Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ ► სოციალური უფლებების დაცვა დემოკრატიულობის ლეგიტიმაციის გარანტიაცაა

25 აპრილი 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს 3-თვიანი მუშაობის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიამ კენჭი უყარა. 43 მომხრე და 8 მოწინააღმდეგე - ასეთია  კომისიის წევრების საბოლოო შეთანხმების შედეგი. პროექტი რამდენიმე დღეში ვენეციის კომისიას განსახილველად გადაეგზავნება, პარალელურად წინ საყოველთაო-სახალხო განხილვებია.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) საკონსტიტუციო კომისიას სოციალური უფლებების შესახებ ცვლილებების პროექტი შესთავაზა. თუმცა, კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტში სოციალური უფლებების დაცვის გარანტიები არა თუ გაუმჯობესებულია, იკარგება სოციალური დაცვის უფლების გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობაც კი (საუბარია საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხზე, კონსტიტუციის 32- მუხლზე, რომელიც ძირითადი უფლებების ნაწილიდან ზოგადი დებულებების თავშია გადატანილი).

რას გვთავაზობს კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი სოციალური უფლებების კუთხით? რატომ უნდა იყოს ქვეყნის მთავარი სამართლის დოკუმენტი ისეთი ფუნდამენტური უფლებების აღიარებისა და დაცვის გარანტი, როგორიცაა უფლება შრომაზე, განათლებასა და საცხოვრისზე? ამის შესახებლიბერალთან“ EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის ხელმძღვანელი, ლინა ღვინიანიძე საუბრობს.

- საქართველოს კონსტიტუცია, განსხვავებით სხვა, მათ შორის რეგიონის ქვეყნების კონსტიტუციებისგან სოციალური უფლებების დაცვის ძალიან მწირი გარანტიებით გამოირჩევა. დოკუმენტში არის ჩანაწერები სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ, თუმცა მათი დაცვის გარანტიები სუსტია. მაგალითად, შრომის  უფლება. ერთი მხრივ, საკონსტიტუციო კომისიისთვის ჩვენი შეთავაზება იმ მუხლების ჩაწერა იყო, რომლებიც აქამდე არ არსებობდა, მეორე მხრივ კი - უფლებების გაძლიერება, რომელიც გვაქვს კონსტიტუციაში, მაგრამ მათი უფლებრივი შინაარსი საკმაოდ სუსტია.

- რატომ და რა რეალობისა და პრობლემებისგან გამომდინარე გვჭირდება სოციალური უფლებების დაცვის საკონსტიტუციო გარანტია?

- როცა ქვეყანაში კონსტიტუცია იცვლება, ამის მთავარი მოტივაცია ის გამოწვევები უნდა იყოს, რომელიც ადამიანის უფლებების თუ ინსტიტუციური მოწყობის კუთხით არსებობს. ჩვენი არათანმიმდევრული სოციალური პოლიტიკა, არასაკმარისი საკანონმდებლო ბაზა და მათი დაცვისა თუ  აღსრულების მექანიზმის სისუსტე პირდაპირ კავშირშია უთანასწორობასთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან. ამ მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე საკონსტიტუციო კომისიას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა გადასახედი და ეტაპობრივად შესაცვლელია. მინიმუმ გვსურს, ეს იყოს სახელმწიფო, რომელიც ადამიანების მხოლოდ ფიზიკურ დაცვაზე არაა ორიენტირებული და იზრუნოს, ადამიანები დაიცვას ცუდი საკვებისგან, ცუდი საცხოვრებელისგან, მძიმე შრომითი უფლებებისგან. ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანების ღირსებასთან, რომლის შესახებაც კონსტიტუციაში არის ჩანაწერი. კომისიის მიერ საბოლოოდ შემოთავაზებული პროექტის შინაარსი ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო კომისია და სახელმწიფო ვერ იაზრებს, რა რეალობაში ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი.  

- ეს ნიშნავს, რომ ვერ იაზრებს და ვერ ხედავს, რომ ქვენაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია და ამას ცვლილებები სჭირდება; თუ იაზრებს, მაგრამ - „საქართველო ღარიბი ქვეყანაა - არგუმენტით თავს არიდებს გარკვეული ვალდებულებების აღებას? საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტზე მუშაობის დროს კომისიის წევრებმა და თქვენმა სხვა  ოპონენტებმა არაერთხელ აღინიშნეს, რომ სოციალური უფლებების ასახვა რესურსებს მოითხოვს, რაც საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს.

- სოციალური უფლებების ასახვის წინააღმდეგ გაჩენილი არგუმენტი, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ არც კომისიის ამ წევრებს და არც სხვა ოპონენტებს არ ესმით, რა არის სოციალური უფლებები.

სოციალური უფლებების დაცვაზე  ცხადი პასუხიმგებლობის აღება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ეკისრება იმ ფინანსური მოცემულობის მიღმა ან მის გაუთვალისწინებლად მოქმედება, რაც გააჩნია. სოციალური უფლებების დაცვა ნიშნავს, რომ სახელწმიფო კონკრეტულ პასუხიმგებლობას იღებს იმ ფინანსური  და სხვა რესურსების ფარგლებში, რაც  მას აქვს. მაგალითად, საარსებო შემწეობის ოდენობა, როგორც ნორმატივი, განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით და ის თანხვედრაშია კონკრეტული სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების დონესთან, ცხოვრების სტანდარტთან და სხვა. სოციალური უფლებების რეალიზების დროს მოქმედებს პროგრესული რეალიზების სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა სოციალური უფლებების დაცვისას ეტაპობრივი, თანდათანობითი განვითარების ვალდებულებას იღებს. ეს სტანდარტი ამბობს, რომ ქვეყნის სოციალური პოლიტიკა უნდა აცხადებდეს სოციალური უფლებების დაცვის მნიშვნელობას, განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული, და უფლებების დაცვისათვის აკეთებდეს იმის მაქსიმუმს, რაც კონკრეტულ ვითარებაში შეუძლია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრების მხრიდან ფინანსების არქონის არგუმენტი რატომღაც მხოლოდ სოციალური უფლებებზე საუბრის დროს გამოიყენება, როდესაც არსებობს კონსტიტუციით განსაზღვრული სხვა უფლებები, რომელსაც ასევე ფინანსური რესურსები სჭირდება.

- შრომის თავისუფლება და შრომის უფლება - რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის? რა სტანდარტების შანსი გაჩნდებოდა, თუ კომისია გაითვალისწინებდა თქვენი პროექტის შინაარსს და კონსტიტუციაში გაჩნდებოდა მუხლი - შრომის უფლება?

მოქმედ კონსტიტუციაში გვაქვს მუხლი, რომელიც ამბობს, რომ შრომა თავისუფალია. რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს, რომ ადამიანი დაცული უნდა იყოს იძულებითი შრომისგან და ცხადად არ მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას ადამიანების შრომის უფლებების დაცვის კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლომ მის არაერთ გადაწყვეტილებაში ფართოდ განმარტა ეს ნორმა და თქვა, რომ შრომის თავისუფლება მხოლოდ იძულებითი შრომისგან დაცვას არ ნიშნავს და მასში შრომის უფლებით დაცული არაერთი კომპონენტი დაინახა, რაც კარგი და მნიშვნელოვანი პრაქტიკაა. თუმცა, კომისიისათვის შრომის უფლებასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზების მიზანი იყო, რომ შრომის  თავისუფლებაზე ჩანაწერი შრომის უფლების ცხადი აღიარებით შეცვლილიყო და უფლების დამდგენ ნორმას ცხადად მოეცვა ის, რომ ადამიანებს აქვთ სამართლიანი ანაზღაურების უფლება; უფლება, იყვნენ დაცულები შრომის დროს, ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები და ა.შ. სამწუხაროდ, კომისიამ იმავე ლიმიტით დატოვა შრომის უფლების დაცვის სტანდარტი კონსტიტუციური კანონის იმ პროექტში, რომელიც დღეს გვაქვს. ეს კი  ნიშნავს, რომ კონსტიტუცია გაცხადებულად არ აღიარებს შრომის უფლებას მისი საყოველთაოდ აღიარებული შინაარსით.

- თქვენ მიერ შეთავაზებული პროექტით, უნდა გაჩენილიყო ცალკე ჩანაწერი შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აღიარებს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით გარკვეული დაპირებებიც გვახსოვსსაკონსტიტუციო კომისიის ეკონომიკურმა გუნდმა ამაზე საბოლოოდ უარი თქვა.  

ამაზე ეკონომიკური გუნდის მთავარი არგუმენტი ბიზნესისთვის ხელისშეშლის საფრთხეები იყო. ეს წინააღმდეგობაშია იმ ინკლუზიურ ეკონომიკურ გეზთან, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ ბოლო წლებია განაცხადა. ხშირად იყო დისკუსიები ადრეც, რომ ბიზნესი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკურ გუნდზე და მათ დღის წესრიგს უდგენს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მხოლოდ ბიზნესის ზეგავლენა არ არის და ქვეყნის ეკონომიკური გუნდიც სრულად იზიარებს მათ მოსაზრებებს და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მოდელში რჩება. ეს არასწორია. სახელმწიფო ამ პოლიტიკის გატარებისას, არ ითვალისწინებს, რომ ქვეყნის დოვლათს ადამიანები, სწორედ მუშა ხელი ქმნის, რომელთა დაცული შრომითი უფლებები და შრომითი პირობები  ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.

მეორე მხრივ, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით შრომის ინსპექტირების შექმნის ვალდებულება უკვე აიღო. მეტიც, ამ შეთანხმებით, დაუშვებელია სახელწმიფომ ინვესტიციების მოზიდვის არგუმენტით გააუარესოს შრომის დაცვის სტანდარტები. არ შეიძლება ამ ორი მოცემულობის ერთმანეთის საპირისპიროდ დაყენება და პრიორიტეტის ბიზნესისთვის მინიჭება. ამ ნაბიჯით ეკონომიკურმა გუნდმა დასაქმებულების უსაფრთხოება მეორე, ნაკლებმნიშვნელოვან მხარეს დააყენა.

- EMC-ის პროექტში ასევე საუბარი იყო განათლების მიმართულებით საჭირო სამართლებრივ გარანტიებზე.

- კი, ჩვენ შევთავაზეთ კომისიას რამდენიმე კომპონენტი განათლების უფლების გაძლიერების მიმართულებით: პირველი - სახელწმიფოს უნდა გადაედგა ნაბიჯები პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულ სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის კუთხით. მეორე ჩანაწერი მეცნიერების მხარდაჭერას ეხებოდა, რაც ცხადად არ გვაქვს გაწერილი კონსტიტუციაში; მესამე - სტუდენტური საცხოვრებლების გაძლიერებას. არცერთი მათგანი კომისიის მხრიდან გაზიარებული არაა.

- და ძალიან მნიშვნელოვანი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება.

- საცხოვრისის უფლების შესახებ ჩანაწერი ეროვნული კანონმდებლობითაც არ გვაქვს განსაზღვრული. ერთადერთი, რა სამართლებრივი ბერკეტიც გვიცავს, საერთაშორისო პაქტია „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, რომელიც რატიფიცირებული გვაქვს. ჩვენი ორგანიზაცია უსახლკარობის საკითხზე  მუშაობს და ვხედავთ, რამდენად მაღალია უსახლკარო შინამეურნეობების რაოდენობა. ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ საცხოვრებელს, არ აქვთ ჭერი ან მათი საცხოვრებელი პირობები არასათანადოა. კონსტიტუციაში ამ მუხლის დაფიქსირებით ჩვენ გვსურდა სახელმწიფოს ცხადად ეღიარებინა ადამიანების უფლება საცხოვრებელზე, რაც ისევ და  ისევ გულისხმობს ეტაპობრივ და თანდათანობით მუშაობას. საცხოვრისის უფლების დაცვის მიზნით  ამ ჩანაწერის გაჩენა სახელმწიფოს არ დაავალდებულებდა, რომ ყველა უსახლკარო საცხოვრებლით უზრუნველეყო. ამ ჩანაწერის არსებობა სახელმწიფოს დააკისრებდა კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ ქვეყანამ ეღიარებინა პრობლემა და მის წინააღმდეგ მოქმედების სპეციალური პროგრამა შეემუშავებინა. ეს მინიმალური ვალდებულება განსაკუთრებულ ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს, თუმცა კომისიას არც ეს ნაწილი გაუზიარებია.

- რამდენიმე დღის წინ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა. სამუშაო ადგილზე ადამიანების სიკვდილის რიცხვი წლიდან წლამდე არ მცირდება... კონსტიტუციით სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა, თუმცა ეს უფლება ხშირად შესაძლოა სწორედ იმ უფლებების დაცვის გარანტიების არქონით დაირღვეს, როგორიცაა სოციალური უფლებები.

უნდა იყოს თუ არა სოციალური უფლებები სხვა უფლებებისგან განუყოფელი და რა კავშირია მათ შორის?

- თანამედროვე სამართალი ადამიანის უფლებების განუყოფლობის იდეაზე დგას. სამწუხაროდ, ჩვენ,  როგორც ქვეყანა ისევ ვცდილობთ, გავექცეთ ამ მოცემულობას და ხელოვნურად გავმიჯნოთ უფლებები ერთმანეთისგან. ადამიანის სიცოცხლის უფლება შესაძლოა მყარად იყოს დაკავშირებული ადამიანის სოციალური უსაფრთხოების უფლებასთან. ისევე როგორც ჯანსაღ საკვებზე წვდომის უფლება რთულია იმიჯნებოდეს სიცოცხლის უფლებისგან და სხვა.

სწორედ სოციალური უფლებების არსებობის გარანტიაა იმის საფუძველი, რომ ადამიანმა შეძლოს გამოხატვის, არჩევნებში მონაწილეობის და სხვა სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა.

სოციალური უფლებების არქონა ან მათი დაუცველობა ადამიანებს დემოკრატიულ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას უსპობს. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, შესაბამისად, უკიდურეს ეკონომიკურ სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანი გარიყულია ქვეყნის მართვაში მონაწილეობის საჯარო პროცესიდან. მას ხელი არ მიუწვდება ინფორმაციაზე, აღარ რჩება ენერგია, დრო, როდესაც ყოველდღიურად გადარჩენის გზების ძიებას ცდილობს. ამ დროს ამ ადამიანების სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებზე განყენებულად საუბარი ცინიკურია. ამ არგუმენტების გათვალისწინებით ბაზისური სოციალური  უფლებების დაცვა ქვეყნის დემოკრატიულობის ლეგიტიმაციის  გარანტიაცაა.

- საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კენჭი უყარა ცვლილებების პროექტს, რომელშიც თქვენ მიერ შეთავაზებული არცერთი მუხლი არ დაფიქსირებულა. მეტიც, მათი გადაწყვეტილებით, მოქმედი კონსტიტუციის 32- მუხლი, სოციალური დაცვის უფლება ძირითადი უფლებების ნაწილიდან გადატანილია ზოგადი დებულებების თავში. რას ნიშნავს ეს და როგორ გამოიხატება პრაქტიკაში, თუ პარლამენტი კონსტიტუციას ამ ვერსიით დაამტკიცებს?

- საუბარია  საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხის ძირითადი უფლებების ნაწილიდან ზოგადი დებულებების თავში გადატანაზე. მოქმედი კონსტიტუციით, მოქალაქეს საარსებო შემწეობის საკითებთან დაკავშირებით შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იდავოს არსებული სისტემის არაკონსტიტუციურობაზე. ცვლილების პროექტის მიხედვით, ეს ძირითადი უფლება გადადის ზოგადო დებულებაში, რაც მოქალაქეს ამ სამართლებრივი დავის შესაძლებლობას ართმევს. კონსტიტუციური დებულების ეს გაუარესება, სამწუხაროდ, ისევ და ისევ  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მიემართება.

- რამდენიმე დღეში კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. წინ საყოველთაო-სახალხო განხილვებია.

- კი, და გვინდა, რომ ვენეციის კომისიას წარვუდგინოთ ჩვენი შენიშვნები, განსაკუთრებით კონსტიტუციის პროექტში გაუარესებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ასევე, ჩავერთვებით საყოველთაო-სახალხო განხილვებშიც. ჩვენ მიერ შეთავაზებული ნორმების გაზიარების იმედი ნაკლებად გვაქვს, თუმცა, მინიმუმ რასაც შევეცდებით, არის ის, რომ მმართველ გუნდს არ მივცეთ მოქმედი კონსტიტუციის გაუარესების შესაძლებლობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^