Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროსტიტუცია კონსტიტუციის მიღმა

25 დეკემბერი 2012

16-17 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გონიოსა და ბათუმში, შემდეგ კი, თბილისში, გოგოლის ქუჩაზე, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ათი პირი დააკავეს. დანაშაული, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254- მუხლით ისჯება, 4 წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს. სამართალდამცავთა ბოლოდროინდელი გააქტიურების მიუხედავად, დაწესებულებები, რომლებიც ძირითადად სექს-მუშაკებისა და მათი კლიენტებისთვისაა გათვალისწინებული, ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს.

12 საათი სრულდება. სიბნელეა, თოვს და თანაც ყინავს. ქუჩებში მანქანების მოძრაობა „შეთხელებულია“. ავტომობილთა უმეტესობას სახურავზე ტაქსის ყვითელი ტრაფარეტი ადევს და მათ მფლობელებს ან შეგვიანებული მგზავრი მიჰყავთ, ან კლიენტს ეძებენ. ზოგიერთი გრძელი სამუშაო ღამის მოლოდინში გაჩერებულია და ისვენებს, ნაწილი კი, როგორც თავად ამბობენ - „დროს საინტერესო კამპანიაში ატარებს“.

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალური გამზირის ჩაყოლებაზე, ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ტროტუარზე ქალბატონები დგანან. ქურთუკის საყელოს  ისწორებენ და გასათბობად აქეთ-იქით დადიან. მათი ნაწილი იქვე გაჩერებულ ტაქსებში ზის და დაორთქლილი მინების მიღმა მძღოლს ესაუბრება.

სიცივის მიუხედავად სექს-მუშაკები „სამსახურში“ მაინც გამოდიან. როგორც თავად ამბობენ, სხვა გამოსავალი არ აქვთ.   

ნანა 38 წლისაა, რამდენიმე წელია თავს პროსტიტუციით ირჩენს, ქუჩაში დგომა არ უხარია, კარგი სამსახურის პოვნა უნდა, აი ,ისეთის, ხელფასი რომ ეყოს -„ძირითადად სულ აქ ვდგავარ, როგორც წესი, ამ ადგილას 20-25 ქალი ვიკრებიბით, ახლა ზამთარია და ცოტანი გამოდიან. ზაფხულში ეს ქუჩა სულ სავსეა. როცა მანქანაში გვიწევს სექსი 20-30 ლარად დავდივართ, თუ სასტუმროში მაშინ 70: ნომერი 20 ლარი ღირს, ქალი - 50. ოფიციალურ სასტუმროებში დავდივარ და არა ბორდელებში. ვაგზალზე ახლახანს რომ აყარეს ხალხი, იქ ისეთი სიბინძურე და ანტისანიტარიაა, არც მე მივალ და არც კლიენტს მივიყვან; თან არც გათბობაა“.

პროსტიტუციის არალეგალურობის მიუხედავად ამ ქუჩის „მასპინძლებს“ მუშაობას არავინ უკრძალავს, „პატრული ხმას არ იღებს, ალბათ წესრიგს არ ვარღვევთ, დანაშაულის შემთხვევაში პოლიცია ყურადღებიანია. არაფერს ვაშავებთ, ვდგავართ ჩვენთვის და რას გვეტყვიან? არც იმათ მოსწონთ, სიტუაციას რომ ვაბინძურებთ აქ, მაგრამ არ გვიშლიან, ვეცოდებით ალბათ“, - მიხსნის ნანა და ამატებს, რომ პროსტიტუციის ლეგალიზების შემთხვევაში, თუკი სპეციალურ დაწესებულებებში მოუწევთ მუშაობა, ბევრად უფრო დაცულად იგრძნობენ თავს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ „აქ გოგოებს თითქმის არ სცემენ, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები მაინც არის, თანაც, ჯანმრთელობის კუთხითაც უკეთესია - მე ჩემი გინეკოლოგი მყავს, თუ აბორტი მჭირდება, ის მიკეთებს, პრეზერვატივის გარეშეც არ ვმუშაობ, მაგრამ აქ ისეთებიც არიან, რომლებიც რეზინას არ იყენებენ, ეს დაუშვებელია და მე თუ მკითხავთ, სულაც დანაშაულია“.

