Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ მოგვარდება გადაუხდელი კრედიტების პრობლემა აჭარაში

23 დეკემბერი 2012

ოთხასამდე ოჯახის პრობლემაზე, რომელიც გადაუხდელ კრედიტებს ეხება, აჭარის მთავრობა უკვე მუშაობს. ერთ კვირაში გახდება ცნობილი, თუ რა ბედი ეწევათ გამოსახლების პირას მყოფ ოჯახებს.

 

22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  საბანკო დავალიანების მქონე პირების საკითხის მოგვარება აჭარიდან, კერძოდ, ქობულეთიდან დაიწყება. 

“განსაკუთრებით ქობულეთელები დაზარალდნენ. პრეზიდენტი ჩავიდა იქ და მოახსენა, რომ ბევრი ტურისტი ჩავიდოდა, მაგრამ პირიქით მოხდა - მათ აიღეს კრედიტები, ბინები გაარემონტეს და  ვერ გააქირავეს. ამიტომ ქობულეთელები გამორჩეულად და მასობრივად დაზარალდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პრობლემის მოგვარება აჭარიდან დავიწყოთ. რთული პროცესია და შესწავლას ვაგრძელებთ.” - თქვა ივანიშვილმა.

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პარმენ ჯალაღონიას თქმით, სანამ ვადაგადაცილებული სესხების საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება გამოსახლების პროცესი შეჩერდა. მისივე თქმით, ორი კვირის წინ ბანკებს იმ ოჯახების სია გადასცეს, რომლებმაც აჭარის მთავრობას დახმარებისთვის მიმართა. სიაში სულ ოთხასი ოჯახია.

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ  გამოსავალს ბანკებთან ერთად ეძებენ. „ეს შეიძლება იყოს როგორც სესხების გადავადება, ისე ახალი სესხების გაცემა, კრედიტების რესტუქტურიზაცია ან სხვა ტიპის შეთანხმება“ - ამბობს ჯალაღონია და აღნიშნავს, რომ შესაძლოა გამოსავალი ყველასთვის ვერ მოიძებნოს.

“ამ ეტაპზე არ შეგვიძლია იმის თქმა კონკრეტულად რამდენ ოჯახს და ვის ჩამოეწერება კრედიტები. მსესხებლებს რომლებსაც პრობლემა ჰქონდათ და გამოსახლების ეტაპზე იყვნენ, ბანკებმა პირობა მოგვცეს, რომ აღსრულების პროცეს შეაჩერებედნენ. ეს პირობა სრულდება. ახლა ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.” - ამბობს ჯალაღონია.

როგორც აჭარის მთავრობაში ამბობენ, პრობლემური იმ პირების საკითხია ვინც სესხები კერძო იპოთეკარებისგან აიღო. ასეთი 200-მდე ოჯახია და როგორც ჩანს, მათი დახმარება ვერ მოხერხდება, რადგან “ამ შემთხვევაში ბევრი არაორგანიზებული ურთიერთობებია და კერძო იპოთეკარებთან საუბარი რთულია.” 

2008 წელს აჭარაში, უმეტესად ქობულეთში, მოსახლეობამ საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობისთვის  კრედიტები აიღო. აგვისტოს ომის შემდეგ ნაწილმა სესხის დაფარვა ვეღარ შეძლო, რის გამოც  ბანკმა სახლი გაუყიდა. რამდენიმე წელია ეს ადამიანები დახმარებას ითხოვენ. ხმაურიანი გამოსახლებების და აქციების შემდეგ, ზაფხულში,  ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ქობულეთში ჩავიდა და მოსახლეობას პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა. მან ქობულეთიდან სამასამდე პრობლემური კლიენტის სიაც წამოიღო. თუმცა მას შემდეგ მოსახლეობის გამოსახლება კვლავ გაგრძელდა, ფინანსთა სამინისტროში კი ამბობდნენ, რომ საკითხზე მუშაობდნენ.

ამჯამად სახელმწიფო ამ პრობლემის გადაჭრაში აქტიურად ჩარევას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ერთი კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან  შეხვედრის დროს ისაუბრა.

რამდენად მისაღებია სახელმწიფოს ჩარევა საბანკო სფეროში და როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

აუდიტორ ირაკლი შავიშვილის თქმით, თავისთავად ეს პრობლემა ბანკებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის საკითხია. შავიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ბანკებს დათმობაზე წასვლა არ უნდა აიძულოს, რადგან ეს კარგ შედეგს არ მოიტანს, თუმცა შესაძლებელია მოლპარაკებების გზით, ზარალის დასაფარად, საშუალებები და რესურსი ერთად გამონახონ.

„თუკი  მოსახლეობამ  მთავრობის გადაწყვეტილებების გამო იზარალა, ანუ დააბანდეს ფული, მთავრობის დაპირებები არ შესრულდა და ამის გამო ფული დაკარგეს, მაშინ  მთავრობამ რაიმე ფორმით ეს ზარალი უნდა აანაზღაუროს. მაგრამ თუკი  სახელმწიფო არ ყოფილა ოფიციალური გარანტორი ამ შემთხვევაში მოსახლეობას და ბანკებს შორის, მაშინ მთავრობა რატომ უნდა ერეოდეს ამ საკითხში.  ეს  სამეწარმეო რისკია, რომელიც ამ ადამიანებმა გასწიეს და ამ რისკმა არ გაამართლა. ეს ბუნებრივი ამბავია ბიზნესში.“ 

შავიშვილი მიიჩნევს, რომ  აჭარაში საბოლოო ჯამში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ფორსმაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე  მოხდა  ამ ზარალის მიღება.

„ამ შემთხვევაში ბანკებზე ზეწოლა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, მაგრამ მოლაპარაკება  ამ ანაზღაურების პირობებზე დასაშვებია.”

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^