Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დარჩება თუ არა პარლამენტი ქუთაისში?

25 დეკემბერი 2012

საკონსტიტუციო ცვლილების მოლოდინის ფონზე ქუთაისი გაურკვევლობის რეჟიმში ცხოვრობს. დარჩება თუ არა პარლამენტი ქუთაისში - ამ კითხვაზე პასუხი დეპუტატებზე მეტად, ქუთაისელებს ეჩქარებათ.

ორი თვეა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის ფუნქციას ითავსებს. პოლიტიკურ ორომტრიალს, რომელიც დროდადრო  თავს იჩენს ხოლმე, ახლადაშენებული პარლამენტის შენობაში, ბევრად არ შეუცვლია ქუთაისის ცხოვრების რითმი - ტიპური, რეგიონული ქალაქისთვის დამახასიათებელი ცხოვრების ერფეროვნება.

ჯერ მხოლოდ ორი თვეა, რაც პარლამენტი ქუთაისში მუშაობს და უკვე დღის წესრიგში დგება მორიგი საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი - საპარლამენტო უმრავლესობა გამოდის ინიციატივით, შეიცვალოს კონსტიტუციის 28-ე პრიმა მუხლი, რომლის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფელად ცალსახად ქუთაისია განსაზღვრული. უმრავლეოსბა მიიჩნევს, რომ პარლამენტის ლოკაციის ადგილი, რომელიც კონსტუტიციაში მხოლოდ 2009 წელს გაჩნდა, არ უნდა იყოს დაკონკრეტებული.

საკონსტიტუციო ცვლილების მოლოდინის ფონზე ქუთაისი გაურკვევლობის რეჟიმში ცხოვრობს. ისევე როგორც, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მთელი გუნდი, რომელიც პარლამენტს თბილისიდან რომ გადმოჰყვა - დაცვის თანამშრომლებით დაწყებული, ტექნიკური პერსონალით დამთავრებული. ისინი ჩემოდნებზე სხედან და თბილისში დაბრუნებას ელიან. ამიტომაც დღეს ქუთაისი არათუ საპარლამენტო ქალაქია, არამედ პარლამენტის, უბრალოდ,  დროებითი, შემთხვევითი მასპინძელი.

ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი, რის გამოც პარლამენტი ქუთაისში გადმოიტანეს, ქალაქისთვის ქვეყნის მეორე დედაქალაქის ფუნქციის მინიჭება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. თუმცა, გაურკვევლობის რეჟიმში მცხოვრებ ქუთაისში დღეს გრძელვადიანი ეკონომიკურ გეგმების დასახვას ვერავინ რისკავს.

საბჭოთა პერიოდში ქუთაისის ფუნქციას მთლიანად საინდუსტრიო გარემო განსაზღვრავდა. 90-იან წლებში საწარმოების მოშლამ ქუთაისი, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბ ქალაქად აქცია ბოლო წლების განმავლობაში. ეკონომიკური გაანგარიშებით, რომელიც ქალაქის მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიუჯეტის პროპორციულობით განისაზღვრება, ერთ სულ მოსახლეზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა წლიურად 68 ლარს შეადგენს. თბილისში ის 225 ლარია, ხოლო სხვა დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში და ასეთი საქართველოში ხუთია, 100-120 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 40 მილიონს შეადგენს. აქედან ადგილობრივი შემოსავლები მხოლოდ 12 მილიონი ლარია, დანარჩენი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი. წლების განმავლობაში წვრილი, საშუალო ვაჭრობა და მომსახურება ერთარდერთი იყო, რაც ვითარდებოდა ქალაქში.

ამ რთული ეკონომიკური მდგომარეობისა და მწირი ციფრების ფონზე სრული გარღვევა იყო 4,5 მილიონიანი, ძირითადად შენობობების პრივატიზებითა და სასტუმროების ბიზნესით შემოსული უცხოური ინვესტიცია, რომელიც ქუთაისში 2011 წელს გაჩნდა და, რომელსაც პირდაპირ უკავშირებენ ქუთაისისთვის საპარლანტო სტატუსის მინიჭებას. სწორედ რომ ამ სტატუსის წარმოშობას უკავშირდება ქალაქში ერთადერთი სწრაფი კვების ობიექტის, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის - მაკდონალდსის და ერთადერთი სუპერ მარკეტის გაჩენაც.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ თავდაპირველად, მოლაპარაკებების ეტაპზე საკმაოდ საინტერესო, რამდენიმემილიონიანი საინვესტიციო პროექტები იყო,  რომლებიც ამ ეტაპზე შეჩერებულია. პროექტების დამუხრუჭება  პარლამენტის ქუთაისში ყოფნა-არყოფნის გაურკვევლობამ განაპირობა. „ქუთაისი საინვესტიციოდ მიმზიდველი ხდებოდა მხოლოდ ახალი სტატუსის პირობებში. შექმნილ სიტუაციაში,  ბიზნესმენს უჭირს ინვესტიციების ჩადება“- ამბობს ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგვაძე.

ორიოდე წლის წინ იგივე დეცენტრალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტის მოხდენის მოტივით, ქუთაისში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია და აუდიტის სამსახური გადმოიტანეს. თუმცა, ამ სტრუქტურების ქუთაისში გადმოსვლას, რაიმე განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი არ ჰქონია.  შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში ქუთაისიდან შესული საგადასახადო შემოსავლები 2009-ში 159 022 ლარს შეადგენს, 2010-ში 149 663, ხოლო 2011 წელს  139 358 ლარია ანუ საგადასახადო კუთხით, თვალშისაცემი ცვლილებები არ მომხდარა.