„დედას გეფიცები ძალიან მრცხვენია რასაც ვაკეთებ, სამსახურის შოვნა და აქედან წასვლა მინდა. ხომ შეიძლება ისეთი ცხოვრება მქონდეს, როგორიც ყველა ნორმალურ ქალს უნდა?! გავიყინე, ფეხები გამეყინა, მაგრამ რა ვქნა, ამ გაჭირვებას სად გავექცე?!“, ამბობს ნანა.

ოდნავ მოშორებით მანქანების რიგია, ტროტუარის გვერდით მიმავალი მძღოლები კი გაბმული სიგნალით ეხმიანებიან ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ასაკოვან კლიენტებს სხვადასხვა გზებით იცილებს თავიდან: ზოგს ეუბნება არ ვმუშაობო, ნაწილს უხსნის მელოდებიანო, პარალელურად კი ტელეფონზე საუბრობს - „პავლოვზე ვარ ბიჭო, მოდი თუ გინდა ვააა“. ხმაურზე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულიდან მამაკაცი იხედება, გოგონას უყურებს, ხელს იქნევს და ფარდას სწევს.

„თავისი სასტუმროიანად ერთი საათი - ასი ლარი, სექსი, ორალი არა“, სწრაფად „არაკრაკებს“ და ამატებს, რომ შეუძლია 20 ლარი დააკლოს „გაწყობს? თუ გინდა-გინდა, თუ არადა - დასვიდანია. სულ ასე არ ვმოძრაობ, ზოგჯერ ჩემი მანქანითაც გამოვდივარ და ვერავინ ვერ მცნობს, მოკლედ მოიფიქრეთ“, - წინადადებას ასრულებს და მობილურს პასუხობს.  

ქუჩის ბოლოს მაია დგას. ისიც, ნანას მსგავსად ფსევდონიმს იყენებს და ნამდვილ სახელს არავის უმხელს. იუბილარია, 40 წლის გახდა, თუმცა დაბადების დღის აღნიშვნის ნაცვლად სიცივეში კლიენტს ელოდება.

„ფასი მოლაპარაკებითაა, ვისთვის როგორ რა! დიდი სტაჟი არ მაქვს, მეორედ ხდება ჩემ ცხოვრებაში ასე, რომ ქუჩაში დაბრუნება მომიწია. ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, თუმცა, კონტრაქტს ვადა გაუვიდა და სამსახურის გარეშე დავრჩი. ბინა არ მქონდა და ბანკის კრედიტი ავიღე - 10 ათას დოლარამდე, რა ვიცოდი ასეთ დღეში თუ ჩავვარდებოდი?! ვალს გავისტუმრებ და აქ გამჩერებელი არ ვარ. ღმერთმა დამიფაროს, კიდევ რომ მომიწიოს პანელზე დაბრუნება“, - ყვება მაია.

მაია პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრეა, თუმცა მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება თუკი ეს პროფესია სულ არ იარსებებს და ამ სფეროში ჩართულ ქალებს ალტერნატიულ სამსახურში დაასაქმებენ. მისი აზრით, სექს-მუშაკების სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე შემოწმება აუცილებელია, რადგან ბევრს იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ ექიმთან მივიდეს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს.

„საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის და ჩვენს პრობლემებზე თვალს ხუჭავენ. ეს პროფესია ყველა ქვეყანაშია და მისი აღმოფხვრა საუკუნეების მანძილზე ვერ მოხერხდა. პოლიცია ყოველთვის მშვიდად არ უყურებს იმას, რაც აქ ხდება. როგორც მითხრეს, ამ ზაფხულს აყარეს გოგოები და 400 ლარიანი ჯარიმები გადაახდევინეს, ესაა გამოსავალი? ცოდოები არიან, 50-60 წლის ქალი რომ დადგება ქუჩაში, იმან რა უნდა იშოვოს, ან 20 წლის გოგო 5 თვის ბავშვს რომ დატოვებს და აქ გამოვა საცოდაობა არაა? თუ ამ ხალხს არც ლეგალურად ამუშავებენ და არც არალეგალურად, სხვაგან დაასაქმონ. მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება“, - ამბობს მაია.

დამშვიდობებისას საკუთარ დაწერილ ლექსს გვიკითხავს; დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან პროსტიტუციას შეეშვება და წიგნს თუ არა, პატარა ბროშურას მაინც გამოსცემს.

სექს მუშაკების ნახვა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეცაა შესაძლებელი, სადაც „მინი მარკეტიდან“ გამოსული ორი ასაკოვანი ქალბატონი „დასეირნობს“. „ვმუშაობთ, აქ ჩვენს მეტი არავინაა“, ერთ-ერთი მეორეს ხელკავს უყრის და იმავე მაღაზიაში ბრუნდებიან, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ გამოვიდნენ. 

საინფორმაციო სამედიცინო - ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ წარმომადგენლის, არჩილ რეხვიაშვილის თქმით, საქართველოში პროსტიტუციით დაკავებული პირები ორ ძირითად ჯგუფად - ქუჩაში და ბორდელში მომუშავე  სექს-მუშაკებად იყოფიან. ქუჩაში მდგომი ადამიანები ყველაზე მეტად დაუცველები არიან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მათზე ძალადობენ -  მომხადარი ფაქტის სასამართლო დავამდე მიყვანისგან სექს მუშაკები თავს იკავებენ.  

„პროსტიტუციაში ჩართულ ადამიანებს საინფორმაციო ბუკლეტებსა და პრეზერვატივებს ვაწვდით, ვატარებთ სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს, სადაც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე უფრო ვრცლად და დეტალურად ვესაუბრებით. ელიტარულ დაწესებულებში ასეთი დაავადებების მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია, რადგან, ინფექციებზე შემოწმება შედარებით რეგულარულია და სექს-მუშაკებს პრეზერვატივის მოხმარებას ავალდებულებენ. იაფფასიან დაწესებულებში დაავადებების რიცხვი შედარებით მაღლია“, - აღნიშნავს არჩილ რეხვიაშვილი.

მისი თქმით, აივ ინფექციის შემთხვევები ჯერჯერობით ისეთი ხშირი არ არის, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებები, როგორიცაა ჰონორეა და სიფილისი, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც ხშირია.  

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს ქვეყანაში სიფილისით 491, ჰონორეიით კი 662 ადამიანი დაინფიცირდა. 2010 წელთან შედარებით, ორივე დაავადების მაჩვენებელი თითქმის 100 ერთეულითაა შემცირებული. 

ამავე სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს რეგისტრირებული აბორტების რიცხვმა 20-დან 44 წლამდე ქალებში 28 760 შეადგინა, საერთო ჯამში კი 2011 წელს რეგისტრირებულ აბორტთა რაოდენობა 30 634 იყო.

არჩილ რეხვიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მსგავსად არის ქვეყნები, სადაც ხელისუფლება პროსტიტუციის თემაზე თვალს ხუჭავს და ეს პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული. 

„იმ ქვეყნებში, სადაც პროსტიტუცია ლეგალურია, ყველგან აღკვეთილია და იზღუდება ქუჩის პროსტიტუცია. თუკი ჩვენთან პროსტიტუციის ლეგალიზება მოხდება, დაავადებების კუთხით სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აღება და ამ მუშაკებისთვის გარკვეული ლოგიკური პერიოდულობით სამედიცინო გამოკვლევები ჩატარება და მკურნალობა მოუწევს. ლეგალიზაციაზე მუშაობა  ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება. აუცილებლია სამუშაო ჯგუფის შექმნა, მთელი რიგი ეტაპების გავლა და გამოკვლევების ჩატარება. ეს ხალხი რეალურად არსებობს, მათ თავიანთი საჭიროებები და პრობლემები აქვთ, ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თავის მოქალაქეებზე“, - მიიჩნევს არჩილ რეხვიაშვილი.

ქუჩის პროსტიტუციის გარდა, თბილისში არაერთი ისეთი დაწესებულებაა, სადაც სექს-მუშაკთა მომსახურებით სარგებლობაა შესაძლებელი. ერთ-ერთ გარეუბანში რამდენიმე სართულიანი სასტუმროს გვერდით პატარა „კაფე-ბარი“ აქვს მიშენებული. შენობის შესასვლელში რამდენიმე უცხოელი მამაკაცი დგას, ე.წ. „კაფე-ბარში“ კი სიცივით შეწუხებული 15-მდე სექს-მუშაკი გამათბობელს ეფიცხება.

„ყველა თავისუფალია, აირჩიე და დაილაპარაკე“, „შემობრძანდით რა, ცივა!“ , „აქ უფროსი არ გვყავს. ყველა თავის თავის უფროსია, ამოირჩიეთ რომელიც გინდათ, ერთი საათის ფასი ნომრიანად 100 ლარია, სასტუმრო აქაა და ამიტომაც ყველანი აქ ვმუშაობთ, წამოსვლით სხვაგან არავინ წამოვა“, - ისმის რეპლიკები. „კაფე-ბარიდან“ ორასიოდე მეტრის მოშორებით პოლიციის გამჭვირვალე განყოფილებაა.

ამავე რაიონში, ერთსართულიანი სასტუმროს წინ ტაქსი დგას. კლიენტის დანახვაზე მანქანიდან ნათია გადმოდის -„ორი გოგო თავისი სასტუმროთი, ჩვეულებრივი სექსი 1 საათი - 130 ლარი; 30 ლარი ნომერი ღირს, ერთი გოგო 50. სასტუმროს გარდა სხვაგან არ დავდივართ, თუ წასაყვანად გინდათ ვინმე, გზას ჩაუყევით, ზაპრავკასთან დგანან გოგოები“, - გვიხსნის ნათია და მანქანაში ბრუნდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პროსტიტუცია მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელის დადების საფუძველი შეიძლება გახდეს, რაც ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, ანუ 20 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.

„ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, პროსტიტუციისათვის სადგომის დათმობა და მასში ადამიანის იძულებით ჩაბმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. როდესაც სექს-მუშაკები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, ეს თავისთავად პიროვნების მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და ცალკე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. ის, რომ ამ ადამიანების მიმართ ძალადობენ და ეს დაუსჯელი რჩება, ალბათ იმათ უნდა დავაბრალოთ, რომლებსაც ასეთი რამ შეემთხვათ და არ აცხადებენ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენ არ გვაქვს კერძო ბრალდების საქმეები, როდესაც ფაქტზე გამოძიების დასაწყებად მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა საკმარისი.  ჩვენს რეალობაში ყველა დევნა საჯარო სისხლის სამართლებრივი დევნაა“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

მისივე თქმით, პროსტიტუციის ზედამხედველობას არც ერთი სახლემწიფო სტრუქტურა არ ანხორციელებს, ლეგალიზების შემთხვევაში კი იზრდება სექს-მუშაკების უსაფრთხოება და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ მეძავებს მათი სურვილისდამიხედვით შეუძლიათ მოექცნენ, ურთიერთობის უფრო ცივილიზებული ფორმა იქმნება და „ნაკლებია საფრთხეა  ჯანმრთელობის მხრივაც“, - მიიჩნევს იურისტი.

ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთმანეთის გვერდიგვერდ რამდენიმე უცხოური ბარ-რესტორანია გახსნილი. აქვეა კლუბებიც, ისიც უცხოური. კლიენტებიც ძირითადად უცხოელები არიან: თურქები, ირანელები და სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ფერადკანიანები. „კომპლექსის“ ცენტრში დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დგას და პერიმეტრს აკონტროლებს. 

„საღამოს 10 საათისთვის ბარები იხსნება, ამ დროისთვის ვიკრიბებით, აქ ყველა “ზავიძენიაში” არიან გოგოები. ქალაქგარეთ არავინ არ წამოვა, თბილისში სასტუმროში გადიან, თვითონ იღებენ ნომერს. 100 ლარზე ნაკლებად ვერავის წაიყვან, თან ქართველებს ნაკლებად მიყვებიან, მე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ესენი ცოტა პრობლემური გოგოები არიან. თანხის გამო არა, აქ არსად არ შეგიშვებენ, ქართველი ხარ, სახეზეც გეტყობა, უცხო ენაზე რომ დაელაპარაკო მაინც მიხვდებიან“, - გვიხსნის ერთ-ერთი სექს მუშაკი.  

პროსტიტუციაზე, როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან და ე.წ. საზოგადოებრივ მორალთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას, ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაციის მხარდასაჭერად, ისევე როგორც მის საწინააღმდეგოდ აუცილებელია გვქონდეს კონკრეტული არგუმენტები.

„თუ ავიღებთ საქართველოში არსებულ რეალობას, დიდი კვლევა არ სჭირდება იმის შემჩნევას, რომ ადგილები, სადაც მეძავის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი 2000-იან წლებთან შედარებით გაცილებით გაზრდილია. იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც ეს სფერო ქმნის, პროსტიტუციის ლეგალიზაცია არა მის წახალისებას, არამედ ამ სოციალური მოვლენისგან საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნას ნიშნავს. თუ არ იქნება საზოგადოების კონსენსუსი, ამ კანონოს ვერ მივიღებთ. მოქალაქეები უნდა დარწმუნდნენ პროსტიტუციის ლეგალიზაციის სიკეთეებში და იმაში, რომ ეს სიკეთეები უფრო მეტია, ვიდრე ის, პოტენციური საფრთხე, რაც შეიძლება პროსტიტუციის დღევანდელ ფორმებში არსებობამ მოიტანოს“.

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, შეუძლებელია სახელმწიფო იყოს სამართლიანი, თუ იქ არსებობს მარგინალიზებული და დემონიზებული ჯგუფები, რომლებზეც კანონი არ ვრცელდება - „სექს-მუშაკებთან დაკავშირებით გვაქვს რეალობა, რომ ამ ხალხზე ცივილიზებული სამოქალაქო სამართალი არ ვრცელდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც კლიენტი როგორც უნდა, შეიძლება ისე მოექცეს. მათ არასდროს მოუვათ თავში, რომ ასეთი ფაქტები გაასაჩივრონ და თუ გაასაჩივრებენ, დამატებით გახდებიან ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს რელიგიური დოგმატი, მგონია, რომ აღნიშნულ საკითხზე საჯარო დისკუსიების გამართვა საზოგადოებისთვისვე იქნება კარგი, რადგან ის სოციალური ფენომენი თუ მოვლენა, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ვერ თავსდება და კანონით ლეგალიზებული არ არის, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“. 

დღეისათვის უცნობია, გააგრძელებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო პროსტიტუციის ხელმშემწყობი პირების სამართლებრივ დევნას, ან როდის დადგება საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში პროსტიტუციის ლეგალიზების საკითხი, თუმცა ფაქტია, რომ სექს-მუშაკებისა და იმ დაწესებულებების პოვნა, სადაც მათი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი თბილისში საკმაოდ მარტივია, რიგით სექს-მუშაკებს კი მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით მრავალი პრობლემა აქვთ, ბოლოს და ბოლოს, ღამით ქუჩაში ყინავს!

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^