორი ოთახიდან ერთ-ერთში, მერხებიანში, ვიკრიბებით.

დაახლოებით 12 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში 8 მერხი, დაფა, შელახულ კედლებზე ფერადი ჭიკარტებით მიკრული, მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები ჰკიდია. სულ ეს არის კლასის „აღჭურვილობა”.

მასწავლებლები სკოლის საჭიროებებთან ერთად ხეობის ზოგად გასაჭირზეც მესაუბრებიან. მიყვებიან, რომ უგზოობა სერიოზულ პრობლემებს უქმნით, სოფლებში ძალიან უჭირთ წყალი, არ აქვთ გათბობა და ზამთარში ხალხი შეშაზეა დამოკიდებული…

„სოციალური ფონი ურთულესია, - მეუბნება ქართული ენის მასწავლებელი, ქეთევან მიდელაშვილი, - ბავშვებს იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ მოემზადონ. ფულიც რომ გამონახონ რეპეტიტორისთვის, მასწავლებლები აქ გორიდან დადიან და მათთან სიარულის პრობლემაც არსებობს. ხეობა ხალხისგან იცლება, ბავშვები სკოლას ტოვებენ. მშიერი ხალხი დარჩა აქ, მშიერი კუჭით რას ისწავლი? - მეკითხება პედაგოგი და აგრძელებს, - მშობელსაც არ აქვს იმის ნერვები, რომ ბავშვს დაუჯდეს და ამეცადინოს”.

„თავდაპირველად მოსაგვარებელ პრობლემად რას მიიჩნევთ?“ - ვეკითხები ხათუნა ქავთარაძეს, ბიოლოგიის მასწავლებელს, რომელიც შეთავსებით ინფორმატიკასაც ასწავლის. და ის-ის იყო ჩემს თავს ვუსაყვედურე კითხვის უადგილობის  გამო, (რადგან მასწავლებლები ისედაც საუბრობდნენ უგზოობაზე, უწყლობაზე, უინტერნეტობაზე, უგაზობაზე, გაუსაძლის გასაჭირზე, მძიმე სოციალურ ყოფაზე), რომ ბიოლოგიის მასწავლებელი ერთი შეხედვით მოულოდნელ პასუხს მაძლევს: „ჩონჩხი, ჩონჩხი გვჭირდება. ხომ უნდა აჩვენო ბავშვებს რაზეც ელაპარაკები“.

„თვალსაჩინოებები არ გვაქვს, - განავრცობენ საკითხს სხვა მასწავლებლები, -  არ არსებობს ლაბორატორია. რასაც ასწავლი, ხომ უნდა გასაგებად აუხსნა, გააგებინო, აჩვენო; გლობუსი, რუკა ხომ უნდა გქონდეს, რომ მასალა ბავშვისთვის, როგორც გონებით, ისე თვალით უფრო იყოს აღსაქმელად იოლი”, - მუბნებიან პედაგოგები.

„ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიები არ გვაქვს, მიკროსკოპი არ გვაქვს, არაფერი გაგვაჩნია”;

„ჩონჩხიც არ გვაქვს”, -  ერთვება კვლავ საუბარში ხათუნა ქავთარაძე. აშკარად ჩანს, რომ ძალიან აწუხებს ანატომიის სწავლების ადგილობრივი, შეზღუდული მეთოდები.

ბოშურის საშუალო სკოლაში, რომელთანაც ბობნევის დაწყებითი სკოლაა გაერთიანებული, კიდევ ერთი აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობით დასახლებული პატარა სოფლიდან, ლევიტანადანაც დადიან. მასწავლებლები ენობრივ ბარიერზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ლევიტანელი ბავშვები მეტ-ნაკლებად სწავლას მაინც ახერხებენ.

საუბრის ბოლოს, ეზოში გამოსვლისას კარმორყეულ და კედლებშელახულ ჩეჩმას ვხედავ და  მასწავლებლებს მინისტრის იმ დირექტივას ვახსენებ, რომელიც სკოლების სველი წერტილების მოწესრიგებას ეხება. „სველი წერტილი? - იცინიან მასწავლებლები, - წერტილი, ჰო, მაგრამ, სველისა რა მოგახსენოთ, როცა წყალიც კი არ მოდის?“.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^