პარლამენტის ქუთაისში დამკვიდრება, თავის მხრივ, მოახდენდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა დიპლომატიური სტრუქტურების ოფისების გახსნას. საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაც კი, საერთაშორისო დელეგაციების მიმოსვლის უზრუნველსაყოფად იყო გათვლილი. მოკლედ, „პარლამენტი ქუთაისში“ საკმაოდ მასშტაბური პროექტი იყო თავისი გათვლებით, თუმცა ეს იდეა, ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტად რჩება.

ამასობაში საპარლამენტო სტატუსმა საგრძნობლად გაზარდა ფასი მიწაზე და უძრავ ქონებაზე. თუ მიწის კვადრატული მეტრის ფასი წინა წლებში 4-დან 8 ლარამდე მერყეობდა, ახლა გაათმაგებულია. მაგალითად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გარეუბანს განეკუთვნება და პირველი ზონის ქვესტატუსი მიენიჭა, კვადრატული მეტრის ფასმა 100-120 ლარამდე აიწია.

ამ ეტაპზე, ერთადერთი „ბიზნესი,“ რომელიც „მუშაობს“ ბინების გაქირავებაა. ამ მხრივაც სერიოზული ზრდა შეინიშნება, თუ აქამდე 100 ლარად შეიძლებოდა საცხოვრებელი ფართის დაქირავება, ახლა ფასი დაახლოებით 500 ლარამდე ადის. „ქუთაისში ბევრი ბინა რომ გაქირავდა პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ქუთაისში ჩადებულ ინვესტიციად“ - ოპონირებს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი.

უმრავლესობის განცხადებითვე ძვირია ძვირადღირებული შენობის შენახვაც, რომელიც მთლიანად კონდიცირების სისტემაზეა გათვლილი. ამ  არგუმენტს მრიცხველების ჩვენებებით უპირისპირდება ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. საქმე ის არის, რომ ქუთაისის მერია ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას კომუნალური პრობლემების მოგვარებაზე. სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის განცხადებით, ნოემბრის თვეში პარლამენტმა 32 ათასი ლარის ელექტროენერგია, 7 ათასი ლარის გაზი მოიხმარა, რაც იმაზე იაფია, ვიდრე პარლამენტს თბილისში სჭირდებოდა. პარლამენტში კი აცხადებენ, რომ შენობა ჯერ ექსპლუატაციაშიც  არ არის შესული და ყოველგვარ ოფიციალურ ხარჯებზე საუბარი, ნაადრევია.

საქართველოს პარლამენტს ქუთაისში უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები ორი სხვადასხვა პოლუსიდან აფასებენ, ამის დასტურად ეს ორი განსხვავებული აზრიც საკმარისია;

დავით ბერძენიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: „მსოფლიო პრაქტიკაა პარლამენტი დედაქალაქში, რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი დედაქალაქშია. 5 მილიონი უჯდება საქართველოს ბიუჯეტს ქუთაისში პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ცხოვრების ხარჯები. ამას ემატება საწვავი და მუდმივი მოძრაობა თბილისსა და ქუთაისში, რაც ძალიან ძვირია. ქუთაისი ისედაც არის თავისი სტატუსით ქვეყნის მეორე ქალაქი.“

გიორგი თევდორაძე, საპარლამენტო უმცირესობოს წევრი, ქუთაისის ყოფილი მერი: „ პარლამენტი ნიშნავს ქალაქისათვის ფუნქციის შეძენას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ქუთაისის მომავალ განვითარებას. თუ პარლამენტი თბილისში გადავა, და ამას დაემატება ისიც, რომ ახალი ავტობანის მეშვეობით, თბილისი-ბათუმის მაგისტრალი ასცდება ქუთაისს, ჩვენ მხოლოდ ამინდის პროგნოზებში დავრჩებით.“

340 მილიონი ის თანხაა, რომელიც პარლამენტის აშენებას დასჭირდა. ოპონენტების აზრით, ამ თანხის ინვესტირება ისედაც მოახდენდა ქუთაისზე ეკონომიკურ ეფექტს.

საპარლამენტო ქალაქის სტატუსი თუ ქალაქის საჭიროებებისთვის დახარჯული 340 მილიონი ლარი - რომელი უფრო გააუმჯობესებდა ქალაქში მდგომარებას? ეს კითხვა ქუთაისის მერს, ბესიკ ბრეგაძეს დავუსვით. მან გვიპასუხა: „ეს თანხა წარმოუდგენელ ეფექტს მოგვცემდა. გვექნებოდა განათებული ქუჩები, დაგებული გზები, მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა, იმუშავებდა გადაუდებელი დახმარების სამსახურები, მაგრამ ეს ყველაფერი იქნებოდა ერთჯერადი ეფექტი. ეს პროცესი დაემგვანებოდა სიტუაციას, როდესაც დიდ ტორტს ჭრი და ჭამ, მაგრამ ახალს ვეღარ აცხობ. ამიტომ მრავალწლიანი ეფექტისთვის, არჩევანი ისევ სტატუსია.“

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^