ქალაქში მოხეტიალე კაცის ჩანაწერები
ამ ორიოდე დღის წინ ქალაქში სეირნობისას ერთ საწყალ კაცს გადავეყარე, - ლამის შუა ქუჩაში ფსამდა. არც ნასვამი იყო და არც არაფერი. ნორმალურადაც ეცვა. გვიან შევამჩნიე, ჩემ რაღაცეებზე ვფიქრობდი, ამიტომაც გვერდი ვერ ავუარე და საკმაოდ ახლოს ჩავუარე. საწყალი თვალებით შემომხედა ისე, რომ საქმე არ შეუწყვიტავს და უხერხული ღიმილით წლის ყველაზე დამამახსოვრებელი ფრაზა ამოღერღა: “მაპატიეთ ასე უკულტუროდ რომ ვიქცევი, მომინდა და ვერსად შევედი!” “ეგ არაფერი!” – ღიმილითვე ვუპასუხე და ნაბიჯს ავუჩქარე. “ქალაქია, ხალხნი ვართ! – მომაძახა უკვე ჩავლილს და მერე კიდევ მიაყოლა: – ქუჩაში რამე რომ მოგინდეს კაცს, ამხელა ქალაქში ვერსად შეხვალ!”
მართალს ამბობდა ის კაცი, ვერ გაამტყუნებ.
ამ მხრივ თბილისი ქალაქში ხეტიალისთვის ყველაზე ცუდი ადგილია, ღმერთმა ნუ ქნას და უადგილო ადგილას რამე მოგინდეს კაცს და რამდენადაც მახსოვს, ეს ყოველთვის ასე ხდება.
იმ გაჭირვებულმა ჩემი ერთი მეგობარი გამახსენა სამოცკვერცხიანი ტორტით ხელში რომ დარბოდა ქალაქის ქუჩებში მოფარებული ადგილის სანახავად. ეს ამბავი ბნელ კომუნისტურ წარსულში მოხდა. ცოლმა სთხოვა, ტორტი სადღაც მიეტანა, წაიღო კიდეც, მაგრამ ქუჩაში გასულმა ჯერ ტაქსი ვერ გააჩერა (მაშინ ტაქსები არ აჩერებდნენ), მერე იფიქრა ფეხით წავალ, ასე ხომ არ ვიდგებიო და სწორედ ამ გადაწყვეტილებამ დაღუპა. გადაწყვეტილებამ და კუჭმა. ქალქია, ხალხნი ვართ! ნაგიჟარივით დარბოდა იმ ტორტით ხელში და ძალიან ცუდად რომ გახდა, ერთი ამის დედაც ვატირეო და სადღაც ეზოში ჩაიცუცქა (არ ვიცი, შარვალი როგორ შეიხსნა), სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, კვდებოდა კაცი, რა ექნა. კი ჩაიცუცქა, მაგრამ ის ტორტი ვერ წაიღო ვერსად. ჰოდა, იჯდა ასე ჩაცუცქული თბილისის მაშინ ძალიან პრესტიჟული უბნის ერთ-ერთ ეზოში უზარმაზარი ტორტით წინ გაშვერილ ხელებში და შვების ღიმილით სახეზე.
არ ვიცი “მერსერის” (თბილისს ბოლო ადგილი მიუჩინა ევროპულ ქალაქებს შორის ცხოვრების დონის მიხედვით) კვლევაში საზოგადოებრივი ტუალეტების რაოდენობაც თუ იყო ნაგულისხმევი, მაგრამ ფატია, რომ თბილისს ძალიან უჭირს, როცა მის მოქალაქეებს უჭირთ. პირადად მე თბილისის ქუჩებში შლეგივით სირბილის დიდი გამოცდილება მაქვს. რა არ მომიმოქმედებია, ტაქსი გამიჩერებია და სახლში დავბრუნებულვარ, კაფეებში უამრავი უაზრო ჩაი და ყავა დამილევია მხოლოდ იმის გამო, რომ ტუალეტში შევსულიყავი, მშენებარე ობიექტებზეც შევპარულვარ, უცნობ ეზოებშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, სადარბაზოებშიც კი. ერთხელ, ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის ჭუჭყიან სახინკლეში შევარდი და მებუფეტეს ვთხოვე, თუ ძმა ხარ ტუალეტში პატარა საქმე მაქვს და არ გამიბრაზდე მეთქი. იმან კი მთელი სახინკლის გასაგონად, - ვერ მოგაფსმეინებ ძმაო, უფროსობა გამიბრაზდება, მჟავე მაინც უნდა აიღოო, - მომახალა. ისეთი გემრიელი მჟავე ცხოვრებაში არ გამისინჯავს! მოკლედ, ნატანჯი კაცი ვარ!
რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პირველი და ერთადერთი არ ვარ, ვინც ამ პატარა (ზოგჯერ კი დიდ) პრობლემაზე ვწერ, მაგრამ “ქალაქში მოხეტიალე კაცის ჩანაწერებში” ეს თემა აუცილებლად უნდა მომხვდარიყო და თბილისიც ადრე თუ გვიან გაგებით უნდა მოეკიდოს საკუთარი მოქალაქეების მოულოდნელ ქუჩურ ახირებებს, თორემ (ჩვენზე აღარ ვჩივი) ინტერნეტში “თბილისის საზოგადოებრივი ტუალეტები” რომ აკრიფო ინგლისურ ენაზე გული მოგიკვდება უცხოელი ტურისტების ტრაგიკული ისტორიების კითხვით. “ქართულად რომ ავკრიფო, რა მოხდება”? – იკითხავთ თქვენ. ვცადე, ბატონო და ყოვლისმცოდნე “გუგლს” მოვთხოვე თბილისის საზოგადოებრივი ტუალეტების რუკა. ძებნის პირველი შედეგი აფრიკის რუკა იყო, მეორე კი გერმანიის რუკა! თქვენი არ ვიცი, მე კი იოჰანესბურგში ან მიუნჰენში მოსაფსმელად ნაღდად ვერ წავალ. მე თბილისში ვრჩები!
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე